30 თებერვალი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹30–33(503)
უცნობმა პირობა შეასრულა და სერბსკის სახელობის ფსიქიატრიის კვლევით ინსტიტუტში დამაწვინეს. იქ სამი თვე დავყავი და შეურაცხადად მცნეს, რაც ჩემს დახვრეტას გამორიცხავდა. შემდეგ კი, სიკვდილით დასჯა საერთოდ გაუქმდა და ასე გადავრჩი ცოცხალი.
ხომ გაგიგონიათ, „მადა ჭამაში მოდისო“, და როგორც კი აღვიქვი, რომ ცოცხალი დავრჩი, იმ წამსვე ცოლ-შვილი გამახსენდა. ისინი პრინციპში, არც არასოდეს დამვიწყებია და ვინანე, რომ თამარი ვაიძულე ბავშვებთან ერთად აქედან გადახვეწილიყო. თუმცა, მცირე იმედი მაინც მქონდა, რომ იქნებ, ჩემი ცოლ-შვილი არსად წასულა და თბილისში ჩემი გადმოყვანის შემდეგ, ვაპირებდი, მათ მოძებნას.
დღე-დღეზე თბილისში გადმოგზავნას ველოდი და საამისოდ საგანგებოდ ვემზადებოდი, რომ მოულოდნელად, ყაზანის ფსიქიატრიულ ციხეში მიკრეს თავი. იქ კი სხვადასხვა ჯურის მანიაკები, სერიული მკვლელები და მწვავე ფსიქიკური აშლილობებით დაავადებული, გამოუსწორებელი და საზოგადოებისთვის უაღრესად საშიში ბოროტმოქმედები იყვნენ გამომწყვდეულები. როგორც მოგვიანებით შევიტყვე, ჩემი ყაზანში გაგზავნის ბრძანება სერბსკის ინსტიტუტის ახალ ხელმძღვანელს გაუცია, რომელმაც არ იცოდა, რომ მე საქმე ჩაწყობილი მქონდა და ციხიდან მოყვანილ ყველა შეურაცხადს ყაზანში აგზავნიდა. ყაზანში კი, იქაური ექიმები „ფსიქიკურ პატიმრებზე“ საშინელ ექსპერიმენტებს ატარებდნენ და მათ მუდმივად ესაჭიროებოდათ ცოცხალი მასალა.
აშკარა იყო, რომ არც უცნობმა იცოდა ჩემი ყაზანში გაგზავნის ამბავი, თორემ ის ამას არ დაუშვებდა და ღრმად ვარ დარწმუნებული, ყაზანიდანაც მან დამაბრუნა თბილისში. თუმცა, მანამდე მე იმ ჯოჯოხეთში ერთი თვე დავყავი... – ყაზანის ხსენებაზე პანტელეიმონ ჯაშს სახე აელეწა და თვალები არაბუნებრივად აემღვრა. მაგრამ თავს მოერია და დააბოლოვა, – მეცამეტე წელია, რაც აქ ვიმყოფები და 30 თებერვალს მოუთმენლად ველოდები, რომ სისხლსავსე და სრულფასოვან ცხოვრებას დავუბრუნდე. ამიტომ, ბატონო ედუარდ, სიამოვნებით ვიმუშავებ თქვენს გარდამავალ მთავრობაში. ძალ-ღონეს არ დავზოგავ, რომ ეს სამთვიანი პერიოდი წარმატებით დავძლიოთ და 30 თებერვალს ღირსეულად შევხვდეთ.
დოქტორმა ჯაშმა თხრობა დაასრულა და ჯაბას მიაპყრო მზერა, რომელიც გუნებაში ფიქრობდა: „ამ ექიმის მონათხრობიდან ჩანს, რომ ის გიჟი არაა და საამისოს ვერც მე ვერაფერს ვამჩნევ, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სჯერა 30 თებერვლის დადგომის, რაც არარეალურია. როგორც ეტყობა, ამ საცოდავს ყაზანის ფსიქიატრიულ ციხეში აურიეს „რამსები“ და იქაური ამბების მოყოლა იმიტომ არ უნდა. ჰო, ნამდვილად მასე იქნება“, – დაასკნა ჯაბამ. შემდეგ დანარჩენებს მიუბრუნდა და თქვა:
– ვფიქრობ, პატონი პანტელეიმონის მონათხრობი ამომწურავი იყო. მე კითხვები არ მაქვს და თქვენ?
– არც ჩვენ, არც ჩვენ, – ერთხმად თქვეს გენერალმა და პოლკოვნიკმა, მაგრამ დიტო სულაბერიძემ ასწია ხელი და ჯაბას უთხრა:
– მე მაქვს ერთადერთი კითხვა ბატონ პროფესორთან და შეიძლება?
– ბრძანე, ჩემო დიტო, ბრძანე, – ნება დართო ჯაბამ ჟურნალისტს და სულაბერიძემ ჯაშს მიმართა:
– თუ შეიძლება, იმ ერთთვიანი პერიოდის შესახებ გვიამბეთ, რომელიც ქალაქ ყაზანის ფსიქიატრიულ ციხეში გაატარეთ.
დოქტორ ჯაშს კვლავ აერია სახე და აემღვრა თვალები, მაგრამ მალევე მოთოკა თავი და დიტოს მიუგო.
– ცოტა არ იყოს, დავიღალე და უმორჩილესად გთხოვთ, ამ ერთადერთ კითხვას არ ვუპასუხო. სხვა დროს იყოს, ყაზანის შესახებ სხვა დროს მოგიყვებით.
დიტოს არაფერი უთქვამს. ჯაბამ კი, რომელსაც ძალიან ეცოდებოდა ჯაში, რადგან ფიქრობდა, რომ დოქტორს ყაზანის ფსიქიატრიულ ციხეში გაუგონარი საშინელება ჰქონდა გადატანილი, მადლობა გადაუხადა მას და თქვა:
– ვფიქრობ, ბატონი პანტე მართალია და დიტოს კითხვას მოგვიანებით გასცემს პასუხს. ახლა კი კანდიდატების მოსმენა გრძელდება და გთხოვთ, ბატონო გედეონ, – ჯაბამ გენერლისკენ გაიშვირა ხელი და საზეიმოდ გამოაცხადა: სიტყვა ეძლევა გენერალ-ლეიტენანტ გედეონ სპირიდონის ძე ჯაყელს!
გენერალი ამაყად წამოდგა საწოლიდან და პალატის შუაში, გაცვეთილ ხალიჩაზე დადგა. შემდეგ ყელი მოიღერა, თანაპალატელებს მოავლო მზერა და თქვა:
– ბაბუაჩემი, გედეონ სპირიდონის ძე ჯაყელი, ვის სახელსაც მე ვატარებ, რუსეთის არმიის გენერალი იყო და მიუხედავად იმისა, რომ იმპერიას არაერთი სახელოვანი გამარჯვება მოუტანა, როგორც ბაგრატიონმა და სხვა ქართველმა მხედართმთავრებმა, მთელი ცხოვრება თავისუფლებაზე ოცნებობდა და დიდი სურვილი ჰქონდა, საქართველოს საზღვრები დარუბანდიდან ნიკოფსიამდე აღმდგარიყო. უფრო მეტიც, მას ეს ურყევად სწამდა, სიკვდილის წინ თავისთან მიმიხმო და მითხრა:
– ვკვდები, ბაბუ, და კარგად მომისმინე...
– რა დროს სიკვდილია, ბაბუა, ნუ გეშინია, ას წლამდე უნდა იცოცხლო, ას წლამდე! – ჩემი ჭკუით, ვანუგეშე საწოლზე მიჯაჭვული მოხუცი, რომელსაც სიკვდილისფერი ედო სახეზე და აშკარად ეტყობოდა, რომ ცალი ფეხით სამარეში იყო, სულ მალე კი მეორესაც ჩადგამდა იქ.
– ნუ მაწყვეტინებ, შე მამაძაღლო, – ჩაეცინა მოხუცს, – არც ბევრი მიკლია ას წელს და არც სიკვდილის მეშინია. მამაშენი ვერაფრით დავაყენე სწორ გზაზე და მეომრობას პროფესორობა ამჯობინა. არადა ჩვენი ჯიში და ჯილაგი ომებში იწრთობოდა. ჩემმა შვილმა კი ეს ყველაფერი ნაცრის ქექვაზე გაცვალა და ამხელა კაცი ნაცარქექიად გადაიქცა.
გენერალს გაეცინა და განმარტა:
– ცხონებული მამაჩემი ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი იყო, თავისი დარგის საუკეთესო მცოდნე და ახალგაზრდობაშივე პროფესორი გახდა. ბაბუას კი, ეს არასერიოზულ საქმედ მიაჩნდა, მასზე ბრაზობდა და „ნაცარქექიაც“ ამიტომ შეარქვა. მამაჩემი კი ისე გატაცებული იყო თავისი პროფესიით, მამის საყვედურებს არაფრად აგდებდა.
– ნაცარქექია კაცი კი, ბაბუ, – მითხრა ბაბუაჩემმა, – მეომრად არ გამოდგება და სიკვდილის წინ შენ იმიტომ მოგიხმე, ნაცარქექიასთან ლაპარაკი არ მინდა. მას ჩემგან მოკითხვა, კეთილი სურვილები და ყოველივე კარგი გადაეცი.
კი მინდოდა, მეთქვა ბაბუასთვის, ცდები, ნაცარქექია ნამდვილი მეომარია, მან ხომ დევი დაამარცხა, რასაც ჩვენ საუკუნეებია ვცდილობთ და არ გამოგვდის-მეთქი, მაგრამ თავი შევიკავე. ამის დრო არ იყო და მომაკვდავ ბაბუას გავუღიმე, მან კი განაგრძო:
– შენ კი, ჩემო ბაბუ, ნამდვილი ჯაყელი ხარ, ჩვენს ტრადიციას არ უღალატე, საბრძოლო გზას დაადექი და ჩემსავით გენერალი გახდები. აი, შვილო, ეს გამომართვი, გაიკეთე და სანამ ჩემსავით სამარის კარს არ მიუკაკუნებ, არ მოიხსნა. თუ მოიხსნი, ღირსეულს გადაეცი.
ბაბუაჩემმა ალმასისთვლიანი ოქროს ბეჭედი წამომაცვა მარცხენა ხელის შუა თითზე, რომელიც მას მუდმივად ეკეთა და არასოდეს იხსნიდა.
– ეს ალმასისთვლიანი ბეჭედი, შვილო, უბრალო არ გეგონოს, საოცარი თვისება აქვს, – მითხრა ბაბუაჩემმა, – მის მფლობელს მტერი ვერაფერს აკლებს, ბრძოლაში არც ხმალი ეკარება, არც ისარი და არც ტყვია. ის ათასი წლისაა და დიდგორის ომში თავად დავით აღმაშენებელს ეკეთა ხელზე.
– დავით აღმაშენებელს? – დავეჭვდი მე.
– დავით აღმაშენებელს, იმ სულმნათს, – დინჯად მომიგო ბაბუამ და მითხრა, – ჩვენი დიდი წინაპარი, გედეონ ჯაყელი დიდგორის ომში ახლდა დავითს, ერთ-ერთ მოიერიშე რაზმს მეთაურობდა. ლომივით იბრძოდა, თურქ-სელჩუკებს მუსრს ავლებდა და ერთ-ერთ ბოლო ბრძოლაში სასიკვდილოდ დაიჭრა. ომი თითქმის დასრულებული იყო და დავითი გამარჯვების აღსანიშნავად ემზადებოდა, როდესაც დიდ მეფეს ჯაყელის ამბავი მოახსენეს. დავითი თურმე პირადად მივიდა ჯაყელის სანახავად და ჭრილობა რომ უნახავს, თავისივე დამზადებული მალამო წაუსვამს მისთვის და უბრძანებია, რომ ლომგული მეომარი არ მოკვდებაო. შემდეგ კი შუა თითიდან ეს ბეჭედი წაუძვრია, გედეონისთვის თითზე წამოუცვამს და უთქვამს:
– კარგი ყმა ხარ, მამაცი მეომარი, მტრის შემმუსვრელი და ეს ბეჭედი დაგიცავსო.
და მართლაც, მას მერე გედეონ ჯაყელს უამრავ ბრძოლაში მიუღია მონაწილეობა და განაკაწრიც არ ჰქონია. სწორედ მისგან მომდინარეობს ჯაყელებში ბეჭდის გადაცემის ტრადიცია და ის ჩვენი მოდგმის ყველა გამოჩენილ მეომარს ეკეთა თითზე. ეს ბეჭედი მამაჩემმა, სპირიდონმა გადმომცა და მე კი მას შენ გიძღვნი. ღირსეულად ატარე და თითიდან არასდროს მოიხსნა – არც არავის აჩუქო, არც ათხოვო და არც გაყიდო. იცოდე, ის რომ დაკარგო, ან უღირსს გადასცე, მის ახალ მფლობელს და შენც უბედურება არ აგცდებათ, გესმის, ბაბუ?
– კი, ბაბუ, მესმის და ყველაფერს ისე შევასრულებ, როგორც დამიბარე.
– დღეგრძელი და ძლევამოსილი იყავი, შვილო, – მითხრა ბაბუაჩემმა, შემდეგ უკანასკნელად ამოისუნთქა და სულიც განუტევა.
მაშინ სულ რაღაც 18 წლის ვიყავი, სამხედრო სასწავლებლის პირველკურსელი და სამხედრო კარიერაში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი. მართალი გითხრათ, მაშინ არც იმ ბეჭდის მფარველობის ძალის მჯეროდა, არც მისი სიძველის და ისტორიული მნიშვნელობის და არც იმის, რომ მის დაკარგვას უბედურება მოაქვს, მაგრამ სამივეში დავრწმუნდი.
გენერალმა პაუზა გააკეთა და მარცხენა ხელის შუა თითზე დაიხედა. შემდეგ თავი გააქნია, ამოიხვნეშა და განაგრძო:
– პირველად ბეჭდის სიძველეში დავრწმუნდი. ბაბუაჩემი სულ რაღაც ერთი კვირის დასაფლავებული გვყავდა, როდესაც მამაჩემმა თითზე დამხედა და მითხრა:
– ეგ ბეჭედი მანდ კი არა, მუზეუმში უნდა იყოს.
– ბაბუაჩემის ნაქონ ბეჭედს მუზეუმში რა უნდა? – ვკითხე მამაჩემს.
– ის, შვილო, რომ როგორც მინიმუმ, აღმაშენებლის ეპოქისაა.
– ხომ არ გეშლება, მამა? – ვუთხარი მამაჩემს, მაგრამ ენა მოვიკვნიტე, რადგან გამახსენდა, რომ ჩემ წინაშე ამ საქმის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ექსპერტი იდგა და ასეთი კითხვის დასმა სულელურ მდგომარეობაში მაყენებდა.
– არა, შვილო, არ მეშლება, – გაეცინა მამაჩემს, – ცხონებულ ბაბუაშენთან არაერთხელ მომსვლია ცხარე კამათი ამის გამო, მაგრამ ბეჭდის მუზეუმისთვის გადაცემაზე ყოველთვის კატეგორიულ უარს ამბობდა.
– სწორადაც შვრებოდა, – შევეპასუხე მამაჩემს და ვაგრძნობინე, რომ ვერც მე დამიყოლიებდა. უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის კი ბაბუას ნაამბობი მოვუყევი აღმაშენებლისა და ჯაყელის ისტორიის შესახებ და ბოლოს ვუთხარი, – ბეჭედს მფარველი ძალა აქვს, ჩვენი საგვარეულო განძია და მუზეუმს რატომ უნდა გადავცე-მეთქი?
– მის მისტიკურ მნიშვნელობაზე ვერაფერს გეტყვი, მაგრამ ისტორიულად ძალიან ფასეული ნივთია და მისი ადგილი მუზეუმშია.
– არავითარ შემთხვევაში, მამაჩემო, როგორც ბაბუაჩემმა დამიბარა, ისე მოვიქცევი და ბეჭედს არამცთუ მუზეუმს გადავცემ, თითიდანაც კი არ მოვიხსნი, – ვუთხარი და მას მერე მამაჩემს სიტყვაც არ დასცდენია ბეჭდის მუზეუმისთვის გადაცემის შესახებ. უბრალოდ, დამხედავდა ხოლმე ბეჭედზე, თავს გადააქნევდა, სინანულით ხელს ჩაიქნევდა და ჩამივლიდა.
ბაბუაჩემის წინასწარმეტყველება ახდა, ბრწყინვალე სამხედრო კარიერა გავიკეთე, ორვარსკვლავიანი გენერალი გავხდი და, რაც მთავარია, იმაშიც დავრწმუნდი, რომ ჩემს ბეჭედს მართლაც მფარველი ძალა ჰქონდა. 35 წელი ვიმსახურე ჯარში, რამდენიმე სისხლისმღვრელ ომში მივიღე მონაწილეობა, უამრავ ხიფათში ჩავვარდნილვარ, მაგრამ ერთი ნაკაწრიც არ მქონია. არადა, არც ვინმეს ზურგს ამოვფარებივარ, ყოველთვის წინა ხაზზე ვიყავი და რომ იტყვიან, ტყვიას შუბლს ვუშვერდი. მაგრამ, თქვენც არ მომიკვდეთ, ტყვია ყოველთვის გვერდს მივლიდა და ნებისმიერი ხიფათიდან საღ-სალამათი გამოვდიოდი.
ავღანეთის ომი რომ მთავრდებოდა, ერთ-ერთი არმიის მეთაური ვიყავი. ყველა პატივს მცემდა და ომის დამთავრებისთანავე მოსკოვში, თავდაცვის სამინისტროში ძალიან მაღალ თანამდებობაზე დანიშვნას მიპირებდნენ. გაზაფხული იწურებოდა, როდესაც ორიოდე დღით თბილისში დავბრუნდი, რომ ცოლ-შვილი მომენახულებინა, შემდეგ კი კვლავ ავღანეთში უნდა გავმგზავრებულიყავი ჩემი საქმეების მოსაგვარებლად. იქიდან კი პირდაპირ მოსკოვში ახალ თანამდებობაზე წარმადგენდნენ. სახლში რომ მივედი, მხოლოდ ჩემი მეუღლე – მედიკო დამხვდა, ხოლო ჩემი ქალ-ვაჟი – თამთა და თორნიკე, შინ არ იყვნენ.
– ბავშვები სად არიან? – ვკითხე მეუღლეს.
– წყნეთში ავიდნენ აგარაკზე, წლეულს ნაადრევად დაცხა და თბილისში გაჩერება შეუძლებელია, – მომიგო მედიკომ.
– შენ რატომ არ გაჰყევი მათ?
– მე? მე შენ გელოდებოდი, საყვარელო, და იმიტომ.
– მოულოდნელად ჩამოვედი და რა იცოდი, რომ მოვდიოდი.
– გული მიგრძნობდა.
– რამეს ხომ არ მამაძაღლობ, მედიკო?! – ვეხუმრე ცოლს და თითი დავუქნიე.
– ნუ სულელობ, თუ კაცი ხარ, – არ მიიღო ხუმრობა მედიკომ, – სახლს უპატრონოდ ხომ არ დავტოვებდი. არ იცი, რა არეული დროა? დღე არ ჩაივლის, ვინმე არ მოკლან. ქურდობა და ყაჩაღობა ხომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხდება. ისღა გვაკლია, სიმწრით ნაგროვები ქონება მოგვპარონ ან წაგვართვან.
– კარგი, კარგი, საყვარელო, გეხუმრე, – ვუთხარი მედიკოს და რადგან ძალიან მონატრებული მყავდა წელზე მოვხვიე ხელები და საკოცნელად გავიწიე.
– რა დროს ეგაა, – მითხრა მედიკომ და ხელიდან დასხლტომა სცადა, მაგრამ მე უფრო მაგრად მივიკარი და ის იყო, ტუჩებზე უნდა დავწაფებოდი, რომ ტელეფონმა დარეკა.
– ტელეფონი რეკავს, – თქვა მედიკომ.
– რეკოს მერე... იცი, როგორ მომენატრე? შენ არა?
– მეც, მეც, მაგრამ ბავშვები არ რეკავდნენ და, რომ არ ვუპასუხებ, შეეშინდებათ.
– უპასუხე, – ვუთხარი მედიკოს და ხელი გავუშვი. ტელეფონთან მივიდა, ყურმილს დასწვდა და უპასუხა:
– გისმენთ. გაგიმარჯოს. გმადლობთ, კი, რა თქმა უნდა, გელოდებით, – მედიკომ ყურმილი დაკიდა და მითხრა:
– იასონი იყო, ფანჯრიდან დაუნახავხარ და ნებართვა მთხოვა, თუ შეიძლება, მოვალ და ვინახულებო. უარს ხომ არ ვეტყოდი, მოვა ახლა და ძალიან გთხოვ, კოპებშეკრული არ დახვდე.
იასონი ჩვენი ბერძენი მეზობელი იყო, რომელიც მოპირდაპირე სახლში ცხოვრობდა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოჯახის მიმართ უკიდურეს კეთილგანწყობას გამოხატავდა, გულზე არ მეხატებოდა. ის ჩემზე ათიოდე წლით ახალგაზრდა, მარტოხელა და მდიდარი მამაკაცი იყო. იმიტომ არ ვწყალობდი, რომ ჩემს ალმასისთვლიან ბეჭედზე თვალი ჰქონდა დადგმული და მის გაყიდვას მთხოვდა. სანაცვლოდ ზღაპრულ თანხებს მთავაზობდა და თავის ახირებას კოლექციონერობით ხსნიდა. მან ერთხელ თავისი ბეჭდების კოლექციაც კი გადმოიტანა ჩემთან, დამათვალიერებინა და მითხრა:
– ბატონო გედეონ, ამ მშვენიერებას მხოლოდ თქვენს თითზე წამოცმული ბეჭედი აკლია და უმორჩილესად გთხოვთ, მომყიდოთ. მასში სამმაგ თანხას გადაგიხდით და ნაწყენი ნამდვილად არ დარჩებით.
– დაიხსომე, იასონ, – გენერლურად მივუგე აბეზარ ბერძენს, – ეს ბეჭედი არ იყიდება და თუ კიდევ ერთხელ მოგიმართავს ჩემთვის ასეთი წინადადებით, იცოდე, გაწყენინებ!
– იასონმა მომიბოდიშა, ცივად გატრიალდა და წავიდა. თუმცა, როცა მხვდებოდა, კვლავ ძველებურ კეთილგანწყობას გამოხატავდა, დიდი გულშემატკივარივით მოგვიკითხავდა ყველას და ძალიან გულთბილად მშორდებოდა. თანაც, ბეჭედზე სიტყვასაც აღარ ძრავდა. ისე ეჭირა თავი, თითქოს ის საერთოდ არ აღელვებდა.
– იასონიღა მაკლდა, – ჩავიბურტყუნე გაბრაზებულმა. იასონისგან დითირამბების მოსმენას, მედიკოსთან სიყვარული მერჩივნა, – ცოლთან დაწოლას აღარ გაცლიან...
– ნუ ბრაზობ, საყვარელო, – დამიყვავა მედიკომ, – იასონი ცოტა ხნით მოვა, შენი ბეჭდის ყურებით დატკბება და წავა. ჯერ საღამოა და მთელი ღამე წინ არ იქნება?
იასონი შამპანურებით ამოვიდა, გულთბილად მომიკითხა და მისთვის ჩვეული ტკბილი საუბარი გამიბა. ბეჭედზე სიტყვაც არ დაუძრავს, თუმცა დროგამოშვებით თვალს გააპარებდა ხოლმე მისკენ და უცნაურად უმზერდა.
მედიკომ სახელდახელო სუფრა გაშალა, ბოლოს თვითონაც მაგიდასთან დაჯდა და ცოტ-ცოტას სვამდა. მე ხშირი სმის მოყვარული არ ვიყავი, მაგრამ ბევრის დალევა შემეძლო და ძალიან არ ვთვრებოდი. იასონის მოტანილმა შამპანურმა კი რომ იტყვიან თავში დამკრა და გონება ისე დამიბინდა, მეორე დღეს აღარაფერი მახსოვდა. თავი კი მისკდებოდა.
– ეს რა შამპანური მოიტანა იმ შეჩვენებულმა, – ვუთხარი მედიკოს, – დამალევინე რამე, თორემ თავი გამისკდება და ეგაა.
– დაბერდი გედეონ, დაბერდი... აფსუს, რა ბიჭი იყავი? წუხელი ისე მინდოდა შენთან დაწოლა, ისე, რომ ერთი საათი გეხვეწებოდი, შენ კი არაფრის თავი არ გქონდა და ისე დაგეძინა, ტანსაცმელიც არ გამახდევინე, – მითხრა მედიკომ. შამპანური დამალევინა და მკითხა, – როგორ ხარ ახლა, თავის ხეთქვამ გაგიარა?
– აი, შამპანურიც ასეთი უნდა, – ვუთხარი მედიკოს და ცარიელი ჭიქა მივაწოდე, – იმ შეჩვენებული იასონის მოტანილი შამპანური კი ნამდვილი საწამლავი იყო.
– სწორედ რომ, იასონის მოტანილი შამპანურია. გუშინ, უბრალოდ, გადაღლილი იყავი და სასმელი არ წავიდა, – მითხრა მედიკომ და ალერსი დამიწყო, მაგრამ ჩვენი შვილები მოვიდნენ და იძულებულები ვიყავით, ეს პროცესი შეგვეწყვიტა.
ერთი სიტყვით, ავღანეთში ისე დავბრუნდი, ცოლთან დაწოლა ვერ მოვახერხე და რატომღაც ამეკვიატა აზრი, რომ ეს ყველაფერი განგებ იყო მოწყობილი. თუმცა, როგორც კი თვითმფრინავიდან ჩამოვედი, ყველა მავნე აზრი უკუვაგდე და შტაბისკენ გავემართე.
– „ს პრიეზდომ“, სპირიდონოვიჩ, – შემომეგება გრომოვი, რომელიც ავღანეთში გაერთიანებული ძალების მეთაური იყო და მითხრა, – მოუთმენლად გელოდებოდით და უთქვენოდ ამ ოპერაციის ჩატარება არ გვინდოდა.
– რა ხდება, ამხანაგო გენერალო, ხომ მშვიდობაა? – მივუგე გრომოვს.
– ისეთი არაფერი, გედეონ სპირიდონოვიჩ, – მხარზე ხელი დამკრა გრომოვმა, უზარმაზარ პანორამულ რუკასთან მიმიყვანა და მითხრა, – აი, აქ საველე მეთაურ ახმად შაჰის ურჩი მებრძოლები არიან გამაგრებულები და ჩვენი ჯავშანმანქანების კოლონას გავლის საშუალებას არ აძლევენ. არადა ჯარების გაყვანის ვადები მკაცრად შეთანხმებულია და ჩვენ იმ ბრიყვი ფანატების გამო, ამ ვადებში ვერ ვეტევით. მერე ხომ იცი, ატყდება ერთი ამბავი, რუსები პირობას არღვევენ და ასე შემდეგ. ამიტომ, მე მინდა, რომ ეს პრობლემა შენ მოაგვარო. რა თქმა უნდა, შემეძლო „კაციჭამიების“ ერთი პოლკის გაგზავნა და ისინი ქვებზე დაადუღებდნენ მათ, მაგრამ არ მინდა. ჯერ ერთი, რომ ომი მთავრდება და რა საჭიროა უაზრო მსხვერპლი. თანაც, შეიძლება, ეს პროვოკაცია იყოს და ავღანელები რომ გავწყვიტოთ, ამერიკელები ახალ შარს მოგვდებენ და ვინ იცის, რა მოხდება. ამიტომ, დაგელოდე და მინდა, ეს პრობლემა შენებურად, ძალიან დელიკატურად მოაგვარო. რას იტყვი, შეძლებ?
– რა თქმა უნდა, შევძლებ, – ვუთხარი გრომოვს და უკვე ზუსტად ვიცოდი, თუ რა უნდა გამეკეთებინა.
მთებში ასიოდე ურჩი, კბილებამდე შეიარაღებული მოჯაჰედი იყო გამაგრებული და როგორც არაერთხელ, მე და ჩემს მეომრებს ისინი ალყაში უნდა მოგვექცია. მაპარალიზებელი გაზის გამოყენებით ჯერ გავანეიტრალებდით, შემდეგ კი განვაიარაღებდით და მათი ფაფხური ამით დასრულდებოდა. არც ჩვენ დავზარალდებოდით და ისინიც ცოცხლები გადარჩებოდნენ. ასეთი ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია, დიდი გამოცდილება მქონდა და გრომოვიც სწორედ ამიტომ დაელოდა ჩემს დაბრუნებას. თუმცა, ყველაფერი პირიქით მოხდა და ოპერაცია რომ დავიწყეთ, ჯერ იყო და ფეხი დამიცურდა, წავიქეცი და ქვის ცვენა გამოვიწვიე, ამან კი მოჯაჰედები გამოაფხიზლა და სროლა აგვიტეხეს. თუმცა, ხელსაყრელი პოზიცია გვეკავა და წესით, მათი ძლევა არ უნდა გაგვჭირვებოდა. მაგრამ, ესეც ვერ მოვახერხეთ. რატომ? არ ვიცი და ისეთი ფიცხელი ბრძოლა გაიმართა, რომ ქვა-ქვაზე არ დარჩენილა. რომ არა დამხმარე ძალა, რომელმაც მოჯაჰედები ჰაერიდან დაცხრილა, ალბათ, ყველანი მთებში ჩავიხოცებოდით. ჩვენებიდან ბევრი დაიხოცა და მეც საკმაოდ მძიმედ ვიყავი დაჭრილი. ერთი სიტყვით, მაშინვე მოსკოვში გადამაფრინეს, პრესტიჟულ კლინიკაში მომათავსეს და სასწრაფო ოპერაცია გამიკეთეს.
გენერალმა ოფლი მოიწმინდა, თან პალატელებს გადახედა, ჩაახველა და განაგრძო:
– გამოჯანმრთელების პროცესი ნელა, მაგრამ წარმატებით მიმდინარეობდა და კოლეგები ყურადღებას არ მაკლებდნენ. თუმცა, ორი რამ მიკვირდა. პირველი ის, რომ ჩემმა ბეჭედმა არ დამიცვა და ასეთი მძიმე ჭრილობა მივიღე. მეორე კი ის, რომ თითქმის ერთი თვე იყო, რაც რეანიმაციაში ვიწექი და არც მედიკოს მოუკითხავს და არც შვილებს.
რაც უფრო მეტს ვფიქრობდი იმაზე, თუ რა ხდებოდა, მით მეტი გაურკვევლობა მეუფლებოდა და ერთი სული მქონდა, სახლში დამერეკა და ყველაფერი გამერკვია. ერთი თვის მერე რეანიმაციიდან ჩვეულებრივ, ორადგილიან პალატაში გადამიყვანეს და ცოტა ხნით ფეხზე წამოდგომის უფლებაც მომცეს. მეც ამით ვისარგებლე და განყოფილების უფროსს თბილისში დარეკვის ნებართვა ვთხოვე. მისი კაბინეტიდან კოდით დავრეკე სახლში. ტელეფონის ზარი გადიოდა, მაგრამ ყურმილს არავინ იღებდა. დღის სხვადასხვა მონაკვეთში რამდენჯერმე დავრეკე თბილისში, მაგრამ შედეგი იგივე იყო. ჩემი სახლიდან არავინ მპასუხობდა. შემეძლო, სხვებთან დამერეკა და მათთვის მეთხოვა საქმის გარკვევა, მაგრამ თავი შევიკავე. ცხოვრებაში პირველად შემიპყრო შიშმა, მაგრამ არ ვიცოდი, ეს რისი შიში იყო. გადავწყვიტე, სრულ გამოჯანმრთელებამდე არაფერი მემოქმედა.
ამასობაში კიდევ ერთი თვე გავიდა. ავღანეთის ომი დასრულდა. საბჭოთა არმია იქიდან გამოვიდა და როგორც კი ბოლო ჯარისკაცმა დატოვა იქაურობა, გენერალი გრომოვი მოსკოვში დაბრუნდა, პალატაში მეწვია და მითხრა:
– თავს როგორ გრძნობ, გედეონ სპირიდონოვიჩ, ხომ ხარ ძველებურად, ლომივით?
– ლომობის რა მოგახსენო, ამხანაგო გენერალო, – მივუგე გრომოვს, – მაგრამ ავღანეთის ომი უჩემოდ დასრულდა.
– დასრულდა და ჯანდაბა მაგას, რა დაგვრჩენია რო იქ? იყვნენ და კისერი იტეხონ, ჩვენ ჩვენი ვალი მოვიხადეთ და მაინც ყველა უმადური დაგვრჩა. ცოტა ხანში იქ ისეთი ამბავი ატყდება, დედა შვილს არ აიყვანს ხელში და ჩვენი იქ ყოფნა სანატრელი გაუხდებათ, – გრომოვმა ხელი ჩაიქნია და მითხრა, – მოკლედ, ასეა უფროსო, მაქსიმუმ ორ კვირაში ფეხზე დადგები და გაგწერენ. შემდეგ კი სამინისტროში უნდა გამოცხადდე და ახალი თანამდებობა და მესამე ვარსკვლავი მიიღო. მინისტრის გადაწყვეტილებით, მის პირველ მოადგილედ ინიშნები და გენერალ-პოლკოვნიკობა მოგენიჭება, მე კი მეორე მოადგილედ მნიშნავენ და კვლავ ერთად ვიმუშავებთ. ეს კი შენ ჩემგან საჩუქრად და ახალ მუნდირს რომ შეიკერავ, დაიკარი.
გრომოვმა ოქროს ძაფით ნაკერი და ბაჯაღლო ოქროსგან ჩამოსხმული, გენერალ-პოლკოვნიკის სამვარსკვლავიანი სამხრეები დამიტოვა, გამოჯანმრთელება მისურვა და წავიდა.
ჩემს პალატაში მეორე საწოლზე მოხუცი ებრაელი იუველირი იწვა, რომელსაც აბრაამ კარპოვიჩი ერქვა და საოპერაციოდ ამზადებდნენ. მოხუცი საკმაოდ ენაწყლიანი იყო, საინტერესო ისტორიებს მიყვებოდა და მართობდა. გრომოვი რომ წავიდა, აბრაამ კარპოვიჩი საწოლზე წამოჯდა და მითხრა:
– ძვირფასი სამხრეებია, ბაჯაღლო ოქროს ძაფითაა ნაკერი და ეს ვარსკვლავებიც ბაჯაღლოსგანაა ჩამოსხმული. იქნება, ასე, ასი გრამის მასალა.
– აჭარბებთ კარპოვიჩ, ასი გრამი რა ამბავია?
– ახალგაზრდავ! – იწყინა ებრაელმა იუველირმა, – ისევე ვარ დარწმუნებული, რომ მაგ სამხრეებში 100 გრამი ბაჯაღლო ოქროა, როგორც იმაში, რომ თქვენს შუა თითზე წამოცმული ბეჭედი ალმასის ქვის იმიტაცია და აბსოლუტური სიყალბეა!
– რა ბრძანეთ, ბატონო? – წამოვხტი და ებრაელს მივაჩერდი.
– რაც გაიგეთ! – მომახალა იუველირმა, კედლისკენ გადაბრუნდა და მიყუჩდა.
მე ხან ბეჭედს დავცქეროდი, ხან ზურგშექცეულ იუველირს. ბოლოს მის საწოლთან მივედი, ჩამოვუჯექი და ვუთხარი:
– მაპატიეთ, აბრაამ კარპოვიჩ, თქვენი წყენინება არ მინდოდა, მაგრამ ღვთის გულისთვის, მითხარით, ჩემი ბეჭედი მართლა ყალბია?
ებრაელი გადმობრუნდა და ისე, რომ ბეჭდისთვის არც დაუხედავს, მითხრა:
– ეგ ბეჭედი პროფანაციაა. მართალია, კარგად გაკეთებული, მაგრამ მაინც პროფანაცია.
საცოდავი აბრაამ კარპოვიჩი იმავე ღამეს გარდაიცვალა. მე კი საავადმყოფოდან ორ კვირაში საღ-სალამათი გამწერეს. როგორც კი იქიდან გავედი საიუველირო სალონს მივაკითხე და ბეჭედი შევამოწმებინე.
– პროფანაციაა, – გაიმეორა ცხონებული კარპოვიჩის სიტყვები იუველირმა, – კაპიკია მისი ფასი, თუმცა ძალიან ოსტატურადაა გაყალბებული.
ბეჭდის ამბავი რომ გავარკვიე, ერთ ჩემს ძველ მეგობარს ვეწვიე და 200 მანეთი გამოვართვი, შემდეგ თვითმფრინავის ბილეთი ავიღე, თბილისში გადმოვფრინდი და ჩემს ბინას მივადექი. სამალავიდან გასაღები ამოვიღე, კარი გავაღე და შევედი. იქაურობა დავათვალიერე და აღმოვაჩინე, რომ ძვირფასი სამკაულების გარდა, ყველაფერი ადგილზე იყო. თუ არ ჩავთვლით ჩემს ცოლ-შვილს, რომელიც ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, არ ვიცოდი.
ტახტზე წამოვწექი და ფიქრებში ჩავიძირე. გადაწყვეტილი მქონდა, იმ ღამეს კარგად გამომეძინა, დილიდან კი საფუძვლიანად გამომერკვია, რა ტრიალებდა ჩემს თავს და გაუჩინარებული ცოლ-შვილიც მომეძებნა.
დაძინებას ვაპირებდი, რომ ზარმა დარეკა. კარი გავაღე. ზღურბლზე ჩემი კარის მეზობელი ქალბატონი ლონდა იდგა, რომელმაც გამიღიმა და მითხრა:
– შეიძლება, შემოვიდე, გედეონ?
– მობრძანდით, ქალბატონო ლონდა, – შევიპატიჟე სახლში მეზობელი. სავარძელში დაჯდომა შევთავაზე, მე მის წინ მოვკალათდი და მივაჩერდი. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ლონდა ამბების მოსაყოლად შემოვიდა და მოუთმენლად ველოდი, რას მეტყოდა.
– როგორ ხარ, გედეონ? – მკითხა ლონდამ.
– ახლა რა მიჭირს?
– გჭირდა რამე თუ?
– მძიმედ დაჭრილი ვიყავი, ქალბატონო ლონდა, და სიკვდილს ძლივს გადავურჩი.
– ღმერთო მომკალი! – შეიცხადა ლონდამ, – სად, რატომ, როგორ?
– ავღანეთის ომში, ქალბატონო ლონდა.
– ჭირმა გაწყვიტოს ეგ ტურტლიანები, – მიაწყევლა ლონდამ ავღანელები, – მთავარია, გადარჩი და კარგად ხარ. ხომ კარგად ხარ? თუმცა, კარგად როგორ იქნები, გაიგებდი, ალბათ, შენი ცოლ-შვილის ამბავს.
– რა ამბავს?
– არაფერი გაგიგია? – გაოცდა ლონდა.
– აბა, საიდან, ქალბატონო ლონდა, სამი თვეა, აქ არ ვყოფილვარ. ჯერ ვომობდი, შემდეგ ვმკურნალობდი და ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს.
– სწორედ რომ, სამი თვის წინ გადაიხვეწა შენი ცოლ-შვილი საბერძნეთში.
– საბერძნეთში? კი მაგრამ, იქ რა უნდათ?
– რა უნდათ და შენი მედიკო იმ სასიკვდილე იასონას გაეკიდა და ბავშვებიც თან წაიყვანა.
– ვინ იასონას? – უცებ ვერ ჩავწვდი ლონდას სიტყვას.
– აი, იმას, – ფანჯარასთან მივიდა ლონდა და მოპირდაპირე სახლისკენ გაიშვირა ხელი, – იმ სასიკვდილემ აურია შენს ცოლს ტვინი და თავს ლაფი დაგასხა.
უცებ ყველაფერს მივხვდი და ჯერ გავფითრდი, ცივმა ოფლმა დამასხა, შემდეგ ყბა ამიკანკალდა და აცახცახებული ხელებით, რის ვაი-ვაგლახით ჩავიდე სიგარეტი პირში. თუმცა, მოკიდება მაინც ვერ მოვახერხე და ლონდა შემეშველა, რომელმაც ლოყებზე შემოიწყო ხელები და თავის აქეთ-იქით ქნევით მითხრა:
– არა და, რა უნდოდა იმ ძღინკიან ბერძენთან, ქართველი გენერალი არ სჯობდა? მართალია, ამბობენ იასონამ საზღვარზე დიდი განძი გადაიტანაო, მაგრამ ისეთი რა ექნებოდა იმ დასანახშირებელს, რაც შენ არ გაქვს ან ვერ იშოვი.
– რა ვიცი, რა ვიცი, ქალბატონო ლონდა, – რაც შემეძლო, მშვიდად ვუთხარი მეზობელს, – წავიდა და ჭირსაც წაუღია, ბავშვებზე მწყდება გული. მაგრამ, იმედი მაქვს, გონს მოეგებიან და ოდესღაც მაინც მომაკითხავენ.
– წაიღო კიდევაც ჭირმა, ეგ მართლა ჭირწასაღები. მაგას და იასონას ჩხუბი მოსვლიათ და ერთმანეთი სულ დანებით დაუჩეხავთ. იასონას და მედიკოს თავი ჯანდაბას, მაგრამ ბავშვები მეცოდებიან. იმათ რა დააშავეს...
– რა სჭირთ ბავშვებს? – წამოვხტი სავარძლიდან და ფანჯარასთან მივირბინე, სადაც ლონდა იდგა და გრძელ-გრძელ, ვიწრო სიგარეტს აბოლებდა.
– აი, ყველაფერი აქ წერია და წაიკითხე. საბერძნეთში გამოდის, რუსულენოვანი გაზეთია და შენს ცოლ-შვილსა და იასონაზე ყველაფერი დაწვრილებით წერია, – მითხრა ლონდამ და მრავალფურცლიანი, ფერადი გაზეთი მომცა, – „ემიგრანტსკაია პრავდა“.
საგაზეთო სტატიას „მჩეხავები“ ეწოდებოდა და უხვად იყო დასურათებული ფერადი, სისხლიანი ფოტოებით. ყველაზე სისხლიანი ფოტო კი, რომელზეც ყელგამოჭრილი ქალ-ვაჟი იყო აღბეჭდილი გაზეთის პირველ გვერდზე მსხვილი პლანით იყო გამოტანილი. თავად სტატიაში კი ეწერა: „საბჭოთა კავშირიდან ემიგრირებული ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ქალაქის ერთ-ერთ გარეუბანში ცხოვრობდნენ, გუშინ საღამოს ერთმანეთს დაერივნენ და სამზარეულოს დანებით დაჩეხეს ერთმანეთი. შემთხვევის ადგილზე მისულ ჩვენს კორესპონდენტს სისხლის გუბეები დახვდა იქ და მართალია, ამ დრამის მონაწილეები უკვე საავადმყოფოში გადაეყვანათ, საქმის გამომძიებელმა განაცხადა, რომ ყველა მათგანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა. განსაკუთრებით კი მძიმეა 16-17 წლის ქალ-ვაჟის ჯანმრთელობის მდგომარეობა. კრიტიკულ ზღვარზე იმყოფებიან და ექიმები ამბობენ, რომ გადარჩენის შანსი მხოლოდ 3 პროცენტია.
როგორც ირკვევა, საბჭოთა კავშირიდან ემიგრირებული ჩვენი თანამემამულე იასონი და ქართული წარმოშობის ქალბატონი მედეა ერთმანეთთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან, ხოლო ქალ-ვაჟი – 16 წლის თამთა და 17 წლის თორნიკე, და-ძმა გახლავთ და მედეას შვილები არიან. ერთ-ერთმა ანონიმმა ინფორმატორმა, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა, გვიამბო, რომ ემიგრანტთა ეს ოჯახი სულ რაღაც ორი კვირაა, რაც აქ ცხოვრობს და მათი ბინიდან თითქმის ყოველ საღამოს გამოდიოდა აყალ-მაყალის ხმა. თუმცა, 15-20 წუთში ცხრებოდა. გუშინ კი, მათი ტრადიციული ჩხუბი ჯერ ნახევარი საათი გრძელდებოდა, რომელიც შემდეგ ცემა-ტყეპასა და ჭურჭელ-ავეჯის მტვრევა-მსხვრევაში გადაიზარდა. ამიტომ, მეზობლები მათი სახლის გარშემო შეიკრიბნენ და მთელი ტრაგედია საკუთარი თვალით იხილეს“. ერთ-ერთი თვითმხილველი ქალბატონი „იქსი“: „მეც საბჭოთა კავშირიდან ვარ ჩამოსული, სოხუმში დავიბადე და გავიზარდე, ქართული ენა კარგად მესმის და დაწვრილებით გავიგე მათი ჩხუბის შინაარსი. კაცმა, რომელსაც იასონი ერქვა, ქალს სილა გააწნა და უღრიალა:
– ბოზო! განა შენი იდეა არ იყო, შენი ქმარი დაგვეძინებინა და ბეჭედი შეგვეცვალა?! ძუკნავ! შენ ისეთი ურჩხული ხარ, რომ არავის დაინდობ, მათ შორის მეც. ამიტომ შენთან ცხოვრება არ მინდა. მორჩა, მივდივარ და ჩემი ფეხი არ იქნება აქ!
– ახლა ამბობ ამას, შე უნამუსო, შენა, როცა შენსას მიაღწიე და კოლექცია დაიმშვენე? – მიუგო ქალმა და უზარმაზარი სამზარეულოს დანა მოუღერა კაცს. თუმცა, იასონმაც სამზარეულოს დანა მოიმარჯვა და ქალს უღრიალა:
– იცოდე, არ მომეკარო, თორემ არ დაგინდობო!
ჩვენ, იქ შეკრებილებმა, ვერ გავბედეთ სახლში შესვლა და პოლიციას გამოვუძახეთ. ამასობაში კი იქ უბედურება დატრიალდა. ქალის ვაჟი დედასთან მიიჭრა და შეშლილი სახით უთხრა:
– ესე იგი, ყველაფერი მოგვატყუე და მამამ კი არ მიგვატოვა და გვიღალატა, შენ უღალატე მას, გაძარცვე და ჩვენც გვაღალატებინე?
– მასეა, მასე, – დაუდასტურა ბიჭს იასონმა. ქალმა კი უზარმაზარი დანა საკუთარ შვილს მოუქნია და ყელი გამოსჭრა. შემდეგ ზურგსა და კისერში ჩაარტყა და ძირს დასცა. იგივე გაუმეორა ქალიშვილსაც, რომელიც ძმას გამოესარჩლა და გადაეფარა“.
გაგრძელება შემდეგ ნომერში