რა სახით მრავლდება ძაღლებში ვენერიული სარკომა და დაცულია თუ არა ამ დროს დაავადებული დედისგან ახალშობილი ლეკვი
ზაქრო ბაჯიაშვილი: ვენერიულ დაავადებებს მიეკუთვნება ისეთი დაავადებების ჯგუფი, რომელიც სქესობრივი გზით გადადის. ცხოველებში აღნიშნული დაავადებები ოცამდეა, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა სახის აღმძვრელებით, მაგალითად: ბაქტერიებით, ვირუსებით, უმარტივესი ორგანიზმებით და ასე შემდეგ. მათ აერთიანებთ ინფექციის გადაცემის საერთო თავისებურება, ანუ გავრცელება სქესობრივი გზით. დაავადებების გადაცემა ხდება შეჯვარების დროს.
– უფრო ზუსტად რა და რა სახის დაავადებებზეა ლაპარაკი?
– ეს არის ტრანსმისიული ვენერიული სარკომა. გონოკოკური ურეთრიტი ანუ, უბრალოდ რომ ვთქვათ, გონორეა. გონორეა გადადის მხოლოდ შეჯვარებისას და ანთებითი პროცესი იწყება მეორე დღიდანვე, რომელიც ხასიათდება მტკივნეული და გახშირებული შარდვით. ასევე ქლამიდიოზი, რომელიც გონორეას ჰგავს, მაგრამ ის გამოწვეულია სხვა სახის მიკროორგანიზმებით. ქლამიდიებით დაავადება ვითარდება 3-5 დღეში შეჯვარებიდან.
– კიდევ რა ბაქტერიული ინფექციებია საშიში ძაღლისთვის?
– როგორც ხვადისთვის, ასევე ძუსა და ლეკვებისთვის ძალიან საშიშია შემდეგი ბაქტერიული ინფექციები: სტაფილოკოკოზი, სტრეპტოკოკოზი, ეშერიქიოზი და ბრუცელოზი.
– ტრანსმისიული ვენერიული სარკომა ახსენეთ და საინტერესოა, ხვადებში უფრო ხშირად გვხვდება ის თუ ძუებში?
– ტრანსმისიული ვენერიული სარკომა გვხვდება როგორც ხვადებში, ასევე ძუებში. სარკომა განლაგებულია სასქესო ორგანოების ლორწოვან გარსზე. დაავადების გადაცემა ხდება ძირითადად სქესობრივი გზით. სქესობრივი აქტის დროს სიმსივნური უჯრედები წყდება სიმსივნურ ქსოვილს და პარტნიორის სასქესო ორგანოს ლორწოვან გარსს ეწებება. ვენერიული სარკომა არ იძლევა მეტასტაზებს, მაგრამ ის შეიძლება, გამრავლდეს პირის, თვალისა და ცხვირის ლორწოვან გარსებზე.
– ეგ როგორ?
– როდესაც ძაღლი სიმსივნეს ილოკავს, მას მექანიკურად გადააქვს სიმსივნის უჯრედები.
– როგორია ვენერიული სარკომის საწყისი სიმპტომები?
– ვენერიული სარკომის პირველი სიმპტომებია სისხლიანი გამონადენი სასქესო ორგანოებიდან. სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსის დათვალიერებისას, შეინიშნება მრავლობითი, მკვრივი სისხლიანი წარმონაქმნი, რომლის ზედაპირი ვიზუალურად ძალიან ჰგავს ყვავილოვან კომბოსტოს. ტრანსმისიული ვენერიული სარკომა საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც, თავისთავად, არ შეიძლება, წარმოიშვას. მისი გადაცემა აუცილებლად სქესობრივი კონტაქტის გზით ხდება დაავადებული ცხოველისგან. სწორედ აქედან მოდის ამ დაავადების სახელწოდება ვენერიული სარკომა.
ვენერიული სარკომისთვის დამახასიათებელია, რომ ის გადაეცემა სქესობრივი კონტაქტის დროს, ანუ შეჯვარებისას. ასევე სასქესო ორგანოს ალოკვის შედეგად გადასცემს ძუ მას ლეკვებს მშობიარობისას. დიდ როლს თამაშობენ ვენერიული სარკომის გავრცელებაში უპატრონო, მაწანწალა ძაღლები. მათ აღნიშნული პათოლოგიის ბუნებრივ რეზერვუარად მიიჩნევენ. პატრონიანი ძაღლები ავადდებიან მათთან შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტის დროს, როცა ისინი სახლიდან გარბიან ,,სიყვარულის საძებნელად.” დაავადების ძირითადი ნიშანია სისხლიანი გამონადენი სასქესო ორგანოდან, რაც ხშირად ძუს პატრონს სქესობრივი ციკლი ჰგონია. სისხლიანი გამონადენი ასევე ახასიათებს სხვა დაავადებებსაც – მაგალითად, ძუებში პიომეტრიას, ხოლო ხვადებში პროსტატიტს. ვენერიული სარკომა იწვევს მუდმივ სისხლდენას და შეიძლება, სიმსივნის ნაწილიც გამოჰყვეს გამონადენს, რომელიც მუქი წითელი ფერისაა და ხორკლიანი ზედაპირი აქვს.
– პროფილაქტიკისთვის თუ არის რაიმე ზომები შემუშავებული?
– ვენერიული სარკომის გავრცელების ძირითადი პროფილაქტიკაა, ის რომ არ უნდა დავუშვათ დაუგეგმავი შეჯვარება და განსაკუთრებით მოვარიდოთ ჩვენი ძაღლი ქუჩის მაწანწალა ცხოველებს.
ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების გამოვლენისას აუცილებლად უნდა მიიყვანოთ ცხოველი ვეტერინართან, რომელიც გამოიკვლევს მას და დასვამს დიაგნოზს. დიაგნოზის დასმის შემდეგ კი, მკურნალობას დანიშნავს. მკურნალობა, როგორც წესი, უმრავლეს შემთხვევაში, ქირურგიულია.
– სტაფილოკოკოზის ყველაზე გავრცელებული ფორმა რომელია?
– რაც შეეხება სტაფილოკოკოზის ყველაზე გავრცელებულ ფორმას, სტაფილოკოკური გამონაყარია კანზე, რომელიც შეიძლება, კანის მთლიან საფარველზე გავრცელდეს. შეჯვარებისას თუ ერთ-ერთი პარტნიორი დასნებოვნებულია, შეიძლება გადაედოს მეორესაც. ამის შემდეგ კი ჩამოყალიბდეს სტაფილოკოკოზის კლინიკური სურათი, რაც კანის ქავილით და გამონაყარით ვლინდება. ასევეა სხვა სახის სტაფილოკოკური ინფექციების, ოტიტების, კონიუნქტივიტებისა და სასქესო ორგანოების სტაფილოკოკური იფექციების; პოსტიტების, ურეთრიტების, ვაგინიტებისა და ენდომეტრიტების დროს.
სქესობრივი გზით გადადის სტრეპტოკოკოზი, რომელზეც დიაგნოზი ისმება ლაბორატორიულად და იწვევს მეტად მძიმე ინფექციურ პროცესებს ორგანიზმში.
ეშერიქიოზი გადადის სქესობრივი გზით და იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მძიმე ინფექციებს. მიმდინარეობს ძლიერი ფაღარათით, შეიძლება იყოს სისხლიანიც და მძიმე ინტოქსიკაციით. რაც შეეხება ბრუცელოზს, მძიმე ინფექციური დაავადებაა, რომელიც საკმაოდ რთულად მიმდინარეობს და აზიანებს სხვადასხვა სისტემებსა და ორგანოებს, იწვევს აბორტებს, მეტრიქებს და ორქიტებს.