რა ძალა აყენებს „მკვდარ” ნანიკო ხაზარაძეს ფეხზე და რა სიცარიელეს ვერ ავსებს ბექა ელბაქიძე
მართალია, ნანიკო ხაზარაძე მაქსიმალურად შეეცადა, მაგრამ ბექა ელბაქიძე საზაფხულო განწყობაზე ვერაფრით დააყენა. ცხოვრებაზე, ბანალურ ყოველდღიურობაზე, სამყაროზე, ადამიანებსა და „პაპსაზე” გაბრაზებული ბექა ყველაზე დიდი „პაპსავიკის” ნანიკო ხაზარაძის ლოგიკას შეეჩეხა.
ინტერვიუ 1. ჟურნალისტია
ბექა ელბაქიძე
– მოდი პირდაპირ, შესავლის გარეშე გკითხავ იმას, რაც მაინტერესებს. ბევრჯერ ყოფილა შენ ცხოვრებაში ეტაპი, როდესაც რაღაც ძალიან რთული სიტუაციებიდან გამომძვრალხარ, ცხოვრებისეული, სამსახურებრივი და სხვა...
– კი, ჩემზე ამბობენ „კაშეი ბესმერტნიაო” (იცინიან). ხუმრობის გარეშე გეუბნები. ვკვდები და მერე ვდგები. რა ძალა მაყენებს, მართლა არ ვიცი.
– რაღაცეებს სწავლობ გზადაგზა?
– ვერაფერსაც ვერ ვსწავლობ, ჩემო ბექა.
– მაინც ერთ დიდ ნაგავში ვართ ადამიანები.
– არანაირად. სულ არ ვფიქრობ, რომ ნაგავში ვართ. ეს ჩვენი რეალობაა, სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ ასეთი იყო, არის და იქნება. მაქვს სახლი, მყავს შვილი, ვარ ჯანმრთელი, ვაკეთებ საქმეს, რომელიც მომწონს, მყავს მეგობრები... ბევრი მიზეზი მაქვს იმისთვის, რომ თავი ნაგავში არ ვიგრძნო.
– გლობალურად ვთქვი. კრიზისული ეპოქაა, ურთიერთობების კრიზისია, სიცარიელე, ფასეულობები დაკარგული... შენ კი ადამიანი, რომელიც ფიქრობ, რომ რაღაცით ამ ყველაფერზე მაღლა დგახარ, ამ ყველაფერს უნდა ებრძოლო.
– არ ვიცი, ვდგავარ თუ არა ვინმეზე და რამეზე მაღლა ან დაბლა. რეალობას პირდაპირ, ყოველგვარი შელამაზების გარეშე, გადასარევად აღვიქვამ და არ ვატყუებ საკუთარ თავს, რომ პრობლემები არ არსებობს. მაგრამ, გარდა ამისა, მაქვს ადაპტაციის, შეგუების, მორგების უნარი. ამ კრიზისში კიდევ მაქვს კარგი რაღაცეების დანახვის, დაჭერის და ჩაჭიდების უნარი. ამიტომ მიმაჩნია, რომ კრიზისი მეტ-ნაკლებად მეხება. სულ ვცდილობ, რაღაც კარგი, შესაძლოა ცოტა ეგოისტურად, მაგრამ, მაინც დავიჭირო და ჩემს სასარგებლოდ გამოვიყენო.
– ბევრი ჩავარდნაა ხოლმე ცხოვრებაში?
– რა თქმა უნდა. ცხოვრება კარდიოგრამასავითაა, ხან პიკში ხარ და გგონია, რომ უკვე დაფრინავ, ხან სადღაც ფორთხავ, მიწაზე.
– ვკვდები და ვცოცხლდებიო, ახსენე. ის ამბები, რაც ამ მდგომარეობაში გაყენებდა, როგორც ფაქტი, მართლა ასეთი მძაფრია თუ შენთვის იყო მომაკვდინებელი, შენ ხარ ასეთი ემოციური?
– არ ვიცი. შესაძლოა, ესა თუ ის ამბავი ვიღაცისთვის საერთოდ არ ყოფილიყო სასიკვდილო განაჩენი, ყველაფერი ინდივიდუალურია. შეიძლება, შენზე მგრძნობიარე ვარ და რაც შენთვის ყურადღების მიღმა ჩაივლის, იმან მე მომკლას. თუ ჰოროსკოპების გჯერათ, ამის მიხედვით „კატა-სფინქსი“ ვარ, ცხრა სიცოცხლე მაქვს. რამდენი დავხარჯე ამ სიცოცხლეებიდან არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში კიდევ რომ საკმარისად დამრჩა, ეს ვიცი.
– რა არის შენთვის კომფორტი?
– სიმშვიდე. რა არის სიმშვიდე? ეს არის მდგომარეობა, რომელიც ბევრ რამეს მოიცავს და შემიძლია ვთქვა, რომ ეს სიმშვიდე ჯერ არ მქონია, არასდროს. იმედი მაქვს, რომ მექნება. ველოდები, ამ ბედნიერ წუთს. მშვიდად დავჯდები და არაფერი შემაწუხებს დედამიწაზე ჰარმონიის გარდა.
– ვინ არის დღეს კომფორტში, როგორი ადამიანია დღეს საქართველოში კომფორტში?
– არ ვიცი, რადგან ზუსტად ვერ გეტყვი, ვისთვის რა არის კომფორტი. ყველას სხვადასხვა რაღაც ახარებს. შეიძლება, მისი კომფორტი ჩემთვის მიუღებელი იყოს. მინდა, თავს სრულფასოვან ქალად ვგრძნობდე. ამისთვის კი უბრალოდ უნდა დამინახონ და მიმითითონ – ეი, შენ ეს ხარ, ქალი... აღიარება და შექება ყველაზე დიდი მოტივაციაა.
– სოციალურ კომპლექსებზე მინდა, ვილაპარაკოთ. თუნდაც, ქალის და მამაკაცის ურთიერთობა – ესეც ხომ კომფორტის ერთ-ერთი შემადგენელი პირობაა.
– ერთ-ერთი არა, აქედან იწყება მგონი და ამას მოჰყვება მერე სხვა დანარჩენი წვრილმანი ფაქტორები.
– დღევანდელი, ოცდამეერთე საუკუნის ქალის და მამაკაცის ურთიერთობის პრობლემებს როგორ ხედავ. შენი აზრით, რატომ გახდა ოცდამეერთე საუკუნის კაცი ასეთი დაკომპლექსებული, რა პრობლემები აქვთ მათ, რატომ გახდნენ „დაჩოჩებულები”?
– ამაზე პასუხი რომ გაგცე, ალბათ, სხვაგან და სხვა პროფესიის უნდა ვიყო. თუ პირადად ჩემი აზრი გაინტერესებს, სულ არ ვფიქრობ, რომ მამაკაცები „დაჩოჩებულები” გახდნენ. არც ის მგონია, რომ ქალები წინა პლანზე არიან. ვფიქრობ, ჩვენ ვბაასობთ, ჩვენ ვაზვიადებთ ამ ყველაფერს. შეიქმნა ინსტიტუტები, არსებობენ ფემინისტები, რაღაც მენეჯმენტები. ამ ამერიკელებმა რაღაცეები მოიგონეს, ფულებს აკეთებენ და რა თემამაც არ უნდა გაგიელვოს გონებაში, იმის ინსტიტუტი ამერიკელებს უკვე შექმნილი ექნებათ. ეს ჯაჭვური რეაქციაა იმ აგიტაციისა, რომელიც რატომ მოვიგონეთ, არავინ იცის. ეტყობა, კაცებს მობეზრდათ წინა პლანზე ყოფნა და ქალებს გვითხრეს, მიდით, ახლა თქვენ „იგულავეთო”. არ არის სინამდვილეში ასე. უკანა პლანზე გრძნობ ახლა შენ თავს?
– არა.
– გადახედე, ძალიან ბევრი კაცია ასე. საერთოდ, არ გრძნობენ თავს „დაჩაჩანაკებულად”.
– მითხარი, საქართველოში რომ არ გეცხოვრა, საკუთარი თავის რეალიზებას ევროპაში ან ამერიკაში უკეთესად შეძლებდი?
– არ ვიცი. მართლა. გააჩნია, დაფასებასა და რეალიზებაში რას გულისხმობ. ერთი ვიცი, იმავე პროფესიით სხვა უფრო წარმატებულ ქვეყანაში რომ მეცხოვრა, ბევრად კარგად ვიქნებოდი მატერიალურად. ძალიან მაგარ სახლში ვიცხოვრებდი, ოცი დამლაგებელი მეყოლებოდა, ბავშვის ძიძები, მანქანები. მაგრამ ჩვენს ქვეყანას ჯერჯერობით არც დაფასების და არც შეფასების საშუალება არ აქვს. კი არ ვამბობ, მადონა ვარ-მეთქი, მაგრამ იგივე სტატუსით რომ ვიყო სხვა ქვეყანაში, ბევრად მეტი ხელფასი მექნებოდა. სხვა არ ვიცი.
– რისი გეშინია?
– რაც არ ვიცი იმის. რაც გამოცდილი მაქვს, ის ვიცი უკვე რა არის და პატარა იმუნიტეტიც მაქვს გამომუშავებული. რაც არ ვიცი, იმაზე არც ის ვიცი, რა რეაქცია მექნება. შენ რისი გეშინია?
– სიკვდილის.
– ეგ მეც არ ვიცი რა არის და ამიტომ მეც მეშინია.
– კანონზომიერებაა და ამიტომ ცოტა მშვიდად ვარ. რისთვის იბადება ადამიანი, ზოგი ამბობს სიყვარულისთვის, იმისთვის ამისთვის. იმიტომ იბადება, რომ მოკვდეს. ვიცი, ძალიან საინტერესოა გარდაცვალება, მაგრამ მეშინია.
– არ მჯერა, ვინმეს ამის არ ეშინოდეს.
– ნანიკო, რატომ გაქვს ასეთი ლამაზი თვალები?
– ასეთი გამაჩინა დედიკომ.
– თმა გაქვს საოცრად ყვითელი.
– კი, „ჩიკენ მაიონეზ” ვარ. სხვათა შორის, რა ფერი არ მქონია თავზე და რა ფორმაზე არ მქონია თმა და სულ მეკითხებიან, ნანიკო თავს მაშინ იპარსავ, როცა დეპრესიაში ხარო? რა სისულელეა. დეპრესიაში ყოფნისას თავს რომ ვიპარსავდე, ცოცხალი აღარ უნდა ვიყო.
– ხშირად ახსენე ამერიკანიზაცია, რა მოგწონს და რა არა ამაში?
– მათი ინსტიტუტები, „მენეჯმენტები” და მარკეტინგული რაღაცეები. ყველგან მუშაობენ ვიღაც ტიპები, სერიოზული ინსტიტუტი აქვთ „სნეპ თერაპიაზე”, გარტყმის თერაპია. ტიპები ყოველდღე დადიან, ფულს იხდიან იმაში, რომ ვიღაცეებმა სახეში ულაწუნონ. გაოცებული ვარ ამ ყველაფრით. ამას ვერასდროს ავყვები და არ მიმაჩნია, რომ მსგავს სისულელეებში ფული უნდა ვიხადო. თუ მივხვდი, რომ თერაპია მჭირდება, მოვალ შენთან და გეტყვი, გამარტყი-მეთქი. თან, იქ რომ შეხვალ და ძალიან წყნარად გეუბნებიან – ბექა, ლამაზო, ამოიღე ახლა მარჯვენა ხელი ჯიბიდან და გაარტყი მშვიდად ნანიკოს. და, ამით აგრესიისგან გავთავისუფლდები?! ეს, ძალიან ზედაპირულად შევეხე ამერიკას, მაგრამ, დაახლოებით ასეა.
– შენში თუა ეს დასავლური შემოსული?
– დასავლეთი კარგია, როდესაც ცოტა ხნით ჩადიხარ, მერე რაღაცნაირად გჭამს. რაც უნდა იყოს, ეს ცუდი უკვე შენია, შენი ნაწილია და ამით ყველაფერია ნათქვამი.
– ამას წინათ მითხარი, რომ ისეთი პერიოდი გაქვს, არც კარგი წიგნი გინდა, არც კარგი კინო.
– ეტყობა, პერიოდი მაქვს ასეთი. მირჩევნია, უაზრო ჟურნალები წავიკითხო, გადავხედო, ისეთი ინფორმაცია მივიღო, თავში რომ არ დამრჩება, ფილმიც ისეთი ვნახო, ცოტას რომ გამაცინებს, ოდნავ შეიძლება, ცრემლიც გადმომადინოს და მშვიდად დავიძინებ. მუსიკასაც კი არ ვრთავ, სულ რადიოს ვუსმენ, ანუ იმას, რასაც მთავაზობენ. კარგი ფილმი, ისევ ჩემ პრობლემებში მაბრუნებს. აღარ მინდა სიმძიმეები, ისედაც ბევრი მაქვს ცხოვრებაში. ჩვენ კი არა, პლანეტაც გადაიღალა, ყველგან კრიზისია. დავასვენოთ ისიც.
– ანუ, შენც პლანეტას ჰგავხარ?
– რა თქმა უნდა, რადგან ყველანი მისი შვილები ვართ. იმხელა ნეგატივი გამოვუშვით კოსმოსში, ახლა ცოტა ხანს უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ ამ ნეგატივის შედეგებს მოვიმკით. ალბათ, დადგება ისევ ოქროს ხანა.
– აუ, შოკში მაგდებს ეს სამყარო.
ინტერვიუ 2. ჟურნალისტია
ნანიკო ხაზარაძე
– რატომ გაგდებს სამყარო შოკში?
– იცი, როგორ ვარ?! – მძულს ჩემი ტირანიის ეპოქა, ოღონდ ვიცი, დავისჯები ამისთვის. შენ ხომ გაქვს ასეთი „გალაითების” პერიოდი, ჩემს შემთხვევაში, საქმე სხვაგვარადაა. ძალიან ბევრ აგრესიას ვიღებ და ვცდილობ, არ გადმომედოს, არ გავბოროტდე. ბრძოლის, მოძრაობის თუ ჯანჯღარის პერიოდი მაქვს.
– ასე იწრთობოდა ფოლადი, ჩემო ბექა.
– ვიცი და ალბათ, მეც ვიწრთობი. ახლა ვწერ რომანს. თითქოს საკუთარი თავის ძიების პერიოდი დამიდგა, როცა ვცდილობ, გავარკვიო რა მინდა, საით მივდივარ და საერთოდ, ადამიანიც ხომ ამისთვის ჩნდება.
– ერთს გეტყვი, რომ ასაკით ბევრად უფროსი ვარ და მგონი, ძიება ჯერ არც დამიწყია. სულ ვფიქრობდი, აი ოცდაათი წლის რომ გავხდები... და რა? გავხდი ოცდაათი წლის და არაფერი, მხოლოდ ასაკი მომემატა.
– ალბათ, ეს ინდივიდუალურია. თუმცა, იმაშიც დარწმუნებული ვარ, ძიება ჩემი სიცოცხლის ბოლომდე არ დასრულდება.
– გარდატეხები სულ არის და სულ რაღაცას ეძებ. გგონია, რომ იპოვი?
– არ ვიცი, იმედი მაქვს, ყოველ შემთხვევაში. ისე თუ წავედი ამქვეყნიდან, რომ ვერ ვიპოვე, მაშინ აზრი არ ჰქონია ცხოვრებას. ძალიან ცუდად მიცხოვრია.
– და როგორ ეძებ საკუთარ თავს? რა უნდა იპოვო, რომ მიხვდე, საკუთარი თავი ვიპოვეო.
– ადამიანი ხომ იბადება იმიტომ, რომ მოკვდეს. მე ჯერ არ მინდა სიკვდილი, რადგან მინდა, ცხოვრებით დავტკბე. არ ვგულისხმობ, ხორციელ ტკბობას. ახლა არ მაქვს ტკბობის პერიოდი, ახლა აგრესიისგან გათავისუფლების, ნეგატივისგან დაცლის პერიოდი მაქვს. რაღაც ჯებირებს ვაგებ, რომ ეს აგრესია შიგნით არ შემოვიდეს და არ დამანგრიოს.
– იქნებ, ჯობია, შემოუშვა – ერთი კარგად დაგანგრიოს და მერე თავისუფლად და სუფთად წამოდგე.
– ცუნამები მოვარდნილა, კი იყო ასეთი შემთხვევებიც, მაგრამ ახლა ასე ვცდილობ, იქნებ, ამან აჯობოს.
– ხანდახან ჯობია არ ებრძოლო, მოუშვა ეს ცუდი, ბოლომდე გაბრტყელდე და მერე ადგე, ვიდრე შეინახო მთელი ეს აგრესია, იბრძოლო და იტანჯო. და, ვის ებრძვი?
– ადამიანებს, ცუდ ენერგიებს. „ბრბო შემოტეხვას ლამობდა”... (იცინიან).
– სამსახურს, ცხოვრების წესს შეაქვს წვლილი ამ ყველაფერში?
– დაგროვდა ყველაფერი ერთად. შემოქმედებითი ტიპი ვარ, ყოველ შემთხვევაში ასე ამბობენ. ვწერდი ლექსებს, ჩემთვის რაღაცეებს ვაკეთებდი. იყო ტკივილიც, სიხარულიც... ბრახ, გადავწყვიტე და დავიწყე რომანის წერა, რომელშიც ძალიან ბევრი ავტობიოგრაფიული მომენტია. შეიძლება, ვიღაცას გაეცინოს, ოცდასამი წლის ბიჭს რა სათქმელი დაუგროვდა ასეთიო, მაგრამ მართლა დაგროვდა. ამით ვთავისუფლდები. რაც შეეხება სამსახურს, ამასაც შეაქვს გარკვეული წვლილი ყველაფერში. ამბობენ, რომ თეატრში, კინოში... არ არსებობს სფერო, სადაც საშინელებები არ ხდება, მაგრამ ტელევიზიაში ეს ყველაზე დიდი დოზითაა. ამ ეტაპზე ასე ვფიქრობ. ბოლო ორ-სამ წელიწადში იმდენი რაღაც ვისწავლე, განსაკუთრებით კი ადამიანების ცნობა, რომ მგონია, ვგიჟდები. ვიღაც გიცინის, თან აფერისტულად, ვიღაც გიბღვერს და ესეც არაგულწრფელია. ძალიან ბევრი ადამიანი დავინახე.
– რაღაც პერიოდი მიყურებ, მიცნობ და მითხარი – აბა, როგორ დამინახე? როგორი ვარ მე?
– კარგი კითხვაა. ერთი პერიოდი რადიოში ერთად მიგვყავდა გადაცემა „მატრია-პარქატი”, გაერთიანებული იყო პატრიარქატი და მატრიარქატი. შენ იცავდი ქალებს. კარგი გადაცემა იყო, საინტერესო სტუმრებით. ზოგჯერ ბანალური თემაც კი საინტერესოდ გვქონდა განხილული. რაც შეეხება დანახვას, რომ არ დამენახე, ამ გადაცემაში არც მოგიწვევდი (იცინიან). პირდაპირი ადამიანი ხარ, რომელიც შეიძლება, ყოველთვის არ ამბობს იმას, რასაც ფიქრობს, მაგრამ ძალიან ღიაა, მართალი და პირდაპირი. ნანიკო ხაზარაძე არის თბილისელი გოგო, რომელსაც კარგიც უნახავს, ცუდიც და არ პოზირებს. არასდროს გაწელავს ლაპარაკს და ბუმბულით არ ივლის. შეიძლება შარდენზეც დაჯდეს, პაპიროსიც მოწიოს (იცინიან), მაგრამ მაინც კარგი გოგოა. არ ჯდება ჩარჩოებში.
– ჩარჩოებში არ ვჯდები იმიტომ, რომ დასაკარგი არ მაქვს. თუ ვფიქრობ, რომ ეს უნდა ვთქვა, აღარ მაინტერესებს, ეს ვინმეს მოეწონება თუ არა.
– ვფიქრობ, ეს უფრო იმის ბრალია, რომ ბევრი გაქვს ნანახი. როგორი დამოკიდებულება გაქვს იცი?! – კარგი იქნება, მივიღებ, ცუდი იქნება, ამასაც გადავიტან.
– ერთი რამე მივიღე, ვაღიარე და ყველას ვუთხარი, თუ დავინახე, რაღაც კონკრეტული დამოკიდებულება, რომელიც არ მომწონს, იმ ადამიანს პირდაპირ ვუსმევ ხაზს და საერთოდ ვანებებ თავს. იმისთვის, რომ მასზე აღარ ვიფიქრო, ვინერვიულო და დრო დავკარგო. ვინც არ უნდა იყოს ის. ჩემი შვილი, ალბათ, ამ ადამიანების რიგში არ შევა, არც დედაჩემი. მაგალითად, შენგან რაღაც რომ არ მომეწონოს, მორჩა, ეგრევე გაქრები ჩემი ცხოვრებიდან. ძალიან ბევრი ადამიანი მყავს ასე მოშორებული და მიხარია. ისინი აღარ მიჭამენ ტვინს ამ თავისი რაღაცეებით.
– რაღაც დოზით ყველა ვთამაშობთ, ეს ეტყობა თავდაცვის ხერხიცაა. არ მინდა, რაღაც დეპრესიული ადამიანის როლში გამოვიდე, მაგრამ დღეს ისეთი სიცივეა ადამიანების ურთიერთობებში, რომ ეს მაინც მოქმედებს ყველაზე. ცხოველური ინსტინქტები სულ ჰქონდა ადამიანს, მაგრამ მგონია, რომ ახლა უფრო გამძაფრდა.
– არა ბექა, სულ ასე იყო, დამიჯერე. სიყვარული ახლაცაა და სულ იყო. თან, ყველაფერს თავისი ასაკი აქვს. შეუძლებელია, ისევ ის მეგობრები მყავდეს მხოლოდ, ბავშვობაში რომ მყავდა, ის რიტმი მქონდეს რითაც გავიზარდე. იცვლება ფასეულობები. შენ, უბრალოდ, ადრე გაიზარდე და ადრე დაინახე ეს ყველაფერი. იმიტომ ხარ ცუდად. შენხელა „გარაჟებზე” დავრბოდი თონიჯით ხელში. ესაა განსხვავება.
– შეიძლება. არ ვიცი ზუსტად მიზეზი, მაგრამ ფაქტია, ამ სიცარიელეს და სიცივეს სულ ვგრძნობ. შეიძლება მეც ამიტომ გავხდი ასეთი, ალბათ, თავდაცვის რეჟიმში ვარ, ისევე როგორც სხვები.
– დაუცველობის განცდა, მით უმეტეს, დღევანდელ მსოფლიოში, სულ თან სდევს ადამიანს. შეიძლება ყოველდღე არ ფიქრობ, რომ ბომბი დაგეცემა, მაგრამ ქვეცნობიერად სულ პანიკაში ხარ. გეშინია, უსამსახუროდ არ დარჩე, გაზის ფული ვერ გადაიხადო და სხვა.
– გეთანხმები. არასტაბილურობის განცდა მთელ ამ შინაგან ბრძოლებს ამძაფრებს.
– მაგრამ ამას გარდა, ბევრი კარგი რაღაცაც ხომ ხდება?
– რა თქმა უნდა. ცხოვრება მშვენიერია!
– შეიძლება, აქედან რომ წავიდე, მივიდე სახლში და გავსკდე ტირილით, მაგრამ ვიცი, იმდენი კარგი რაღაც არსებობს, იმდენი დადებითით შემიძლია დავიტვირთო, ვნახო ის დებილური კინო, რომელიც პატარა სტიმულს მომცემს და მეტყვის, მარტო არ ხარ ამ გასაჭირშიო. რატომ უნდა დავიტვირთო თავი ცუდით, როცა შეიძლება, კარგზე ვიფიქრო. სატანჯველი ისედაც ხომ ბევრია. აი, ხომ იწყებ ახალ პროექტს, სადაც ბევრ კარგ ადამიანს ხვდები?
– კი. მართლა კარგი პროექტია. უამრავი უცნობი ადამიანია, რომელიც თავისი საქმით მართლა გმირია და ჩვენ მათ საზოგადოებას დავანახვებთ. მგონია, რომ ხალხიც დაიღალა ერთი და იგივე გაცვეთილი სახეებით, მათი ტრიალით. სუფთა ადამიანები არიან, თავისი ნატურით, ცხოვრების სტილით. ხევსურეთში მივდივარ გადაღებაზე, სადაც უნდა შევხვდე ასეთ კაცს – მურღვა არტოდელის, რომელიც ყოფილი ჩეჩნეთის ტერიტორიაზე, სოფელ არტოდში დგას მესაზღვრედ. განათლებულია, თბილისში დაამთავრა უმაღლესი, მაგრამ მერე მთელი ოჯახით წავიდა, რომ წინაპართა ძვლები კბილებით შეინახოს. როდესაც ჰკითხეს, სამი შვილი გყავთ – კინო არ უნახავთ, თეატრი, ტელევიზორი, არ გეცოდებათო? მან უპასუხა, რა უნდათ იქ, სადაც სული დაუბინძურდებათ, აქ ცასთან ყველაზე ახლოს ვარო. ამ პროექტის დაწყება მახარებს.
– კარგი ფსიქოლოგისგან ვიცი და გასწავლი ერთ ვარჯიშს. გაიკეთე უხილავი წრე ჰულაჰუპივით და არაფერი მოუშვა ამ ჰულაჰუპის აქეთ, არასდროს – არც კარგი და არც ცუდი, რადგან კარგიც ისევე ანადგურებს, როგორც ცუდი. იქონიე შენი სფერო.
– მერე, მარტო არ ხარ სულ?
– არა. ყველა ადამიანს თავისი კომფორტის ზონა სჭირდება, რომელსაც თუ არ დააბინძურებ, კარგად იქნები.