რატომ შესთავაზა ირანის შაჰმა ვარსქენ პიტიახშს თავის ქალიშვილზე დაქორწინება და რა ვერ გათვალა ვარსქენმა
ბონდო კუპატაძე: როგორც „ქართლის ცხოვრება“ აღნიშნავს, ვარსქენ პიტიახში გახლდათ წარჩინებული გვარის წარმომადგენელი. ის იყო ქვემო ქართლის მმართველი.
– ეროვნებით ქართველი?
– დიახ, ქართველი. ვარსქენი გახლდათ ერისთავთ ერისთავი. ის ტერიტორია, რომელსაც იგი განაგებდა იმხანად, მუდმივი დაპირისპირების საგანი იყო ქართლისა და სომხეთის სამეფოებს შორის. სომხეთის სახელმწიფოს ძლიერების ხანაში ამ ტერიტორიების მიტაცება ხდებოდა ხოლმე სომხეთის მეფეების მიერ, ამასთან, ამ რეგიონში, საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით, უფრო იგრძნობოდა დიდი იმპერიების, განსაკუთრებით – ირანის გავლენა. მეოთხე-მეექვსე საუკუნეები რთული პერიოდია, როდესაც სასანიანთა ირანმა გააძლიერა თავისი დაპყრობითი პოლიტიკა.
428 წელს ირანმა შეძლო მეფობის გაუქმება სომხეთში. ამის შემდეგ უკვე საფრთხის წინაშე დგება კავკასიის სხვა პოლიტიკური ერთეულები, კერძოდ, ალბანეთი, ქართლი. ირანი ცდილობს, ქართლსა და ალბანეთში გამოიწვიოს შიდა დაპირისპირება.
– როგორი იყო ირანელთა მიერ შემუშავებული დაპირისპირების ფორმა?
– იმხანად ხდება სხვადასხვა ქრისტიანულ მიმდინარეობას შორის დაპირისპირება – მონოფიზიტობა და დიოფიზიტობა ებრძვის ერთმანეთს. შესაბამისად, ვინაიდან 451 წლის ქალკედონიის საეკლესიო კრების შემდეგ ბიზანტიაში გაბატონებული პოზიცია დაიკავა ქალკედონიტურმა, ანუ დიოფიზიტურმა რწმენამ, ირანმა მხარი დაუჭირა მონოფიზიტობას. სწორედ ამ ნიადაგზე ძლიერდება ქართლსა და ალბანეთშიც მონოფიზიტური ღვთისმსახურება. ისეთ სასაზღვრო რეგიონებში კი, როგორიცაა ქვემო ქართლი, რანი, მოვაკანი, კამბეჩოვანი, ირანი ცდილობს, თავისი სარწმუნოება, ანუ მაზდეანობაც გაავრცელოს.
– როგორ აისახება ეს პროცესები ქართლში?
– მეხუთე საუკუნის შუა ხანებში ქართლის სამეფოში საკმაოდ შესუსტებულია სამეფო ხელისუფლება. კერძოდ, მირდატ მეფის სიკვდილის შემდეგ, ქართლს, ფაქტობრივად, განაგებს, შეიძლება ითქვას, ირანელი დიდმოხელე ვარაზბორდი, რომელიც გახლავთ ვახტანგ გორგასლის პაპა. ამ დროს ვახტანგი მცირეწლოვანია და ქართლის სამეფოში ყველაფერი ვარაზბორდის კარნახით ხდება, ანუ, ის განაგებს ქართლის სამეფოს და ვახტანგის დედა იძულებულია, მამის მოთხოვნებს ანგარიში გაუწიოს. ირანის შაჰი ქართლში გზავნის მოგვებს.
– ვინ იყვნენ მოგვები და რა მისიით იგზავნებიან ისინი ქართლში?
– მოგვების ერთ-ერთი მეთაური გახლდათ ვინმე ბინქარან მაცდური, რომელიც ჩამოსულა ქართლში და აქ ცეცხლთაყვანისმცემლობის, ანუ მაზდეანობის ქადაგება დაუწყია. მოგვებს მცხეთაში აუშენებიათ საგზებელი, სადაც მაზდეანთა წმიდა ცეცხლი დაუნთიათ. ვინაიდან ქართლში დასუსტებული იყო სამეფო ხელისუფლება, ბუნებრივია, განაპირა მხარის ერისთავები (პიტიახშები) დაინტერესებულები იყვნენ თავიანთი მდგომარეობის შენარჩუნებით და ეძებდნენ „ძლიერთა ამა ქვეყნისათა“ მხარდაჭერას. ამ შემთხვევაში ვარსქენ პიტიახშიც არ არის გამონაკლისი. ის იმ კატეგორიის ხელისუფალია, რომელიც გავლენისა და მდგომარეობის შენარჩუნებისთვის მაზდეანობის მიღებაზეც კი თანახმაა. მეტიც, 467 წელს ის ჩადის პეროზ მეფესთან, იცვლის რჯულს და უთანხმდება მას, რომ ყველა თავის ქვეშევრდომს მაზდეანად მოაქცევს. ამ ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტის შესახებ იაკობ ხუცესის „შუშანიკის წამებაშიც” არის საუბარი. მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს ვახტანგი არ იმყოფება ქართლში.
– სად არის ამ დროს ვახტანგ გორგასალი?
– ვახტანგ გორგასალი მეფობის დასაწყისში იძულებულია, პეროზ მეფეს მაქსიმალურად გაუწიოს ანგარიში. ის მონაწილეობს პეროზის სამხედრო ლაშქრობებში ავღანეთსა და ინდოეთში. ვარსქენმა გადაწყვიტა, რომ, როდესაც ქართლში მეფე არ იმყოფება და ხელისუფლება სუსტია, უმჯობესია, უზენაეს მმართველად ირანის შაჰი აღიაროს, მისი კურსი დაიჭიროს და ამით შეინარჩუნოს იმ ტერიტორიის მფლობელობა, რომელსაც განაგებს. უნდა აღინიშნოს ის, რომ ვარსქენ პიტიახშს არა მარტო სახელმწიფოებრივი, არამედ, ოჯახური დრამაც ჰქონდა.
– კერძოდ?
– არ არის შემთხვევითი, რომ მისი მეუღლე შუშანიკი, აგრეთვე წარჩინებული საგვარეულოს – მამიკონიანთა წარმომადგენელია. ეს იყო ერთ-ერთი დიდი საგვარეულო სომხეთიდან. ამ დროს, მართალია, სომხეთში უკვე გაუქმებულია მეფობა, მაგრამ, მეფის ნაცვლად დიდი გვარები: არწრუნები, მამიკონიანები, გნუნები, რშტუნები და სხვანი წინა პლანზე არიან წამოწეულები და ცდილობენ სომხეთის დამოუკიდებლობის აღდგენას, მისი სახელმწიფოებრიობის აღორძინებას და, ბუნებრივია, ისინი უპირისპირდებიან ირანის შაჰს. დაპირისპირება ვარსქენსა და შუშანიკს შორის, არის არა მხოლოდ რელიგიური და ოჯახური დრამა, ეს არის პოლიტიკური კონფლიქტი. სამწუხაროდ, იაკობ ხუცესის ნაწარმოებში არ ჩანს ვახტანგ გორგასლის როლი.
– რა მოხდა, როდესაც ვახტანგ გორგასალი დაბრუნდა ქართლში?
– როდესაც გორგასალი დაბრუნდა ქართლში ირანის შაჰის სამხედრო ექსპედიციიდან 469 წლისთვის, მისი პოლიტიკა მიმართულია, ძირითადად, დასავლეთ მიწების ქართული ტერიტორიების შემოსამტკიცებლად, ცდილობს, ბიზანტიას ტერიტორიები წაართვას. იგი ანტიირანულ პოლიტიკას არ ახორციელებს 470-ანი წლების ბოლომდე. მხოლოდ ამის შემდეგ ცვლის თავის პოლიტიკურ კურსს, რასაც მოსდევს მისი დაპირისპირება ვარსქენთან.
– როგორ იქცევა ვარსქენი ამ სიტუაციაში?
– ირანის შაჰმა ვარსქენს თავის ქალიშვილზე დაქორწინება შესთავაზა, რაც განსაკუთრებით სასიამოვნო იყო მისთვის. ამის შემდეგ ვარსქენი წარჩინებული ხდება, მიღებული ირანის შაჰისგან და, აქედან გამომდინარე, მიაჩნია, რომ იგი ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ფიგურაა კავკასიაში, რომელსაც ვერავინ ვერაფერს ვეღარ გაუბედავს. სწორედ ესაა ვარსქენ პიტიახშის შეცდომა. მან ვერ გათვალა, რომ აქ მხოლოდ მის პოლიტიკურ ორიენტაციაზე არაა ლაპარაკი. მისი ასეთი მდგომარეობის შენარჩუნება ნიშნავდა იმას, რომ მთელი ქვემო ქართლი გადადიოდა ირანის უშუალო დაქვემდებარებაში და, ფაქტობრივად, ქართლის მეფე ვახტანგ გორგასალი, კარგავდა ტერიტორიას. „შუშანიკის წამებიდან” ვიცით, რომ ექვსი წელიწადი გრძელდებოდა შუშანიკის მოწამეობრივი ცხოვრება.
475 წელს აღესრულა შუშანიკ დედოფალი. ამით ვარსქენმა გადაიმტერა მამიკონიანთა გვარი და სხვა სომეხი წარჩინებულებიც. გორგასალიც ელოდება მხოლოდ და მხოლოდ შესაფერის მომენტს, რომ ეს მოღალატე სათანადოდ იქნეს დასჯილი.
– დადგა ეს მომენტი?
– რა თქმა უნდა. ეს მომენტი დადგა 482 წელს. ვახტანგის აჯანყება-დაპირისპირება ირანის შაჰთან იწყება მოღალატე ვარსქენის დასჯის აქტით. მეფე შეიჭრა ვარსქენის სამფლობელოში, შეიპყრო იგი და სიკვდილით დასაჯა.