რატომ მოუვიდა აჭარაში „პერედოზი“ სოფია კენჭიაშვილს და რისთვის ინახავს ის კარადაში გადაპარსულ თმას
– ადრე მოციქული იყავი, ახლა წითელი ანგელოზი გახდი. მოციქულობიდან ანგელოზობამდე რთული გზა გაიარე?
– მოციქული 5 წელი ვიყავი, მაგრამ ერთ დღესაც მივხვდი, რომ ფაქტობრივად, ანგელოზი ვარ. მეგობრებიც სულ ამაზე „ვღადაობთ“. არ გამივლია რთული გზა, უბრალოდ, ერთ დილას გავიღვიძე და ზურგი ამეფხანა, მივხვდი, ფრთები ამომდიოდა. ზედმეტად კარგი გოგო გავხდი, ძალიან დავქალდი. ერთ დღეს დავფიქრდი და მივხვდი, რომ გარდერობში მარტო ერთი შარვალიღა მაქვს, დანარჩენი სულ კაბებია.
– მოგწონს ზედმეტად კარგი სოფია?
– ვგიჟდები, ისე მომწონს. ძალიან ქალურია, ძალიან ბედნიერი, ლამაზი და სულ დადებითი ემოციებით დატვირთული. 24 საათის განმავლობაში ვიღიმები და მინდა, ჩემ გარშემო ყველა ბედნიერი იყოს. ასეთი სოფია ძალიან მომწონს.
– ამ ყველაფერს, ალბათ, აქვს მიზეზი. რამ განაპირობა სოფიას რადიკალურად შეცვლა?
– ყურებამდეა სოფია შეყვარებული.
– მაგრამ ადრეც ხომ იყავი შეყვარებული, თუ ის უბრალო გატაცება იყო?
– არ იყო გატაცება, მაგრამ ძველი სიყვარული ძველ სოფიას გავატანე, თავის გრძელ თმასთან ერთად.
– რას ერჩოდი თმას?
– შარშან თმა ნულზე გადავიპარსე, ახლა კარადაში ვინახავ ჩემს თმას და როცა დასავარცხნად ვიღებ, ყოველთვის ვახსენებ საკუთარ თავს ერთ ბანალურ ფრაზას: ვისაც ვუყვარვართ – ისინი არ გვატირებენ და ვისაც არ ვუყვარვართ – მათთვის ტირილი არ ღირს. თან, მინდა, ჩემი გადაპარსული თმა შვილიშვილებს ვაჩვენო და შევახსენო, რომ არც ერთი კაცი, ვინც მათ არ დააფასებთ, არ ღირს ფრჩხილის ფასადაც კი.
– თავის გადაპარსვა გარკვეული პროტესტი იყო მამაკაცების, თუნდაც, როგორც შენ ამბობ, იმ მამაკაცების მიმართ, ქალებს რომ არ აფასებენ?
– არანაირი პროტესტი, უბრალოდ, არჩევნის წინაშე დავაყენე საკუთარი თავი, ან დაურეკავ ან თმას გადაიპარსავ-მეთქი. თან, ცალ ხელში ტელეფონი მეჭირა, მეორეში – თმის საპარსი. ჰოდა, გავაკეთე არჩევანი – მე თვითონ გადავიპარსე თავი. ამის შემდეგ დაიწყო ჩემს ცხოვრებაში ახალი ერა.
– სხვა დროსაც დაგიყენებია საკუთარი თავი მსგავსი არჩევნის წინაშე?
– ასეთი რადიკალური არჩევნის წინაშე არა, პირველი იყო და დიდი იმედი მაქვს – უკანასკნელი იქნება. თუმცა, არ ვნანობ, პირიქით, მთელი ცხოვრება წელამდე გრძელ თმას ვატარებდი და უცებ აღმოვაჩინე, რომ მოკლე თმაც ძალიან მიხდება. საექსპერიმენტოდაც უფრო ფართო მასშტაბები მაქვს. იმდენნაირი ვარცხნილობა მოვსინჯე და კიდევ ბევრის მოსინჯვას ვაპირებ. ძალიან მომწონს.
– ვინ არის ის ადამიანი, რომელმაც ასე შეგცვალა და როგორ გამოჩნდა ის შენს ცხოვრებაში?
– ვინ არის და მზეა, ოღონდ მართლა – მზესავით ამოვიდა ჩემს ცხოვრებაში და იმის მერე სულ ზაფხული მაქვს. როგორც იტყვიან, გამოჩნდა მაშინ, როცა ყველაზე ნაკლებად ველოდი და ყველაზე მეტად მჭირდებოდა. რადიკალურად განსხვავდება იმ ტიპაჟისგან, როგორიც ყოველთვის მომწონდა. მაგრამ ფაქტია, ყველა იმ „იდეალზე“ მეტად გამაბედნიერა, წარმოდგენილი რომ მქონდა. ზღვაზე ვიპოვე შარშან.
– კენჭების შეგროვებისას?
– კენჭებს ვაგროვებდი და უცებ მარგალიტი ვიპოვე. ძალიან ვუფრთხილდებით ერთმანეთს. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ვინმე ასე შემავსებდა. წინა „ლავ სთორიმ“ ისე მომკლა და გადამღალა, მეშინოდა, მგონი, სიყვარულის უნარი გამიქრა-მეთქი. მაგრამ, დამავიწყდა, რომ ეს უნარი არ ქრება.
– შენ თქვი, რადიკალურად შევიცვალეო, ანუ მას ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის?
– დიდი არა, ძალიან დიდი, უზარმაზარი. აბსოლუტურად შემცვალა და მინდა, ვიყო კიდევ უფრო ლამაზი, წარმატებული, კარგი, მოსიყვარულე. მოკლედ, დადებითი ემოციების ერთი დიდი ბუშტი ვარ. ის თავიდანვე ასეთი იყო და მეც გადმომდო ღიმილი.
– თქვენი ურთიერთობა გაცნობიდან მალევე აეწყო?
– ორკვირიანი „შორით წვა და შორით დაგვის“ მერე აეწყო. უკვე ერთი წელია, რაც ერთად ვართ და არც ერთხელ არ გვიჩხუბია. ხმამაღალი სიტყვაც არ თქმულა ჩვენ შორის. თურმე, ზღაპრები სინამდვილე ყოფილა და ვისაც ეს არ სჯერა, ურჩევნია, დაიჯეროს, თორემ მერე შოკში ჩავარდება, ისე, როგორც მე.
თავიდან არც მე მჯეროდა, ყველაფერი ასე კარგად თუ იქნებოდა, მაგრამ მერე დავიჯერე. უფრო სწორედ მან დამაჯერა.
– შენგან ძალიან განსხვავდება?
– რაღაცაში ძალიან ვგავართ, რაღაცაში აბსოლუტურად განვსხვავდებით, მაგრამ საბედნიეროდ, ჩხუბის ნაცვლად, ყოველთვის ბევრს ვლაპარაკობთ და ვცდილობთ, ერთმანეთი კიდევ უფრო გავაიდეალოთ. ამას თუ დავუმატებთ, ჩვენი „კეთილისმსურველების“ – ეს, რა თქმა უნდა, გადატანითი მნიშვნელობით – დამოკიდებულებას ჩვენ მიმართ, კიდევ უფრო გვიმძაფრდება იმის სურვილი, ყველაზე ლამაზი და იდეალური წყვილი ვიყოთ მთელ მსოფლიოში.
– ბევრი „კეთილისმსურველი“ გყავთ და ისინი ცდილობენ, თქვენს ურთიერთობაში უხეშად ჩარევას?
– კი, ცდილობენ და ეცადონ, ჩვენ ბევრს ვიცინით ასეთებზე. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველას იმისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობის კიდევ უფრო გამტკიცებაში გვიწყობენ ხელს.
– თუ აპირებთ, ახლო მომავალში თქვენი ურთიერთობისთვის ოფიციალური სახის მიცემას?
– მაცადე ცხოვრებით ტკბობა. არავითარი გეგმები, წინაზე რომ ვგეგმავდი, რა გამოვიდა? აღარ მინდა, იგივე მოხდეს.
– სხვათა შორის, „სიმართლის დროში“ შენმა პასუხმა, რომელიც შენი, შენი შეყვარებულისა და კიდევ მეგობრის სექსუალურ ურთიერთობას ეხებოდა, ადამიანების დიდი გაღიზიანება და აღშფოთება გამოიწვია.
– ვაი, ნერვიულობისგან ღამე არ დამეძინება... თამაშის ერთადერთი მიზეზი ფული იყო და თამაშის პრინციპში გარკვევა. ვინც გაღიზიანდა, ისინი ყველაფერზე, რაც ჩვენს ურთიერთობას ეხება, ისედაც ღიზიანდებიან. მათი ნერვები დაიხარჯა, ისინი „დაიგრუზნენ“, დაიბოღმნენ და მათი ნერვული უჯრედები დაიხოცა, ჩემი ხომ არა? ისინი უფრო ადრე დაიხოცებიან, ჩვენ კი არა.
– ამჟამად აჭარაში ხარ, რას საქმიანობ?
– ვმუშაობ ბარმენად ერთ ძალიან კარგ ბუნგალოში. ზღვაზე ჭკუა მეკეტება, მაგრამ წელს უკვე „პერედოზი“ დამემართა – ჯერ ერთი თვე ანტალიაში ვიმუშავე ანიმატორად და ახლა უკვე, თითქმის ერთი თვეა, აქეთ ვარ. მაგრამ მაინც მაგარია, ზღვა, მზე, მუშაობა, დასვენება... ვემზადები სექტემბრისთვის. ეს თვე ძალიან მიყვარს და ყოველთვის ცხოვრების რაღაც ახალ ეტაპზე გადავდივარ. ახლაც მაქვს ჩემს სამოდელო საქმიანობასთან დაკავშირებული გეგმები, მაგრამ ჯერ სიტყვას ვერ დამაცდენინებ.