ინტიმური საუბრები
ჩემი ბიძაშვილი შემიყვარდა
ბევრი ვიფიქრე, დამეწერა თუ არა ეს წერილი და ჩემი გულისტკივილი ფართო საზოგადოებისთვის გამეზიარებინა, მაგრამ, რადგან ჩიხში ვარ და გამოსავალს ვერ ვპოულობ, იქნებ მირჩიოთ რამე. ერთ დიდ ოჯახში გავიზარდე, სადაც ორი ძმის ოჯახი ცხოვრობდა. მე კიდევ ორი დედმამიშვილი მყავს. აი, ბიძაჩემს კი, თურმე, წლების წინ პრობლემა ჰქონდა, ბიცოლაჩემს რამდენიმე წლის ლოდინის მერე გაუჩნდა ნანატრი შვილი, მაგრამ პატარა, სუსტი და ავადმყოფი აღმოჩნდა და 2 თვის იყო, რომ გარდაიცვალა. ამ ტრაგედიის მერე კარგა ხანი დასჭირდათ, რომ ცხოვრების ხალისი დაბრუნებოდათ. თუმცა, სამწუხაროდ, ბიცოლაჩემი აღარ გახდა შვილის ყოლის ღირსი. ამ ამბავმა ისინი კიდევ უფრო დათრგუნა, მხოლოდ 5 წლის უშედეგო ლოდინის მერე გადაწყვიტეს შვილის აყვანა. ბავშვთა სახლიდან მათ ბიჭი აიყვანეს, რომელსაც სოსო დაარქვეს – გარდაცვლილი შვილის სახელი. ამ ისტორიიდან ერთი წლის მერე მეც მოვევლინე ქვეყანას. იმის გამო, რომ ბიძაჩემი და მამაჩემი ერთ სახლში ცხოვრობდნენ, ბავშვებიც და-ძმასავით ვიზრდებოდით. თავდაპირველად, ზუსტად ასე იყო. რადგან მე და სოსო თანატოლები ვიყავით, სულ ერთად ვთამაშობდით, ვერთობოდით, ხან ვაბრაზებდით ერთმანეთს და ხან – არა. ეს ჩვეულებრივი ბავშვური ურთიერთობა იყო, ამგვარად შევეჩვიეთ ერთმანეთს და რადგან ჩემი და-ძმა ასაკით უფროსები იყვნენ, მათთან ისე ხშირად ყოფნა არ მიწევდა, როგორც სოსოსთან. ამიტომ, სულ ვამბობდი ჩემი ძმა სოსო იყოს, თქვენ კი – ჩემი ბიძაშვილები-მეთქი. დედა მოგვიანებით მომიყვა, ბავშვობის ასაკში, თურმე, ერთად დაძინება გვინდოდა მე და სოსოს და დასაძინებლად რომ გაგვანაწილებდნენ ცალკე ოთახებში, ვტიროდით ორივენი, ნუ დაგვაშორებთ ერთმანეთსო. დაახლოებით, 14 წლის ვიყავი, როცა ბიძაჩემმა და ბიცოლაჩემმა ცალკე ბინის ყიდვა გადაწყვიტეს და ამგვარად, მე და სოსოც დავშორდით ერთმანეთს. თუმცა, ხშირად გვიწევდა ერთმანეთის ნახვა. ორივენი ვგრძნობდით, რომ ზედმეტად ვიყავით ერთმანეთს შეჩვეული და რა ერქვა ამ გრძნობას, მაშინ ვერ ვხსნიდით. ეს მხოლოდ მერე გაირკვა, როცა საერთო მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავით. სოსომ მითხრა, სახლამდე მე გაგაცილებო. როცა სახლს ვუახლოვდებოდით, შემცივდა, კანკალმა ამიტანა. სოსომ თავისი პიჯაკი გაიხადა და შემომაცვა. დაიხარა ჩემსკენ და ტუჩებში მაკოცა. ვერ აგიწერთ, ეს ისეთი გრძნობით გააკეთა. დავიბენი, არ ველოდი მისგან ასეთ საქციელს. თუმცა, გამოგიტყდებით, მესიამოვნა მისი კოცნა. არაფერი გვითქვამს ერთმანეთისთვის. სახლში შევირბინე და კარი ცხვირწინ მივუჯახუნე. აღელვებული ვიყავი და ამავდროულად, დაბნეულიც. ვისთვის ამეხსნა ან გამებედა იმის თქმა, რომ ბიძაშვილებს ერთმანეთი გვიყვარდა? მე კი ვიცოდი, რომ სოსო ჩემი ბიძაშვილი და სისხლით ნათესავი სულაც არ გახლდათ, მაგრამ ცხადია ამას სოსოს ვერ ვეტყოდი. მან არაფერი იცოდა იმის შესახებ, რომ აყვანილია. როცა დედას გავანდე ჩემი გულისტკივილი, მისაყვედურა, მართალია, სოსო არაა შენი სისხლით ნათესავი, მაგრამ მაგას ხომ ვერ ეტყვი. ისე, რამ შეგაყვარა მაინცდამაინც შენი ბიძაშვილი, და-ძმასავით გაიზარდეთ და სხვა თვალით როგორ შეხედეთ ერთმანეთს, არა გრცხვენიაო? სასწრაფოდ, ამოიგდე გულიდან ეგ ბიჭი და გამოფხიზლდიო. სოსო ჩემზე უარეს დღეშია, რადგან მას მართლა თავისი ბიძაშვილი ვგონივარ და ვერაფერს მეუბნება. ბოდიში მომიხადა, ეს რა მომივიდაო. ამ სიტუაციაში სიტყვების თქმა არაა საჭირო, ორივე ვხვდებით, რომ ერთმანეთი მართლა ძალიან გვიყვარს. მაგრამ, ვერ ვბედავთ ამის თქმას. მე, მით უმეტეს, პირში ხომ არ მივახლი, რომ აყვანილია და ჩვენი ერთად ყოფნაც დასაშვებია. მაინც ერთი ოჯახის წევრები ვართ და ცუდ ტონად ითვლება ბიძაშვილების დაქორწინება. მოკლედ, ჩიხში ვარ და გამოსავალს ვერ ვპოულობ. სოსოს რომ ვუთხრა თავისი მდგომარეობის შესახებ, ამის უფლება არ მაქვს და ისედაც დიდ ტრავმას მივაყენებ. არადა, შეიძლება, ნაწილობრივ გაუხარდეს კიდევაც ამ ამბის გაგება. მერე კი აღარ მოეხათრება ჩემთან ყოფნა. იქნებ მირჩიოთ, რა ვქნა. რაც უფრო მეტად ვფიქრობ ამაზე, მით უფრო ვერ ვპოულობ გამოსავალს.
ანა, 18 წლის.
ლოთობამ ცხოვრება დამინგრია
ამ წერილს ერთი შუახნის კაცი გწერთ, რომელიც გვიანღა მიხვდა, რომ ცხოვრებაში ბევრი შეცდომა დაუშვა და ამის გამო კარგადაც იწვნია საკუთარ თავზე. ნათქვამია, ღმერთი ერთხელ ყველა ადამიანს აძლევს შანსს, რომ ცხოვრება მოიწყოს და მისცეს ის, რისი ღირსიცაა. მე მართლა გამიმართლა, რადგან კარგი მეუღლე შემხვდა. ბევრს უკვირდა კიდეც, ასეთი გოგო როგორ „დაკერეო“. მეც მიხაროდა, გვერდს კარგი ცოლი რომ მიმშვენებდა, მაგრამ შინაგანად არ მსიამოვნებდა, როცა ყველა აღნიშნავდა, თინა ათი თავით ჯობიაო. ამის მიუხედავად, ის თავმდაბალი ადამიანი იყო და არასოდეს უგრძნობინებია ჩემთვის, რომ შეძლებული მამის პატრონი იყო და მის კმაყოფაზე ვცხოვრობდით. ჩემი სიმამრი ამბობდა ხოლმე, ჯერ ბავშვები ხართ, მერეც აიწყობთ ცხოვრებას. მთავარია, ზარმაცი არ იყოო. ის, მართლა კარგი ადამიანია, ყველანაირად გვეხმარებოდა, თვითონ ერიდებოდა და ჩემს ცოლს აძლევდა ფულს, რომ ჯიბეში ჩაუდე ბიჭს, იქნება, როგორ დასჭირდესო. ასეთ პატივში ვიყავი, მაგრამ მართლა გლახა ვყოფილვარ, რომ არ შევიშნოვე კარგი ცხოვრება. როგორც იტყვიან, „უნახავმა რა ნახაო“, სწორედ ასე დამემართა. როცა ჯიბეში ორი კაპიკი გამიჩნდა, „მარიაჟობა“ გადავწყვიტე და ძმაკაცების დაპატიჟება დავიწყე რესტორანში. იქ ქეიფის დროს ზოგჯერ კარგი გოგონებიც მოდიოდნენ, თვალს გვიკრავდნენ ბიჭებს და ცდუნებას ვერ გავუძელი. სუსტი ნებისყოფის პატრონი აღმოვჩნდი, ჯერ იყო და სასმელს მივეძალე, მერე ესეც არ ვიკმარე და ქალებში „გაგულავებაც“ მოვინდომე. სანამ ღრმად შევტოპავდი, ჩემს ცოლს ჩემი ახალი გატაცება არ გამორჩენია და საყვედურები დამაყარა. სერიოზულად ვიჩხუბეთ. მერე მითხრა, თუ ასე გააგრძელებ სმას, გირჩევნია, აიკრა გუდა-ნაბადი და წახვიდე ჩემი სახლიდან. შენ იკითხე, სოფელში რომ არ გინდა ცხოვრება, თორემ მე სახლიც მაქვს და კარგი ცხოვრებაც. უბრალოდ, ბავშვი გვყავს და ოჯახის დანგრევა არ მინდაო. ჩხუბის მერე მართლა წამოვედი სახლიდან და ჩემმა საყვარელმა შემიკედლა ბინაში დროებით. ორ კვირაზე მეტი ბავშვი არ მენახა, მომენატრა. მივედი მის სანახავად, შევამჩნიე, ცოლს რომ გაუხარდა ჩემი გამოჩენა. მითხრა, რაც იყო, დავივიწყოთ, სასმელს გადაეჩვიე და ყველაფერი მოგვარდებაო. მამაჩემს ვთხოვე და სამსახური გიშოვა. სულ სხვის კმაყოფაზე ხომ არ ვიქნებით. მიდი, იმუშავე და დაკავებული რომ იქნები, სასმელისთვის ისედაც ვეღარ მოიცლიო. მეც ჭკუაში დამიჯდა მისი რჩევა, დავბრუნდი ცოლ-შვილთან, სამსახურშიც გავედი და ის-ის იყო კალაპოტში უნდა ჩავმდგარიყავი, რომ თანამშრომლად ერთი ბიჭი შემოგვამატეს. ჩემი არ იყოს, მასაც ალკოჰოლისადმი ჰქონდა მიდრეკილება და საერთო ენის პოვნა არ გაგვჭირვებია. ერთხელ დავლიეთ, ორჯერ და მერე ეს ყოველდღიური აუცილებლობა გახდა ჩვენთვის. როცა უფროსობამ შეგვნიშნა, რომ ლასლასით დავდიოდით, მთვრალებს საქმის კეთების თავი აღარ გვქონდა, ჯერ გაგვაფრთხილეს, თუ ისევ გააგრძელებთ ლოთობას, დაგითხოვთ სამსახურიდანო. რადგან ჩვენი არ დავიშალეთ, მათ დანაპირები სისრულეში მოიყვანეს და გამოგვაპანღურეს იქიდან. სამსახურიდან წამოსვლას სახლიდან გამოპანღურებაც მოჰყვა და ასე აღმოვჩნდი ქუჩაში მარტო – სადაც დამიღამდებოდა, იქ მითენდებოდა. ავცდი ცხოვრების გზას, ჩემი სამეგობრო წრე ლოთი კაცები იყვნენ. ბევრი სმისგან ისე შევიცვალე და დავმახინჯდი, რომ ქალებსაც აღარ მოვწონდი და მეც ოღონდ დამელია, მეტი აღარაფერი მინდოდა. ასე გაგრძელდა კარგა ხანს, ვიდრე მშობლებმა არ ჩამომაკითხეს და სამკურნალოდ კლინიკაში არ დამაწვინეს. მერე კი განვიკურნე, მაგრამ გვიანი იყო. დაშვებულ შეცდომებს ვეღარ გამოვასწორებ და ოჯახს ვეღარ აღვადგენ, რადგან ჩემი ცოლი გათხოვდა და როგორც ვიცი, კარგი ოჯახი შექმნა. ისიც გავიგე, რომ ჩემი გოგო მამინაცვალს მამას ეძახის და ჩემი დანახვაც არ უნდა თურმე. ბევრი ფიქრის შემდეგ გამბედაობა მოვიკრიბე და მას ტელეფონზე დავურეკე. ბავშვმა უხეშად მიპასუხა: როცა მენატრებოდა მამა, მაშინ მამობა არ გაგიწევია და ახლა აღარაფერში მჭირდები. შენი შემცვლელი უკვე ვიპოვეო და ტელეფონი გამითიშა. იმ დროს ვინატრე, ნეტავ, მიწა გამსკდომოდა და იქ ჩავვარდნილიყავი, ისე ვიყავი შეურაცხყოფილი და უბედური. თუმცა, ის ფაქტი, რომ დღეს მე ყველასგან მოძულებული ადამიანი ვარ, ეს ჩემი ბრალია და არავის ვამტყუნებ. ღმერთმა მომცა შანსი, ბედნიერად მეცხოვრა და ოჯახური იდილია მქონოდა, მაგრამ რადგან ვერ გამოვიყენე, აწი, ჩემს თავს დავაბრალებ ყველაფერს. თუმცა, ცხოვრებაზე მთლად არ ჩამიქნევია ხელი. იქნებ, კიდევ ერთხელ ვცადო დაოჯახება და ამით ის დანაკლისი შევივსო, რომელსაც მარტოობა ჰქვია.
ოთარი, 41 წლის.
დაქალს ქმარი წავართვი
დარწმუნებული ვარ, ბევრი გამკიცხავს და უშვერ სიტყვებსაც არ დაიშურებენ ჩემი მისამართით, მაგრამ ნურავინ დაიქადნის, ასე არ ვიზამო. მეც ასე ვამბობდი, მაგრამ ყველაზე ზნედაცემული ქალი აღმოვჩნდი, რადგან დაქალს ოჯახი დავუნგრიე. არ გეგონოთ, ამას არ ვდარდობდე, ისიც ვიცი, რომ სხვისი გაუბედურების ხარჯზე ბედნიერებას ვერ მივაღწევ. მაგრამ, არჩევანი, სამწუხაროდ, უკვე აღარ მაქვს.
მე და თაკო კლასელები ვიყავით. ძალიან შევეჩვიეთ ერთმანეთს და განუყრელი დაქალები გავხდით. თაკო ჩემზე კარგი გარეგნობით გამოირჩეოდა და ბიჭებსაც ის მოსწონდათ, რაც შინაგანად მაღიზიანებდა. მაგრამ, მარტო მე კი არა, ყველა ქალი ასეა და ქალური შური რომ ბევრისთვის უცხო არაა, ამაში დამეთანხმებით. ისე მოხდა, რომ ჩემი დაქალი გათხოვდა, მართლა კარგი ქმარი შეხვდა, მარტო იმის შეხედვა ერთ რამედ ღირდა. თაკოს გათხოვების მერე მეც გამიჩნდა ოჯახის შექმნის სურვილი. აბა, მას ხომ არ ჩამოვრჩებოდი, ამიტომ ჩემს სიძეს ვეხუმრებოდი, კარგი ძმაკაცები თუ გყავს, გამაცანი-მეთქი. ისიც მპირდებოდა, დღეს რაღაა და ხვალ მოდი, ჩემს ძმაკაცებს დავიბარებ და რომელიც გინდა, ის ამოირჩიეო. იმ პერიოდში ერთ მეზობელ ბიჭს ვუყვარდი, სულ აჩრდილივით უკან დამდევდა, მაგრამ გარეგნობით არ მომწონდა და იმას ვფიქრობდი, რატომ უნდა გავყვე ამას და ხალხს ვათქმევინო, თაკოს უკეთესი ქმარი ჰყავსო. არ ვიცი, ეს შურიანობა იყო თუ ჯიბრში ჩადგომა, მაგრამ ვატყობდი, როგორ ვიყავი აღფრთოვანებული ჩემი დაქალის ქმრით. არც მას გამოჰპარვია ეს. რადგან ამბობდნენ, მექალთანე ბიჭიაო და მეც ხშირად შემინიშნავს, როგორ ეფლირტავებოდა გოგონებს. როცა ფიქრებთან მარტო დავრჩებოდი, სულ მასზე ვფიქრობდი და გული მწყდებოდა, რომ მან არჩევანი ჩემ მაგივრად თაკოზე გააკეთა. თავში ათასი ბინძური აზრი მიტრიალებდა, რომ იტყვიან, წერას ვყავდი ატანილი და ვგრძნობდი, შარში გავეხვეოდი. მაგრამ ამოვიჩემე დაქალის ქმარი და ოღონდ მისი გავმხდარიყავი, მეტზე არაფერზე ვფიქრობდი. მთავარია მონდომება და მეც ამ გეგმის განსახორციელებლად დავიწყე მზადება. უფრო მოვუხშირე თაკოსთან სიარულს, გარდერობი გამოვცვალე და გამომწვევად დავიწყე ჩაცმა. ქუჩაში რომ გამოვდიოდი, ბევრი მამაკაცის დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი და ეს მახარებდა. ჩემი ახალი სტილით ჩაცმა არავის გამოპარვია, ყველა მიწონებდა და კომპლიმენტს მეუბნებოდა, მათ შორის ჩემი სიძეც, რომელმაც ცოლის თანდასწრებით ამათვალიერ-ჩამათვალიერა და მერე დამაბზრიალა. გოგონი, რა კარგი ვინმე ყოფილხარ და აქამდე რატომ ვერ გამჩნევდიო – მითხრა. მე ცას ვეწიე სიხარულით, შოთასგან ასეთი სიტყვა რომ გავიგე. სამაგიეროდ, შევნიშნე, თაკო დაიბოღმა, მაგრამ არაფერი უთქვამს. იმ დროს თაკოს მშობლები მოვიდნენ და დაბლიდან დაუძახეს, ჩამოდი, რაღაც უნდა მოგაწოდოთო. სახლში მარტო დავრჩი შოთასთან ერთად. ის დროს არ კარგავდა, მეფლირტავებოდა. მეც არანაკლებ ვიქცეოდი. რადგან შოთამ შემნიშნა, რომ მის მიმართ გულგრილი არ ვიყავი, გაჩერებას აღარ აპირებდა. თაკოს არყოფნაში მომიახლოვდა, წელზე ხელი შემომაჭდო და მითხრა, რა სექსუალური გოგო ხარ, აწი ასე ჩაცმული აღარ მოხვიდე, თორემ საკუთარ თავზე პასუხს აღარ ვაგებო. მეც გამეცინა, საქმე იქითკენ მიდიოდა, როგორც მე მაწყობდა. ამასობაში თაკოც შემოვიდა და დამთავრდა ფლირტიც. ზუსტად 5 დღის მერე თაკომ დამირეკა, ნათესავი გარდამეცვალა, სოფელში უნდა წავიდეთ, სახლის მარტო დატოვება არ მინდა და შენ დარჩიო. ასეც მოხდა. მეორე დღეს, თაკოს სახლში რომ ვნებივრობდი, კარი გაიღო და შოთა შემოვიდა. სამსახურიდან დამირეკეს და გამოვიქეცი, თაკო კი სოფელში დავტოვე კიდევ სამი დღითო. როცა დამინახა ლოგინში ნახევრად შიშველი ვიწექი, თვალები გაუფართოვდა და აღელვება შევნიშნე. ამის მიუხედავად არ მოვერიდე, არც ზეწარი დამიფარებია. მითხრა კიდეც, მაინც კაცი ვარ, რატომ არ მერიდები და მიწვევო. მეც ეშმაკურად გავუცინე და მერე ყველაფერი თავისთავად მოხდა. როცა შოთა გონზე მოვიდა, ძალიან განიცადა. თან შეეშინდა, რადგან მე ქალიშვილი ვიყავი და შარში რომ ამოყო თავი, მიხვდა. მე კი ტირილი დავიწყე, ეს რა მიქენი, ახლა რომ გაიგონ ჩემმა მშობლებმა, ან თაკომ, იცი, რა მოჰყვება ამ ფაქტს-მეთქი? შოთა ბოდიშებს მიხდიდა, მაგრამ რაღა დროს? ძალიან მოვისაწყლე თავი, თითქოს არ მინდოდა მასთან დაწოლა და მან ძალა იხმარა ჩემზე. თუმცა, ერთად ყოფნა მოგვწონდა და თაკოს ჩამოსვლამდე კიდევ რამდენჯერმე დავამყარეთ ურთიერთობა. მე გაჩუმება გადავწყვიტე, ნამუსი მაინც მქენჯნიდა, რომ დაქალს ოჯახს ვუნგრევდი. ორი თვის მერე აღმოვაჩინე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. უზომოდ გამეხარდა, თან მეშინოდა, წარმოდგენაც არ მინდოდა, რა გამოხმაურება მოჰყვებოდა ამ ამბავს. შოთას დავურეკე და ვუთხარი ეს ამბავი. სახე წაეშალა, როცა ეს მოისმინა. მე გავაფრთხილე, გირჩევნია აბორტის გაკეთებაზე არაფერი მითხრა, ამ ამბის დამალვას აზრი არ აქვს და თუ არ გინდა, ციხეში გიკრა თავი, გაშორდი ცოლს და მე შემირთე-მეთქი. ჯერ უარზე იდგა, მაგრამ როცა ჩემი ძმა დაელაპარაკა, ან მოიყვან ჩემს დას ცოლად, ან არადა, რაც მოხდება, მერე შენს თავს დააბრალეო, ასეთი მუქარის ასრულებას, ჩემი ცოლად მოყვანა არჩია. ახლა რვა თვის ფეხმძიმე ვარ. ჩემი საყვარელი მამაკაცისგან შვილს ველოდები და ეს ამბავი ძალიან მახარებს, მაგრამ გულს ის მტკენს, ვიცი, მას ისევ თაკო უყვარს და ჩემთან იძულების წესითაა. ბავშვი შემანარჩუნებინებს თუ არა შოთას, ეს ძნელი სათქმელია. მას თაკოსთან არ ჰყავს პატარა და უხარია, მამა რომ ხდება, მაგრამ თვალებში ის სიხარული არ უბრწყინავს, როგორიც მე მინდა. ამ ეტაპზე თავს ბედნიერად ვგრძნობ, ჩემი გეგმა სისრულეში მოვიყვანე და გვერდით საყვარელი მამაკაცი მყავს, მაგრამ იმდენი წყევლა მივიღე თაკოსგან, რომ ეჭვი მეპარება, დიდხანს შევინარჩუნო ქმარი. ვგრძნობ, ის მე არ მეკუთვნის და სხვისია, მაგრამ გულს ვერ ვუბრძანებ, შოთა ნამდვილად შემიყვარდა და სიყვარულის შესანარჩუნებლად ამგვარი მსხვერპლის გაღება, ალბათ, ღირს.
თამთა, 27 წლის.
ქალის ცდუნებას ვერ გავუძელი
მინდა, ერთი ეპიზოდის შესახებ გიამბოთ ჩემი ცხოვრებიდან, რომელმაც საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩამაგდო. პროფესიით ექიმი ვარ, პედიატრი და ბავშვთა საავადმყოფოში ვმუშაობ. ერთ საღამოს, როცა მორიგე ვიყავი, სასწრაფომ აპენდიციტის მწვავე შეტევით 10 წლის ბიჭუნა მოიყვანა. ბავშვი რომ გავსინჯე, ყველა სიმპტომი აპენდიციტის გასკდომაზე მიუთითებდა. დრო არ ითმენდა, ოპერაცია დაუყოვნებლივ უნდა გამეკეთებინა, პერიტონიტის საშიშროება იყო. ოპერაციამ დიდხანს გასტანა, მაგრამ, მადლობა ღმერთს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ბავშვი გადარჩა და რეანიმაციის ბლოკში გადავიყვანეთ. დერეფანში პაციენტის შეწუხებული ახლობლები მელოდებოდნენ. გავედი თუ არა შემომეხვივნენ და ბავშვის ამბავს მეკითხებოდნენ. ისინი დავამშვიდე, ვუთხარი, რომ მოსალოცად ჰქონდათ საქმე, ბავშვმა ყველაფერი კარგად გადაიტანა-მეთქი და ჩემი ოთახისკენ გავემართე. ცოტა ხანში, კარზე კაკუნი გაისმა. ოთახში პაციენტის დედა შემოვიდა და მკითხა, სად შეიძლება, ღამით დავრჩეო. მე ვუთხარი, რომ რეანიმაციაში ბავშვს თავზე ვერ დაადგებოდა და ვურჩიე, სახლში წასულიყო, დაესვენა. საჭირო თუ გახდებოდა, დავუკავშირდებოდით. მაგრამ, ქალმა ძალიან მთხოვა, ვერსად წავალ, იქნებ, მაინც დამტოვოთო. მეც გავითვალისწინე მისი მდგომარეობა და დავთანხმდი, დარჩენილიყო და თუ დაიღლებოდა, შევთავაზე, ჩემს ოთახში შემოსულიყო დასასვენებლად. ქალმა მადლობა გადამიხადა და გავიდა. მეც ჩანაწერები მქონდა გასაკეთებელი და ისევ ანკეტას მივუბრუნდი, მაგრამ ვატყობდი, რაღაც მაფორიაქებდა. ისევ ის ქალი – პაციენტის დედა მედგა თვალწინ. გამოგიტყდებით, მიუხედავად იმისა, რომ ცოლიანი გახლავართ, ცოტ-ცოტა წაეშმაკებას, ფლირტსა და გაძვრომ-გამოძვრომას მაინც ვახერხებ ხოლმე. ქალი კი ძალიან ლამაზი იყო – შავგვრემანი, ეშხიანი, თხელი, მაღალი კიდურებითა და ხორცსავსე ფორმებით. ზუსტად ისეთი, მე რომ ძალიან მომწონდა ყოველთვის. შევეცადე, მასზე ფიქრი თავიდან მომეშორებინა და ისევ ჩემს საქმეს მივუბრუნდი. ის იყო, თითქმის მოვიკრიბე ამისთვის ძალა, რომ კარზე კვლავ დააკაკუნეს. ოთახში ისევ ის ქალი შემოვიდა. დავინახე და ავფორიაქდი, საშინლად მომინდა, მოვფერებოდი. არ ვიცი, მომეჩვენა თუ სასურველი სინამდვილედ მივიჩნიე, მაგრამ ქალმაც ნდომით შემომხედა. თქმით კი მხოლოდ ის მითხრა, რომ მარტო ყოფნამ შიში მოჰგვარა და თუ არ შეწუხდებით, ცოტა ხნით ოთახში სკამზე ჩამოვჯდებიო. მაშინვე წამოვხტი, სკამი გამოვუწიე და დავსვი. მერე მაცივრიდან ცივი ბორჯომი გამოვიღე და მივართვი. მეც იქვე ჩამოვჯექი და საუბარს შევყევით. ია ერქვა, 30 წლის გახლდათ. საუბარიც ისეთივე სასიამოვნო ჰქონდა, როგორიც გარეგნობა. მისი ხმა ჩემს აღტკინებას კიდევ უფრო ამძაფრებდა და მოულოდნელად, ისე, რომ ვერც კი გავაცნობიერე, მისკენ გადავიხარე და ვაკოცე. ქალიც ამყვა და მერე უკვე, რაც მოხდებოდა, ალბათ მიხვდით. საოცრად ნასიამოვნები და აღტაცებული დავრჩი. მინდოდა, კიდევ შევხვედროდი, მაგრამ იამ მითხრა, მაგაზე მერე ვილაპარაკოთო და სასწრაფოდ გავიდა ოთახიდან. აღარ გავყევი. უკვე სადაცაა გათენდებოდა და ოჯახის წევრებიც მოვიდოდნენ. არ მინდოდა, უხერხული სიტუაცია შექმნილიყო. მას შემდეგ კი, რაც პაციენტი ვინახულე, დავრწმუნდი, ყველაფერი კარგად იყო, მორიგეობის დროც მეწურებოდა და სახლში წასასვლელად მოვემზადე. გამოვიცვალე და მიუხედავად მძიმე ოპერაციისა, ღამის თავგადასავალმა საოცარი სიმსუბუქე შემმატა. გულში ღიღინ-ღიღინით გავემართე ჩემი მანქანისკენ, რომ ვიღაცამ დამიძახა: თემურ! – მოვიხედე და ჩემი თანაკლასელი გიორგი დავინახე. ხელგაშლილი მოემართებოდა ჩემკენ. ეს შენ ხარ, ჩემი გადამრჩენი?! – მომაძახა და გადამეხვია. ვერ მივხვდი, რაზე მეუბნებოდა. და, როცა გავიგე, რაშიც იყო საქმე, თავზარი დამეცა. თურმე, პაციენტის მამა გიორგი ყოფილა. მივლინებიდან იმ დილით ჩამოსულა და როცა გაუგია, ბავშვის ექიმი მე ვიყავი, გახარებული გზაში დამედევნა. აი, ასე იყო ეს ამბავი, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. როცა ბავშვი გაეწერა, მამამისმა დაიჟინა, მონათლული არ მყავდა და სასწრაფოდ უნდა მოვნათლო. შენ კი, როგორც მისთვის მეორე სიცოცხლის მიმნიჭებელმა, შვილი უნდა მომინათლოო.
თემური, 42 წლის.