როგორ ეძებს უკრაინელი კაცი თავის ქართველ ჯარის მეგობარს თბილისში
ისტორია: ვეძებ ჩემს ჯარის მეგობარს; დაახლოებით 53-54 წლის, გიორგი ამირანის ძე გომიტაშვილს. მე და გიორგი ერთად ვმსახურობდით ჯარში ქალაქ ფასტოვში. ჯარმა დაგვამეგობრა. გიორგი არაჩვეულებრივად მეგობრული და ალალი ადამიანია. ამიტომაც მინდა მისი პოვნა და ურთიერთობის აღდგენა. რაც დრო გადის, უფრო ნათლად მახსენდება ის დრო – ჩვენი ახალგაზრდობა. ძალიან გთხოვთ, დახმარება გამიწიეთ მის მოძებნაში. ერთადერთი ხელმოსაკიდი რაც გამაჩნია, მისი ფოტოა. რამდენადაც მახსოვს, გიორგი თბილისელი იყო და იმედი მაქვს, რომ ამჟამადაც თბილისში ცხოვრობს.
– ნიკოლაი, გვიამბე, როგორ დამეგობრდით თქვენ და გიორგი და შემდეგ როგორ მოხდა, რომ მეგობრებმა ერთმანეთი დაკარგეთ?
– 1974-1976 წლებში მე და გიორგი ერთად ვმსახურობდით ჯარში, უკრაინაში, კიევის მხარის ქალაქ ფასტოვში. გიორგი მთელ ნაწილში გამოირჩეოდა ვაჟკაცობით და ნამდვილად საქებარი ხასიათით. თავიდანვე დავახლოვდით და გავუგეთ ერთმანეთს. ის ხშირად მიყვებოდა თავის სამშობლოსა და ქართველ ხალხზე. სამშობლოს მოშორებულს თავისებური სევდაც კი ჰქონდა, ენატრებოდა თბილისი და მეგობრები. მისი მონაყოლიდან ვიცი, რომ ქართველები ძალიან აფასებენ მეგობრებს და გვერდში უდგანან ერთმანეთს. ჯარის დასრულებისთანავე, ის, რა თქმა უნდა, თავის სამშობლოში დაბრუნდა. მე მის შესახებ მხოლოდ ის ვიცი, რომ ცხოვრობდა თბილისში. მაგრამ, სამწუხაროდ, არც ზუსტი მისამართი ვიცი და ერთადერთი იმედი მისი პოვნისა, ჩემთვის ამჟამად თქვენ ხართ. ჩვენი ფოტო სწორედ იმ წლებშია გადაღებული. ვფიქრობ, ამ ფოტოთი მაინც იცნობს თქვენი მკითხველი და იქნებ გამოხმაურებაც ჰქონდეს ჩემს ისტორიას.
– გამოდის, 33 წელია, რაც თქვენ ერთმანეთთან კონტაქტი არ გქონიათ და ჯარის მეგობრის პოვნა მაინც გინდათ. ვინმესთვის თუ მიგიმართავთ აქამდე ძებნაში დახმარების გაწევის მიზნით?
– მე რამდენჯერმე ვცადე გიორგის მოძებნა, მაგრამ ვერც ინტერნეტში, ვერც ახლობელი ქართველების „შეწუხებით” ვერ მოვახერხე. ამიტომაც, გადავწყვიტე უფრო მასშტაბური მეთოდებისთვის მიმემართა. თავად მე, უკრაინაში ვცხოვრობ და აქედან დამეთანხმებით რთულია „ალალ ბედზე“ საქართველოში ჩამოსვლა. არც ვიცი, მისი მოძებნა როგორ დავიწყო და საიდან (იცინის). მისამართის გამორთმევა კი ვერც ერთმა ვერ მოვიფიქრეთ. მაშინ სულ სხვა დრო იყო. ასე კონტაქტის დაკარგვა და გაუცხოება რთულად დასაჯერებელი გახლდათ. მაგრამ, ამჟამად დრო შეიცვალა, მიუხედავად იმისა, რომ კომპიუტერული ტექნიკა და ინტერნეტი უკვე თითქმის ყველას აქვს და მისი საშუალებით ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის მცხოვრებლებს, მე ჩემი ჯარის მეგობარი ამ ხერხით ვერ ვიპოვე. შეიძლება ბოლოს აღმოჩნდეს, რომ ის საქართველოდან წასულიც არის და ამიტომ ვერ ვპოულობ, მაგრამ მე მაინც დიდი იმედი მაქვს თქვენი.
– მეგობრის პოვნის შემთხვევაში სად და როგორ მოხდება თქვენი შეხვედრა, როგორ წარმოგიდგენიათ მისი რეაქცია? ღმერთმა ქნას და აღმოჩნდეს, რომ ისიც გეძებთ...
– იმ შემთხვევაში, თუკი გიორგის ვიპოვი, აუცილებლად ჩამოვალ საქართველოში. ჯერ ერთი, მისი მეგობრობის და მისგან საქართველოს შესახებ მონაყოლის შემდეგ, სულ მაინტერესებს როგორია თქვენი ქვეყანა და მეორეც, ეს ხომ უდიდესი სიხარული იქნება ჩემთვის. შეიძლება ადამიანი შენი სისხლი და ხორცი არ იყოს, მაგრამ სულიერად ძალიან ჰგავდეთ ერთმანეთს. ან სულაც, რატომ უნდა დაკარგო შენი მეგობარი?!
– მაინც რას გიყვებოდათ გიორგი საქართველოზე, ისეთს, რომ ასე გაინტერესებთ აქ ჩამოსვლა?
– გაგონილი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ ამაში, რომ თქვენი ქვეყანა ძალიან ლამაზია და ხალხიც თბილი, ისეთივე როგორც თქვენი ქალაქის სახელწოდებაა (იცინის). გიორგიმ მითხრა, რასაც ნიშნავს ქართულად თბილისი. გამოგიტყდებით და გეტყვით, რომ ძალიან მინდა თბილისის ნახვა. გულდასაწყვეტია, რომ თქვენს ქვეყანაში ხშირადაა არეულობა. ასე არ უნდა იყოს. მესმის, რომ პოლიტიკა პოლიტიკაა და ვერსად გაექცევი, მაგრამ ფაქტია, მე უკრაინელი ვარ და მთელი გულით ვეძებ ჩემს ქართველ მეგობარს. ასეთი ფასეულობები უფრო ძვირფასია, ჩემი აზრით.