როგორ მიატოვა მშობელმა დედამ შვილი და ვინ ეძებს დას ხაბაროვსკში
20 წლის ლია ფეიქრიშვილი ვეფხოს ასული ეძებს დაახლოებით 37-40 წლის ირინა მასლოვას და 18 წლის ეკატერინე ფეიქრიშვილს.
ისტორია: ვეძებ დედაჩემს, დაახლოებით 40 წლის ირინა მასლოვას და ჩემს დაიკოს 18 წლის ეკატერინე ფეიქრიშვილს. დედაჩემი ეროვნებით რუსია, ხაბაროვსკში ცხოვრობდა და იქ გაიცნო მამაჩემი ვეფხო ფეიქრიშვილი. მათი სიყვარულის შედეგად მე გავჩნდი. წლინახევრის ვიყავი, როდესაც დედამ მიმატოვა და რუსეთში დაბრუნდა. მის შემდეგ მე ის აღარ მინახავს, ძალიან მინდა მისი და ჩემი დაიკოს მოძებნა.
– ლია, რამ დაგაშორათ ერთმანეთს დედა-შვილი, რა იყო იმის მიზეზი, რომ დედამ პირველი შვილი, ასეთ პატარა ასაკში მიგატოვა?
– დედაჩემმა და მამაჩემმა ერთმანეთი ხაბაროვსკში გაიცნეს 1987 წელს. მამაჩემი იქ ჯარში მსახურობდა და იქიდან ჩამოიყვანა დედაჩემი. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ. მაშინ დედა ახალგაზრდა იყო, რამდენადაც ვიცი, 17 წლის. 1989 წელს მე დავიბადე. მოხდა ისე, რომ დედა ვერ შეეგუა აქაურ ომს. ქალაქში ცხოვრებას იყო შეჩვეული და ყოველთვის თავის სამშობლოში უნდოდა დაბრუნება. მამა ამაზე ვერ დაითანხმა და ამის გამო წლინახევრის ასაკში მიმატოვა. მე მამასთან დავრჩი, ის კი წავიდა. სამი წლის ვიყავი, როდესაც მამა გარდამეცვალა და ბებიამ და ბაბუამ გამზარდეს. დედაჩემი ორსულად იყო, როდესაც საქართველოდან წავიდა. ვიცი, რომ დაიკო გამიჩნდა, რომელსაც ეკატერინე დაარქვეს. ამჟამად ეკატერინე 18 წლის უნდა იყოს. იგი ჩემზე 2 წლით უმცროსია. ძალიან მინდა ჩემი დის პოვნა.
– ამდენი წლის განმავლობაში დედაშენს თუ დაურეკავს ან მოუკითხიხარ? საერთოდ თუ უნახავხარ როდისმე, მას შემდეგ, რაც საქართველოდან წავიდა?
– დედას არ მოვუკითხივარ და არც საქართველოში ჩამოსულა მას შემდეგ, მაგრამ მე მაინც მინდა მისი პოვნა. ის ჩემი მშობელია და თავადაც უკვე მშობელი გავხდი, ამიტომ არ მესმის ასე რატომ მოიქცა. მაგრამ, მაინც ვპატიობ. ჩემი დაიკო მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი. მამამ ჩამიყვანა დედასთან. მაგრამ, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი – 2 წლის და არც მახსოვს ნორმალურად არაფერი. მამისგან გადმოცემით ვიცი, რომ მე და ჩემი და ვგავართ ერთმანეთს. მამაჩემმა ჩემს დას თავისი გვარიც მისცა, სახელის დარქმევაზე კი იკამათეს. დედაჩემს უნდოდა ნატაშა რომ დაერქმია, მამას კი – ეკატერინე, ბოლოს გოგონას ეკატერინე დაარქვეს. არ ვიცი, შეიძლება დედაჩემი ამჟამად გათხოვილიც არის, იმასაც ვფიქრობ, ხანდახან, ნეტავ ჩემმა დამ თუ იცის საქართველოში და რომ ჰყავს.
– გამოდის, შენ ყველაფერს პატიობ დედაშენს და ასეთი მონდომებით ეძებ. როგორ ფიქრობ, მას რა რეაქცია ექნება, როდესაც გაიგებს, რომ შენ მას ყველაფერი აპატიე. შვილის მიტოვება ხომ პატარა ამბავი არაა, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში დაგტოვა.
– ვფიქრობ, გაუხარდება. რაც არ უნდა მომხდარიყო, მე ხომ მისი პირველი შვილი ვარ. მან მე ცხრა თვის განმავლობაში მუცლით მატარა. ვერ დავიჯერებ, რომ დედობრივი ინსტინქტი არ გააჩნია და ის მაინც არ აინტერესებს თუ როგორი გავხდი, ან როგორ ამეწყო ცხოვრება. შეიძლება, ამჟამად სხვა შვილებიც ჰყავს. მე მათაც გავიცნობდი დიდი სიხარულით. იმ შემთხვევაში კი, თუ აღმოჩნდება, რომ მას ჩემთან შეხვედრა არ სურს, ჩემი დის პოვნა მაინც მინდა და სრული უფლებაც გვაქვს იმისა, ერთმანეთს ვიცნობდეთ. მთელი ჩემი ცხოვრება ამაზე ვოცნებობ, რომ დადგება დღე და მე დედას ვიპოვი, გავიგებ მის ხმას, გულში ჩავიხუტებ და ყველა შეკითხვაზე პასუხს მივიღებ.
– დედის შესახებ კიდევ რა იცი, რამაც შეიძლება, ხელი შეგვიწყოს მის მოძებნაში?
– ყველაფერი, მის შესახებ, ჩემი ნათესავების გადმოცემით ვიცი, რადგან როგორც გითხარით, მე მაშინ პატარა ვიყავი და რა თქმა უნდა, პირადად მე არაფერი მახსოვს, ვიცი, რომ 1989 წელს გამაჩინა, ხაბაროვსკიდან იყო და საქართველოში პირველად ჩამოვიდა დუშეთის რაიონში, სოფელ ჭილურტში. სხვათა შორის ის დიდი ხნის განმავლობაში სთხოვდა მამას, რომ წასულიყვნენ რუსეთში. შემდეგ კი მას წასვლა გადააწყვეტინა ჩვენს სოფელში გამოთხოვილმა რუსმა ქალმა, რომელმაც შეძლო და თავისი ქმარი თან წაიყვანა, შემდეგ კი დედაჩემსაც უკიჟინებდა წასვლას, ისინი ერთმანეთთან მეგობრობდნენ და დედაც აჰყვა იმ ქალს, დაუჯერა და ოჯახი დაანგრია. ხაბაროვსკში იგი ქალაქ სუსანიაში ცხოვრობდა – სახლი ¹63, ოთახი ¹185. ეს არის ერთადერთი მონაცემი, რაც შეიძლება მის პოვნაში დაგეხმაროთ. მეტი ინფორმაცია მე არ გამაჩნია. სამწუხაროდ, მე მატერიალური მდგომარეობის გამო, ვერ ვახერხებ დამოუკიდებლად იქ ჩასვლას და მის მოძებნას. ამიტომ, თქვენზე ვამყარებ დიდ იმედს, ძალიან სასიკეთო საქმიანობას ეწევით, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი.
თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.
ნატალია მახარაშვილი