რატომ მარტო?!
ნინო წულუკიძე
აქტიურად ემზადებით შვებულებისთვის და წინასწარ გეგმავთ ერთობლივ დასვენებას. მოუთმენლად ელოდებით დღეს, როცა ბარგს ჩაალაგებთ და მთაში ან ზღვაზე ერთად „გადაიხვეწებით“. რა კარგია! არავითარი სამსახური. მხოლოდ თქვენ ორნი... რამ შეიძლება ხელი შეგიშალოთ?! არა, ამჯერად ფული და ფინანსები არაფერ შუაშია. სრულიად მოულოდნელად, შესაძლოა, თქვენს ძვირფას მეორე ნახევარს, მარტო დასვენება მოუნდეს. ნუ ჩავარდებით ისტერიკაში, თუკი ამ სურვილს ის ხმამაღლა გამოთქვამს. მაშინვე ეჭვი ნუ შეგეპარებათ და ნუ დაასკვნით, რომ მის ცხოვრებაში „სხვა“ გამოჩნდა, ან ფლირტის და ახალი მძაფრი ვნებების განცდის სურვილმა შეიპყრო.
ყველაფერი ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ. ჯერ ერთი, ძალიან ძნელია, იცხოვროთ ადამიანთან, რომელსაც საერთოდ არ ენდობით და ერთი კვირაც კი ვერ დაგიტოვებიათ მეთვალყურეობის გარეშე. მერე მეორე – მამაკაცს მარტო დასვენება ყოველთვის იმიტომ კი არ უნდა, რომ სასწრაფოდ ახალი ურთიერთობა გააბას. სულაც არა. უფრო ხშირად, მარტო დასვენება კაცისთვის მარტო დარჩენის იდეალური საშუალებაა და იცით, რა ხიბლავს მასში?! ახლავე მოგახსენებთ. მამაკაცისთვის ფლირტზე მნიშვნელოვანია, თუნდაც რამდენიმე დღე მხოლოდ საკუთარ ნება-სურვილზე იაროს. გაიღვიძოს, როცა თავად მოესურვება, არ დახუროს ტუალეტის კარი, დაყაროს ტანსაცმელი, თუნდაც იატაკზე, სიგარეტი მოწიოს საწოლში და საფერფლედ თუნდაც თავისი ფეხსაცმელი გამოიყენოს... საერთოდ არ შეჭამოს საუზმე და ლუდით დაკმაყოფილდეს, ფეხსაცმელებით გაიშოტოს დივანზე და ტელევიზორს თუნდაც ბოლო ხმაზე ჩართულს უყუროს... თქვენ ამ ყველაფრის წარმოდგენაზე თმა ყალყზე დაგიდგებათ, მამაკაცი კი სიამოვნებისგან კრუტუნებს. უნდა კი ამ დროს მას ფლირტი და ქალის „შებმაზე“ „ჩალიჩი“? – რა ჯობია, თავისუფლებას. ბოლოს და ბოლოს, მთელი დღე საერთოდ არ ამოიღებს ხმას და იძულებულიც არ იქნება, უამრავ შეკითხვას გასცეს პასუხი. მაგალითად, ასეთს: „მოგწონს ჩემი ტუჩის ახალი საცხის ფერი?“ ან „ვარცხნილობა ცოტათი შევიცვალე, ვერ შეამჩნიე?“
მამაკაცი ფიქრობს, ნუთუ ადამიანს წელიწადში ერთხელ მაინც არ აქვს უფლება, დარჩეს მარტო საკუთარ თავთან და ის გააკეთოს, რაც მოესურვება?! – რა თქმა უნდა, აქვს. მიეცით მას ხანმოკლე იდილიით ტკბობის საშუალება და დაფიქრდით, თქვენც რამდენი ხანია, არ გაგიკეთებიათ ის, რაც მართლა გინდათ... გამოიყენეთ შანსი!