რა შეიყვარა რუსკა მაყაშვილმა შეყვარებულის სიყვარულით
რუსკა მაყაშვილი: კომფორტის მოყვარული როგორ არ ვარ, ძალიან მიყვარს, ოღონდ განსაკუთრებული პრეტენზიები არ მაქვს. ანუ, იმის თქმა მინდა, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო სულაც არ მჭირდება იმისთვის, რომ თავი კომფორტულად ვიგრძნო. ეგეც ძალიან კარგია, რა თქმა უნდა, მაგრამ მე სრულიად მაკმაყოფილებს სითბო, ცხელი წყალი და სისუფთავე. როცა ეს ყველაფერი მაქვს, უკვე კომფორტულად ვგრძნობ თავს.
– შეგიძლია დაისვენო, მაგალითად, კარავში?
– არა, ვერ დავისვენებ. ეგ არ შემიძლია. არასოდეს ვყოფილვარ ასეთ პირობებში და არც მაქვს სურვილი. ვიცი, რომ ვერ გავუძლებ.
– მშვიდად ხარ, როცა სახლში, მაგალითად, წყალი წყდება?
– წყალი რომ წყდება, ფაქტობრივად, გული მისკდება (იცინის). მაშინვე ვსარგებლობ „ცხელი ხაზით“ და ვარკვევ მიზეზს. ვერაფრით დაველოდები მშვიდად. კიდევ კარგი, რომ ჩვენთან ასეთი რაღაც ხშირად აღარ ხდება. არც მახსოვს, ბოლოს წყალი ჩვენთან როდის დაწყდა. საბედნიეროდ, მეტ-ნაკლებად მოგვარდა წყლის და შუქის საკითხი.
– საკუთარი ხელით რას შეაკეთებ სწრაფად?
– ვერაფერს. ძალიან „ბლაგვი“ ხელები მაქვს. ყველაფერს ვამტვრევ და ვამსხვრევ, რასაც კი მივეკარები. ამიტომ, ჯობია არაფერს გავეკარო. მაინც არაფერი გამომივა და უარესი მოხდება.
– ტელეფონის სადენსაც ვერ გადააბამ?
– თუ სამ საათს ვიწვალებ, და მართლა სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, ალბათ, გადავაბამ. მაგრამ ის ტელეფონი როგორ იმუშავებს, ამაზე პასუხს ვერ ვაგებ (იცინის). პატარაობიდან ასეთი ვარ. რასაც ხელს მოვკიდებდი, ყველაფერი იმტვრეოდა.
– ქალი რომ ჭურჭლის მტვრევას იწყებს, იმას გათხოვება უნდაო.
– ეგ, თუ ძალით ამტვრევს (იცინის). მე ბუნებრივად გამომდის.
– ფულის ხარჯვა გიყვარს?
– კი, ძალიან. ისე ვხარჯავ, უკან არ ვიხედები. ძირითადად, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელში მეხარჯება. შეიძლება, ძვირიც გადავიხადო მათში და იაფიც. მთავარია, მომეწონოს.
– არის შენს გარდერობში ნივთები, რომლებიც იმის მერე, რაც შეიძინე არც ჩაგიცვამს?
– როგორ არა. რამდენიც გინდა. სავსეა ასეთი ტანსაცმლით ჩემი გარდერობი. მავიწყდება, რომ მაქვს (იცინის). თუ შემთხვევით აღმოვაჩინე, ხომ კარგი. თუ არა და, მაშინ იქნება და იქნება გარდერობში.
– პროდუქტის საყიდლად გაიშვები?
– ჯობია, არ გამიშვან. არ არის იმის გარანტია, რომ კარგს მოვიტან. ჩემ დას შეუძლია და, როცა მიდის პროდუქტებზე, ყოველთვის კარგად არჩეულს ყიდულობს. მე კი ვიყიდი, მაგრამ ან ხურდა დამრჩება მოსატანი, ან იმ პროდუქტს დავტოვებ იქვე. სულ ასე მემართება.
– ესე იგი, არც სამზარეულოში შეიშვები?!
– რატომ? სამზარეულოში შევიშვები. გამომდის კერძები, მაგრამ მერე სამზარეულოა ხოლმე ცუდ დღეში. თავიდან ბოლომდე დასალაგებელია. ყველაფერს ვთხვრი და ვყრი. ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე იყო. ახლა კარგა ხანია, არაფერი მომიმზადებია.
– ანუ, მოუწესრიგებელი ადამიანი ხარ.
– სულაც არა. მოწესრიგებული ვარ. ჩემი ნივთები ყოველთვის წესრიგშია. ვალაგებ კიდეც, მაგრამ ძალიან არ მიყვარს გამოხვეტა, ვერც მტვერსასრუტს ვიტან.
– რემონტში მონაწილეობას მიიღებ?
– დიდი სიამოვნებით შევღებავ კედლებს და ყველანაირად ვეცდები, არ დავთხუპნო. მე ხომ უკვე დიდი გოგო ვარ, გავიზარდე (იცინის). „ელიავას“ ბაზრობაც ვიცი სად არის. ვყოფილვარ.
– ნემსი და ძაფი გეხერხება?
– კი. თავისუფლად შემიძლია რაღაც გავკერო, მივაკერო, დავაკერო. ბოლო შემოვუკეცო.
– არ ყოფილხარ მთლად „ბლაგვხელება“?!
– (იცინის). ჰო, რა ვიცი, აბა... მაგას ვახერხებ. რაღაც ხომ მაინც უნდა შეგეძლოს.
– იცი, რა არის „პახმელია“?
– არა. მე ვერ ვსვამ. ერთი ჭიქა ალკოჰოლიც მყოფნის, რომ ჩიტივით მსუბუქი გავხდე. არყის სუნიც საკმარისია, რომ დავთვრე (იცინის). ხაში არასოდეს გამისინჯავს და არც მაქვს სურვილი, გავსინჯო. არ მიყვარს და არ ვჭამ მწვანე ლობიოს, ხიზილალას, ფხალეულს. ბადრიჯანიც არ მიყვარს. არც თევზი მომწონდა, მაგრამ ჩემმა შეყვარებულმა შემაყვარა და ახლა ვჭამ.
– ანუ, მზად ხარ, საყვარელი ადამიანის ხათრით რაღაც-რაღაცეები შეიყვარო?
– რა თქმა უნდა (იცინის).