კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა კავშირშია კვება ჭარბ ოფლიანობასთან და რა იწვევს არასასიამოვნო სუნს კანის ზედაპირზე


სიცხეში მთელი რიგი პრობლემები იჩენს თავს. ზოგს ჰგონია, რომ ოფლიანობა ეს ჩვეულებრივი და ბუნებრივი მოვლენაა, ზოგიც კანის გამოშრობას უჩივის. ამ დროს, ჭარბი ოფლიანობაც და სიმშრალეც, ორივე პრობლემაა ადამიანისთვის. ასე რომ, თუ ეს პრობლემები გაწუხებთ, ნუ დაელოდებით, სანამ პრობლემა კიდევ უფრო გართულდება, დროულად მიმართეთ შესაბამის სპეციალისტს. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, კომენტარი ვთხოვეთ, ექიმ-ენდოკრინოლოგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ქალბატონ მაკა კორინთელს.



– ცხელ სეზონზე, ადამიანები ჭარბი ოფლის გამოყოფას სეზონურ კლიმატს აბრალებენ. სწორია თუ არა ეს მოსაზრება და თქვენ, როგორც ექიმი, რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით?

– სიცხეში, ბევრს ჰგონია, რომ ჭარბი ოფლიანობა ნორმალურია, არადა სინამდვილეში, ეს არასწორი მოსაზრებაა. ჭარბი ოფლიანობა მთელი რიგი ენდოკრინული დაავადებების თანმხლები პირობაა. ასე რომ, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, ვურჩევ დროულად გაესინჯოს შესაბამის სპეციალისტს და და ზედმეტ ოფლიანობას სეზონურ კლიმატს ნუ დააბრალებს. დროულად ჩატარებული კვლევისა და შესაბამისი მკურნალობის კურსის შემდეგ, ეს მეტად არასასიამოვნო და მტანჯველი სიმპტომი, აუცილებლად განიკურნება და პრობლემაც, თავისთავად მოგვარდება. გეტყვით იმას, რომ ადამიანში ოფლის გამოყოფის დარღვევა არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომი და ამავდროულად, ნაკლებად შესწავლილი, ვეგეტატიური ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევისას. აქვე იმასაც დავამატებ, რომ ოფლის გამოყოფის ორი სახე არსებობს. კერძოდ, თერმორეგულარული, რომელიც ხდება სხეულის მთელი ზედაპირიდან და გარესამყაროს ფიზიკურ დატვირთვას ადეკვატურად პასუხობს და ფსიქოგენური ოფლის გამოყოფა, როცა ის ვითარდება სხეულის სხვადასხვა უბნებში და არის ფსიქოლოგიური გადაძაბვა-გადატვირთვის შედეგი. ასევე, არსებობს, რაოდენობრივი და ხარისხობრივი ოფლის გამოყოფის დარღვევები.

– ეს რას ნიშნავს?

– რაოდენობრივია ანტიჰიდროზი ანუ ოფლის გამოყოფის არარსებობა და ეს ძალიან საშიში პათოლოგიაა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ოფლის მომატებული დოზით გამოყოფას კი ჰიპოჰიდროზი ეწოდება. ხარისხობრივი დარღვევა დამოკიდებულია გამოყოფილი ოფლის შემადგენლობასა და ფერზე. მაგრამ, თუ გამოყოფილ ოფლს ერევა ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეტი, მაშინ ის უკვე არის ცხიმოვანი სტეატოჰიდროზი. ასევე, არსებობს, ფიზიოლოგიური და პათოლოგიური ჰიპერჰიდროზი. ფიზიოლოგიური ჰიპერჰიდროზი არის ორგანიზმის დაცვითი რეაქცია, რომელიც მიმართულია ოფლის გამოყოფის მატებისკენ, მაგალითად, მაღალი ტემპერატურის, ფიზიკური შრომის ან სითხის დიდი რაოდენობით მიღების დროს. არ არის გამორიცხული, ჰიპერჰიდროზი სახეზე გემოს და ყნოსვითი რეცეპტორების გაღიზიანებით გაჩნდეს. ალბათ, ეს ყველა ადამიანს გამოუცდია, მაგალითად ძმრის, მდოგვის, პილპილის და სხვადასხვა სუნელ-სანელებლის მიღების დროს. ის ხშირად შიშის, ნერვიულობის ან თუნდაც მორცხვობის დროსაც ჩნდება.

– ქალბატონო მაკა, კონკრეტულად რომელი დაავადებებით არის ხშირი, სუნიანი და ჭარბი ოფლიანობის პათოლოგია გამოწვეული?

– პათოლოგიები განპირობებულია ორგანიზმში ნეირო-ენდოკრინული დარღვევებით; ცენტრალური და ვეგეტატიური ნერვული ფუნქციური ან ორგანული დარღვევებით; ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატებით. ასევე, აღინიშნება კლიმაქტერულ პერიოდში, ტუბერკულიოზითა და პარკინსონით დაავადებულ ადამიანებში. გავრცელების მიხედვით, ჰიპერჰიდროზი შეიძლება, იყოს ლოკალური ან გენერალიზებული. ლოკალური ვლინდება იღლიის ფოსოში, ხელის და ფეხისგულებზე. გენერალიზებული, ანუ უნივერსალური კი, განპირობებულია ნეირო-ენდოკრინული დარღვევებით და ოფლიანობა ვლინდება მთელ სხეულზე. ხშირ შემთხვევაში, მას თან ერთვის საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, გაღიზიანება, შფოთვა, უძილობა და ასე შემდეგ. ამ დროს, კვლევით უნდა გამოვლინდეს ეტიოლოგიური მიზეზი, რომ მკურნალობის სწორი კურსი დაინიშნოს და პრობლემა გართულებების გარეშე მოგვარდეს. თუ ჰიპერჰიდროზი წარმოიშვა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მატებით, ადამიანს ენიშნება თირეოსტატიკებით მკურნალობა. თუ ეს კლიმაქტერული სინდრომია, მაშინ მთავარი აქცენტი კეთდება ჰორმონულ სფეროზე და მის დარეგულირებაზე. ამ დროს ინიშნება კალციუმი, ბრომი, B ჯგუფის ვიტამინები, დამამშვიდებელი საშუალებები, ანუ ზოგადი მოქმედების პრეპარატები.

– რა შემთხვევაში ხდება ორგანიზმიდან უსიამოვნო სუნის მქონე ოფლის გამოყოფა და ექვემდებარება თუ არა ეს პათოლოგია განკურნებას?

– ოფლს, რომელსაც ორგანიზმი გამოყოფს და მას არასასიამოვნო სუნი აქვს, სამედიცინო თემაზე ოსმიდროზი ჰქვია. სხვათა შორის, ამ პრობლემით არა მარტო ზაფხულის სიცხეში, წლის ნებისმიერ პერიოდში იტანჯებიან და წუხდებიან ადამიანები. რასაკვირველია, პაპანაქებაში, ეს პრობლემა მწვავდება და აქტიური ხდება. ზოგადად, არსებობს ორი სახის ოსმიდროზი, კერძოდ, აპოკრინული და ეკრინული. აპოკრინული ოსმიდროზის დროს სუნის წყაროა საოფლე ჯირკვლებიდან გამონადენი ოფლი. ეკრინული ოსმიდროზის დროს კი ოფლი გამოიყოფა ნაკეცებსა და ფეხისგულებზე. ეს პრობლემა რასაკვირველია, იკურნება.

– ამ ორივე შემთხვევაში, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი?

– ჯერ გეტყვით იმას, რომ სუნიანი ოფლის წარმოქმნას ხელს უწყობს პირადი ჰიგიენის დაუცველობა და ენდოკრინული დარღვევები. ასევე, მისი წარმოშობის ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, გახდეს ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატიც კი. რაც შეეხება მისგან განკურნებას, აუცილებელია, ადამიანმა არ დაიზაროს, დრო გამონახოს პრობლემისთვის რადგან ამით საკუთრივ მის გარდა, სხვებიც წუხდებიან. ამიტომ, დროულად უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები. კერძოდ, ამ დროს აუცილებელია პირადი ჰიგიენის გააქტიურებულად დაცვა და ანტიბაქტერიული საპნების გამოყენება. ასე რომ, სუნიანი ოფლის პრობლემა ნამდვილად იკურნება და ამაში თავად ამ პრობლემის მქონე ადამიანს მიუძღვის მთავარი წვლილი. თუ ზედმეტად უჩივით ოფლიანობას, ამას ნუ დააბრალებთ მწველი მზის სხივებს. უმჯობესია გამოკვლევები ჩაიტაროთ და დროულად განიკურნოთ ამ მტანჯველი სიმპტომისგან.

– გამიგია, თითქოს კვებას, ორგანიზმიდან ოფლის გამოყოფასთან აქვს კავშირი. ამაზე რას იტყვით?

– ამაზე გეტყვით იმას, რომ ადამიანის მიერ მიღებულ საკვებს, პირდაპირი კავშირი აქვს ორგანიზმიდან ოფლის გამოყოფასთან. ამისთვის აუცილებელია ბალანსირებული კვება. ადამიანი უნდა მოერიდოს ცხარე, მლაშე, მწარე, მადის აღმძვრელ საკვებს. ასევე, თუ ამ პრობლემისკენაა მიდრეკილი, უნდა შეზღუდოს დიდი რაოდენობით სითხის მიღება. ორგანული და მინერალური ნივთიერებების შემადგენლობა ოფლში იცვლება კვების რეჟიმიდან და ორგანიზმის მდგომარეობიდან გამომდინარე. ოფლში იოდის შემცველობაზე გავლენას ახდენს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობა. ორგანიზმში ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის შეყვანისას, თუ საკვებში მარილის მოხმარება შემცირებულია, ოფლში ნატრიუმისა და ქლორის კონცენტრაცია მკვეთრად მცირდება. თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის დროს კი პირიქით, იზრდება, ანუ ნატრიუმისა და ქლორის რაოდენობა ოფლში აისახება თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის აქტივობაზე, რომელიც გავლენას ახდენს ელექტროლიტურ ცვლაზე. ჭარბი ოფლიანობის დროს კარგია კურორტოთერაპია. ადგილობრივად კი გამოიყენება სხვადასხვა სადეზინფექციო ხსნარი, რომელიც ამცირებს ოფლის გამოყოფას ორგანიზმიდან, კერძოდ კი, საოფლე ჯირკვლებიდან. ოფლი, ეს არის, საოფლე ჯირკვლების სეკრეტი, რომელიც გამჭირვალე, ოდნავ მომლაშო სითხეა. დისჰიდროზი კანის ის დაავადებაა, როცა საოფლე ჯირკვლები დახშულია და ოფლი არ გამოიყოფა. სტრესულ და ნერვიულ ადამიანებს შესაძლოა ეს დაავადება განუვითარდეთ, რადგან ამ დროს ირღვევა საოფლე ჯირკვლის ინერვაციის დარღვევა. ეს დაავადება ხშირად განისაზღვრება როგორც ალერგიული რეაქცია და ხშირად თავს იჩენს ფეხის სოკოს, ეგზემის და პიოდერმიის გამოვლენით. მისი მკურნალობა კი ხდება შარდმდენი პრეპარატების კალციუმთან ერთად მიღებით. ასევე, დამამშვიდებლებით და ანტიჰისტამინებით. ამ დროს ადამიანმა დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს კვებასაც. კერძოდ, შეზღუდული ოფლიანობის ანუ დისჰიდროზის დროს, ადამიანს ეკრძალება მარილიანი საკვები და იზღუდება ნახშირწყლების მიღება. ადგილობრივად უნდა გამოიყენოთ, რივანოლის ხსნარი, თუთიის მალამო, რიზონცინი და ასე შემდეგ. მაგრამ, თუ ზედმეტად ოფლიანობთ, გირჩევთ, ამას სეზონს ნუ დააბრალებთ, უმჯობესია, მიბრძანდეთ სპეციალურ დაწესებულებაში, ჩაიტაროთ კვლევები და განიკურნოთ ამ მტანჯველი სიმპტომისგან, რომელიც არა მარტო თქვენ, არამედ თქვენს ახლობლებს, საყვარელ ადამიანებს და გარშემო მყოფებსაც უქმნის დისკომფორტს, თქვენთან ურთიერთობისას.


скачать dle 11.3