ვინ არის ქართველი, რომელმაც მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსებისგან ნიუ-იორკში ქართულ-ამერიკული ბენდი შექმნა და რა სიურპრიზებს ჰპირდებიან ისინი ამერიკელებს
ილია ცინაძე: 1991 წელს, როდესაც საქართველოში საკმაოდ მძიმე სიტუაცია იყო, მთელი ოჯახი ამერიკაში წავედით. მაშინ 8 წლის ვიყავი, ჩემი ძმა კი – 11-ის, დღეს ის პროფესიონალი მხატვარია. სწორედ ამერიკაში შემიყვარდა მუსიკა. იქ რომ ჩავედი, ინგლისური კარგად არ ვიცოდი და ჩემი ენა სწორედ მუსიკაში ვიპოვე. თან, მომეწონა იმ ადამიანებთან ურთიერთობა, ამ სფეროთი რომ იყვნენ დაკავებულნი და უკრავდნენ.
– როდის დაინტერესდი პირველად მუსიკით?
– ჩემი ძმის მეგობარმა სახლში მოიტანა გიტარა, უკრავდა, მერე ხელში დამაჭერინა, პირველი ნოტი მასწავლა და გიტარა იმის შემდეგ ვეღარ დავდე. მაშინ 12 წლის ვიყავი, მშობლებს ვეხვეწე და 13 წლის რომ გავხდი, დაბადების დღეზე გიტარა მაჩუქეს. თან, გიტარაზე დაკვრის შესასწავლად გაკვეთილებზე მიმიყვანეს. ასე დავიწყე სწავლა. ჯერ ვისწავლე როკის დაკვრა, შემდეგ ჯაზის, როდესაც სკოლა დავამთავრე, სწავლა გავაგრძელე ნიუ-ჯერსის შტატში ჯაზის კონსერვატორიაში. ჩემთან ერთად იქ სხვა მუსიკოსებიც სწავლობდნენ – კონტრაბასისტები, საქსოფონისტები. ძალიან ძლიერი მუსიკოსები იყვნენ. ჩემთვის ეს ცოტა რთული იყო, იმიტომ, რომ მათ გვერდით მეც მაღალი დონის მუსიკა უნდა დამეკრა. საკმაოდ ბევრი ვისწავლე, დიდი გამოცდილება მივიღე, თითქოს ვეჯიბრებოდით ერთმანეთს. როდესაც სკოლა დავამთავრე, საქართველოში ჩამოვედი და კიდევ უფრო მეტად შემიყვარდა ქართული მუსიკა. ჯაზი ყოველთვის მომწონდა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ეს ბოლომდე ჩემი არ იყო. რაც შეეხება სიმღერას, თავიდან ბევრს ვმღეროდი, განსაკუთრებით მაშინ, როცა როკს ვუკრავდი. 17 წლის ვიყავი, ჯინი რომ გავიცანი. ის ვოკალისტია, და ისე კარგად მღერის, მე ვეღარ გავბედე მის გვერდით სიმღერა. მაგრამ, იმაში გამიმართლა, რომ ჯინიმ ქართული არ იცის. ჯინი სულ მეუბნებოდა, იმღერე, იმღერე, მე ნუ მიყურებო. ახლა ჯინი ქართულს სწავლობს, სამხმიან ქართულ სიმღერებსაც ვსწავლობთ და ერთად ვმღერით.
– როდესაც საქართველოში პირველად ჩამოხვედი, ქართული სიმღერების მოძიება დაიწყე?
– თავიდან იმიტომ ჩამოვედი, რომ ჩემი სამშობლო მენახა. 15 წლის განმავლობაში არ ვიყავი ნამყოფი და გულში ყოველთვის რაღაც მაკლდა. ძალიან მინდოდა, მენახა ჩემი ნათესავები, შევხებოდი აქაურ კულტურას. კახელი არ ვარ, მესხეთშია ჩემი ოჯახის სოფელი, მაგრამ ახლობლებმა კახეთში წამიყვანეს. იქ მეზობელი ქალი იყო მუსიკის მასწავლებელი. ვიკითხე, შეიძლება, მასთან მივიდე, ქართულ სიმღერებს მასწავლის-მეთქი. იმ ქალს ძალიან შევუყვარდი, მასთან საათობით ვიჯექი და რაც იცოდა, ყველაფერს მასწავლიდა. თან, დიქტოფონით დავდიოდი – ის პიანინოზე უკრავდა, მე ვიწერდი და შემდეგ სახლში გიტარაზე ვაწყობდი. ქართული საცეკვაო სიმღერები ვისწავლე, ასევე, ხალხური და მომივიდა აზრად, რომ ეს ყველაფერი ჯაზის სტილში გადამეყვანა – ჩემი საყვარელი მუსიკის ორივე ჟანრი ერთად გამეკეთებინა. სიმღერები, რაც ვისწავლე, ნოტებში გადავიტანე და წიგნი გავაკეთე, რომ სხვებისთვის მესწავლებინა.
– ამერიკაში ქართულ-ამერიკული ბენდი გაქვს და ქართულ სიმღერებს, მუსიკას ასრულებთ. როგორ შედგა შენი ბენდი?
– თავიდან მე და რობ ჰექთმა, რომელიც ვიოლინოზე უკრავს და ჩემთან ერთად სწავლობდა კონსერვატორიაში, გავაკეთეთ დუეტი და ერთად ვუკრავდით. მაშინ ვუკრავდით ირლანდიურ, ამერიკულ მუსიკას. მერე ქართული მუსიკის დაკვრაც დავიწყეთ. კონცერტებს ვატარებდით ნიუ-იორკის ჯაზ-კლუბებში, კაფეებში, ნიუ-ჯერსიშიც. ირლანდიური და ამერიკული მუსიკის შემსრულებელი ბევრია ამერიკაში. ქართული, თან საცეკვაო მუსიკა უცხო იყო და ხალხმა ძალიან დიდი ინტერესი გამოიჩინა. მეც მინდოდა, უფრო დიდი მასშტაბები მიმეცა ამისთვის. მამაჩემიც სულ მეუბნებოდა, როდის გექნება ქართული ანსამბლიო. ნიუ-იორკში ჩემი საყვარელი მუსიკოსები შევკრიბე, სულ ექვსნი ვართ. მე გიტარაზე ვუკრავ და ვმღერი; ჯინი მღერის; ვიოლინოზე უკრავს რობ ჰექთი; აკორდეონზე – ლიამ რობინსონი; კონტრაბასზე – ქრის თორდინი, დრამზე – რიჩი ბარშეი. ყველა ამერიკელია ჩემ გარდა და კონცერტებზე ჩემი სახელით გამოვდივართ – ილია ცინაძის გუნდი.
– რიჩი ბარშეი ძალიან ცნობილი დრამერია, ის თავის დროზე ჰერბი ჰენკოკთან უკრავდა. როგორ მოხვდა შენს ბენდში?
– მონდროუში ჯაზ-ფესტივალზე, სადაც გაიმართა ინტერნაციონალური კონცერტი, ჯინიმ პრიზი მოიგო, შემდეგ ნიუ-იორკში გამარჯვებულების კონცერტი გაიმართა და მათ აკომპანიმენტს საუკეთესო მუსიკოსები უკეთებდნენ – მათ შორის რიჩი ბარშეიც. იქ გავიცანით ერთმანეთი. ახლა რიჩი ჯინის გუნდშიც უკრავს და ჩემთანაც. ძალიან ახლო მეგობარი და მეზობელიცაა. ჩემი საყვარელი დრამერია, მის გარეშე არ მინდოდა, გუნდი მყოლოდა. რაც შეეხება სხვებს, რობ ჰექთის მთელი მსოფლიო აქვს მოვლილი. ახლა ჩინეთში იმყოფებოდა სამი თვე, ტურნე ჰქონდა. ბასისტიც ევროპაში სულ უკრავს და საკმაოდ ცნობილია. ორი წლის წინ დისკზე დავიწყეთ მუშაობა, დისკს ერქმევა „დედა ენა“. მუსიკა ჩემი ენაა და შესაბამისად, ქართული მუსიკა – ჩემი „დედა ენა“. დისკში 12 სიმღერა შევა, ათი ქართულია და ორი მე დავწერე. საცეკვაო მუსიკებიდან იქნება: „მთიულური“, „აჭარული“, „სამაია“; ასევე სიმღერები: „მოხევის ქალო, თინაო“, „პატარა გოგო დამეკარგა“, „რა ლამაზია თუშეთი“. სიმღერაზე „მოხევის ქალო, თინაო“, კლიპიც გადავიღე, ოღონდ ამერიკული ნაწილი, ახლა საქართველოში ქართულ ნაწილს ვიღებ. როგორც ჩემი მუსიკაა ამერიკულ-ქართული, კლიპიც ასეთი მინდა, იყოს. გადაღებები, ძირითადად, ჩემი ნათესავების სოფლებში მექნება. ამერიკულ ნაწილში კლიპი ჩემს ქუჩაზეა გადაღებული, აქ კი ქართულ სოფლებში დავდივარ. მაგალითად, ჩემი ნათესავი ბიჭი ღორზე შეჯდა და მე ამ ფონზე ვმღერი, წესით, მსმენელისთვის ძალიან საინტერესო უნდა იყოს. ამერიკაში გაუგიათ ქართული მრავალხმიანობის შესახებ, მაგრამ ქართული საცეკვაო მელოდიები, საერთოდ არ იციან. შესაბამისად, როდესაც ისმენენ, მოსწონთ და ცეკვა უნდებათ. საცეკვაო მელოდიების ფესტივალზეც დავუკარით. ერთადერთი ქართველი ვიყავი, ძალიან მოეწონათ. რომ დაინახეს პროგრამაში ქართული საცეკვაო მუსიკა ეწერა, ინტერესი უფრო გაიზარდა და ჩვენს გამოსვლაზე დარბაზი სულ სავსე იყო. ახლა შემოდგომაზე ნიუ-იორკის ჯაზ-კლუბში გვექნება კონცერტი. იქ მცხოვრებ ყველა ქართველს დავპატიჟებ. მოცეკვავეებიც მინდა ვიპოვო, რომ იცეკვონ. თუ შანსი მექნება, ამერიკელებსაც ავაცეკვებ. ორ გიტარაზე ვუკრავ, ერთი ჩვეულებრივია – ექვსსიმიანი, აკუსტიკური; მეორე – ტრადიციული, ამერიკული ხალხური გიტარა და ჩვეულებრივად არ იკვრება მასზე.
– როგორ გაიცანით შენ და ჯინიმ ერთმანეთი?
– ჯინი მაშინ მეთერთმეტე კლასში იყო, მე ვამთავრებდი. იმ დროს მუსიკის გაკვეთილებზე დავდიოდი ჯინის სახლთან ახლოს. ჩემთან ერთად მისი კლასელიც იყო და მან გამაცნო. მაშინვე შეგვიყვარდა ერთმანეთი და 10 წელია, ერთად ვუკრავთ მუსიკას და ერთად ვართ. მთელი ცხოვრება ერთად გატარებას ვაპირებთ და ბავშვებსაც ქართული უნდა ვასწავლოთ. მომავალში შეიძლება, ქართული ქორწილიც გადავიხადოთ საქართველოში.
ჯინი: ამერიკელი ვარ, ჩემი მშობლები, ბაბუა-ბებია ამერიკაში არიან დაბადებული. ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც სიმღერა დავიწყე. როგორც დედა ამბობს, სანამ ლაპარაკს დავიწყებდი, მანამდე ვმღეროდი. დედაჩემი გიტარაზე უკრავს, მამა პროფესიონალი მუსიკოსია. როდესაც პატარა ვიყავი, ოჯახური გუნდი გვქონდა. ვმღეროდით. რომ გავიზარდე, ძალიან დამაინტერესა ჯაზმა და სამხრეთ ამერიკულმა მუსიკამ. რამდენჯერმე კუბაში და ბრაზილიაში ვიყავი.
ილია: მე ხომ მაქვს ქართული ბენდი და იქ ჯინი მღერის. ჯინისაც აქვს სამხრეთ-ამერიკული ბენდი და მე იქ ვუკრავ.
ჯინი: როდესაც სკოლაში დავდიოდი, უკვე ვმღეროდი სიმღერებს სხვადასხვა ენაზე, მაგრამ ქართული ენა ყველაზე რთულია. იმდენი ასოა: „ტ და თ“, „კ და ქ“, „პ და ფ“, ვცდილობ, შუაში რამე ასო ვიპოვო და გამოვთქვა. ახლა საქართველოში რომ ვარ, ეს ხმები ტალღებივით მომდის, განსხვავებასაც უფრო ვპოულობ. ჩემთვის მაინც ძნელია ქართულად სიმღერა, მაგრამ საოცრად ლამაზია ქართული სიმღერა, ენაც და საერთოდ, ყველაზე საუკეთესო დრო აქ გავატარე.