კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აღმოჩნდა ნატო ვაჩნაძის და ლეგენდარული კაპიტნის, ანატოლი კაჭარავას სიყვარული საბედისწერო და ვინ აასრულა მათი დაკარგული ოცნება


15 აგვისტოს ქართული საზღვაო სანაოსნოს დამაარსებლის, შორეული ზღვაოსნობის ცნობილი კაპიტნის ანატოლი კაჭარავას 100 წლის იუბილე იყო. ეს თარიღი, სამწუხაროდ საქართველოში ბევრს არ გახსენებია, რასაც ვერ ვიტყვით ჩვენს ჩრდილოელ მეზობლებზე, სადაც კაპიტნის, იუბილე პომპეზურად აღნიშნეს. ბევრი ცნობილი საზღვაო აკადემიის კედლებს შორის დღესაც არსებობს მისი სახელობის კუთხე, სადაც მომავალ კაპიტნებს ზრდიან. ანატოლი კაჭარავა თავისი დროის დიდი მეცენატი და გავლენიანი პიროვნება იყო. მის შესახებ საქართველოსა და რუსეთში ლეგენდები ათეული წლების განმავლობაში იქმნებოდა. დიდხანს ყვებოდნენ ისტორიას იმის შესახებ, როგორ აჩუქა გემის გულუხვმა კაპიტანმა პეტერბურგში მიღებული ბინა გემის „კაჩიგარს”, იმიტომ რომ მას ბევრი შვილი ჰყავდა. მისი სახლი ზღვა იყო, ალბათ, ამიტომაც მთელი ცხოვრება ზღვებსა და ოკეანეებში გაატარა. შორეული ნაოსნობის ყველაზე ცნობილ კაპიტანს პირადი ცხოვრებაც ძალიან საინტერესო ჰქონდა – ის მეგობრობდა ხელოვნებისა და კულტურის ყველაზე ცნობილ სახეებთან, დიდი სიყვარული აკავშირებდა ნატო ვაჩნაძესთან... ჰქონდა ერთი ოცნება, რომელიც ვერ აიხდინა. ოცნება დაკავშირებული იყო კარიბის ზღვასთან, სადაც მისი საყვარელი გემი „სიბირიაკოვი” ისე ჩაიძირა, როგორც ბოლო წლებში ქართული სანაოსნო, რომლის აშენებასაც ანატოლი კაჭარავამ საკუთარი სიცოცხლე შესწირა.

ლეგენდარულ კაპიტანს ერთი შვილი დარჩა, პროფესიით ბიოლოგი დოდო კაჭარავა. მამის დანატოვარ ნივთებს, როგორც რელიკვიას, სათუთად უვლის – კაპიტნის ქუდი, გემის მაკეტი, ჭედური ნაკეთობა, ფოტოები, წერილები... მისთვის სახელგანთქმულ მამასთან დაკავშირებული ყველა ისტორია ძვირფასია, ქალბატონ დოდოს ერთი დიდი გულისტკივილი აქვს. ის ძალიან წუხს იმაზე, რომ დღეს მამის საფლავი, რომელიც ბათუმში საზღვაო აკადემიის მიმდებარე ტერიტორიაზეა, „ბომჟების“ თავშესაფრად არის ქცეული. იმედია, „ძლიერნი ამა სოფლისანი” გაითვალისწინებენ კაჭარავების ოჯახის დიდ სურვილს და კაპიტნის უკანასკნელ ნავსაყუდელსაც ისეთივე ბედი არ ეწევა, როგორც მისი სახელობის ტანკერს... ქართული სანაოსნოს ტანკერი „კაპიტანი კაჭარავა” რამდენიმე წლის წინ გაყიდეს და ჯართში ჩააბარეს.

დოდო კაჭარავა: მამაჩემი სოხუმში დაიბადა და გაიზარდა. ალბათ, ამიტომაც ორგანულად იყო დაკავშირებული ზღვასთან და მის გარეშე ვერ ძლებდა. ზღვა იყო მისი სახლი, კარი, სიმდიდრე, ცხოვრების აზრი. სიცოცხლის ბოლომდე, მძიმედ დაავადებულიც კი, შორეულ ზღვაოსნობაზე ოცნებობდა. ზღვაში ხომ მთელი ცხოვრება და ძალიან ბევრი წელი გაატარა. საკმაოდ პატარა ასაკში გახდა გემის კაპიტანი, 16 წლის, იალქნიანი ხომალდით შავი ზღვის სანაპიროზე დაცურავდა, მაგრამ მისი ოცნებები უფრო შორს მიდიოდა. 19 წლის უკვე კაპიტანი იყო და ეს „სამკლავური” სიცოცხლის ბოლომდე არ შეუხსნია. ის იყო და დარჩა ლეგენდარულ კაპიტნად, როგორც მას უწოდებდნენ კოლეგები და მეგობრები. მამამ ვლადივოსტოკის ტექნიკუმი დაამთავრა. ჩრდილოეთის საზღვაო გზის მაგისტრალად ქცევა იმ პერიოდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო. ამიტომ, მამამაც არქტიკისკენ აიღო გეზი, წლების მერე მან „საპატიო პოლარელის” წოდებაც მიიღო, რაზედაც ბევრი შორეული ნაოსნობის კაპიტანი ოცნებობდა. 1940 წელს კაპიტნის მოვალეობას ასრულებდა ყინულმჭრელ „სადკოზე”. მან წლები გაატარა ოკეანეებში, ძალიან ბევრჯერ დალაშქრა არქტიკა, მაგრამ არც ერთი ავარია არ მოსვლია – ეს გახლავთ მისი პროფესიული ბიოგრაფიის ერთ-ერთი მთავარი შტრიხი.

– თუმცა მის ცხოვრებაში იყო ერთი, ძალიან რთული მომენტი, როცა ჩაიძირა გემი „სიბირიაკოვი”, თავად მამა კი გერმანელების ტყვედ ჩავარდა.

– ეს იყო მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაგმენტი და ერთგვარი ბედისწერა. მამა „სიბირიაკოვის” კაპიტანი იყო, მას თოთხმეტამდე გემის კაპიტნობა მოუწია. მაგრამ, როგორც ვიცი, „სიბირიაკოვთან” განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. მამას ძალიან რთულ დავალებებს ანდობდნენ, სწორედ ასეთი დავალებით მიდიოდა გემი კარიბის ზღვაში. ეს მოხდა 1942 წელს, „სიბირიაკოვს” სხვა გემებთან ერთად გადაჰქონდა ტვირთი, როცა ზღვაში გერმანიის კრეისერი „ადმირალი შეერი” გამოჩნდა. ეს იყო ძალიან ცნობილი კრეისერი, აღჭურვილი იმ დროისთვის თანამედროვე ტექნიკით. მამამ სხვა გემებს მისცა გზა, თვითონ კი ცნობილი კრეისერის შეჩერებას შეეცადა. შეტაკების დროს „სიბირიაკოვი” ჩაიძირა, მაგრამ გერმანელებმა მიზანს ვერ მიაღწიეს, ვერ აიღეს კუნძული დიქსონი და შეტევის შემდგომი გეგმაც ჩაეშალათ. ფეხსა და მუცელში დაჭრილი, გონდაკარგული ანატოლი კაჭარავა, 18 გადარჩენილ მეზღვაურთან ერთად, ტყვედ აიყვანეს. მან ორ წელზე მეტი გაატარა პოლონეთის ყველაზე მძიმე საკონცენტრაციო ბანაკში. იქ სათავეში ჩაუდგა წინააღმდეგობის მოძრაობას, მონაწილეობდა ამბოხებაში. დახვრეტას სასწაულებრივად გადაურჩა – 1945 წლის 10 მარტს ის დასახვრეტად გაჰყავდათ სხვა ტყვეებთან ერთად, როცა მეათე სატანკო დივიზიამ მიუსწრო და გაათავისუფლა. ტყვეობის შემდეგ, ის კვლავ დაუბრუნდა ზღვას. კიდევ 30 წელი დაცურავდა ჩრდილოეთის ზღვებში, მერე კი ბათუმში დაფუძნდა, სადაც საზღვაო ნაოსნობას ჩაუდგა სათავეში. პორტი „ბათუმი“ მისი ახდენილი ოცნება იყო, ბელუხა კი – მისი ცხოვრების მუდმივი თანმდევი... კარიბის ზღვაში, ბელუხასთან, დღემდე აძლევენ გემები სიგნალს მამაჩემისა და ჩაძირული გემის პატივსაცემად.

– როგორც ვიცი, მამა ძალიან გავლენიანი ადამიანი იყო, თუმცა ტყვეობამ მას მომავალში ბევრჯერ შეუშალა ხელი.

– მამას არ მისცეს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება, მხოლოდ ამ ტყვეობის გამო. თუმცა, მას მინიჭებული ჰქონდა ძალიან ბევრი სხვა საპატიო ორდენი. ორი ლენინის ორდენი ავტომატურად ანიჭებდა ადამიანს საბჭოთა კავშირის გმირის წოდებას, მაგრამ სწორედ აქ დაუშვეს გამონაკლისი. ამის მიუხედავად, ის ძალიან გავლენიანი პიროვნება იყო, მეგობრობდა ცნობილ ადამიანებთან, სახელმწიფო მოხელეებთან. ის იცნობდა ფიდელ კასტროს, ჩეგევარას, ერნესტ ჰემინგუეის. მამას გაუკეთებელი საქმე არ არსებობდა. ის ეხმარებოდა ებრაელებს მაშინ, როცა მათ დევნიდნენ, ეხმარებოდა მისთვის უცნობ ადამიანებს დასაქმებაში, ბინის მიღებაში. თავად ხან მოსკოვში სთავაზობდნენ ბინას, ხან პეტერბურგში, მაგრამ სულ უარს ამბობდა – რად მინდა სახლი, ჩემი სახლი ზღვააო. ეს პატარა ბინაც მისი სიკვდილის შემდეგ მივიღეთ. მამას მეგობრებს შორის იყვნენ კირილ ლავროვი, ვლადიმირ ვისოცკი, მარინა ვლადი, ლადო გუდიაშვილი, იპოლიტე ხვიჩია, მედეა ჯაფარიძე, რეზო თაბუკაშვილი, კონსტანტინე გამსახურდია და სხვა ცნობილი მწერლები და მსახიობები. მამასთან ჩამოდიოდნენ მთელი საბჭოთა კავშირიდან ცნობილი ადმირალები, მინისტრები. მამა მათი მასპინძელი იყო როგორც გემზე, ასევე ბათუმში. საოცარი დამოკიდებულება და სიყვარული ჰქონდა ხელოვნებისა და ხელოვანების მიმართ. მამა იყო ნატაშა ვარლეის ნათლია.

– რამდენადაც ცნობილია, ლეგენდარული კაპიტანი ძალიან იოლად ახერხებდა ქალთა გულის დაპყრობას, მას დიდი სიყვარული აკავშირებდა ნატო ვაჩნაძესთან.

– მამა ძალიან სიმპათიური, მომხიბვლელი მამაკაცი იყო – გახსნილი, კომუნიკაბელური, ჯენტლმენური ჟესტებითა და მანერებით იოლად ხიბლავდა ქალებს. მას ორჯერ ეწვია დიდი სიყვარული – ერთხელ ნატო ვაჩნაძე შეუყვარდა, მეორედ კი დედაჩემი. ნატოსა და მისი სიყვარულის ისტორია ხანმოკლე აღმოჩნდა. პირველად თურმე გემზე ნახა გაზეთი, რომელშიც ნატო ვაჩნაძის ფოტო ყოფილა. მამას ძალიან მოსწონებია ნატო და უთქვამს: ეს ჩემი ცოლი გახდებაო. მამამ მოხიბლა ცნობილი მსახიობი და ცოლად შეირთო, 1954 წელს ნატომ მოსკოვში ჩააკითხა მამას, სწორედ იქიდან ბრუნდებოდა, როცა ავიაკატასტროფაში მოყვა. მამამ ხუთი წელი იგლოვა ნატო, ამის შემდეგ კი დედაჩემი შეირთო ცოლად. დედა სოხუმში გაიცნო, ის მამაჩემზე 14 წლით უმცროსი იყო, თავიდან თურმე ბებიაჩემს მოეწონა სარძლოდ, მერე კი მამას გააცნო. დედაჩემი ბალერინა და მოხდენილი ქალი იყო, ძალიან შეუყვარდა მამა. მათ კარგი ოჯახი შექმნეს. დედას არ ჰქონდა მარტივი და იოლი ცხოვრება, რადგან მამა ხშირად ტოვებდა ოჯახს თვეობით, როდესაც ზღვაში გადიოდა. თუმცა, ეს მათ ურთიერთობას არ ავნებდა. უფრო მეტიც, დედამ ყველაფერი გააკეთა, რომ მამისთვის ბოლო ოცნება აესრულებინა. მამას ძალიან უნდოდა, რომ ქართული სანაოსნოსთვის ორი გემი ჩამოეყვანა, ერთისთვის ნატო ვაჩნაძის სახელის დარქმევა უნდოდა, მეორეთი კი – თითქოს წლების წინ ჩაძირული „სიბირიაკოვის” ჩანაცვლება უნდოდა. ამ მიზნით წავიდა მოსკოვში, ორ გემს დაპირდნენ, მაგრამ ეს დანაპირები არ შეუსრულეს. ამაზე ბევრი ინერვიულა და ინსულტი დაემართა. რამდენიმე წელი ლოგინად იყო ჩავარდნილი. სწორედ მაშინ შეძლო დედამ მამის ოცნებების ასრულება – ის წავიდა კარიბის ზღვაში და გადაყარა ყვავილები იქ, სადაც 1942 წელს „სიბირიაკოვი” ჩაიძირა, მომაკვდავ მამას კი სასთუმალთან დაუდო მისი პირველი და დიდი სიყვარულის, ნატო ვაჩნაძის ჭედური გამოსახულება. მამა ხელზე ჰკოცნიდა დედას და თვალებიდან ცრემლი სდიოდა. ინსულტის შემდეგ მხოლოდ ის ახსოვდა, რაც ძალიან უყვარდა, დედას ბოლომდე ნაზოს ნაცვლად ნატოს ეძახდა.


скачать dle 11.3