კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ჯაბნის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების სასერტიფიკაციო გამოცდების „მარგალიტები“ აბიტურიენტების „მარგალიტებს“ ქართულ ენასა და ლიტერატურაში


მართალია, სააპელაციო კომისია ერთიანი ეროვნული გამოცდების დანერგვის დღიდანვე მუშაობს, თუმცა, რაკი შედეგები კონფიდენციალურია (აბიტურიენტების უფლებების დაცვის მოტივით), საზოგადოებისთვის უცნობი რჩებოდა ინფორმაცია აბიტურიენტთა ცოდნის კონკრეტული დონის შესახებ. წელს ამ კომისიის მუშაობაში გია მურღულიაც იღებდა მონაწილეობას და სწორედ მისი მეშვეობით გახდა ცნობილი, თუ რა „მარგალიტებს“ აფრქვევენ ჩვენი გამორეფორმირებული საჯარო სკოლების მიერ აღზრდილი და ხშირად ნარეპეტიტორალი აბიტურიენტები. ხოლო, რაკი უფლებები ქართულ ენასა და ლიტერატურასაც აქვს (შესაძლოა, უფრო მეტიც, ვიდრე ერთად აღებულ ყველა აბიტურიენტს), სწორედ გია მურღულიას მივაკითხეთ საკითხის უფრო საფუძვლიანად გასაცნობად.



გია მურღულია: ბატონებო და ქალბატონებო, არ ვხალისობ იმაზე, რასაც ახლა მოგახსენებთ. ეს არის ტკივილიანი სათქმელი და არ არის სასაცილო ამბავი. რამდენიმე შთაბეჭდილებას გაგიზიარებთ: პირველი, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგებს აპროტესტებს ბევრი ისეთი აბიტურიენტი, რომლებსაც ამის არანაირი საფუძველი არ აქვთ. ეს მეტყველებს იმას, რომ ადამიანები არაადეკვატურად აფასებენ საკუთარ ნაშრომს და სურვილი აქვთ, რომ სასურველი იქცეს რეალობად. მეორე, სპეციალური კომისიის კომპეტენცია, რომელიც აპელაციას იხილავდა, იყო ის, უნდა შეცვლოდა თუ არა შეფასება აბიტურიენტს, ვინც შემოიტანა განცხადება. ამდენად, ამ ნაწერებით მთლიანად აბიტურიენტების ცოდნის დონეზე საუბარი არ შეიძლება. ლაპარაკია პრობლემურ ნაწერებზე, იმ აბიტურიენტების ნაწერებზე, რომლებიც უკმაყოფილო იყვნენ მიღებული შეფასებით. ამიტომ, ბუნებრივია, რომ აბიტურიენტების მთლიან კორპუსზე არ ვსაუბრობთ.

– ეს მნიშვნელოვნად ამსუბუქებს ჩვენს, უფრო ზუსტად, ჩვენი მომავალი თაობის ცოდნის მდგომარეობას.

– რა თქმა უნდა. ამდენად, არ არის საჭირო კატასტროფასა და მეორედ მოსვლაზე ლაპარაკი, უბრალოდ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ სურათი უკეთესი გავხადოთ. მესამე შთაბეჭდილება: ნათელია, რომ იმ ნაწერებით, რომლებიც ვნახე და ჩემთან ერთად და უწინარეს, იქ იყვნენ საუცხოო პედაგოგები და ორი აღიარებული შემოქმედი და მეცნიერი – დათო წერედიანი და ბაჩანა ბრეგვაძე, ჩვენ, ყველანი, შევთანხმდით, რომ გვაქვს წერის კულტურის დიდი ნაკლებობა, წერა კი არის აზროვნება, ანუ ჩვენ გვაქვს აზროვნების ნაკლებობა. როგორც ჩანს და მე ამაზე ხშირად მისაუბრია, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პრობლემა აზროვნების სწავლებასთან დაკავშირებით. ზეპირი მეტყველების დროს რაღაცეები ეპატიება ადამიანს, მაგრამ, რაც ადამიანს ეპატიება ზეპირი მეტყველებისას, არ ეპატიება წერის დროს, იმიტომ რომ წერის დროს გაქვს საშუალება, სრულად წარმოაჩინო შენი წერის კულტურა. რამდენიმე ტიპის პრობლემა დავინახე და უნდა გითხრათ, რომ ეს ნაწერები ზოგად სურათსაც მეტ-ნაკლებად წარმოაჩენს.

– აზროვნებისა და ფიქრის პრობლემა რომ გვაქვს, ამისთვის საინფორმაციო გადაცემებისთვის თვალის ერთი შევლებაც საკმარისია. რა გვჭირს, გონებაჩამორჩენილები ვართ?

– არა. გამოვკვეთოთ პრობლემები: პირველი, აბიტურიენტები ადეკვატურად ვერ აღიქვამენ ტექსტს, ანუ კითხულობენ და არ ესმით, რას კითხულობენ. მაგალითად, ერთ-ერთი დავალება იყო ასეთი: მოტანილია ჯემალ ქარჩხაძის, ჩვენი ცნობილი მწერლის, ინტერვიუ, სადაც ის ამბობს, რომ ჩვენ ჩვენი კლასიკა გავაფეტიშეთ, თითქოს მუზეუმში მოვათავსეთ, არ ვეხებით, მხოლოდ ვეთაყვანებით, ის ჩვენი ცხოვრების ნაწილი არ არის და ვინმემ რაღაც რომ თქვას, ჩაქოლავენ. ამით შენ ხელს უშლი ადამიანს, თავისი ცხოვრების ნაწილად გაიხადოს ის, რაც ღირებულებად მიგვაჩნია. აბიტურიენტებს თავიანთი აზრი უნდა გამოეთქვათ, ეთანხმებოდნენ თუ არა მწერლის მოსაზრებას და დაიწყო და რა დაიწყო: ვიღაც ვერ არკვევს, რა არის კლასიკა. ვიღაცას გაახსენდა გურამ რჩეულიშვილის „ნელი ტანგო“ – ტანგო აღიქვა, როგორც ცეკვის კლასიკა. ვიღაცამ ვერ გაიგო, რას ნიშნავს კლასიკის სამუზეუმო ექსპონატად ქცევა და დაწერა, რომ მუზეუმში ექსპონატი კარგად დაცულია და, აქედან გამომდინარე, დაეთანხმა ჯემალ ქარჩხაძეს. ალბათ, ცხადია, თქვენთვის, რომ ადამიანი კითხულობს და არ ესმის, არადა ტექსტის ადეკვატური აღქმა და შეფასება უნდა ასწავლონ პირველი კლასიდან. გახსოვთ, ალბათ, წიგნიერების საერთაშორისო შეფასება რომ ჩატარდა, საქართველოს წარმომადგენლები გავიდნენ ბოლოდან მეექვსე თუ მეშვიდე ადგილზე.

მეორე: აბიტურიენტები ვერ იგებენ, რა დავალებას აძლევენ. მაგალითად, „ვეფხისტყაოსნიდან“ მოტანილი იყო ეპიზოდი, როდესაც ავთანდილი და ტარიელი მიდიან ფრიდონთან. გაიგეს ნესტანის ადგილსამყოფელი და უნდა, დაადგინონ ქაჯეთის ციხის გზა. ტარიელი გადაწყვეტს, გაეხუმრონ ფრიდონს და მის ჯოგს დაესხან თავს. დავალება ასეთი იყო: ამ ეპიზოდის მიხედვით დაახასიათეთ ტარიელი და ფრიდონი. დაადო თავი ძალიან ბევრმა აბიტურიენტმა და მთელი პოემის კონტექსტიდან დაიწყო ლაპარაკი.

– ეს არა მხოლოდ აბიტურიენტებისა და მოსწავლეებისთვისაა დამახასიათებელი, პოლიტიკოსებიც, როდესაც ერთ ამბავს ეკითხები, მეორეს გიპასუხებენ ხოლმე.

– არადა ნათლად წერია, ამ ეპიზოდის მიხედვით დაახასიათე ტარიელი და ავთანდილიო. ამას გარდა, ძალიან სერიოზული ნაკლია გატაცება ყალბი და ზოგჯერ უაზრო მხატვრულობებით. მაგალითად, ვიღაც წერს: ეპითეტები და მეტაფორები გამსხვილებული და დაცქვეტილი მიემართება გვადის ორგანოებს.

– რაო?!

– რა უნდა გაიგო აქედან? რას ამხატვრულებს აბიტურიენტი? რისი სახიერად წარმოჩენა უნდა? ხშირად გვხვდება გაუთავებელი პარალელების ძიება და ამ პარალელების ძიებაში აბსოლუტურად არაადეკვატურად აკავშირებენ ერთმანეთს სრულიად მოულოდნელ რაღაცეებს. მაგალითად, რას გინდა, შეადარო გვადი ბიგვას ყამა (ხანჯალი), რომლითაც მან არჩილ ფორია მოკლა? ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ვინმე ამას შეადარებდა ბარათაშვილის მერანს. დავტოვოთ უკომენტაროდ. ეს იმდენად მოსწავლის ბრალი არ არის, რამდენადაც ამ სფეროში არსებული საერთო სიტუაციის. ასევე, ხშირად გვხვდება სწრაფვა რაღაც ზედმეტი კავშირების მოძიებისკენ. მაგალითად, ვიღაცას ქაჯეთის ციხის ამღებთა შეუპოვრობა აგონებს შუშანიკის შეუპოვრობას. ამ ლოგიკით, შეიძლება, ერთმანეთთან დააკავშირო კაცია მუნჯაძე და ანა კარენინა. ბევრი აბიტურიენტია გაუგებარი ფილოსოფოსებისა და უცხო ტერმინთა გამოყენების მიმდევარი. მაგალითად, ძალიან ბევრ ნაწერში შეგვხვდა ორი სიტყვა: მეტაპლაზმი და ანთროპომორფული. ზოგჯერ – მართებულ კონტექსტში, ზოგჯერ – ნამეტანი არამართებულ კონტექსტში. მაგალითად, შეგვხვდა სიტყვათა ასეთი შეხამება: სიმულაციური სრულყოფილება. რაც მთავარია, საზოგადოდ პრობლემაა აზრის გამოხატვა: აბიტურიენტები წერენ აბზაცებს და ვერ გაიგებ, რა წერია და რა ლოგიკით წერია. სიტყვები არის, მაგრამ აზრი არ არის. მაგალითად, მოვიტან ციტატას: „მოთხრობაში გვხვდება ანთროპომორფული ღირსება ადამიანის სახით და გარკვეულწილად გაკვირვებას იწვევს სხვა ლირიკულ პერსონაჟებში“. ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ ზოგი ვერც ამჩნევს, როგორ გადადის სისულელის ზღვარს. ერთმა ახსენა გრიგოლ ღვთისმშობელი. იმას ხომ მაინც უნდა დაუფიქრდე, რომ ღვთისმშობელი ქალი უნდა იყოს?!

– მე შემხვედრია სიტყვათა ასეთი წყობა, აბიტურიენტზე უფროსი ადამიანის მიერ დაწერილი: ეროსი, სიყვარულის ქალღმერთი.

– რაც შეეხება სტილს, სინტაქსს, პუნქტუაციას, ორთოგრაფიას: ძალიან ბევრ აბიტურიენტს ამ ამბებთან ახლოსაც არ გაუვლია. მე მაქვს ძალიან ზუსტი შეგრძნება იმისა, რომ ნებისმიერ ადამიანს ერთ თვეში ვასწავლი პუნქტუაციას და რატომ ვერ ხერხდება ეს ამბავი, ვერ გამიგია. როგორც ჩანს, აბიტურიენტთა მომზადების პრაქტიკას დაღი დაამჩნია შეფასების კრიტერიუმებმა. რეპეტიტორებმა დაინახეს, რომ მეხუთე კრიტერიუმზეა დამოუკიდებელი აზროვნება და ზოგადი განათლება და იფიქრეს, რადგან ასეა, ისე უნდა მოვამზადო, რომ ჩანდეს ერუდიცია – თუ ახსენა ალექსანდრე მაკედონელი, ნიცშე ან შოპენჰაუერი, გამსწორებელი იფიქრებს, რომ აბიტურიენტი ძალიან განათლებულიაო, მაგრამ შოპენჰაუერი და ნიცშე ისეთ კონტექსტში მაინც უნდა ახსენო, რომ რამე შეხება ჰქონდეს ამ ამბავთან. არ არის აუცილებელი, ახსენო შოპენჰაუერი, თუ იმას ყვები, როგორ გახედნო ცხენი. როგორც ჩანს, რეპეტიტორთა ერთი ნაწილი უკვე გამზადებულ კლიშეებს ასწავლის ბავშვებს, ბავშვები კი ხანდახან და ხშირად ამ კლიშეებს არასწორ კონტექსტში იყენებენ და, ბუნებრივია, ეს ყველაფერი დამაფიქრებელია.

– თუ თქვენი შათაბეჭდილებებით ვიმსჯელებთ, სააპელაციო კომისიას აბიტურიენტებისთვის ქულები არ მოუმატებია?

– აბიტურიენტებს ქულები დააკლდათ და კიდეც მოემატათ. იყო რამდენიმე ნაწერი, თუმცა საკმაოდ იშვიათი, რომელიც საკმაოდ არაადეკვატურად იყო შეფასებული: დაბალი ქულა ეწერა. დიდთაგან დიდ შემთხვევაში ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც გამსწორებლები მიიჩნევდნენ, რომ ნაწერი არაადეკვატურია და არ უპასუხებს დავალებას. ასეთ შემთხვევაში ნაწერი არ სწორდება და იწერება ნული ქულა. იყო შემთხვევები, რომ ასეთ ნაწერებში ჩვენ დავწერეთ 10-12 და ზოგჯერ მეტი ქულაც. აპელაციაც ამისთვისაა, რომ ასეთი შემთხვევები გამოირიცხოს, რადგან შეფასების ძალიან ძლიერი სისტემაა, კრიტერიუმები მკაფიო და ნათელია. ნაწერს ასწორებს პირველი გამსწორებელი, შემდეგ – მეორე, თუ მათი შეფასებები არ ემთხვევა ერთმანეთს, ერთვება მესამე გამსწორებელი და, თუ აქაც რამე გაძვრა, შემდეგ აპელაცია ამას უსათუოდ ასწორებს. ძალიან კარგია, რომ თქვენ დაინტერესდით ამ პრობლემით, იმიტომ რომ ეს უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. ძალიან კარგია, თუ ამ თემაზე იქნება სტატიები, ტელევიზიაში გავა გადაცემები, მაგრამ ეს უნდა იყოს ხშირად, რადგან ჩვენ, ქართველებს, გვაქვს ერთი თვისება, რაღაც მაგრად არ მოგვეწონება, მაგრამ, ასევე, მაგრად გვავიწყდება ერთ კვირაში, თუ უფრო ადრე არა.

– წლიდან წლამდე უარესდება ჩვენი აზროვნების მდგომარეობა, თუ, როგორც ექიმები ამბობენ, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა?

– ამ პროცესს არ აქვს ერთსახოვანი ახსნა. მე პირველად მიმიწვიეს სააპელაციო კომისიაში, მაგრამ ამას ყოველდღე ვუყურებ სკოლაში. მასას რაც შეეხება: მეჩვენება, რომ უარესობისკენ მიდის. განათლებული ადამიანები ადრეც იყვნენ და ახლაც არიან. განათლებისკენ წრაფვას ვერაფერი შეცვლის, რაც გინდა, ხელი შეუშალე. აი, მასობრივი მომზადების დონეს კი სერიოზული სირთულეები აქვს. ჩემი ფიქრით, ამის ერთი და არა ერთადერთი მიზეზი ის არის, რომ ბოლო წლებში გადამწყვეტი აქცენტი გაკეთდა უნარების განვითარებაზე.

– როგორც ბატონი ივანე კიღურაძე ამბობს, მარიფათიანი თაობის გამოსაყვანად.

– რაც თავისთავად მნიშვნელოვანია. უნარების განვითარება არის ძალიან დიდი პედაგოგიური ამოცანა, მაგრამ რა მოხდა, იცით? დისკუსია მქონდა იმ ადამიანებთან, რომლებიც იცავდნენ აზრს, რომ უნარების განვითარება უმთავრესია. ისინი ამბობდნენ, მე კითხვის, აღქმის, აზროვნების უნარს გავავითარებ არა აუცილებლად „ვეფხისტყაოსნით“ ან „დავითიანით“, ან ლექსით „ჩემო კარგო ქვეყანავ“, არამედ ნებისმიერი სხვა მასალით. რატომ არ შემიძლია, განვავითარო ეს ბალზაკის ან ჰემინგუეის მოთხრობებით, ან რომელიმე საგაზეთო წერილების სერიით?! მაგრამ ჩვენ ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ საშუალება და ღირებულება. მე, მაგალითად, ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ამოვიდეთ იქიდან, თუ ვის ზრდის საქართველოს საგანმანთლებლო სისტემა.

– ო, ამ კითხვაზე პასუხი მგონი, არავის აქვს.

– მე მაქვს პასუხი.

– ალბათ, ვინ უნდა გაზარდოს, იმაზე გაქვთ პასუხი?

– რამდენიმე წლის წინათ სპეციალური წერილიც გამოვაქვეყნე და ახლაც ამ აზრზე ვართ: ჩვენთვის არის არსებითი, გავზარდოთ ქართველი, რომელიც იქნება ღირსეული პარტნიორი ოცდამეერთე საუკუნეში. ეს საუკუნე ძალიან რთული საუკუნეა. მართალია, შესაძლებლობების თვალსაზრისით, უკიდეგანოა, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს არის ძალიან დიდი კონკურენციის საუკუნე და უთუოდ მოკლავს, დაჩაგრავს უვიც საზოგადოებას. ამიტომ მიზნად უნდა დავისახოთ, რომ კონკურენტუნარიანები ვიყოთ და ჩვენი თავი არ დავკარგოთ. ახალს არაფერს მოგახსენებთ. ქართველს აყალიბებს ცოდნა „ვეფხისტყაოსნის“, გურამიშვილის, ილიას, აკაკის, ვაჟა-ფშაველასი. ქართული ღირებულებები ამ ადამიანებმა ხან შექმნეს, ხან განავრცეს, ხან ახალ სიმაღლეზე აიყვანეს. ამიტომ „ვეფხისტყაოსანი“ ჩემთვის უნარების განვითარების საშუალება კი არ არის მხოლოდ, არამედ ეს არის ღირებულება, რომელთანაც პატარა ქართველი უნდა მიიყვანო და მან ის უნდა შეიგრძნოს თავისი არსების ყველა ატომით. თუ ამას შეცვლი და იტყვი, რომ სხვა რაღაცითაც შეიძლება ამის გაკეთება, რა თქმა უნდა, უნარები შეიძლება, განუვითარო, მაგრამ ქართველად ვერ გაზრდი. ამიტომ, აქცენტი რაკიღა უნარების განვითარებაზე გადავიდა, ყურადღება დააკლდა საკუთრივ ამ ლიტერატურის შესწავლას.

– და ვითომ გადავიდა აქცენტი უნარების განვითარებაზე?

– ფორმალურად გადავიდა.

– შემთხვევით არ ახსენებდით, „ვეფხისტყაოსანს“ რამე ემუქრება? პირადად მე, როდესაც ბ-ნი გვარამია იყო მინისტრი, მასთან ინტერვიუს შემდეგ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ რაღაცას უპირებენ?

– არაფერი მსმენია ამის თაობაზე და ვერც წარმომიდგენია, რა უნდა დაუპირო „ვეფხისტყაოსანს“?! ერთი ისაა, რაც უნდა დაუპირო, მაინც ვერაფერს დააკლებ.

– ეგ, რა თქმა უნდა, მომავალ თაობას რას უპირებენ-მეთქი „უვეფხისტყაოსნოდ“, ეს ვიგულისხმე?

– პრობლემა არის ძალიან კომპლექსური. მე ვხედავ ფაქტს, რომ ბავშვებს არ უყვართ „ვეფხისტყაოსანი“, იმიტომ რომ ეს არის აუცილებლობის წესით მოტანილი რამ და ადამიანებს, საერთოდ, არ უყვართ, როდესაც რაღაც აუცილებლად არის გასაკეთებელი, თუმცა ეს არ არის მთავარი. მეორე, არის მასწავლებელთა კომპეტენციის პრობლემა. „ვეფხისტყაოსანი“ არის უკიდურესად საინტერესო ამბავი. შემიძლია, ერთ სტროფზე ორ კვირას ვილაპარაკო ისე, რომ საინტერესოობის სიმაღლიდან არ ჩამოვიდე, ოღონდ ეს ჩემი კი არა, „ვეფხისტყაოსნის“ ღირსებაა. ადამიანს უბრალოდ უნდა შეეძლოს ამის დანახვა და, თუ მასწავლებელზეა ლაპარაკი, სხვებთან მიტანა. როგორ შეიძლება, „ვეფხისტყაოსნით“ ვერ დააინტერესო ადამიანი?! არადა ეს ხშირად ხდება და სწორედ ეს არის უმთავრესი პრობლემა.

P. S. ბუნებრივია, ჩვენ არ ვიცით, მოხსნის თუ არა ზემომოყვანილ პრობლემებს მასწავლებელთა სერტიფიცირება, მიუხედავად იმისა, რომ სასერტიფიკაციო გამოცდები უკვე ჩატარდა და მონაწილეობა 10 000-მდე პედაგოგმაც მიიღო. ერთი ისაა, რომ მათგან მხოლოდ მეათედმა მოახერხა საკუთარ საგანში კომპეტენციის ზღვრის გადალახვა. რაკი ჩვენი საუბრის თემა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაა და გულიც გვარიანად მოგვიკვდა, როდესაც ახლოს გავეცანით ჩვენი აბიტურიენტების ცოდნას მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში, გადავხედოთ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების (აგრეთვე, მასწავლებლობის მსურველთა) „მარგალიტებს“, რომლებიც ერთმა მადლიანმა ქალბატონმა სოციალური ქსელით გაავრცელა. სახელდობრ, ერთ-ერთი პედაგოგი არჩევს წინადადებას „დაჭრილი ლომი ღრიალებს“ და ასკვნის, რომ ლომი ქვემდებარული დამოკიდებული წინადადებაა; მეორეს მიაჩნია, რომ ღამე „მგზავრის წერილებში“ არის ბნელი ადგილი“; მესამე უფრო შორს მიდის: „ღამით იწყება ბრძოლის უნარის შერწყმა ადამიანურ მეში“, მეოთხეს მიაჩნია, რომ „შემოღამება შემოქმედთა საბოლოო ადგილის სიმბოლოა“. მეტიც, „მთაწმინდაზე წმიდანი ადამიანები განისვენებენ და ტკბებიან მთაწმინდის ღამით, ზემოდან გადასცქერიან თავის ქვეყანას“; „ვიცით, რომ ახალგაზრდა ბარათაშვილს სულიერად შემოუღამდა, მას ამ დროს თანაუგრძნობს თავისი მეგობარი მთაწმინდა“; „ღამეს ბარათაშვილის ნაწარმოებში აქვს მეგობრის სახე, როგორც ქალი მოხუც მამას ეალერსება“; „1959 წელს მოხდა კახეთის აჯანყება. ეს თავისებურად მნიშვნელოვანია. შაჰ-აბასმა დაიპყრო კახეთი. ცუდ მდგომარეობაშია კახეთი“; „ზმნისწინის გაყოფა და მასში ასოს მოქცევა არ შეიძლება;“ „იაკობ ცურტაველის ერთ-ერთი ძირითადი თავისებურებაა, რომ იგი უძველესი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებია“; „მუცალი ალუდამ მოკვლამდე იცნო, სიზმარში ჰყავდა ნანახი და ამიტომ მისი მტერი არ იქნებოდა“; „სიმბოლიზმი ძნელად შესაცნობია, თითქმის შეუცნობელია მისი შეცნობა“; „სიმბოლისტებს გულზე დასობილი ჰქონდათ მიხაკები“ და ასე შემდეგ.

აქვე მოვიტან, ასევე, სოციალური ქსელით გავრცელებულ კიდევ ერთ ინფორმაციას: ერთ-ერთ მინისტრს (განზრახ არ ვასახელებ მის ვინაობას, რადგან უზადო ქართულის ფლობას ვერც ერთ მათგანს ვერ დავწამებთ) ამას წინათ, თურმე, თანამშრომლებისთვის, არც მეტი, არც ნაკლები, შემდეგი შინაარსის წერილი მიუწერია: „ეროვნულ სააგონტოს? 2-3 ივლისს ბაქოს დღევები ემთხვევა თუ არა ჩემ ვიზიტს“. ბუნებრივია, ჩვენ ვერ დავდებთ თავს ინფორმაციის სანდოობაზე, მაგრამ მას, ვისაც ერთხელ მაინც მოუსმენია ამ კონკრეტული მინისტრის საჯარო გამოსვლისთვის, სტილი, უდავოდ, ეცნობოდა (ბოლოს და ბოლოს, ჩვენმა ერთ-ერთმა განათლების მინისტრმა „ბავშვის“ წერა არ იცოდა). ამ ტრაგიკული ლოგიკით, კი ვითომ შეუშლის ხელს აბიტურიენტს კარიერულ წინსვლაში ის ნიუანსი, რომ გრიგოლ ღვთისმეტყველი გრიგოლ ღვთისმშობელი ჰგონია?!


скачать dle 11.3