თამაში ბრილიანტებით
აგათა კრისტი
მისტერ ედვარდ რობინსონი თავისი ახალი მანქანით აღტაცებული იყო. ფული ერთ-ერთ საგაზეთო კონკურსში მოიგო, თორემ მანქანას მისი შემოსავლების პატრონი კიდევ დიდხანს ვერ იყიდდა. უკვე ოთხი დღე იყო, რაც ეს მანქანა ჰყავდა და ახლა აპირებდა პირველად ქალაქგარეთ გასეირნებას.
შობის წინა დღე იყო. მშვენიერი ამინდი გამოვიდა. რობინსონს ყველაფერი ხელს უწყობდა. თავდაპირველად ქალაქიდან გამოსვლა ცოტა გაუჭირდა, რამდენიმე მძღოლმა გალანძღა კიდეც, თუმცა ახლა უკვე ტრასაზე მიჰქროდა. ლანჩისთვის ძველ სასტუმროში გაჩერდა, შემდეგ კიდევ ერთხელ შეისვენა, ჩაის დასალევად და მერე უკან, ლონდონისკენ გამობრუნდა. უკვე ბნელოდა. კაცი თავის ახალ „სიყვარულს“ ანთებული ფარებით მიაქროლებდა. რვა საათისთვის ჰინდჰედს გასცდა და დევიდ-ლანჩ-ბოულის ბორცვებთან გაჩერდა. ორი დღის წინ მოსულ თოვლს მთვარე ანათებდა. გადმოვიდა და გზის პირას დადგა. დაბლა, სითეთრეში მიმზიდველად ეშვებოდა ბილიკი. ედვარდი ცდუნებას აჰყვა და მომდევნო ნახევარი საათი, მოჯადოებულივით დაეხეტებოდა ბორცვებზე. ასეთ რამეს ადრე ვერც წარმოიდგენდა და ეს ყველაფერი მისი ახალი „სიყვარულის“ დამსახურება იყო, რომელიც ზევით, ერთგულად ელოდებოდა. ბოლოს, როგორც იქნა, გზაზე ამოვიდა, მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. ხელი „ბარდაჩოკში“ შეყო, სადაც თბილი შარფი შეინახა, მაგრამ იქ არ აღმოჩნდა. ედვარდმა ხელი უფრო ღრმად შეყო და... ერთბაშად თავბრუსხვევა იგრძნო... ნივთი, რომელიც აკანკალებულ ხელში ეჭირა, მთვარის შუქზე ცისარტყელას ფერებად აკიაფდა – ეს ბრილიანტის კოლიე იყო. მისი ღირებულება რამდენიმე ათასი ფუნტი იქნებოდა, მაგრამ მის „ბარდაჩოკში“ ვინ ჩადო? როდესაც ქალაქიდან გამოვიდა, იქ ის ნაღდად არ იდო. ალბათ, მაშინ ჩადეს, როდესაც სეირნობდა, მაგრამ რისთვის? იქნებ კოლიეს პატრონს შეეშალა? ან... ან, მოპარულია?!
უცებ ედვარდს გონება გაუნათდა და შეამცივნა. ეს მისი მანქანა არ იყო. რა თქმა უნდა, მას ძალიან ჰგავდა. იმავე ფერის იყო, მაგრამ სხვა ბევრი წვრილმანით, ედვარდი მიხვდა, რომ ეს ნამდვილად არ იყო მისი მანქანა. ეტყობოდა, რომ მანქანა ახალიც არ იყო...
ედვარდმა მანქანა მაშინვე მოაბრუნა. გაახსენდა, რომ მის მანქანასთან, შორიახლოს, კიდევ იდგა სხვა მანქანა. თუმცა, მაშინ ყურადღება არ მიუქცევია. ალბათ, სეირნობიდან უკან სხვა ბილიკით დაბრუნდა და იმ ბილიკმა კი, სხვა მანქანასთან მიიყვანა. ათ წუთში ადგილზე იყო, მაგრამ იქ არანაირი მანქანა აღარ იდგა. როგორც ჩანს, მანქანის პატრონსაც შეეშალა და ედვარდის ავტოთი გაემგზავრა. რა უნდა ექნა? პოლიციაში წასულიყო? კოლიე გადაეცა და ეთქვა, რომ შეცდომით სხვის მანქანაში ჩაჯდა? თან საკუთარი მანქანის ნომერიც კი არ ახსოვდა. ისეთი საზიზღარი ნომერი მისცეს ვერაფრით დაიმახსოვრა. ხომ დასცინებდნენ. იდიოტად გამოჩნდებოდა.
იქ, სადაც ბრილიანტები იპოვა, კიდევ ერთი სიურპრიზი ელოდა – ქაღალდის ნაგლეჯი, რომელზეც ფანქრით რაღაც იყო დაწერილი. გაშალა და ფარების შუქზე წაიკითხა: „ათ საათზე შემხვდები, გრინი, სალტერზ-ლეინის კუთხეში“. დაფიქრდა და გრინში გამგზავრება გადაწყვიტა, რომ შეხვედროდა ადამიანს, რომელმაც ეს წერილი დაწერა, ყველაფერს აუხსნიდა, ბრილიანტებს დაუბრუნებდა და თავის საკუთარ ახალ მანქანას უკან მოითხოვდა. ეს უკეთესი იქნებოდა, ვიდრე პოლიციაში იდიოტის როლის თამაში.
გრინი ძლივს იპოვა, კიდევ უფრო გაუჭირდა სალტერზ-ლეინის მიგნება. როდესაც წერილში მითითებულ ადგილს მიუახლოვდა, მოულოდნელად, სიბნელეში მის წინ ვიღაცის ფიგურა აღიმართა.
– როგორც იქნა! – გაიგონა ქალის ხმა, – კაცი მარტო სასიკვდილოდ თუ გაგაგზავნის, ჯერალდ!
ამ სიტყვებით ქალი მანქანის შუქზე გამოვიდა და ედვარდს სული შეეხუთა... ეს ყველაზე მშვენიერი ქმნილება იყო, მათ შორის, რომელიც მას აქამდე ენახა. უცებ ქალი შეკრთა.
– ეს ხომ ჯერალდი არაა! – წამოიძახა მან.
– არა, – სასწრაფოდ უპასუხა ედვარდმა, – ყველაფერი უნდა აგიხსნათ, – მან მანქანიდან ბრილიანტის კოლიე ამოიღო და ქალს გაუწოდა, – მე ედვარდი მქვია.
მეტი ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო, ქალმა შეჰყვირა და ტაში შემოკრა:
– რა თქმა უნდა, ედვარდი! ისე მიხარია, მაგრამ იმ იდიოტმა ჯიმიმ ტელეფონში მითხრა, რომ ჯერალდს გამოგზავნიდა. ძალიან მიხარია, რომ შენ მოხვედი, ძალიან მინდოდა, შენი ნახვა. ბოლოს ხომ ერთმანეთი მაშინ ვნახეთ, როდესაც სულ რაღაც ექვსი წლის ვიყავი. ესე იგი, კოლიე შენ გაქვს, ანუ, ყველაფერი რიგზეა. ჯიბეში შეინახე. თორემ შეიძლება, რომელიმე პოლიციელმა შემთხვევით დაინახოს. როგორ ცივა. მოდი, წავიდეთ.
ედვარდმა, თითქოს სიზმარშიაო, ისე გამოაღო კარი და ქალი მანქანაში ჩასვა. მას არავითარი გეგმა არ ჰქონდა. მთლიანად განგების ნებას მიენდო. ქალი მალე გაიგებდა, რომ იგი მისი ნაცნობი ედვარდი არ იყო, მაგრამ მანამდე დაე, თამაში გაგრძელებულიყო.
– როგორაა ჯიმი? – ჰკითხა ქალმა, – ალბათ, ძალიან გაუსივდა.
– ო, ჯიმი კარგადაა, – უთხრა ედვარდმა.
– შენთვის იოლია ამის თქმა, მაგრამ, ალბათ, არცთუ სასიამოვნოა, როდესაც მყესი გაქვს დაჭიმული. შენთვის არაფერი მოუყოლია?
– არაფერი. იქნებ შენ ამიხსნა.
– ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ქალის კაბაში გამოწყობილი ჯიმი მთავარი შესასვლელიდან შევიდა. მე ფანჯარასთან მივიპარე. დავინახე, როგორ ამოიღო აგნეს ლორელის მოახლემ კაბა და სამკაულები, მაგრამ ამ დროს ქვემოდან რაღაც ყვირილი მოისმა. შუშხუნა აინთო და ყველა ცეცხლის ჩასაქრობად გავარდა. მე კი ფანჯარაში გადავძვერი, კოლიე უცებ ავიღე და წამებში გარეთ ვიყავი, შემდეგ გზაზე გამოვედი, რომელიც პანჩ-ბოუნის უკან ჩადის. კოლიე და წერილი „ბარდაჩოკში“ ჩავდე, შემდეგ კი ლუიზასთან ოტელში დავბრუნდი. ალიბი გარანტირებული მაქვს. ის ვერც მიხვდა, რომ გასული ვიყავი.
– ჯიმის რაღა მოუვიდა?
– ჯიმიმ ქვედაბოლოზე ფეხი დაიდგა, წაიქცა და მყესი დაეჭიმა. მათ იგი მანქანაში ჩასვეს და ლორელის მძღოლმა სახლში წაიყვანა. წარმოგიდგენია, რა მოხდებოდა მძღოლს შემთხვევით „ბარდაჩოკში“ შეხედვა რომ მოენდომებინა?
ედვარდისთვის მეტ-ნაკლებად ყველაფერი გასაგები გახდა. მძღოლის თანდასწრებით ჯიმი „ბარდაჩოკში“ ვერ შეიხედავდა, თუმცა სავსებით გასაგებია, რომ მოგვიანებით, მეორე უცნობი, ჯერალდი ამას აუცილებლად გააკეთებდა და იქ მხოლოდ ედვარდის შარფს იპოვიდა.
ქალმა იგი ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კლუბ „რისტონში“ მიიყვანა. იქ კი მას უთხრეს, რომ ჯერალდ ჩამპნეიზი ურეკავდა.
„დაგირეკავდა, აბა, რას იზამდა“, – გაიფიქრა ედვარდმა. ახლა მან თავისი „სრული სახელი“ იცოდა, – ედვარდ ჩამპნეიზი, მაგრამ ეს ქალი ვინაა?
პატარა მაგიდასთან კოქტეილს წრუპავდნენ. მოულოდნელად ქალი წამოდგა.
– ვიცეკვოთ.
მან კოლიე გამოართვა და ედვარდის გასაკვირად, ყელზე გაიკეთა. შემდეგ კი მომხიბვლელად გაუღიმა. ედვარდი მშვენივრად ცეკვავდა. ღმერთო, რა საღამო იყო! ისინი ცეკვავდნენ და „რისტონში“ ჯერ ასეთი არაფერი ენახათ.
ბოლოს დასხდნენ, ედვარდის თანამგზავრს ხანში შესული ჯენტლმენი მიუახლოვდა და მიმართა:
– ლედი ნორინ, თქვენ როგორც ყოველთვის, შესანიშნავად ცეკვავთ. კაპიტანი ფოლიოტი აქაა?
– ჯიმის ფეხი გადაუბრუნდა და ახლა კოჭი სტკივა. ჯერ ვერ გეტყვით, ეს როგორ დაემართა.
ქალმა გაიცინა, ადგა და დარბაზის ცენტრისკენ გაემართა. ედვარდი უკან გაჰყვა, უკვე თავბრუ ეხვეოდა. ახლა მან მისი სახელი იცოდა: ნორინ ელიოტი, ცნობილი ლედი ნორინი, რომლის შესახებაც ინგლისის მაღალ საზოგადოებაში ყველაზე მეტს ლაპარაკობდნენ. ეგრეთ წოდებული „ოქროს ახალგაზრდების“ ლიდერი. სულ ახლახან მისი და კაპიტან ჯეიმს ფოლიოტის ნიშნობის შესახებ გამოაცხადეს. ედვარდი ვერაფრით ხვდებოდა ასეთ ხალხს კოლიეს მოპარვა რაში დასჭირდა.
– ეს ყველაფერი რა საჭიროა, ნორინ? – თქვა მან, – მომიყევი, რა ხდება?
– ვფიქრობ, შენთვის ეს რთულად გასაგები იქნება, – ქალმა გაიღიმა, – ყოველდღე ერთი და იგივე ხდება. რა თქმა უნდა, „იპოვე განძის“ თამაში საინტერესოა, მაგრამ ესეც გბეზრდება... ნამდვილი „ქურდობა და ძარცვა“ – ეს ჩემი იდეა იყო. ორმოცდაათ ფუნტს ჩამოდიხარ, შემდეგ კენჭისყრა იწყება. ეს მესამე „ქურდობაა“. ჯიმის და მე აგნეს ლორელის „გაძარცვა“ გვერგო. თამაშის წესები იცი? „ქურდობა და ძარცვა“ კენჭისყრიდან სამ დღეში უნდა ჩაიდინო და მოპარული, სულ ცოტა, ერთი საათის განმავლობაში ხალხმრავალ ადგილზე უნდა გამოაჩინო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასი ფუნტით დაგაჯარიმებენ. ჯიმის არ გაუმართლა და ფეხი იტკინა, მაგრამ ახლა ყველაფერი წესრიგშია, ჩვენ ბანკს მოვხსნით.
– მესმის, – თქვა ედვარდმა და შვებით ამოისუნთქა, – მესმის.
ნორინმა ბრილიანტები მოიხსნა. გარეთ ასე ვერ გავიდოდა. ედვარდს გადასცა, შეინახეო და ქუჩაში გამოვიდნენ. როგორც კი, კუთხეს მიუახლოვდნენ, მათ წინ მანქანა გაჩერდა და იქიდან ახალგაზრდა კაცი გადმოხტა.
– მადლობა ღმერთს, ნორინ, როგორც იქნა, გიპოვე! – წამოიძახა მან, – ეშმაკმა დალახვროს, ეს სულელი ჯიმი. სხვის მანქანაში ჩაჯდა. ერთმა ღმერთმა იცის, ახლა ბრილიანტები სადაა.
ნორინმა მას გაკვირვებულმა შეხედა:
– რას გულისხმობ? მე ბრილიანტები მივიღე და ახლა ისინი ედვარდს აქვს.
– ედვარდს?
– დიახ, – და მან ედვარდზე მიანიშნა.
„თუ ვინმე გაიჭედა, ეს მე ვარ, – გაიფიქრა ედვარდმა, – ეს, ალბათ, ჯერალდია“.
ახალგაზრდა კაცი მას დააკვირდა.
– ეს რას ნიშნავს? – ბრაზით წარმოსთქვა მან, – ედვარდი შოტლანდიაშია.
– ო! – წამოიძახა ქალმა და ახალგაზრდა კაცს მიაშტერდა. იგი ხან წითლდებოდა, ხან – ფითრდებოდა, – ვინ ხარ სინამდვილეში?
ედვარდს რამდენიმე წამი დასჭირდა, რომ სიტუაცია შეეფასებინა. ქალის თვალებში შიში გაკრთა, ან შეიძლება აღფრთოვანება. რამე უნდა აეხსნა? არა, ასეთი ბანალური ვერ იქნებოდა! თამაში ბოლომდე უნდა მიეყვანა.
– მადლობა უნდა გითხრათ, მის ნორინ, – წარმოსთქვა მან, – მშვენიერი საღამოსთვის.
შემდეგ სწრაფად შეხედა მანქანას, საიდანაც ახალგაზრდა კაცი გადმოვიდა. ეს მისი მანქანა იყო! ერთი ნახტომი და უკვე შიგნით იჯდა. მანქანა წინ გავარდა და მოსახვევში ბორბლების ხრჭიალით შევარდა. ჯერალდი დამბლადაცემულივით გახევებულიყო. პირველად ქალი გამოერკვა:
– მანქანის ნომერი მაინც თუ იცი?
– ერთხელ შევხედე, მაგრამ ისეთი საზიზღარი ნომერი აქვს, ვერ დავიმახსოვრე.