შენ – სურვილით, ის – ტრადიციის კარნახით!
თქვა და გააკეთა! საკუთარი სიტყვის შესრულება ნებისმიერი ჭეშმარიტი მამაკაცის ღირსებაა. მაგრამ, თუ იტყვის და მერე ნათქვამის სისრულეში მოყვანას გაურკვეველი ვადით გადადებს, ეს არც ერთ ქალს არ მოსწონს. თუმცა, შესაძლოა, მიზეზი მართლაც ძალიან სერიოზული არსებობდეს. რა ხდება მაშინ, როცა საქმე ქორწინებას ეხება? ხშირ შემთხვევაში, მამაკაცს გადაწყვეტილება მიღებული აქვს, მაგრამ დროს მაინც წელავს, ან ცდილობს, გაწელოს. ლევ ტოლსტოიმ ერთხელ ერთ წვეულებაზე თქვა: „ოჯახი ზუსტად ისე უნდა შექმნა, როგორც სიკვდილის დროს ხდება, ანუ, მაშინ, როცა იმის იქით აღარაფერია!“ შეიძლება, აღშფოთდით, მაგრამ პატივცემულმა ლევ ნიკოლოზის ძემ იცოდა, რასაც ამბობდა. ქორწინება და ოჯახი უფრო ქალებს უნდათ, ვიდრე მამაკაცებს. ეს ჭეშმარიტებაა. თითქმის ყველა გოგონა, ბავშვობიდან ოცნებობს ქორწილსა და თეთრ სადედოფლო კაბაზე. მსგავსი არაფერი შეინიშნება ბიჭების შემთხვევაში. რატომ? – იმიტომ, რომ დედაბუნებამ ასე გადაწყვიტა. ნუ გაგიკვირდებათ, თუ მამაკაცი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას აყოვნებს. გულის სიღრმეში ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს, მაგრამ ხმამაღლა განცხადება უჭირს.
ქალური ბედნიერება ვერ შედგება ოჯახის, შვილების გარეშე. ყოველ შემთხვევაში, ის ვერ იქნება სრულფასოვანი. მამაკაცებს კი ყველა დროში ცოლი, ძირითადად, საჭიროების გამო მოჰყავდათ, ტრადიციების კარნახით.
რაც უფრო განვითარებულია საზოგადოება, მით ნაკლებია მამაკაცებში დაოჯახების სურვილი. ყოველდღიური ცხოვრება უამისოდაც მოწესრიგებული აქვთ. არც მშივრები კვდებიან და არც დაუბანელები დადიან. სექსზე საერთოდ არც ღირს ლაპარაკი, ისეთი ხელმისაწვდომი და მრავალფეროვანია. ასე რომ, მამაკაცის გულისკენ სავალ გზას მის კუჭზე ნუღარ დაუწყებთ ძებნას. ეს დრო დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა. საუკეთესო ვარიანტია, ეშინოდეს თქვენი დაკარგვის... ხოლო როგორ მოახერხებთ ამას, მხოლოდ და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.