კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: რამდენიმე ხანია, თმის ხარისხი გამიფუჭდა. როგორი შამპუნითაც არ უნდა დავიბანო, მაინც არ ბრწყინავს, თან, რაღაცნაირად გატკეპნილია. ყველაზე მეტად კი ის მაღიზიანებს, რომ ვერანაირ ვარცხნილობას ვერ ვიკეთებ. სალონიდან გამოსვლის შემდეგაც კი, ჩემი თმა ორ-სამ საათში ისეთ ფორმას იღებს, თითქოს არასდროს დამივარცხნია. რას მირჩევთ?
პასუხი: პირველ ყოვლისა, თმა შეიჭერით – მოკლე თმა უკეთ დალაგდება ვარცხნილობის გაკეთებისას და პრობლემებსაც ნაკლებად შეგიქმნით. ოღონდ, რა თქმა უნდა, მხოლოდ შეჭრა თქვენს თმას ვერ გამოაკეთებს. ამისთვის მკურნალობის მთელი კომპლექსია საჭირო. კვირაში ერთხელ, ორი საათით დაიდეთ თმაზე ინა („ხნა”) და შემდეგ გვირილის ნახარშით ჩამოიბანეთ, ბოლოს კი გადაივლეთ ძმრიანი წყალი (ეს პროცედურა ჩაიტარეთ ყოველი დაბანის დროს); გამორიცხეთ თმის ლაკი და ფენით გაშრობა; დაბანამდე ორი საათით ადრე თმის ძირებში შეიზილეთ აბუსალათინის ზეთი და ჩამოიბანეთ კვერცხის გულითა და გვირილის ნახარშით.
კატეგორიულად გამორიცხეთ სხვისი სავარცხლის გამოყენება.
კითხვა: გამიგია, რომ არსებობს ხანგრძლივი ახალგაზრდობის და ჯანმრთელობის სამი მთავარი ნიშანი. თუ არ შეწუხდებით, დამისახელეთ, რომლებია ეს ნიშნები?
პასუხი: ეს ნიშნებია: 1. კარგ „ურთიერთობაში” უნდა იყოთ თქვენს არა მარტო სხეულთან, არამედ, ორგანიზმთანაც;
2. უნდა შეიმუშაოთ ზომიერად ჯანმრთელი ცხოვრების წესი (ყველაფრის გათვალისწინებით;
3. უნდა გქონდეთ სერიოზული გატაცება – ჰობი, რომელიც თქვენთვის ფსიქოთერაპიის მაგიერი იქნება.
კითხვა: ძალიან მიყვარს შუადღეს ერთი საათით წათვლემა, მაგრამ, მითხრეს, რომ ეს ხელს უწყობს გასუქებას. მართალია თუ არა ეს?
პასუხი: რა თქმა უნდა, ეს მცდარი აზრია. დღეში თუნდაც ერთი საათით დაძინება, განსაკუთრებით კი – სუფთა ჰაერზე, დადებითად მოქმედებს როგორც ზოგადად ორგანიზმის ჯანმრთელობაზე, ისე ადამიანის ნერვულ სისტემაზე და, აქედან გამომდინარე – ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებასა და, თქვენ წარმოიდგინეთ, სახის კანზეც კი.
კითხვა: ზაფხულში, მოგეხსენებათ, სხვადასხვა მიზეზის გამო, უფრო ხშირად გვიწევს ხელების დასველება. ამის მიუხედავად, აუცილებელია თუ არა, დღის განმავლობაში ხელებზე წავისვა დამატენიანებელი და მკვებავი კრემები?
პასუხი: მართალია, ზაფხულის განმავლობაში უფრო ხშირად გვიწევს ხელების დასველება და ამიტომ გვგონია, რომ ხელის კანი არ შრება, მაგრამ ეს ასე არაა. სინამდვილეში, ხშირი დასველების (მით უმეტეს, თუ ქიმიურ ნივთიერებებთან – სარეცხის ან სხვა ფხვნილებთან და პასტებთან გვაქვს საქმე) შედეგად კანი მეტ უარყოფით „შეტევებს“ განიცდის და, თუ არ დავიცავით, ხელები მალე დაგვიბერდება. ეს რომ არ მოხდეს, არ უნდა დაგვეზაროს და დღის განმავლობაში რამდენჯერმე წავისვათ როგორც დამატენიანებელი, ისე მკვებავი კრემები. თუ ეს პროდუქცია არ გვაქვს, ჩავანაცვლოთ გლიცერინით; ან, სულაც ზეითუნის (ან ნებისმიერი სხვა სახის) ზეთში ლიმონის რამდენიმე წვეთი შევურიოთ და კარგად შევიზილოთ ხელებზე.
კითხვა: მაქვს ცხიმიანი სახის კანი, რომელიც ზაფხულში განსაკუთრებით მიპრიალებს და საშინელ დისკომფორტს მიქმნის. როგორ მოვიქცე?
პასუხი: ცხიმიანი კანის გასაწმენდად ზაფხულის სეზონზე უნდა შეარჩიოთ ნეიტრალური და მჟავა PH-ის შემცველი კოსმეტიკური საშუალებები. პირი დაიბანეთ პიტნის ან გვირილის ნახარშით ან გრილი წყაროს წყლით. დილა-საღამოს გაიწმინდეთ თქვენი კანის ტიპისთვის განკუთვნილი ტონიკით.