რამდენი დასახელების სექტა მოქმედებს საქართველოში და როგორ ატყუებენ ისინი ხალხს
საქართველოში საბჭოთა კავშირის დანგრევისა და ნაციონალისტური ტალღის გადავლის შემდეგ საგრძნობლად მომრავლდა სექტები. პროტესტანტული მიმდინარეობის მომრავლებას და პოპულარობას ჩვენში ზოგჯერ აბსტრაქტული, სულიერი, მეტწილად კი მატერიალური, სრულიად კონკრეტული, მერკანტილური სარჩული უდევს. 90-იანი წლების ღატაკმა და შეჭირვებულმა ყოფამ ადამიანები აიძულა, მათთვის სრულიად უცხო, მანამდე შესაძლოა მიუღებელი კულტურისა და რწმენის სამსახურში ჩამდგარიყვნენ, ჩაბმულიყვნენ გლობალიზაციის ფერხულში. თუმცა, ეს უკვე გაცვეთილი და უდავო ჭეშმარიტებაა, რაც ყოველმა ჩვენგანმა იცის და მასზე დიდხანს ღაღადი არ ღირს.
ისტორიის მკვლევართა და თეოლოგთა მტკიცებით, საქართველო მეოცე საუკუნემდე ჭეშმარიტი სარწმუნოების ერთადერთი ნამდვილი ბურჯი და ნავსაყუდელი იყო. საქართველოში არ ყოფილა ბიზანტიაში ეგზომ გავრცელებული ერესის სახეობები: ხატმებრძოლობა, არიანული და ნესტორიანული წვალებები. შესაძლებელია, ეს აღმოსავლური, ორთოდოქსული ქრისტიანობის მახასიათებელია, შესაძლოა, იმის, რომ ჩვენში წიგნი, განმანათლებლობა, რეფორმაცია არ ყოფილა. ევროპაში რეფორმაციას სათავე გუტენბერგის გენიალურმა გამოგონებამ დაუდო.
საქართველოში სექტებისა და რელიგიების შესახებ რელიგიების ისტორიის მკვლევარი და ეთნოგრაფი ელდარ ნადირაძე მოგვითხრობს.
ელდარ ნადირაძე: საქართველოში რელიგიას მაინც სხვა დატვირთვა, სხვა ფუნქცია ჰქონდა. ქართული ეკლესია, ქართული ცნობიერება და სახელმწიფო ერთმანეთისგან განუყოფელ ცნებებად მოიაზრებოდა. თუმცა, აქვე იმასაც დავძენ, რომ ქართველს იდენტობის შენარჩუნების მძლავრი მოტივაცია, სურვილი არ აქვს და უცხო გარემოში, ერთი-ორი თაობის შემდეგ სრულიად ასიმილირდება, ითქვიფება, რასაც ვერ ვიტყვით ჩვენს მეზობლებზე.
– გამოდის, ლოკალურ დონეზეც ვერ შეგვძლებია ჩვენის შენახვა და გადარჩენა, თუ სტატისტიკას ვერწმუნებით, პროტესტანტული კონფესიები საქართველოში ამხელა მრევლს ითვლის.
– შეიძლება, ეს „უცხო ხილის“ მომენტიც იყოს ჩვენი ცნობიერებისთვის. ზოგიერთი მეცნიერის მტკიცებით, ქართველ კაცს არც უძებნია ღმერთი, არ უცდია დოგმატებში ჩაღრმავება, მთელი თავისი არსებით და გონებით განგების შეცნობა არ უცდია. საქართველოში, განსაკუთრებით აღმოსავლეთის მთაში, წარმართობა ქრისტიანობას შეერწყა, საზოგადოდ, მთის რწმენას, როგორც ასეთს, სუფთა ქრისტიანულ რწმენას ვერ ვუწოდებთ, იქ ჯერ კიდევ შემორჩენილია წარმართული – სახეცვლილი თუ სახეუცვლელი ღვთაებები, კოპალა და სხვა. ეთნოგრაფიის ინგლისელი მკვლევარი ტეილორი ხატოვნად ამბობდა: წარმართობა ნაკადულებად მიედინება ქრისტიანობის სხეულზეო. თუნდაც ადრექრისტიანული ხანის და შუა საუკუნეების მაგალითზე რომ ვთქვათ, ბარის იკონოგრაფია ზუსტი წესებით არის შესრულებული, მთაში კი წმიდანთა გამოსახულებები სახეცვლილი და დამახინჯებულია. მთის ყოფაში იკონოგრაფია თითქმის არ არის.
ქართველ კაცს ცარგვალზე ვარსკვლავების ჭვრეტისთვის, ფილოსოფოსობისთვის, სამყაროს არსის წვდომისთვის სად ეცალა?! ნიადაგ იარაღი ეჭირა ხელში და გადარჩენისთვის იბრძოდა. საქართველოში არც სექტები ყოფილა, არც რომელიმე ხელმწიფეზე მოგვეპოვება ისტორიული ცნობები, რომ მწვალებლობდა ან ერეტიკოსებს თანაუგრძნობდა. თუმცა, ეჭვი მაქვს, რომ მემატიანეები ასეთ ფაქტებს საგულდაგულოდ ჩქმალავდნენ.
– ნამდვილად იყო და არის საქართველო ყველაზე ტოლერანტული ქვეყანა?
– საქართველო ნამდვილად ყველაზე ტოლერანტული ქვეყანა იყო და ეს არ არის მითი, როგორც ზოგიერთი თანამედროვე კოსმოპოლიტი ამტკიცებს. ამის თქმის საშუალებას იძლევა ფაქტები. თამარის დროსაც და მანამდეც მთაში სერიოზული მღელვარებები, გამოსვლები იყო, ზოგი გადასახადების გამო, ზოგს კიდევ რჯული ედო საფუძვლად (წარმართობა და არა პროტესტანტიზმი, არ შეგეშალოთ), მაგრამ თამარმა, გონიერებისა და გამჭრიახობის წყალობით, დააშოშმინა მეამბოხენი.
– ამბობენ, ვახტანგ გორგასალი მანიქეველი იყოო.
– მანიქეველი კი არ იყო, მაშინ დომინანტი პოლიტიკურ ასპარეზზე სასანიდური ირანი იყო და მეფეც იძულებული გახლდათ, მისთვის ანგარიში გაეწია. სხვა მეფეებსა და დედოფლებზე მსგავსი რამ არ გამიგია.
ამირსპასალარი ზაქარია მხარგრძელი, საქართველოს პირველი მხედართმთავარი გასომხებული ქურთი და მონოფიზიტი, გრიგორიანული სჯულის აღმსარებელი იყო. ეს შეიტყვეს მოშურნეთ და მეფესთან დააბეზღეს. ზაქარიამ რჯულის გამოცვლაზე სასტიკი უარი განაცხადა „არა შევერთვი ქართველთაო“, ქართველი და მართლმადიდებელი იდენტური ცნება იყო. ყველა მოელოდა, რომ თამარი მას დასჯიდა, მაგრამ ხელმწიფემ დიპლომატიური ტაქტი და არაჩვეულებრივი მდედრული გონიერება, შემწყნარებლობა გამოავლინა და ზაქარია მხარგრძელი თავისი რწმენის გამო არავის დაუსჯია. ასეთი მტკიცე და შეუვალი იყო მაშინდელი ქართველი, ახლანდელივით კი არაა – პრეზიდენტმა მინისტრებს რომ უბრძანოს, უსიტყვოდ და უაპელაციოდ აფრიკულ რელიგიასაც მიიღებენ.
სხვამ რამ გაგვაძლებინა, თუ არა ტოლერანტობამ? ჩვენ გვშთანთქავდა ჩვენი მტრული გარემოცვა, ეს კარგად ესმოდათ ქართველ მეფეებს და ამიტომ სხვა რელიგიის აღმსარებლებს დიდ შეღავათებს ანიჭებდნენ. საერთოდ კი, რელიგია ბრძოლის საუკეთესო იარაღად იქცა. თურქი მესხების გამუსლიმანება ოსმალეთმა სწორედ რომ ასე შეძლო. ის მოხარკეებს ისლამის მიღების შემთხვევაში საგადასახადო შეღავათებს შეჰპირდა.
– ჰო, მაგრამ ხშირად რელიგია მარტო რწმენას არ ემსახურებოდა.
– რელიგია იდენტობის შენარჩუნების, განმტკიცების, მაგრამ ზოგჯერ ადამიანების მართვის საშუალებაც იყო. ევროპელმა ნაბეჭდი ბიბლია წაიკითხა და მიხვდა, რომ პაპები და კარდინალები არც ისეთი მამა აბრამის კრავები იყვნენ, როგორც ოლარების ქვეშ მოჰქონდათ თავი – აუჯანყდა ინდულგენციებს, ფარისევლობას, სიმონიას...
აი, საქართველოში კი პროტესტანტიზმს სულ სხვა ნიადაგი დახვდა, ნოყიერი აბსურდული და სულელური იდეოლოგიის გასავრცელებლად.
– დღეისთვის საქართველოში მრავალგვარი სექტა მოქმედებს.
– საქართველოში მოქმედი ამერიკული და ევროპული წარმოშობის მიმდინარეობებიდან ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანია იეღოვას მოწმეთა თემი. მათი რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში 15 000-ზე მეტია! იეღოვას მოწმეთა საძმოს დამფუძნებელი იყო პენსილვანიის შტატში მცხოვრები ვინმე ჩარლზ რასელი, რომელიც მანამდე არსებულ კონფესიებს დაუპირისპირდა იმ მოტივით, რომ რიტუალებში ნამდვილი რწმენა იჩრდილებოდა და იჩქმალებოდა. მან ჩამოაყალიბა ბიბლიის მოყვარულთა წრე, სადაც წმიდა წერილის საკუთარი შეხედულებებისამებრ განმარტებას ეწეოდა.
1879 წელს რასელმა 1914 წლისთვის მთელი საქრისტიანოს განადგურება დიდი რიხით იწინასწარმეტყველა. რაც, როგორც ხედავთ, არ აღსრულდა (ჩავარდნია კოვზი ნაცარში). 1886 წელს კი მან ბიბლიის საკუთარი განმარტებები და კომენტარები გამოაქვეყნა. რასელს სპეციალური თეოლოგიური განათლება არ ჰქონდა და როგორც ყველა ცრუ წინასწარმეტყველი, განდიდებისა და ჯიბის გასქელების მანიით იყო შეპყრობილი. რასელის შემდეგ მისი მემკვიდრე მისივე თანამოაზრე რუტერფორდი შეიქნა. ვინაიდან და რადგანაც, რასელის სახელი უკვე დისკრედიტირებული იყო და მის ზრახვებსაც ფარდა აეხადა, რუტერფორდმა გადაწყვიტა, გაკვალული გზიდან გადაეხვია და რასელიზმს დაპირისპირებოდა, ამ მოძღვრებას ოფიციალურად რასელიზმი ეწოდება. სინამდვილეში კი ეს უფრო ვერაგულად და კარგად შენიღბული იდეოლოგია იყო.
– სექტების უმრავლესობას მეორედ მოსვლის საკუთარი თარიღი აქვს დადგენილი.
– სექტანტები მუდმივად ასახელებენ მეორედ მოსვლის თარიღს, ეს თარიღი უსასრულოდ იწევს და იწევს, რის გამოც თავად მრევლს იოტისოდენა ეჭვი და კითხვაც კი არ უჩნდება, იდეოლოგიის დატევებაზე რომ არაფერი ვთქვათ. იეღოვას მოწმეებს სახელი ყველაზე მეტად აქვთ გატეხილი საქართველოში, რადგანაც ყველაზე აქტიურ „მისიონერულ“ მოღვაწეობას სწორედ ისინი ეწევიან თავიანთი ბუკლეტებით, ბროშურებით, ჟურნალ „საგუშაგო კოშკითა“ და რაც უმთავრესია, ჰუმანიტარული მისიებით!
მოძღვრებას რაც შეეხება, რასელიზმი, გარდა იმისა, რომ უარყოფს შვიდ საიდუმლოს, საეკლესიო რიტუალებს, იკონოგრაფიას, წმიდანებსა და სხვა, არ აღიარებს სულის უკვდავებას! ეს ერთადერთი მიმდინარეობაა, რომელიც თვლის, რომ მშვინვიერთან ერთად სულიც კვდება გარდაცვალებისას და მეორედ მოსვლისას აღდგებიან და გასამართლდებიან ადამიანები. ქრისტეს ჯვრის ნაცვლად ძელზე გაკრულს გამოსახავენ, უარყოფენ მარიამის მარადქალწულობის დოგმას და ასე შემდეგ.
იეღოვას მოწმეების შემდგომ ყველაზე მეტი მიმდევარი ბაპტისტურ ეკლესიას ჰყავს (ბაპტიზო – ნიშნავს ვნათლავ წყლით), რომელსაც საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი მალხაზ სონღულაშვილი უდგას სათავეში. უნდა აღინიშნოს, რომ ბაპტიზმს, სხვა სექტებისგან განსხვავებით, არსებობის უფრო ხანგრძლივი ისტორია და ტრადიცია აქვს. ის შავკანიანების ერთგვარ კანონიკურ ეკლესიადაც ჩამოყალიბდა. ბაპტიზმმა ნელ-ნელა შეიძინა სამღვდელოების ელემენტები, შესამოსელი, ქორო და სხვა. მის წიაღში უამრავი განშტოებაა, მათ შორის, მეთოდიზმი, ანაბაპტიზმი, პურიტანიზმი და სხვა. ბაპტისტური საზოგადოება დაფუძნდა 1609 წელს ამსტერდამში. ის დააარსეს ბრიტანელმა ემიგრანტებმა. შემდეგ იგი მთელ ევროპასა და შტატებში გავრცელდა. ძმები როკფელერების დახმარებით და ხელშეწყობით, თემი სულ უფრო ფართოვდებოდა. მეცხრამეტე საუკუნის 50-იან წლებში ის რუსეთშიც გავრცელდა, შემდეგ კი მთელ კოლონიებს მოედო. განსაკუთრებით ფართო გავრცელება ჰპოვა რუსეთის პროვინციებსა და უკრაინაში. 1867 წელს ბაპტისტური საძმო თბილისშიც შეიქმნა, თუმცა თავდაპირველად, იქ ქართველები ძალიან ნაკლებად იყვნენ. ეტყობა, დასავლეთს მაშინ უფრო ნაკლებად ვენდობოდით, ვიდრე ახლა და მის მოწვდილ ნუგბარსაც მეტი სიფრთხილით ვეკიდებოდით.
90-იანი წლებიდან გამოსცემენ გაზეთ „უფლის ხმას“. ბაპტისტები მიიჩნევენ, რომ უფალთან ურთიერთობას მღვდელი აშუალებს, ამის საჭიროება კი არ არის. საეკლესიო საიდუმლოებებს უარყოფენ, აღიარებენ მხოლოდ წყლით ნათლობას და ზიარებას. უარყოფენ ხატებს, ჯვრებს, ქანდაკებებს, წმიდა ნაწილებს და ასე შემდეგ. ბაპტისტები, სხვა პროტესტანტების მსგავსად, არ აღიარებენ შავ სამღვდელოებას, ბერ-მონაზვნობას, ცელიბატს (კათოლიკე სამღვდელოების დაუქორწინებლობის დოგმა). თემი არ არის იერარქიზებული, პასტორი და თემი თანასწორუფლებიანია და ანგარიშვალდებული ერთმანეთის წინაშე. ბაპტისტური თემი დაახლოებით 7 000 კაცს ითვლის, უმრავლესობა ცხოვრობს თბილისში, არიან ქვემო ქართლშიც. ბაპტიზმი, ასევე, ეფუძნება კალვინიზმის პრედესტინაციის იდეას.
ევანგელისტური ეკლესია, ორმოცდაათიანელები და ქარიზმატები წარმოიშვა ბაპტისტური ეკლესიის ბაზაზე. ამბობენ, რომ ბაპტისტებისგან განსხვავებით, წყალთან ერთად სულიწმიდითაც ნათლავენ! მოძღვრება ძირითადად ბაპტიზმის იდენტურია, მხოლოდ ძირითადი აქცენტი კეთდება სახარებაზე. ევანგელისტურ ეკლესიას სათავეში პასტორი ბორის ჭარაია უდგას.
დაბოლოს, მეშვიდე დღის ადვენტისტები, რომლის დამფუძნებელიც ისეთივე შარლატანი იყო, როგორიც ნებისმიერი სხვა. ზოგადად, მაშინდელმა ექიმებმა ზუსტად დაადგინეს, რომ მათ უმრავლესობას განდიდების მანია სტანჯავდა, ამავე დროს, უფრო ზემდგომი ბობოლების ხელის გამმართავნიც იყვნენ, საკუთარ ჯიბესაც ისქელებდნენ და პატივმოყვარეობასაც იკმაყოფილებდნენ.
ადვენტისტური ეკლესია, უფრო უკეთ კი მოძრაობა, დააარსა ვინმე უილიამ მილერმა, რომელმაც რაღაც მანქანებით არითმეტიკულად ქრისტეს მეორედ მოსვლის თარიღი გამოთვალა. მას მეყსეულად გაუჩნდა უამრავი მიმდევარი და თანამოაზრე სხვა პროტესტანტულ მიმართულებებში, რის გამოც ამ მიმდინარეობებმა ისინი საკუთარი რიგებიდან გარიცხეს.
გაწბილებული ადვენტისტები ერთხანს მოძრაობად რჩებოდნენ, ბოლოს რაღა გაეწყობოდა, ადგნენ და დააფუძნეს თემი. მილერი 1843 წელს ქრისტეს მოსვლას წინასწარმეტყველებდა, მაგრამ მერე თქვა, დოქტრინული შეცდომა დავუშვიო და მეორედ მოსვლის თარიღის ათვლა ხელახლა დაიწყო. ადვენტისტური ეკლესია 16 მილიონ მრევლს ითვლის მსოფლიოში, მხოლოდ მონათლულთ, ისე კი, მათი რიცხვი 25 მილიონს აჭარბებს. მათი მოძღვრება მეშვიდე დღის (შაბათი) სიწმინდესა და ქრისტეს მეორედ მოსვლის დოგმატს ეფუძნება.
ერთ-ერთ ფორუმზე ახალგაზრდა ყმაწვილი წერდა: ჩემი მეგობრის ძმა 10 წელია, ადვენტისტია გერმანიაშიო. შეკრებებზე ყოფილა რამდენჯერმე, სერიოზულად ალენჩებენ და აშტერებენ ხალხსო. ვგონებ, რაღაც მოსაწევზეც ლაპარაკობდა, არადა, თავს იკლავენ, მავნე ჩვევებს უფლის სახელით ვებრძვითო. თავად განსაჯეთ.
ისე, ვისაც მოესურვება, ეგრეთ წოდებული „ეკლესიის“ შექმნა თუ ახლის გამოგონება, შეუძლია, საკუთარ საძინებელში გახსნას, მოძღვრებაც თავად დაწეროს და იქადაგოს კიდეც?! საქპატენტის დასტური სჭირდება თუ ლიცენზია, ნეტავ! ფორუმზე კიდევ ერთ საინტერესო ამბავს წავაწყდი:
საქართველოში, ასე გასინჯეთ, სატანისტური სექტაც ყოფილა! გასაკვირი ერთი შეხედვით არაფერია, მოზარდებს მსგავსი სისულელეები ხიბლავთ ხოლმე, მაგრამ აქ ბნელეთის მოციქულებს არც უციებიათ, არც უცხელებიათ და „საინტერესო“ თემები გაუხსნიათ ფორუმზე! ყველაზე უფრო საინტერესო კი აი, რა არის: რომ რუსეთის ხელისუფლება იქამდე მივიდა, სატანისტების სექტას ოფიციალური რეგისტრაციის ნება მისცა! აი, ასე. შესაძლოა, ჩვენთანაც მოიწადინონ მალე მსგავსი რამ, თუ ტაბუახსნილ მარინე სალუქვაძეს ჰქონდა მათთან სახიფათო ვიზიტი და ინტერვიუ, ესე იგი, ისინი მართლაც არსებობენ. რასაკვირველია, საქართველოში დუხობორები, სტაროვერები, მალაკნები, ხლისტები და ათასი ჯურის ხალხიც სახლობს, მაგრამ მათთან ჩვენ რა ხელი გვაქვს, კარჩაკეტილი საზოგადოებაა. აი, სატანისტებმაც კუსავით თუ გამოყვეს ფეხი, ქვეყნის დაქცევა მაშინ ნახეთ.