ვის მიერ მიყენებული „ნაკაწრები” არ სტკივა შორენა ბეგაშვილს და რას სთავაზობდნენ მას ერთი ღამის სანაცვლოდ
შორენა ბეგაშვილი: ზაფხულს თბილისში ვატარებ გადაღებებისა და ახალ ფილმებზე მოლაპარაკებების გამო. ბავშვი მყავდა ცოტა ხნით წყნეთში აყვანილი დედაჩემთან ერთად და ვახერხებდი, გაუსაძლის სიცხეში, არ დამზარებოდა და იქ ავსულიყავი, როგორი რთული გადაღებაც არ უნდა მქონოდა. ვფიქრობ, თვის ბოლოს, ყველაფერს რომ დავამთავრებ, ანტალიაში წავალ ევასთან ერთად, უპირობოდ და ამით დავასრულებ ზაფხულს. ჩამოვალ და დავიწყებ იმ ფილმზე მუშაობას, რომელზეც მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ძველ პერიოდთან შედარებით, ძალიან ბევრ ფილმს იღებენ და უკვე შეგიძლია, დაფიქრდე, არჩევანი გააკეთო.
– ახლა ამ სიცხეში მუშაობა არ გიჭირს? „ფეისბუქზე” რომ შეხვალ და ყველას წყალში ჩაყრილი ფოტოები უდევს, შენ კი თბილისში ხარ.
– (იცინის) სხვათა შორის, მუშაობა არასდროს მეზარება, სულ მიხარია. ამ მხრივ ავად ვარ მგონი. ჭირს, ოღონდ პირდაპირი გაგებით, სახეზე მაკიაჟი არ ჩერდება, წყალივით ჩამოდის. გრიმიორი ერთი წუთითაც კი არ გვშორდება. თუმცა, ეს არის ჩვენი სამსახურის სირთულე, გადაღებები ყველაზე კარგ პერიოდებშია. ასე იყო ახალ წელსაც: „ოცნების ქალაქის” გადაღებები მიმდინარეობდა მაშინ, როდესაც ყველა სახლში იყო, გოჭს წვავდა და ხაჭაპურს ატრიალებდა, მე თავისუფლების მოედანზე კაბრიოლეტით წრეებს ვურტყამდი. ზუსტად თორმეტ საათზე კი სცენაზე ვიდექი. მაგრამ კარგია, მომწონს ასეთი ცხოვრება და ამიტომაც, ავირჩიე ეს პროფესია. ყველა სადღაც არის, ერთობა, მე კი პიონერივით თბილისს ვდარაჯობ. მტრის შემოჭრაზე არ ინერვიულოთ, დაისვენეთ, აქ ვარ. ყოველ ზაფხულს ასეა, მივეჩვიე უკვე. მაგრამ, წელს იმდენი რამ მოხდა, ერთი კვირა მაინც რომ არ დავისვენო, ჩავქრები, მართლა აღარ მეყოფა ენერგია.
– დასვენება ეს როგორ – მხოლოდ წყალი, გარუჯვა თუ კლუბები, ცეკვა და სხვა?
– საერთოდ, კლუბები და ცეკვა ძალიან მიყვარს, მაგრამ ამჯერად, მგონი, პირიქით იქნება ყველაფერი. თან, ბავშვთან ერთად ვიქნები და არ მგონია, ცეკვა ისე მომინდეს, ბავშვი ნომერში დავტოვო დაძინებული და კლუბში წავიდე. თან, დასვენება მინდა. ბევრი გასართობი საშუალებაა სასტუმროში, ევასთან ერთად გავერთობი და მერე, ალბათ, მეც ნომერში დავრჩები.
– მიუხედავად იმისა, რომ არაჩვეულებრივი დედა ხარ, მაინც სულ უკმაყოფილების გრძნობა გაქვს, რომ მაქსიმუმს ვერ აკეთებ შენი შვილისთვის.
– არ ვიცი, რატომ? მართლა მაქვს შინაგანად ეს განცდა. სულ ვფიქრობ, რა მეშველებოდა ბავშვი რომ არ მყავდეს-მეთქი. ვერც ისეთი ადამიანი წარმომიდგენია ჩემს გვერდით, რომელსაც შვილის გარეშე ვეყვარები. სხვანაირად მიყვარს, თითქმის ერთად გავიზარდეთ, ერთად გამოვიარეთ ყველაფერი ცუდიც და კარგიც. სულ მინდა, რომ მას ჰქონდეს ყველაფერი, რაც კი ოდესმე დამკლებია. ეს განცდა მაწუხებს მუდმივად და საშინლად ვანებივრებ. მაგრამ, ვატყობ, ეს მის ხასიათზე ცუდად ნამდვილად არ აისახება. ბედნიერია და ამის ყურება უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. საერთოდ, ვფიქრობ, ახლა საუკეთესო პერიოდი გვაქვს. ქვეყანაც დალაგდა, კინოს იღებენ, როლები მაქვს, საყვარელ საქმეს ვაკეთებ და ამ საქმეში ანაზღაურებით შემიძლია ნორმალურად ვიცხოვრო. კარგი პერიოდია კარიერაშიც და პირად ცხოვრებაშიც. თუ რაღაც ისე არ გამოვიდა, როგორც საჭირო იყო, მერე რა, ალბათ, ესეც უკეთესობისკენაა. „ვსიო კ ლუჩშემუ”, ასე ვუყურებ ჩემს ცხოვრებაში მომხდარ ყველა ცვლილებას. დღეს არც ერთ ნაბიჯს არ ვნანობ და საერთოდ, არაფერს შევცვლიდი წარსულში. რომ არა ეს, არ იქნებოდა ისეთი შორენა ბეგაშვილი, როგორიც დღეს ვარ. ერთადერთი, ტატუს არ გავიკეთებდი ფეხზე – აღარ მეშლება. მიუხედავად იმისა, რომ უკვე შვიდი ლაზერული პროცედურა ჩავიტარე. სამფენად არის გაკეთებული და არ შორდებაო.
– ამიტომ, მამაკაცების ინიციალები სხეულზე არ უნდა დაიწერო, ცვალებადია.
– მართალი ხარ. ტვინში უნდა ჩაიწერო, მერე კი კარგად გადარეცხო, ისე, რომ მისგან კვალიც არ დარჩეს.
– იოლად ირეცხავ ტვინიდან ადამიანებს?
– არა, ძალიან რთულად. თუ იმ ადამიანს შენს ცხოვრებაში რაიმე ადგილი უკავია – მეგობარი იქნება თუ დაქალი, ადვილად ვერ წაშლი. გამიმართლა და ხშირად არ მჭირდება ვინმეს დავიწყება და ამოშლა. არიან ისეთებიც, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ, გიკბინონ, დაგამცირონ. მაგრამ, ამით მგონი, ის უფრო მცირდება. სხვათა შორის, პოპულარობის ერთ-ერთი დიდი მინუსი ისაა, რომ აგრესია იზრდება. თავდაცვის რეჟიმში არ ვარ ამის გამო, მაგრამ მაინც გიწევს რაღაცეებზე პასუხის გაცემა. რატომღაც, ჩემზე სულ ამბობენ, ის მოიტყუა, ამას იგონებს, მაგრამ ვერაფერი ნახეს მაინც ხელჩასაჭიდი. ვინც ასეთი ფორმით გამოხატავს აგრესიას, მათზე მხოლოდ მეცინება. ვერ პოულობენ საკუთარ თავში იმის მტკიცებას, რომ რაღაცით ჩემზე უკეთესები არიან და მხოლოდ იმასღა ახერხებენ, „ჩამომფხაჭნონ“.
– ეს ნაკაწრები არ გტკივა მერე?
– საერთოდ არა. ვიცი, რომ ყოველ ნაკაწრზე ცხოვრება მალამოს მაჩუქებს. ნაკაწრებს ყოველთვის ტორტები მოსდევს და ამიტომაც ვარ მშვიდად. ადრე საშინლად ვნერვიულობდი, ვაიმე, ღმერთო, ეს რა გამიკეთეს, რატომ მე, როდესაც არავისთვის ცუდი არაფერი გამიკეთებია, არც მითქვამს-მეთქი. მაგრამ, ახლა მივეჩვიე, მივხვდი, რომ საჭირო არ არის ვინმეს რამე დაუშაო. ეს ცხოვრების მგლური წესია.
– გახდი უფრო თვითდაჯერებული?
– კი, გაცილებით. მორცხვი, თავმდაბალი, მუდმივად მომღიმარი იქ ვარ, სადაც საჭიროა. ვისწავლე, რომ ყველა ადამიანს არ უნდა გაუცინო, რადგან ის არ იმსახურებს. მაგრამ, არც ეს არის ადვილი. ადრე გაცილებით წყნარად ვიყავი ამ მხრივ, არ მიწევდა ფიქრი იმაზე – ვის უნდა გავუცინო და ვის – არა, ვინ რას და როგორ გაიგებს. მაგრამ, ეს არ არის კარგი, ესე იგი პრობლემები გაქვს (იცინის). როდესაც საწყალი ხარ, დაჩაგრული, გაუბედავი ყველას უყვარხარ, გიჟდებიან შენზე, ზრუნავენ. როგორც კი რაღაცას აღწევ, რაღაც გამოგდის, თავს ოდნავ ასწორებ, ეს უკვე აღარავის მოსწონს. ეს გოგო რა დღეშია, ფიქრობენ და იწყებენ ბრძოლას.
– ჩვენ ხშირად გვისაუბრია, რომ სიყვარულის გარეშე ბედნიერება არ არსებობს, არ არის ის სრულყოფილი და როდესაც რაღაცას აკეთებ, ამას კი საყვარელი ადამიანი გიფასებს, სულ სხვა გემო აქვს.
– რა თქმა უნდა. შეიძლება, რაღაც პერიოდი თავს გადასარევად გრძნობდე მხოლოდ კარიერაში წარმატებით, მაგრამ დიდხანს სიყვარულის გარეშე შეუძლებელია. რაღაც ეტაპზე ვფიქრობდი, რომ ჩემს ცხოვრებაში ამის არც დრო იყო და არც ნერვები მქონდა საამისო, მაგრამ, საბოლოო ჯამში, გამოვიდა ისე, საერთოდ რომ არ ველოდი, ზუსტად მაშინ მოვიდა. მაშინ დამატყდა თავზე.
– ამდენი გახმაურებული ამბის მერე, როდესაც შენი სიყვარული საყოველთაო მსჯელობის საგანი გახდა, შიში არ გაგიჩნდა, რომ რაღაც კიდევ შეიძლება გაფუჭდეს?
– იცი რა? რაღაცის გაფუჭების შიში სულ არსებობს, მაგრამ თუ სულ ამაზე იფიქრე, შეიძლება, გაგიჟდე. რა თქმა უნდა, ამაზეც დაიწყება ლაპარაკი და ქექვა – ვინ არის, საიდან მოვიდა, რას აკეთებს და სხვა. მაგრამ საერთოდ, არ ვაპირებ ლაპარაკს, ქექონ და იყვნენ. თუმცა, არც დამალვას ვაპირებთ. ჩვენ ერთად დავდივართ საქართველოს მასშტაბით და შეიძლება ძალიან იოლად ნახოთ ის ჩემ გვერდით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დავჯდები და ამ ურთიერთობაზე ვილაპარაკებ. არც იმაზე ვაპირებდი ლაპარაკს, მართალია, მაგრამ... ვნახოთ. წინასწარ არ მინდა დასკვნების გამოტანა.
– დღეს მოსული სიყვარული ისევ ისეთი პირველყოფილი გრძნობაა, როგორიც ვთქვათ, ჩვიდმეტი, თექვსმეტი წლის ასაკში იყო, თუ ამ შემთხვევაში, აზრი მეტადაა ჩართული. გონების ხმას მეტად მიჰყვები, მნიშვნელობა აქვს მამაკაცის მატერიალურ შესაძლებლობებს და სხვა.
– რა თქმა უნდა, დღეს ამას მნიშვნელობა აქვს. არ დავიწყებ პრანჭვას და არ ვიტყვი, რომ ამას აზრი არ აქვს-მეთქი. ბევრი ვნახე ცხოვრებაში საიმისოდ, რომ უკვე აღარ დავბრამვდე. როდესაც შვილი გეზრდება, სხვა პასუხისმგებლობები მოდის და ამ მხარეზეც ფიქრობ. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ სიყვარული ნაკლებად მძაფრი და ემოციურია. პირიქით, დღესაც ზუსტად იგივენაირია სიყვარული – ისევ ჰაერში ვარ აწეული, ისევ მგონია, რომ დავფრინავ, ისევ გული მიჩქარდება ჩემს ტელეფონზე მისი სახელის დანახვისას... ამის გარეშე ურთიერთობა წარმოუდგენელია. ხშირად მქონია ისეთი შემოთავაზებები, რომელზე დათანხმების შემთხვევაშიც, მე, და ჩემი შვილი, ერთი კი არა, მრავალი წელი უზრუნველყოფილი ვიქნებოდით ყველაფრით. ასე რომ, ეს მთავარი არ არის.
– ანუ, არის ასეთი უხამსი შემოთავაზებები?
– არის რომელია, ამ ყველაფერს ჭკუიდან გადავყავდი. ახლა უკვე მეცინება. ადამიანების უზრდელობას საზღვარი არ აქვს. რა თანხა გინდა, რომ არ შემოუთავაზებიათ ჩემთვის.
– ერთი ღამის სანაცვლოდ?
– არა მხოლოდ. იყო ვახშმის სანაცვლოდ, იყო ერთი ღამის სანაცვლოდ, თხოვნა – იქნებ, ჩემს დაბადების დღეს დაესწროთ. ბევრი სხვადასხვა რაღაც. ადამიანების ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. ჭკუა ვისწავლე და ნომერს ვიცვლი ძალიან ხშირად. ახლა ცოტა სიმშვიდე მაქვს ამ მხრივ. თან, იმდენად კარგად ვარ პირად ცხოვრებაში, რომ მსგავსმა ზარებმა მხოლოდ ღიმილი შეიძლება მომგვაროს. ასე კარგად არასდროს ვყოფილვარ, ლაპარაკიც კი მიჭირს ამაზე. რა თქმა უნდა, ვყვარებივარ, თან ძალიან მაგრადაც, მაგრამ ასე არავის, სულ სხვაა. არაეგოისტურია მისი სიყვარული, რაც ძალიან მიკვირს. მხოლოდ ჩემთვის და მორჩა – ეს არ სჭირს. მისთვის მთავარია, მე ვიყო ბედნიერი და ამას უზომოდ ვაფასებ.