კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი წიგნია თავმოყრილი ილია გეგენავას კოლექციაში და ვისგან ერგო ამ ბიბლიოთეკის ოთხმოცდათხუთმეტი პროცენტი მის მფლობელს

 

ჩვენი რესპონდენტი ისტორიკოსი ილია გეგენავა წიგნების საუკეთესო კოლექციის მფლობელია. მე მას ბავშვობიდან ვიცნობ, ჩვენი საუბრები იმ პერიოდიდან მოყოლებული საინტერესო და ინფორმაციებით გაჯერებული იყო. ასეა დღესაც და ამას მხოლოდ მე არ ვფიქრ


– ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო კოლექციის მფლობელი ბრძანდებით, როდის შეუდექით მის შეგროვებას?

– ჩემი კოლექციის ძირითადი ნაწილის შეგროვებაში მე წვლილი არ მიმიძღვის. აქ წარმოდგენილი წიგნების ოთხმოცდათხუთმეტი პროცენტი მამაჩემის ბიბლიოთეკიდანაა. ეს არის წიგნების ის რაოდენობა, რაც შემორჩა ჩემს ოჯახს. მამაჩემი იასონ ნიკოლოზის ძე გეგენავა, ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა. თუმცა, არ დაუმთავრებია, მეათე კლასიდან გამორიცხეს. სხვათა შორის, მამა ცოტა უფროსი იყო, მაგრამ, მის პერიოდში ამავე გიმნაზიაში სწავლობდნენ გალაკტიონ ტაბიძე და ტიციან ტაბიძეც. ერთი ამბავი უნდა გავიხსენო, რომელიც, ალბათ, ქართულმა საზოგადოებამ არ იცის. მამაჩემი ყვებოდა: ერთხელ, გაკვეთილი რომ გამოვიდა, ოთახში ვეებერთელა, ახმახი ბიჭი შემოვიდა და ჩემს ამხანაგს, ლორთქიფანიძეს ეკითხება: შენ იცი, როგორ იხატება იხვიო? მან უპასუხა, იხვიც ვიცი და ბატიცო. გავიდა დახატა კიდეც დაფაზე. ახმახმა ისევ შეუსწორა და უთხრა: ისე უნდა დახატო, რომ ცარცი დაფას არ მოაშოროო. ლორთქიფანიძე ეცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. მაშინ ახმახმა გამოართვა ცარცი და დახატა დაფაზე რაღაც ხელის ერთი მოსმით. ჩემი ამხანაგი ეუბნებოდა, ეს არც იხვია და არც ბატიო. ის კი გაიძახოდა: იხვის ხატვა ასე უნდაო. როდესაც ეს „მხატვარი” კლასიდან გავიდა, ლორთქიფანიძეს ვკითხე: ვინ იყო ეს ბავშვი-მეთქი. მან მიპასუხა, ეს ვლადიმირ მაიაკოვსკი იყოო.

– ესე იგი, მაიაკოვსკისაც იმავე გიმნაზიაში უსწავლია.

– კი ბატონო. ამ ადამიანების გვერდით სწავლობდა მამაჩემი და მისი ბიბლიოთეკის დიდი ნაწილი, სწორედ იმ პერიოდში გროვდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ბიბლიოთეკა წლების განმავლობაში ნადგურდებოდა, რაც შემორჩა ამ კოლექციაში მაქვს წარმოდგენილი.

– თქვენ ახსენეთ, რომ მეათე კლასიდან გამორიცხეს მამაჩემიო. რა იყო ამის მიზეზი?

– სწორედ იმ პერიოდში ალექსანდრე პირველი მოკლეს და მოსწავლეებს შორის ამტყდარი ბუნტის გამო გამოურიცხავთ მამაჩემი ქუთაისის კლასიკური გიმნაზიიდან. იგი 1879 წელს დაიბადა და განათლება ჩვენი სოფლის ერთკლასიან სასწავლებელში ჰქონდა მიღებული.

– თქვენი სოფელი სად მდებარეობს?

– ჩვენი სოფელია ოზურგეთის რაიონში სოფელი ჯუმათი. იქ ეკლესიასთან ერთკლასიანი სასწავლებელი იყო გახსნილი. შემდეგ ოზურგეთის ორკლასიან სასწავლებელში გადავიდა, რომლის დამთავრებისთანავე, გაემართა ქუთაისის კლასიკური გიმნაზიისკენ. სხვათა შორის, მამაჩემის მასწავლებელი ოზურგეთის ორკლასიან სასწავლებელში გახლდათ ივანე ლიაძე, რომელიც ეგნატე ნინოშვილის მასწავლებელიც ყოფილა. ამის შესახებ მის წიგნში წამიკითხავს. მამაჩემი ასე იტყოდა ხოლმე: ივანე ლიაძე იყო ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის უეზდის სასწავლებლების მზრუნველიო.

მამაჩემი ლექსებს და მოთხრობებს წერდა. ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში ლიტერატურული წრეები ყოფილა ჩამოყალიბებული და ისიც იღებდა მონაწილეობას. ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის პედაგოგები ძირითადად პოლონეთიდან გადმოსახლებული ემიგრანტები იყვნენ. ერთ-ერთი მათგანი ყოფილა, როგორც მამა იტყოდა ხოლმე: „ბივში პრაფესორ, კრაკოვსკოვო უნივერსიტეტა“. მამა მეტყველებისას ცოტა რუსულს ურევდა ხოლმე. შემდეგ დააყოლებდა – „ტი ზნაეშ, ჩტო ეტა ზნაჩიტ?!“

– როგორც ვიცი, იმ პერიოდში, როცა ამ კოლექციის ძირითადი ნაწილი გროვდებოდა, წიგნი საკმაოდ ძვირი სიამოვნება იყო.

– ყოფილიყავი კლასიკური გიმნაზიის მოსწავლე და სახლში წიგნი არ გქონოდა, ეს, დაახლოებით, იმას ნიშნავს, ვიოლინოს მასწავლებელს ვიოლინო რომ არ ჰქონდეს. ანუ, არ შეიძლებოდა. წიგნებს ვეძებდითო – ზოგს ბუკინისტებთან, ზოგს ისე, კერძო პირისგან, ზოგს კი ბაზარზე ყიდულობდნენ. გამოწერილიც ჰქონდათ და ასე აგროვებდნენ. მახსოვს, მამაჩემის წიგნებიდან ბროქჰაუზეს ენციკლოპედია, რომლის დაახლოებით, 2 500 წიგნი ჰქონდა და მთელი კედელი სავსე იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ, ვის მიჰქონდა, ვინ თხოულობდა. არ ვიცი. მათგან ვინ უკან აბრუნებდა და ვინ – არა, არც ეგ ვიცი. მაგრამ ფაქტია, რომ მათი დიდი ნაწილი დაიკარგა. მამის წიგნებიდან 98 პროცენტი რევოლუციამდეა გამოშვებული.

– დღეს რამდენი წიგნია თქვენს კოლექციაში?

– ვერ გეტყვით, დაახლოებით 3 ათასამდე იქნება.

– რომელია მათ შორის ყველაზე ძველი?

– 1755 წელს გამოცემული მსოფლიოს ისტორია, ფრანგი აბატის (საეკლესიო მოღვაწე) მიერ ეკატერინე მეორის დროს დაწერილი და გადმოთარგმნილი რუსულ ენაზე, რომლის ერთადერთი ტომი შემოგვრჩა. მისი ყდა ხბოს ტყავისგანაა დამზადებული. მახსოვს, ჩვენს ოჯახში ინახებოდა და ახლა არ ვიცი, თუ შემორჩა, 1629 წელს დამასკოში გამოცემული ყურანი. ეს ის წელია, როდესაც გარდაიცვალა შაჰ-აბასი და გიორგი სააკაძე.

მე არც ვიცოდი, სახეზე მკითხაობა თუ არსებობდა. წიგნი ამის შესახებ 1855 წელსაა გამოცემული სანკტ-პეტერბურგში, რომელიც შემდეგ გაუმრავლებიათ. მისი გამრავლების შემდეგ ერთი ეგზემპლარი ჩემს ბიბლიოთეკაშიც ინახება.

უნიკალურია ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონიც.

მახსოვს, სახლში გვქონდა ზანდუკი. ადრე მასში ინახავდნენ ლეიბსა და საბნებს, ჩვენ კი წიგნებს ვდებდით. ზანდუკში ისეთი წიგნები ინახებოდა, რომლის განათხოვრებაც, მამაჩემის სიცოცხლეში არ შეიძლებოდა. ის ამბობდა: ამ წიგნის გაყიდვა, გაჩუქება, განათხოვრება, სხვისთვის გადაცემა არ შეიძლებაო. აბა, რა უნდა ვქნათ-მეთქი, – ვეკითხებოდი. რა, და ადგილზე წაკითხვა შეიძლებაო, – მპასუხობდა.

– ამ კოლექციაში ძველი პერიოდული გამოცემებიცაა თავმოყრილი?

– ეს ჟურნალ-გაზეთებიც მამაჩემის ბიბლიოთეკიდანაა. აქ არის გაზეთი „კვალის” მთელი წლის ეგზემპლარები აკინძული. აქვეა „ცნობის ფურცელი”, „მოამბე“...

– რა პროფესიის იყო მამათქვენი?

– გიმნაზიიდან გამორიცხვის შემდეგ იგი მისდევდა დურგალ-ხუროობას – ხის სახლებს აშენებდა. დღესაც მისი აშენებული სახლი გვიდგას სოფელში. მამაჩემის მამას, ბაბუაჩემ ნიკოლოზ გეგენავას ჩრდილოეთ კავკასიაში სამხედრო სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული და იმ ლაშქრობაში, როდესაც ჩოლოქთან თურქეთის 35-ათასიანი არმია გაანადგურა 10-ათასმა მეომარმა, ჩემი ბაბუა ოზურგეთის პოლიციის რაზმს ხელმძღვანელობდა. ჩემს ოჯახსაც მიუძღვის წვლილი საქართველოს ისტორიაში. მაგალითად, 1841 წელს გურიის აჯანყების დროს, ოთხი გეგენავა დაიღუპა ოზურგეთთან და ნატანებთან ბრძოლაში. სხვათა შორის, ჩვენს ოჯახში რუსი კაცის ხსენება აკრძალული იყო. მამაჩემი ამბობდა: არსებობს 2 რუსეთიო. ერთი არის შოვინისტური რუსეთი და მეორე დემოკრატიული რუსეთიო. დემოკრატიული რუსეთი ეს არისო: ბელინსკი, ჩერნიშევსკი, დობროლიუბოვი, პისარევი... შოვინისტური – კასო, ნიკოლოზი, ალექსანდრე და ძმები მისნიო.

კასო ვახსენე, ის რუსეთში განათლების მინისტრი ყოფილა. კასოი, მოგეხსენებათ ელამს ნიშნავს, ეს კაციც თვალმტკივანი გახლდათ. ჩვენ გიმნაზიაში კვირაში ერთი გაკვეთილი გვქონდა ქართულ ენაზე და ისიც მოგვიხსნა ამ კასომო, – იხსენებდა მამა. ის ქართულ წიგნებს კითხულობდა, მაგრამ სკოლაში ქართული წიგნის ხსენება არ შეიძლებოდა.

გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, ვინც მოასწრო, ყველა წავიდა რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მისაღებად. ბაბუაჩემს არ გაუშვია მამაჩემი. იქ არუსებენ და იქ წასვლა არ შეიძლებაო.

– თქვენ, როგორც ისტორიკოსს, რაში დაგეხმარათ ეს კოლექცია?

– ამ წიგნებმა მე ფასდაუდებელი დახმარება გამიწია. ამ კოლექციის წყალობით, სახელმწიფო გამოცდებისთვის ისეთ ამბებს ამოვკრეფდი ხოლმე, ლექტორებისთვისაც სიახლე იყო. მაგალითად, ერთი ლექტორი გვიხსნიდა 1905 წლის რუსეთ-იაპონიის ომს. სარდალი იყო ადმირალი ტოგო. მის შესახებ გვიყვებოდა – ის იყო ჩამრგვალებული, გაბურძგნული კაციო, – ამგვარად ახასიათებდა, უარყოფითად რომ წარმოგვედგინა. მე ვუთხარი: ხვალ თქვენ დაგიმტკიცებთ, რომ ტოგო რადიკალურად განსხვავებული გარეგნობის იყო-მეთქი. მეორე დღეს მივუტანე მამაჩემის ძველისძველი გაზეთი, სადაც ტოგოს სურათი იყო განთავსებული. გივი კიღურაძე მახსოვს კიდევ, თავს არ ვიქებ, მაგრამ ისეთი რამეები ვუამბე, გაოცებული დარჩა.

– ასეთი რა უამბეთ?

– მაქვს წიგნი „საფრანგეთი მეცხრამეტე საუკუნეში”. ეს წიგნი რევოლუციის შემდეგ აკრძალული იყო. კიღურაძეს მოვუყევი ამ წიგნის მიხედვით ისტორიები. კარგა ხანს მისმინა, შემდეგ მითხრა: ან მატყუებ, ან გამომგონებლის დიდი ნიჭი გაქვსო. მე ვუთხარი ამ წიგნის შესახებ. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ისტორია ტიერიზე. ტიერი გახლავთ, როგორც კომუნისტები ამბობდნენ, საფრანგეთის კომუნის ჯალათი. ჯალათი კი არა, საფრანგეთის აზროვნების მამა იყო იგი. გორკი ამბობს: მე მზრდიდა ტიერიო. უმაღლეს საკანონმდებლო კრებაზე, ტიერის წარმოთქმული სიტყვის შესახებ რომ მოვუყევი კიღურაძეს, გამაჩერა: გაჩერდი, გაჩერდი, თორემ შენც დაგიჭერენ და მეცო. საბჭოთა პერიოდში ტიერის ხსენებაც არ შეიძლებოდა.

– თქვენთვის რას ნიშნავს ეს კოლექცია?

– ძნელია მაგის თქმა. ეს კოლექცია მე მშობლების მაგივრობას მიწევს. ამ წიგნებზე დედაჩემის და მამაჩემის ხელის სითბოა შერჩენილი. მათი ხსოვნა აქვს შემხმარი ამ კოლექციას. სანამ მე სული მიდგას, ეს წიგნები ჩემი ოჯახიდან არ გავა. ეს კოლექცია ჩემი ოჯახის რელიკვიაა.


скачать dle 11.3