კვერდაკრულები
მთავრობის სხდომის ადგილი შეცვლილია
სოფლის მეურნეობის ჩვენებური მინისტრი ორიოდე კვირის წინათვე დაგვპირდა, რომ პურზე ფასები გაიზრდებოდა. თუმცა საქმეში თვით ყველაზე ჩაუხედავი ადამიანისთვისაც კი აშკარა იყო, რომ ეს სწორედ ასე მოხდებოდა. მას მხარი ქართულმა ელმედიამაც აუბა, თითქოს პურის საყიდლად მისული მოსახლეობა ვერ მიხვდებოდა, რომ პურს უფრო ძვირად ყიდულობს. ინფორმაციას ლაიტმოტივად გასდევდა, რომ პურზე ფასების მატების მიზეზი რფ-ის მიერ ხორბლის ექსპორტის აკრძალვაა. ასეა თუ ისე, მთავრობა გვაჯერებს, რომ არც პურზე ფასების სპეკულაციურ ზრდას დაუშვებს (სხვათა შორის, იმავეს არწმუნებს რფ-ის ხელისუფლება თავის მოსახლეობას) და არც პანიკას, რადგან ხორბლის საკმარისი მარაგები არსებობს (ოღონდ აი, სად არსებობს, იმას კი აღარ აკონკრეტებს).
შესაძლოა, ხორბლის საკმარისი მარაგები, მართლაც, არსებობდეს, თუმცა მხოლოდ პური არ გაძვირებულა, ფასებმა პირველადი მოხმარების თითქმის ყველა პროდუქტზე მოიმატა და ამაში დასარწმუნებლად მარკეტებისა და ბაზრების შემოვლაც სავსებით საკმარისია (ისიცაა, რომ ფასების ზრდას გარე ვაჭრობის აკრძალვაც შეეშველა). ამ მიზნით გასულ კვირას პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და სოფლის მეურნეობის მინისტრი თბილისის ერთ-ერთ მარკეტს ესტუმრნენ (ბუნებრივია, მაშინ, როდესაც იქ არც ერთი მყიდველი არ ყოფილა) და შეიძინეს: პური, შაქარი, ზეთი და წიწიბურა, შესაბამისად, „აღმოაჩინეს“, რომ ინფორმაცია ფასების ზრდის შესახებ გადაჭარბებული ყოფილა. მათ კვერი მარკეტის გამყიდველმაც დაუკრა და ზემოჩამოთვლილ მხოლოდ სამ პროდუქტზე აღიარა ფასების 10-20 თეთრით მატება. ამის მიუხედავადაც, პრეზიდენტმა სახელდახელოდ გამართულ მთავრობის მინი-სხდომაზე თანმხლებ ორ ქვეშევრდომს დაავალა, რომ არც ფასების მომატება დაუშვან და არც მხოლოდ ერთ მომწოდებელზე იყვნენ ჩამოკიდებული. ამ უკანასკნელებმა (ბ-ნებმა გილაურმა და კვეზერელმა) უპატაკეს, ვცდილობთ, რომ ფასების ზრდა მტკივნეულად არ აისახოს მოსახლეობაზეო. ბუნებრივია, ჩვენ არაფერი ვიცით მათი მცდელობების შესახებ, სამაგიეროდ, სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოში ყოველწლიურად 300 000-400 000 ჰექტარი მიწა დაუმუშავებელია. აი, იმაზე რომ ხორბალს თესავდნენ, არა მხოლოდ იაფად გამოვიკვებებოდით (მით უფრო, რომ პური კვლავაც ძირითადი პროდუქტია ღარიბი საქართველოს ღარიბი მოსახლეობის სუფრაზე), იქნებ რფ-ს ხანძრებზე ხელიც მოგვეთბო.