რომელ მსახიობებთან ჰქონდა რომანი „მტაცებლების“ ვარსკვლავ ალისია ბრაგას და რომელი ფილმის ნახვის შემდეგ აღმოაჩინა ის რობერტ როდრიგესმა
რა ჰქვია მას სინამდვილეში, მის თაყვანისმცემლებსა და პროდიუსერებს წესიერად დღემდე ვერ გაურკვევიათ: ელისი, ალისია, ალისი თუ ალისა. იგი დაიბადა 1983 წელს სან-პაულოში; სრულყოფილად ფლობს ინგლისურ და ესპანურ ენებს; მისი პროპორციებია: 90-60-90 და, მიუხედავად იმისა, რომ სიმაღლით, სულ რაღაც 163 სანტიმეტრია, მას უკვე თამამად ადარებენ ისეთ „ექშენ-მსახიობ“ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან ანჯელინა ჯოლი და მილა იოვოვიჩი, რადგან მას ბრწყინვალედ შეუძლია, განასახიეროს მებრძოლი ადამიანის როლი რომელიმე მძაფრსიუჟეტიან ბლოკბასტერში.
ალისია ბრაგა ბრაზილიელ მსახიობ ანა ბრაგას ქალიშვილი და ცნობილი სონია ბრაგას ნათესავია, იმ სონიასი, რომელიც „სექსი დიდ ქალაქის“ მეოთხე სეზონში სამანტას ლესბოსური ლტოლვის ობიექტი იყო. სწორედ სონიამ გაუკვალა გზა დიდ კინოში პატარა ალისიას. 8 წლის ასაკში ალისია იოგურტის რეკლამაში გადაიღეს, რომლის ბილბორდები მთელი სან-პაულოს მასშტაბით გამოიფინა. 15 წლის ასაკში მისი დებიუტი შედგა მოკლემეტრაჟიან ფილმში „ტრამპლინი“. ხოლო ნამდვილი აღიარება მას ფერნანდო მეირელეშის განთქმული დრამის „ღმერთის ქალაქის“ შემდეგ ეწვია. ფილმში ალისიამ მეძავი ანჟელიკას როლი განასახიერა და ამ როლისთვის იგი „ოსკარის“ ბრაზილიურ ანალოგზე იყო წარდგენილი, თვითონ ფილმი ნამდვილ „ოსკარზე“ წარადგინეს. მძიმე დრამა, რომელიც რიო-დე-ჟანეიროს უღარიბეს უბნებში განვითარდა, 2002 წლის კინომოვლენად დასახელდა. ფილმთან ერთად ალისიამ მსოფლიოს უამრავ ფესტივალზე იმოგზაურა: ლას-ვეგასში, ლონდონში, ნიუ-იორკში, მარაკეშში, რომსა და მადრიდში და ყველგან ერთი და იგივე კითხვას უსვამდნენ – იყო თუ არა ადვილი კამერის წინაშე გახდა, რაზეც ალისია პასუხობდა: „მე მეძავს ვთამაშობდი და თქვენ ნანახი გყავთ ისეთი მეძავი, რომელიც არ იხდის?!“. „ღმერთის ქალაქის“ შემდეგ ალისიამ მონაწილეობა მიიღო თითქმის იდენტური სცენარის მიხედვით გადაღებულ კიდევ ერთ დრამაში – „ქვედა ქალაქი“. ამჯერად იგი მეძავის ნაცვლად სტრიპტიზის მოცეკვავეს ასახიერებდა და ამ ფილმშიც გულახდილი სცენებით დაამახსოვრდა მაყურებელს. სხვათა შორის, ამ ორი ფილმის და ორი წარუმატებელი რომანის (დიეგო ლუნასთან და როდრიგო სანტოროსთან) შემდეგ ალისია ბრაგამ თითქმის შეწყვიტა თავისი სხეულის ჩვენება გულახდილ სცენებში და გადაწყვიტა, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში გაშიშვლდეს კამერის წინ.
ალისია ბრაგამ სან-პაულოში ცხოვრების პერიოდში გვერდი ვერ აუარა სატელევიზიო პავილიონებს და 20 წლის ასაკისთვის მის ანგარიშზე რამდენიმე წარმატებული ბრაზილიური სერიალის შემდეგ, არჩტუ უკანასკნელი როლი იყო. ბრაზილიური „საპნის ოპერის“ მწარმოებლები დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ ალისიას სერიალებში, თუმცა ალისიამ სხვაგვარად გადაწყვიტა თავისი კარიერის მოწყობა. მან იცოდა, რომ ბრაზილიელი ქალბატონები დიდი პოპულარობით სარგებლობენ ამერიკაში, თუნდაც ჟიზელ ბუნდჰენი ან ადრიანა ლიმა და, რთული ქასთინგის გავლის შემდეგ, მან პირველი ამერიკული როლი მიიღო ჰოლივუდში. ეს იყო ფანტასტიკური ჟანრის მძაფრსიუჟეტიანი დრამა „მე – ლეგენდა“, სადაც, მთავარ როლს უილ სმიტი ასრულებდა და მთელი ფილმის განმავლობაში სმიტისა და ბრაგას გმირები კაციჭამია ზომბებს გაურბოდნენ. ფილმს წარმატება ხვდა წილად კინოგაქირავებაში, ხოლო ალისიას პერსონით დანარჩენი ჰოლივუდი დაინტერესდა.
„მე – ლეგენდის“ შემდეგ ალისიამ ცხოვრებისგან დაღლილი და ვალებში ჩაფლული დიასახლისის როლი ითამაშა დევიდ მემეტის დრამაში „წითელი ქამარი“, ხოლო ამ ფილმის შემდეგ ისევ ფერნანდო მეირელეშისა და მისი მორიგი შედევრის რიგი დადგა. ხოსე სარამაგოს რომანის მიხედვით გადაღებულ „სიბრმავეში“ მან მხედველობადაკარგული მეძავი განასახიერა, რომელიც „მუშაობის“ პროცესში ბრმავდება. ფილმს საკმაოდ მაღალი შეფასება მიეცა კინოკრიტიკოსების მიერ და ყველამ ერთხმად აღნიშნა ალისია ბრაგას დამაჯერებელი თამაში. მის კინოკარიერაში გამორჩეული ადგილი უკავია ასევე მძაფრსიუჟეტიან ფილმს „მფატრავები“, სადაც მისი პარტნიორი სექსსიმბოლო ჯუდ ლოუ იყო. უნდა ითქვას, რომ რობერტ როდრიგესმა სწორედ ამ ფილმის ნახვის შემდეგ დაინახა ალისია ბრაგაში თავისი მომდევნო ფილმის – „მტაცებლების“ გმირი. სხვათა შორის, როდრიგესი, პირველ ყოვლისა, ბრაგას ფიზიკური ფორმებითა და მებრძოლი სულით მოიხიბლა, რადგან, მისი აზრით, ისეთი მსახიობები, როგორიც ბრაგაა, ანუ, ვისაც ღირსეულად შეუძლია, კონკურენცია გაუწიოს მამაკაცს მძაფრსიუჟეტიან ფილმში, დღევანდელ კინოში საკმაოდ ცოტანი არიან.
სხვათა შორის, ალისია ბრაგას გმირი „მტაცებლებში“ – ბრაზილიელი სნაიპერი, რიგით მესამე ლათინოამერიკელია, რომელიც სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში უპირისპირდება უცხო პლანეტიდან მოვლენილ მონადირე-მტაცებლებს. 1987 წელს გამოსულ „მტაცებელში“ არნოლდ შვარცენეგერის პარტნიორი მექსიკელი ელპიდია კარილიო იყო, ხოლო 1990 წელს გამოსულ „მტაცებელ 2-ში“ ქალის მთავარ როლს კუბელი მარია კონჩიტა ალონსო თამაშობდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც „მტაცებლების“ პრემიერა შედგა მსოფლიო კინოეკრანებზე და მაყურებელმა იხილა ალისია ბრაგას პერსონაჟი მტაცებლებთან ბრძოლაში, ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ეს არის ყველაზე ბრძოლისუნარიანი ლათინოამერიკელი ქალი, რომელიც ოდესმე შეხვედრია მტაცებლებს. საინტერესოა, რომ ფილმისთვის ალისიამ სპეციალური მომზადება გაიარა – მას ჰყავდა ფიზმომზადების მწვრთნელი, რომელიც მის ფიზიკურ კონდიციებზე ზრუნავდა და ინსტრუქტორი, რომლიც მას ცეცხლსასროლ და ცივ იარაღთან ურთიერთობას ასწავლიდა. რამდენად კარგად გამოუვიდა ეს ალისია ბრაგას, ამის ნახვა, სულ რამდენიმე ხნის წინ კინოთეატრში იყო შესაძლებელი, სადაც „მტაცებლების“ კინოჩვენება მიმდინარეობდა.
ცნობისთვის, ალისია ბრაგას მომდევნო ფილმი ეგზორციზმზე იქნება. უნდა ვიფიქროთ, რომ ბრაგას სახით ეშმაკს სერიოზული კონკურენტი ეყოლება და იოლი იქნება იმის დადგენა, თუ ვინ გაიმარჯვებს ამ ორს შორის.