რატომ ჩაუწერეს გელოდი ფოცხიშვილს სამედიცინო დასკვნაში კაცობის შემარცხვენელი დიაგნოზი და რა შარში გახვია ის უცხოეთში საქმის ცეკვით გარჩევამ
ქორეოგრაფიულ ანსამბლ „მეტეხის” ხელმძღვანელი გელოდი ფოცხიშვილი ენერგიული, იუმორით სავსე, ნამდვილი ენაკვიმატი გურულია. მის გვერდით არ მოიწყენთ. მისი ენერგიულობა და სიხალისე იმდენად გადამდებია, რომ ძნელია თავი შეიკავო და ისე არ იცინო, გარშემო მყოფები არ გააოცო. მოკლედ, გელოდი ფოცხიშვილი ამ თავისი ბუნების გამო ხშირად ვარდება გამოუვალ თუ კურიოზულ სიტუაციებში. მაგრამ, გურული რის გურულია, თავი თუ არ დაიძვრინა და რომ იტყვიან, წყლიდან მშრალი არ ამოვიდა.
გელოდი ფოცხიშვილი: მიყვარს ხალისიან, გულღია და იუმორით სავსე ადამიანებთან ურთიერთობა. მათ გვერდით უფრო იხსნები, არ იბოჭები და ის ხარ, ვინც სინამდვილეში უნდა იყო. მეც ასეთი ვარ. არასდროს ვმალავ თავს გადახდენილ ისტორიებს და ყოველთვის იუმორით მახსენდება ის სიტუაციები, როცა გამოუვალ ამბებში ვეხვეოდი. ისეთ ადამიანებთანაც მიხდებოდა ურთიერთობა, მათი ერთი შეხედვაც კი ღიმილს რომ იწვევდა. ერთ ამბავს გავიხსენებ: გარდაიცვალა ჩემი ლექტორი, გვარად გიორგი ხარატიშვილი. მას იპოლიტე ხვიჩიაც კარგად იცნობდა და რასაკვირველია, პანაშვიდზეც უნდა მისულიყო, ამას წყალი არ გაუვიდოდა. დამირეკა და მთხოვა, მანქანით გამომიარე და ერთად წავიდეთო. ვიფიქრე, ეს რომ პანაშვიდზე დაინახონ, ვიცი, იქ რა ამბავიც ატყდება, არადა, უარი როგორ უნდა ვუთხრა-მეთქი. დავთანხმდი, კარგი, ბატონო იპოლიტე, ამა და ამ საათზე გამოგივლით და გამზადებული დამხვდით-მეთქი. მართლაც, დათქმულ დროს სახლთან დამხვდა. გადავედით თუ არა მანქანიდან, მთელი ხალხი ჩვენკენ შემობრუნდა. დამცხა, ვიფიქრე, შარში ვარ-მეთქი. არ შევიმჩნიე. ავუყევით კიბეს და რომ შევედით პანაშვიდზე, იპოლიტეს გული აუჩუყდა, მიუახლოვდა მიცვალებულს და დაატირა. გავიხედე, ვინც კი იჯდა ჭირისუფლად, გაშალეს ცხვირსახოცები, ჩარგეს თავები და იცინიან, კვდებიან სიცილით. იპოლიტე კიდევ გულამოსკვნილი ტირის. ისეთ გამოუვალ სიტუაციაში აღმოვჩნდი, ვერ გავიგე, მეტირა თუ მეცინა. ასე სიცილ-ხარხარით გამოგვაცილა ჭირისუფალმა და რომ გავხედე, მკვდარიც იღიმოდა. მანქანაში რომ ჩავსხედით, ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი: იპოლიტე ბიძია, თქვენ რომ პანაშვიდებზე მიდიხართ, ხომ ხედავთ, ხალხი იცინის და არ ჯობია, შორიდან გაუგზავნოთ დეპეშა და მიუსამძიმროთ-მეთქი? გადაირია: რას ჰქვია, იცინიან, პოპოვი ვარ მე თუ ხვიჩია, ბედი არ გინდა? პატივი მიცია, მიცვალებული დამიფასებია და ისინი კიდევ, იმის მაგივრად ის უბედური იტირონ, მე დამცინიან, ამის დედა ვატირეო (იცინის).
– თქვენი ჯარში წასვლის ამბავი, დიდი ხანი ანეკდოტად დადიოდა. იქნებ გაიხსენოთ, რად დაგიჯდათ ჯარიდან „დაბრაკვა“?
– ეს ამბავი სადაც მოვყევი, ხალხი სიცილით დაიხოცა. ანეკდოტისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ნამდვილი კურიოზია. მოკლედ, ჯარში წასვლის დრომ რომ მომიწია, მაშინ ვცეკვავდი ანსამბლში. სულ გასტროლებზე ვიყავი, რუსეთის მთელი „ნაშობა” მცნობდა. მამაჩემს ნაცნობები ჰყავდა და ხან როგორ დამიხსნა და ხან – როგორ სავალდებულო სამსახურიდან. მაშინ, რომ გადაგევადებინა ჯარში წასვლის ვადა, ფული იყო გადასახდელი. მოკლედ, გაიყიდა მამაჩემი ამ ჩემი დახსნით და მითხრა, შვილო, ერთი ნაცნობი ექიმი მყავს, იმას ვთხოვ, იქნებ რამე მოიფიქროს, „დაგბრაკოს“ და შენც დაისვენებ და ჩემი ჯიბეცო. მეც ჭკუაში დამიჯდა და დავთანხმდი. დაურეკა ერთ დღესაც მამამ იმ თავის ნაცნობ ექიმს და ეს ამბავი გაანდო. იმანაც დაგვიბარა. ჩავიცვით, დავიხურეთ და წავედით მიღებაზე. შევედით თუ არა, მამამ დაიწყო: აღარ შემიძლია, ჩემო ძმაო, გავიყიდე უკვე, ყოველთვე სამასი მანეთი მიჯდება ამის ჯარიდან დატოვება. მირჩევნია, ერთხელ გადავიხადო მთლიანი თანხა და სამუდამოდ „დავბრაკო“ ეს ბავშვი და მიშველე რამეო. ისიც დაფიქრდა, სათვალის ზემოდან ამხედა, დამხედა და წარბები აწია. როგორც გითხარით, იმ პერიოდში ვცეკვავდი და ისეთი დაკუნთული ტანი მქონდა დაყენებული, კაცს შეშურდებოდა. ხან იქიდან შემომიარა, ხან აქედან და ვერანაირი ხელმოსაჭიდი რომ ვერ მიპოვა, „დასაბრაკად“, ბოლოს მამას მიუბრუნდა და უთხრა: ერთი გამოსავალი გვაქვს, ბატონო ჩემოო. მამამ თვალები ჭყიტა.
– თუ ჯანმრთელი იყავით და ხელმოსაჭიდი არაფერი ჰქონდა, აბა, რა მოიფიქრა?
– ისეთი ორიგინალური რამ მოიფიქრა, იმ ჩემი ცოდვით სავსემ, ჯარიდან კი არა, კინაღამ ცხოვრებიდან „მიმაბრაკა“ (იცინის). მოკლედ, მამაჩემს უთხრა, ეს ბავშვი სრულიად ჯანმრთელია, ეს ერთი შეხედვითაც ჩანს და ამიტომ, ერთი გამოსავალია, სამედიცინო დასკვნაში უნდა ჩავუწეროთ: „იმპოტენციური გადახრა”. იმ დროს არ ვიცოდი, რა იყო იმპოტენცია. გავიხედე, მამაჩემი გადაირია: რას ამბობ კაცო, რის იმპოტენცია, რა იმპოტენცია, ბავშვი რუსეთში დადის, იქიდან რუსის „ნაშები”, წერილს-წერილზე უგზავნიან და ოჯახის წევრებმა ლამის ამ წერილებით ვისწავლეთ რუსული წერა-კითხვა. ეგ არ გამოვაო. არ გამოვა, კი გამოვაში – გადაწყვიტეს და ოღონდ მამას ფული აღარ ეყარა ყოველთვე, შეთანხმდნენ ამ აზრზე. კი გამიკვირდა, ნეტავ, რა დაავადებაა, ასე რომ გაცეცხლდა მამაჩემი-მეთქი, მაგრამ ოღონდ „დავებრაკე“ და აღარ ვჩიოდი. თან, როგორც გითხარით, არ ვიცოდი სიტყვის მნიშვნელობა. გამიშანშალა ექიმმა დასკვნა, დავკეცე, საგულდაგულოდ ჩავიკუჭე ჯიბეში და წამოვედი. სახლში კი ვკითხე მამაჩემს, რას ნიშნავს ეს იმპოტენცია მითხარი ერთი, ასე რომ გაიგიჟე თავი, ცუდი რამე ხომ არ არის-მეთქი. მამამ დამამშვიდა: არა შვილო, ისეთი არაფერია, უბრალოდ ამ ქაღალდზე დაგიწერა ექიმმა, ვითომ ისეთი ავადმყოფობა გაქვს, ქალები არ გინდება, ოღონდ ამან გიშველოს და მაგას ჩივი, რაც გინდა, ეწეროს მაგ ფურცელზე. შენ ეს არაფერს გიშლის ქალებთან ურთიერთობაშიო. დავწყნარდი, ვიფიქრე, თუ ასეა, რას გადაირია იქ ეს კაცი-მეთქი. ერთი სიტყვით, გამომიძახეს კომისიაზე. თავაწეული მივედი. გამხადეს ტანსაცმელი. ვდგავარ „პლავკებით”, ვამარიაჟებ ჩემს კუნთებს და თან თავი ქუდში მაქვს. ვიცი, მაინც „დამბრაკავენ“. კომისიაში იყო სამი ქალი და ერთი მამაკაცი – კომისიის თავმჯდომარე. რომ შევედი კომისიაზე, დამაყენეს შუა ოთახში და მაკვირდებიან. მეც ვიჭიმები. გადახედეს ერთმანეთს და გადაულაპარაკეს: ჯანმრთელი ბიჭია, ვერაფერს ვიტყვით და მაინც ვკითხოთ, რამე ხომ არ აწუხებსო. შემომიბრუნდნენ და მკითხეს, რამე გაწუხებსო. ვუთხარი, კი-მეთქი. რა გაწუხებსო. თავდაღუნულმა ვუპასუხე: რა და, ქალები არ მინდება-მეთქი. ჩამეძივნენ: კაცები ხომ არ გიზიდავსო? არა, კაცებიც არ მიზიდავს. უბრალოდ, ასე რომ ვარ, მთელს ენერგიას ვარჯიშში ვდებ და იმიტომაც ვარ ასეთ ჯანმრთელ ფორმაში, ისე კი იმპოტენცია მჭირს-მეთქი. სამივე ქალმა თვალები ჭყიტა და დამიწყო უხერხულ ადგილას ყურება. მიყურეს-მიყურეს და ბოლოს მკითხეს, რით დაამტკიცებ მაგასო. დავაძვრე ჩემი ექიმის დასკვნა და ავაფარე თვალებზე. რომ წაიკითხეს, ცოტა კი დაეჭვდნენ, მაგრამ იმხელა ბეჭედი ერტყა და ისეთი ექიმის ხელმოწერით იყო დამოწმებული, ეჭვი ვერ შეიტანეს.
– და, ასე გადაურჩით ჯარში წასვლას?
– არა, რა ასე გადავურჩი, მთავარი ახლა იწყება. მოკლედ, ის-ისაა უნდა „დამბრაკონ“ და ერთ-ერთმა ქალმა გამოართვა კოლეგას ფურცელი, დაკვირვებით წაიკითხა და იკივლა. მივხვდი, რაღაც იეჭვა. დამცხა. წამოხტა ფეხზე და დაიწყო ჩემი ლანძღვა: რაო? გელოდი ფოცხიშვილიო? შე უნამუსო, შე გათახსირებულო, შე ასეთო, შე ისეთო... ჰკითხეს, რა წაიკითხე ასეთი მაგ ფურცელზეო. რა წავიკითხე და... რის იმპოტენცია, რა იმპოტენცია... რომ შემოვიდა, მაშინვე მივხვდი, იტყუებოდა. აქ რომ წავიკითხე სახელი და გვარი, ახლა კი ეჭვი აღარ მეპარება, რომ ჯანმრთელიაო.
– კი მაგრამ, რას მიხვდა, ის ქალი ფურცელზე დაწერილი სახელით?
– რას და თურმე, გოგოსთან, ვისთანაც იმ პერიოდში დავდიოდი და დიდი სასიყვარულო რომანი მქონდა, ამ ქალის დაქალის შვილი ყოფილა. ის გოგო ქმარს იყო გაშორებული. დედამისი არ მიცნობდა, მაგრამ დაუსწრებლად იცოდა, ვინც ვიყავი. ერთხელაც ამ დაქალთან მისულა ტირილით, ჩემი გოგო გამომიტყდა, ვისთანაც დადის, აბორტს აბორტზე იკეთებს და ლამის თავი მოვიკლაო (იცინის). კი ვიუარე, გეშლებათ-მეთქი, მაგრამ, გაჭრა? ისიც კი ვუთხარი, ხან ასე ვარ, ხან – ისე, ხან გამომდის, ხან არა-მეთქი, მაგრამ ამას დაიჯერებდა? როგორ ჩავიცვი შარვალი, აღარ მახსოვს. იმდენი ფული დააყრევინეს მამაჩემს, კინაღამ გავიყიდეთ (იცინის). მერე ისე გავაკეთეთ ცნობა, ვითომ ფეხის ტრავმა მქონდა და მაინც ავცდი ჯარს.
– ის თუ არის მართალი, რომ ამბობენ, თითქოს უცხოეთში ისე იჩხუბეთ, სცენის მაგივრად, პოლიციაში ამოყავით ცეკვა-ცეკვით თავი?
– ქართველი კაცის ბუნება ხომ იცით? ჯერ ითმენს, ითმენს და თუ ამოასხა კისერში, მერე მუშტზე იყურება. ჰოდა, არც მე ვარ გამონაკლისი. ქალისთვისაც მიჩხუბია ქუჩაში, გარჩევებშიც მიმიღია მონაწილეობა და არც ძმაკაცისთვის დამიზოგავს თავი. ერთხელ, თურქეთში გვქონდა გასტროლები. მომღერალი ქალი გვახლდა თან. ბარში შევედით და ამ ქალმაც დალია. ცოტა მეტი მოუვიდა. თურქებს მეტი რა უნდოდათ? ზედმეტი ყურადღება მიაქციეს. ჩვენ მკლავები ავიკაპიწეთ და ატყდა დაკა-დაკა. ამ დავიდარაბაში, ერთი თურქი მაგრად დაზარალდა. მოვარდა პოლიცია და არ წაგვიყვანეს პოლიციაში? ვუხსნით ხელ-ფეხით – კაცო, გასტროლებზე ჩამოვედით, უნდა ვიცეკვოთ და ამ გისოსებში რომ ჩაგვსვით ხელ-ფეხი როგორ გავშალოთო. თან, ენა ხომ არ ვიცოდით და ცეკვის ჟესტებით ვაჩვენებდით ყველაფერს. გადაირივნენ, თურქები, ესენი გიჟები არიან. ჩვენ ვიჭერთ და ესენი კიდევ, ცეკვავენო (იცინის). ბოლოს, როგორც იქნა, სიმართლე გაირკვა და დავაღწიეთ ციხეს თავი, თორემ თურქეთის ციხის ხეხვა მინდოდა ახლა მე? მერე ვხუმრობდი, რა მინდოდა თურქებს რომ ვეჭიმებოდი, იმათ გავაგებინებდი მე ცეკვა-ცეკვით ჩემს სიმართლეს-მეთქი (იცინის).