როგორ მზადდება ტაჯიკური „ბოხორი”, ღორის ხორცი ჩინურად, „სვეტსკური” სტუმრებისთვის „ძოწის სამაჯური” და კუჭის „მოსაგებად” – ჭარხლის საწებელი
ბევრი ადამიანი უჩივის უმადობას. სიცხეში ყველა ცდილობს, მინიმალური რაოდენობის საკვები მიიღოს და ამით ორგანიზმი ცოტა შეიმსუბუქოს. მაგრამ, როგორც თეიმურაზ ბენიძე ამბობს, სწორი და იმავდროულად, გემრიელი კვება, ამ პრობლემას სრულიად დაგავიწყებთ. ასევე, მისი თქმით, აუცილებელია, კერძები სწორად და ჯანსაღი პროდუქტებით მოამზადოთ.
თეიმურაზ ბენიძე: დღეს, ადამიანების უმეტესობა, ცდილობს, იკვებოს ისეთი პროდუქტებით, რომელიც გასუქებას არ იწვევს, ადვილად მოსამზადებელი, შედარებით მსუბუქი და მარტივი აღსაქმელია კუჭისთვის. არადა, ხშირ შემთხვევაში, ასეთ კვებას ადვილად ვერ ეგუება ჩვენი ორგანიზმი და გვაძლევს შიმშილის სიგნალს. ეს პრობლემა თავიდან რომ აიცილოთ, საჭიროა კერძები, მოამზადოთ მინიმალური დანახარჯით და მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ, თქვენც და თქვენმა პატივცემულმა კუჭმაც. უცხო, გემრიელი და ნამდვილი გემრიელობების „პიკია” „ქათმის ლაბასხმული ხილით“. მის მოსამზადებლალდ საჭირო ინგრედიენტებია: ქათამი ერთი ცალი, ოხრახუშის და ნიახურის თითო ძირი, ერთი ცალი სტაფილო, ხახვი – ერთი ცალი, დაკონსერვებული მწვანე ბარდა ასი გრამი, მჟავე ქლიავი ან ვაშლი – 100 გრამი, ჟელატინი – 25 გრამი და მარილი გემოვნებით. „ქათმის ლაბასხმული ხილით“ ასე უნდა მოამზადოთ: ქათამი დაანაწევრეთ, დაასხით ცივი წყალი, დააყარეთ მარილი, მიიყვანეთ ადუღებამდე და მოქაფეთ. ხორცი რომ მოიხარშება, დაუმატეთ ნიახური, ოხრახუში და ხახვი. მოხარშული ქათამი შეაგრილეთ თავისივე ბულიონში. ჟელატინს დაასხით წყალი და გააჩერეთ გაფუებამდე. შედგით დაბალ ცეცხლზე და გაადნეთ. ბულიონი გადაწურეთ, ქათმის ხორცს გამოაცალეთ ძვლები და წვრილად დაჭერით. გამდნარ ჟელატინს დაუმატეთ სამი ჭიქა ბულიონი და დაბალ ცეცხლზე შეათბეთ. ფორმაში ჩაასხით ცოტაოდენი ჟელატინიანი ბულიონი და შედგით მაცივარში. ხილი დაჭერით ფიგურულად და მოაყარეთ გაგრილებულ ჯელატინს, დაამატეთ დაჭრილი ქათმის ხორცი და მწვანე ბარდა. მოასხით დარჩენილი ჟელე და გააგრილეთ მაცივარში. ხილი და ბოსტნეული შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით შეარჩიოთ. ძალიან ჰაეროვანი, მსუბუქი და ადვილად დასანაყრებელი კერძია, თან არც ასუქებს. ამიტომ, ვისაც გასუქების ეშინია, სწორედ „ქათმის ლაბასხმულს ხილით“ უნდა მიანიჭოს უპირატესობა.
– ამ უცნაურ საჭმელს, რომელი ალკოჰოლიანი სასმელი მოუხდება?
– „ქათმის ლაბასხმულს ხილით“, უხდება ერთი ჭიქა 9 გრადუსზე ჩაცივებული წითელი, მშრალი ღვინო. ასევე, შეგიძლიათ, ექსპერიმენტი ჩაატაროთ და მას ერთი ჭიქა, მაცივარში კარგად გაყინული ჭაჭა მიაყოლოთ, ჭაჭა მძიმეა, „ქათმის ლაბასხმული ხილით“ კი შედარებით მსუბუქი და ამიტომ, მათი შეხამება, პიკანტურ ექსტაზს გპირდებათ. აქვე შემოგთავაზებთ, საწებელის რეცეპტს, რომელიც ნებისმიერ შემწვარ საკვებს უხდება. თუ საჭმლის მომზადება დაგეზარათ, მაშინ უბრალოდ შეწვით კარტოფილი და ამ საწებლით მიირთვით. კარგა ხანს აღარ შეგაწუხებთ შიმშილის გრძნობა და თან გემრიელადაც დანაყრდებით. მაგალითად, ასეთია ჭარხლის საწებელი, რომლის მოსამზადებლადაც დაგჭირდებათ: 500 გრამი ჭარხალი, 100 გრამი ღვინის ძმარი, 100 გრამი ხახვი, 30 გრამი ერბო, 50 გრამი ფქვილი და მარილი გემოვნებით. ეს საწებელი ასე უნდა მოამზადოთ: ჭარხალი კანიანად შეწვით, მერე გააცალეთ კანი, დაჭერით წვრილად. ქვაბში ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, მოაყარეთ ფქვილი და ერბოში მოშუშეთ. მოშუშულ ხახვს დაუმატეთ დაჭრილი ჭარხალი, მარილი, ძმარი, დაასხით წყალი და ხარშეთ. როცა მზად იქნება, მაგიდაზე მიიტანეთ კარტოფილთან, ხორცთან ან თევზთან ერთად. მერწმუნეთ, ეს ჭარხლის საწებელი ძალიან უხდება შემწვარ ნანადირევსაც.
– ამბობენ, ბროწეულით და ჭარხლით, უგემრიელესი, სისხლის გასაახალგაზრდავებელი და ჰემოგლობინის ასამაღლებელი სალათა კეთდებაო. როგორ მოვამზადოთ ის?
– ასეთია, სალათა „ძოწის სამაჯური”. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 50 გრამი ნიგვზის ლებნები, 2 ცალი ბროწეული, 1 ცალი მოხარშული ჭარხალი, 4 ცალი მოხარშული კვერცხი, 4 ცალი კარტოფილი, 2 ჩაის ჭიქა მაიონეზი, 150 გრამი შებოლილი ქათმის რბილობი. კერძი ასე მზადდება: ქათმის ხორცი, კარტოფილი, ჭარხალი, კვერცხი დაჭერით პატარა ზომის კუბიკებად, ნიგოზი დააქუცმაცეთ. თეფშის ცენტრში ჩადგით მინის ჭიქა. მის ირგვლივ, ფენებად დაალაგეთ კარტოფილი, ქათამი, ჭარხალი, ნიგოზი, კვერცხი და თითოეულ ფენას წაუსვით მაიონეზი. ასე დააწყვეთ ფენები, სადამდეც მოხარშული ინგრედიენტები გეყოფათ, ხოლო ზედა ფენაზე მაიონეზს მოაყარეთ ბროწეულის მარცვლები. სუფრაზე გატანის წინ ცენტრიდან ამოიღეთ ჭიქა და შიგნით ჩაყარეთ უკურკო ზეთისხილი და ბროწეულის მარცვლები, ზემოდან კი ჩაარჭვეთ ქინძის ქორფა, მწვანე და ხასხასა ღეროები. ასე გააოცეთ თქვენი „სვეტსკი” სტუმრები. ამ სალათის მოსამზადებლად სულ რაღაც 25 წუთი დაგჭირდებათ და მინიმუმ ექვსი კაცი „სვეტსკურად” დანაყრდებით. „ძოწის სამაჯური” ჰემოგლობინისთვისაც კარგია, სისხლის გასაწმენდადაც და კუჭის ფერად-ფერადად დასამშვიდებელ-დასანაყრებლადაც. რადგან სალათებს შევეხეთ, გაგანდობთ ასევე, ტაჯიკურ უგემრიელეს სალათ „ბოხორის” რეცეპტსაც. მისთვის საჭირო ინგრედიენტებია: 1/3 თავი კომბოსტო, 2 ცალი სტაფილო, 2 ცალი პომიდორი, 2 ცალი კიტრი, 2 ცალი ტკბილი წიწაკა, 1/2 კონა მწვანე ხახვი, 1/2 კონა კამა, 3-4 ღერი ქინძი, 2 სუფრის კოვზი ზეთი, 2 სუფრის კოვზი 3-პროცენტიანი ძმარი, მარილი, დაფქული შავი პილპილი გემოვნებით. ტაჯიკური სალათა ასე მოამზადეთ: ტკბილ წიწაკას ამოაცალეთ თესლები. წიწაკა, სტაფილო და კომბოსტო დაჭერით წვრილად და გრძლად. დაჭერით კიტრი, პომიდორი, ხახვი და კამა. მომზადებული პროდუქტები აურიეთ ერთმანეთში, დაუმატეთ მარილი, პილპილი, ზეთი, ძმარი და კარგად ამოურიეთ. სუფრაზე გატანის წინ სალათა პირამიდასავით დადეთ თეფშზე. გააფორმეთ პომიდვრის და კიტრის ნაჭრებითა და ქინძის ღეროებით.
– ვისაც ხორცეულით მომზადებული კერძები უყვარს და სალათები ვერ ანაყრებს, მათ რა შევთავაზოთ?
– მათ შევთავაზოთ საქონლის „რიდბერგი”, რომლის მოსამზადებლადაც დაგჭირდებათ: 700 გრამი საქონლის ხორცის რბილობი, 6-8 ცალი კარტოფილი, 2-3 თავი ხახვი, 85 გრამი კარაქი, ახალდაფქული პილპილი, 1 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული ოხრახუში გასაფორმებლად. „რიდბერგი” ასე უნდა მოამზადოთ: კარტოფილი გაფცქვენით, დაჭერით პატარა ოთხკუთხედ ნაჭრებად, შეწვით 30 გრამ კარაქში. ისე რომ, გარედან დაიბრაწოს, შიგნიდან რბილი იყოს. მოაყარეთ ცოტა მარილი და შეფუთეთ. ხახვი დაჭერით წვრილად და შებრაწეთ 15 გრამ კარაქში დაბალ ცეცხლზე. ხორცი დაჭერით ერთ სანტიმეტრ ოთხკუთხედ ნაჭრებად. გაადნეთ დარჩენილი ცხიმი ტაფაზე და დაბრაწეთ ხორცი. დაუწიეთ ცეცხლს და მიიყვანეთ ხორცი სრულ მომზადებამდე. შეანელეთ მარილით და პილპილით. დაუმატეთ მომზადებულ ხორცს ხახვი. სინზე ცალ მხარეს დადეთ ხორცი, მეორე მხარეს კარტოფილი. მოაყარეთ დაქუცმაცებული ოხრახუში და სულ ეს არის. ახლა ისეთი კერძის მომზადებას გასწავლით, რომელიც არა მარტო გურმანებს, ყველაზე უჭმელ და უმადო ადამიანსაც კი მადაზე რომ მოიყვანს. ასეთია, წიწილა სოკოთი, რომლის მოსამზადებლადაც დაგჭირდებათ: დაახლოებით, 700-გრამიანი ერთი წიწილა, 3 სუფრის კოვზი ზეთი, 80 გრამი კარაქი, 250 გრამი ახალი სოკო, 1 პატარა თავი ხახვი, 100 გრამი თეთრი ღვინო, 2 ცალი ბულიონის „კუბიკი”, მარილი, დაფქული წიწაკა და ოხრახუში. ის ასე მზადდება: წიწილა დაჭერით ნაჭრებად, გააშრეთ და შეწვით ზეთში ყველა მხრიდან. შემწვარი წიწილა გადმოიღეთ ტაფიდან, მოაყარეთ მარილი, წიწაკა და დადეთ კარაქწასმულ ღრმა ტაფაზე, დაუმატეთ ნაჭრებად დაჭრილი სოკო და წვრილად დაჭრილი ხახვი. მოასხით ღვინო და ბულიონი.
– ბულიონი როგორ მოვამზადოთ?
– ბულიონის კუბიკი გახსენით მცირე რაოდენობის წყალში და მზად იქნება. შემდეგ მოშუშეთ წიწილა მომზადებამდე. სუფრაზე გატანის წინ ყოველ ულუფას მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი. გარნირად კი მიიტანეთ ბრინჯი ან კარტოფილი. წიწილას სოკოთი მიაყოლეთ ერთი ან ორი ჭიქა წითელი ღვინო და ამით გაიათმაგეთ ჭამის მადა. ამ კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ სულ რაღაც 40 წუთი და ის 4 ადამიანზეა გათვლილი. ასე რომ, ნუ დაიზარებთ, მოამზადეთ წიწილა სოკოთი და მიირთვით გემრიელად.