პოლიტიკური კალეიდოსკოპი
პრინც უილიამს დაქორწინებას აძალებენ
დიდი ბრიტანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრის, პრინც უილიამის ბიძამ – საქსონიის ჰერცოგმა პრინცმა ჯულიუს ედვარდ ფონ ანგალტმა ფარდა ახადა თავისი ნათესავისა და მისი გერლფრენდის – ქეით მიდლტონის პირადი ცხოვრების რამდენიმე ფაქტს. კერძოდ, ჰერცოგის განცხადებით, სულ მალე წყვილი ნიშნობის თარიღს გამოაცხადებს, ხოლო 2011 წლის გაზაფხულ-ზაფხულში შედგება ქორწინების ცერემონიალი. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ამ ყველაფრის ინიციატორი ქეით მიდლტონია, რომელმაც ულტიმატუმი წაუყენა პრინცს, ან ვქორწინდებით, ან ვშორდებითო.
ბერლუსკონის მეუღლე განქორწინების პირობებით უკმაყოფილოა
იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი და მისი კანონიერი მეუღლე ვერონიკა ლარიო განქორწინების პირობებზე ვერ თანხმდებიან. ამა წლის მაისში მიღებული პირობებით, თავდაპირველად, ორივე მხარე იყო კმაყოფილი, თუმცა ახლახან ლარიომ ახალი პრეტენზიები წაუყენა დონ სილვიოს. ცნობილია, რომ ლარიო თანახმაა, მიიღოს 7 მილიონი ევრო კომპენსაციის სახით. ასევე, სილვიო ბერლუსკონი ვალდებულია, ყოველთვიურად ყოფილ მეუღლეს გადაუხადოს 300 ათასი ევრო. მას ასევე უფლება აქვს მილანის ახლო მდებარე ვილა ბელვედერეში ყოველწლიურად დროის გარკვეული პერიოდი გაატაროს. ამჯერად კი, კამათის საგანი ბერლუსკონის კომპანიის „ფინინვესტის“ წილებია. ლარიო უკმაყოფილოა, რომ მის შვილებს – 25 წლის ბარბარას, 23 წლის ელეონორას და 21 წლის ლუიჯის, კომპანიის მხოლოდ 7,5 პროცენტი ერგება თითოეულს, მაშინ, როდესაც სილვიოს შვილები პირველი ქორწინებიდან, მაღალ თანამდებობებს იკავებენ ბერლუსკონის კომპანიაში.
პუტინმა წიგნების წერა დაიწყო
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა ბორის ელცინისადმი მიძღვნილი წიგნისთვის, სერიიდან „გამორჩეული ადამიანების ცხოვრება“, შესავალი დაწერა. თავის ნაწერში, პუტინი ხაზს უსვამს ელცინის მიერ განხორციელებულ უზარმაზარ შრომას, რომელიც მან რუსეთისთვის გასწია. პუტინის სიტყვებით, ელცინი იმდენად გრანდიოზული ადამიანი იყო, მისი სიდიადის აღქმა წლების შემდეგ გახდება შესაძლებელი. ასევე პუტინმა ელცინის პრეზიდენტობის უკანასკნელი დღეც გაიხსენა, „მაშინ როდესაც ბორის ნიკოლაევიჩი კაბინეტს ტოვებდა, მან მხოლოდ ერთი ფრაზა მითხრა: „გაუფრთხილდი რუსეთს.“
გერმანელი პოლიტიკოსი საკუთარ თირკმელს მეუღლეს აძლევს
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი წლის ბოლომდე პოლიტიკისგან დაისვენებს. „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ფრაქციის თავმჯდომარე გერმანულ ბუნდესტაგში – შტანმაიერი, ახლო მომავალში საკუთარ თირკმელს თავის მეუღლეს, ქირურგების დახმარებით, გადაუნერგავს. შტაინმაიერის მეუღლე ბოლო რამდენიმე წელია, თირკმლების უკმარისობისგან იტანჯება. 2010 წლის დასაწყისში კი მისი მდგომარეობა დამძიმდა. აუცილებელი გახდა ახალი თირკმლის ტრანსპლანტაცია. რადგან ტრანსპლანტაციისთვის საჭირო თირკლმის მოძიება დიდ დროს მოითხოვს, ყოფილმა მინისტრმა მზადყოფნა განაცხადა, თავისი თირკმელი მეუღლეს გადაუნერგოს. ოპერაცია ახლო მომავალში ჩატარდება, ხოლო შტაინმაიერი წლის ბოლომდე ჯანმრთელობის გაუარესებისგან თავის დაცვის მიზნით პოლიტიკისგან დაისვენებს.
ჯიმი კარტერი ამერიკელი ტყვის გასათავისუფლებლად გაემგზავრა
ბილ ქლინთონის მსგავსად, რომელმაც ჩრდილოკორეული ტყვეობიდან ამერიკის ორი მოქალაქე დაიხსნა, ამერიკის კიდევ ერთი ექს-პრეზიდენტი, ჯიმი კარტერი იგივე მისიით ეწვია ფხენიანს. კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში, 2010 წლის იანვრის შემდეგ დაკავებულია და რვაწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საკონცენტრაციო ბანაკში, ამერიკის მოქალაქეს აიჰალონ მალი გომესს, რომელიც ჩინეთისა და სამხრეთ კორეის საზღვარზე დააკავეს ჩრდილოკორეელმა მესაზღვრეებმა. ფხენიანში ჯიმი კარტერი მეუღლესთან ერთად ჩავიდა.