კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღამის საჩუქარი



გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹26–33(503)



„ხომ არ გწყინთ, ზოგჯერ თქვენთვის ჭკუის სწავლებას რომ ვცდილობ? ენა ჩემს ცხოვრებაში მომხდარმა რადიკალურმა ცვლილებებმა ამომადგმევინა, თორემ, მე რა ხმის ამომღები ვიყავი. როცა ზურგს ფული გიმაგრებს, სითამამე თავისით მოდის. კიდევ ბევრი რამე „მოდის“, მაგრამ ამაზე ლაპარაკს ახლა არ ვაპირებ. მიმაჩნია, რომ ცოტათი ადრეა. მოკლედ, იმისი გარკვევა მინდოდა, იცით, როგორ უნდა გაარჩიოთ პესიმისტი ოპტიმისტისგან? ერთი ჭკვიანი და მხიარული (დიახ, ჭკვიანი და მხიარული; ჭკუამხიარულში არ აგერიოთ) კაცი, რომლის გვარი, სამწუხაროდ, არ მახსენდება, ამბობდა, ეს ძალიან ადვილიაო. ანუ, პესიმისტის ოპტიმისტისგან გარჩევა არისო ადვილი. აიღეთ ბოთლი და შიგ წყალი სანახევროდ ჩაასხითო. აჩვენეთ ის იმას, ვისი ხასიათის მიდრეკილებებიც გაინტერესებთ. თუ იტყვის, ბოთლი თითქმის სავსეა, საქმე ოპტიმისტთან გქონიათ, პესიმისტს ის თითქმის ცარიელად მოეჩვენებაო. ეჭვი ხომ არ შეგეპარათ ამ მსჯელობის ლოგიკურობაში?! თუ ასეა, მაშინ, ადექით და პირდაპირ პრაქტიკაში გადაამოწმეთ, ამაზე ადვილი არაფერია. მერე უკვე თავად გადაწყვიტეთ, ვის გვერდით ჯობია ცხოვრება – პესიმისტის თუ ოპტიმისტის. შემიძლია, დაგეხმაროთ. გეტყვით, რა განსხვავებაა მათ შორის:

ოპტიმისტი სულ მხიარულია. ყველანაირ პრობლემაზე შეუძლია თქვას – მერე რა, არაფერი განსაკუთრებული არ ხდებაო. თანაც, ამას ისე საყვარლად გააკეთებს, ვერც გაუბრაზდებით. რა ქნას, თუკი ცხოვრებას ნათელ ფერებში ხედავს, ამისთვის ხომ არ დასჯით?! განა არ სჯობია პესიმისტს, რომელიც კაშკაშა მზესაც ეჭვის თვალით უყურებს და გაიძახის – ნახეთ, წვიმა თუ არ მოვიდესო. ოპტიმისტთან ყოველი დღე საინტერესო და მოულოდნელობებით სავსე იქნება, არ მოიწყენთ, მაგრამ პრობლემების დანახვა და მათი მოგვარება თავად მოგიწევთ. პრინციპში, არც პესიმისტი გამოიდებს თავს თქვენს დასახმარებლად, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ პრობლემებზე და უსიამოვნებებზე ყოველ წუთს მიგითითებთ, ამოსუნთქვის საშუალებას არ მოგცემთ და კაცს ბნელ ოთახში მაშინაც კი დაინახავს, როცა ის იქ არ იქნება... გეთანხმებით, რომ იდეალური ვარიანტი ამ ორი პიროვნების სინთეზით მიღებული „ჰიბრიდი“ იქნებოდა, მაგრამ ასე არ ხდება – ცოტა ხომ უნდა გვაწვალოს დედაბუნებამ. ინტრიგის გარეშე ხომ არ დაგვტოვებს და არ მოგვაწყენს“.

***

ლიკამ ხელისგული მკერდზე დაიდო და პირდაპირ იატაკზე ჩაჯდა. ვახომ დაუსტვინა და დროებით, სიტუაციის გარკვევამდე, ბავშვის ოთახს შეაფარა თავი. ლაშამ კი გადაწყვიტა, ცოტა დრო მოეგო; დრო, რომელიც აუცილებლად სჭირდებოდა აზრზე მოსასვლელად. წარმოდგენა არ ჰქონდა, რას ეტყოდა ცოლს, მაგრამ იმას კი ხვდებოდა, რომ სასწრაფოდ რაღაც უნდა ეთქვა, დამაჯერებელი ტყუილი, რომელსაც ლიკა უმტკივნეულოდ „გადაყლაპავდა“. მაგრამ ლაშამ საკუთარი გამოცდილებიდან ისიც იცოდა, როგორ უნიჭოდ ტყუოდა და როგორ არ უყვარდა ამ უნიჭობის „გადაყლაპვა“ მის გონიერ მეუღლეს...

***

ანდრომ კაზინოს ეზოს მხრიდან შემოუარა. მანქანა ჩვეულ ადგილას გააჩერა და პირდაპირ თავის კაბინეტში ავიდა. მის მაგიდაზე ყველაფერი ისე იყო, თითქოს ოთახიდან არც გასულა. ჩართული კამერების წყალობით, შეეძლო, დაენახა, რაც დარბაზში ხდებოდა. კარზე ფრთხილად დააკაკუნეს და კაბინეტში მორიდებული ღიმილით ახალგაზრდა ქალი შევიდა.

– როგორ არის საქმე, ინუშკი, ყველაფერი წესრიგშია?

– დიახ, ბატონო ანდრო, წესრიგშია. ძველი კლიენტები, ძველია სიტუაციაც, თუმცა, ერთმა ტიპმა ცოტა ფული მოიგო.

ანდრო სავარძლიანად შემობრუნდა და ქალს გამომცდელი მზერა მიაპყრო:

– ცოტა ფული რამდენია, ინა, ან რატომ გაგიკვირდა? აბა, მომიყევი, შენი ეჭვების შესახებ...

ინა შეყოყმანდა:

– შეიძლება, ეს მართლაც ჩემი ეჭვებია, მაგრამ, ხომ იცით, როგორი ხასიათი მაქვს. კლიენტებს ყოველთვის სახეში ვუყურებ და ძალაუნებურად ვიმახსოვრებ კიდეც. ეგ ტიპი აქ ადრეც იყო, მაშინაც მოიგო ფული და წავიდა. მაშინაც არ იყო დიდი თანხა.

ანდრომ სიგარეტი მოიძია.

– შენი ტონი არ მომწონს, ინა. გატყობ, რაღაცამ შეგაშფოთა. შენ იცი, ამ კამერებზე მეტად შენ გენდობი, რაღაცნაირი ალღო გაქვს – სხვანაირი. მარტო მოგებაში არ იქნება საქმე, კიდევ რაღაცით დაგაინტერესა იმ ტიპმა...

– როგორ გითხრათ... უცნაურად მეჩვენება. კონკრეტულად ჯერ ვერ ავხსნი რატომ, მაგრამ, დავაკვირდები და გეტყვით. ახლა მარტო იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვეულებრივ მოთამაშეს არ ჰგავს.

ანდრომ სიგარეტი საფერფლეზე დადო, თითები მაგიდის ზედაპირზე აათამაშა და ქალს მიაშტერდა. ინა მიხვდა, რომ კიდევ რაღაც უნდა ეთქვა:

– თქვენ ჯერ დასკვნებს ნუ გააკეთებთ, მაგრამ მე ყურადღებას არ მოვადუნებ.

– დარბაზში ხომ არ ჩამოვიდე, მაჩვენე, რომელი ტიპია.

– არა, არა... ჯერჯერობით განსაკუთრებული არაფერი ხდება. მისი მოგებული თანხა სალაპარაკოდაც არ ღირს. უბრალოდ, „იგროკს“ არ ჰგავს. ზედმეტად საქმიანი მომეჩვენა.

– ეგ რას ნიშნავს? – ვერ მიხვდა კაცი.

– როგორ გითხრათ, „იგროკი“ – „იგროკია“. ის თამაშობს თამაშისთვის. რა თქმა უნდა, მოგებაც აინტერესებს, მაგრამ, თუ არ წააგო, სიამოვნებას ვერ მიიღებს. მე ადამიანების ფსიქოლოგიას კარგად ვიცნობ. მით უფრო იმათსას, ვინც კაზინოს ხშირი სტუმარია. აქაურობა მათთვის სახლია. აქაური ჰაერი ის ჟანგბადია, რომლის გარეშეც ვერ იარსებებენ. ხვალ რომ ძალიან დიდი თანხა მოიგონ, არ გაუხარდებათ და შეეცდებიან, ისევ წააგონ...

– მოიცა, მოიცა! – ხელის აქნევით გააჩერა ანდრომ ლაპარაკის ეშხში შესული ქალი, – რისი თქმა გინდა, რომ ის აქ ბიზნესის საკეთებლად დადის? რა სისულელეა, ყოველთვის ვერ მოიგებს. ასე არ ხდება...

– მეც მაგის თქმა მინდოდა. ჩავთვალოთ, რომ ორჯერ, უბრალოდ, გაუმართლა. ასეც ხომ ხდება...

– არ ვიცი, რა ხდება, მაგრამ ბიჭებს უთხარი, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ და, თუ კიდევ იგივე განმეორდება, აუცილებლად მითხარი. მარტოა?

– არა, მეგობარი ახლავს. მოვიდნენ, დასხდნენ, ფსონი დადეს, მოიგეს და წავიდნენ, ბარსაც კი არ გაჰკარებიან.

– მდა, – ჩაილაპარაკა ანდრომ, – არ მომწონს ეგ ამბავი. ყურადღებით იყავი. ინა, იცოდე, შენი იმედი მაქვს და, ეს იმედი თუ გამიცრუე...

– არა, ბატონო ანდრო, რას ბრძანებთ... შეიძლება, მე ვარ მეტისმეტად ეჭვიანი. პროფესიული დაავადებაა, რას ვიზამ.

– ჰო... და, არც მინდა, მისგან განიკურნო... ჩვენი დაწესებულებისთვის ერთი მოთამაშის მიერ მოგებული მცირე თანხა სასაცილოც კია, მაგრამ, ფხიზლად ყოფნა არ გვაწყენს, კარგი... შეგიძლია, წახვიდე.

– ხომ არაფერი გჭირდებათ?

– არა. თუ რამე დამჭირდა, დაგიძახებ...

ინა გავიდა. ანდრომ ისევ მოუკიდა სიგარეტს და შეეცადა, ინას ნათქვამი გაეანალიზებინა. ინას მართლა ახასიათებდა ზედმეტი ეჭვიანობა. ზოგჯერ მაინც, დაცვის ბიჭებსა და კრუპიეებს სულს ხდიდა დაუსრულებელი შეკითხვებით. მაგრამ ანდროს სწორედ ეს თვისება მოსწონდა მასში და განსაკუთრებულ ხელფასსაც ამიტომ უხდიდა. კაზინო მისი სიამაყე იყო. საოცრად აზარტულს, შეიძლება ითქვას, ავადმყოფურად აზარტულსაც კი, მხსნელად ეს ბიზნესი რომ არ გამოსჩენოდა, ძალიან ცუდად დაამთავრებდა – ერთ დღეში გაანიავებდა, თუკი რამ გააჩნდა. რადგან კაზინო მისი საკუთრება იყო, საკუთარ თავს ვერ გააკოტრებდა. ამიტომაც მთელი აზარტი სხვა მხარეს მიმართა – ქალებით ჩაანაცვლა, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავდა, რომ პირველივე შემხვედრს ებღაუჭებოდა კალთაზე. ჩიტი ბდღვნად უნდა ღირებულიყო. ასეთი თამაშიც კი მოიგონა: აინტერესებდა, რამდენად ზუსტად შეეძლო ქალის ამოცნობა, უფრო სწორად, იმ ქალის, რომელიც ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევდა და არ მოიხიბლებოდა მისი ღირსებებით. ეს ის ღირსებები იყო, რომელთა შესაძენადაც ანდროს თითიც არ გაუნძრევია. ქონება მემკვიდრეობით ერგო; იღბალი ბედმა უსაჩუქრა, ანუ, არც ეს იყო მისი დამსახურება; გარეგნობაც კი მშობლების წყალობით ჰქონდა. თუ რამეში ხარჯავდა თავის ჯაფასა და ენერგიას, ისევ ქალებში და მათი გულის მონადირებაში. თუმცა, ბოლო დროს ძალიან მოიწყინა – ღირსეული მოწინააღმდეგისა თუ შესაფერისი ობიექტის დეფიციტმა შეაწუხა. ყასიდად, მოსაჩვენებლადაც კი არავინ ეპრანჭებოდა. ლიკას გამოჩენა სინათლის სხივი გამოდგა მის მოწყენილ ცხოვრებაში და ახლა ყოველი დღე უხაროდა. უკვე არსებობდა ადამიანი, რომელიც მოდუნების, მოშვების საშუალებას არ მისცემდა... ანდრომ გაიცინა და გაიზმორა. ინას ნათქვამი სერიოზულად არ მიუჩნევია, „ტიპები“ მოდიოდნენ და მიდიოდნენ; „ტიპები“ იგებდნენ და აგებდნენ... ინა, უბრალოდ, მეტისმეტი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა დაკისრებულ მოვალეობას და ანდროს ეს მოსწონდა კიდეც... „ხელფასი უნდა მოვუმატო ამ გოგოს“, – დაასკვნა თავისთვის. პატარა ბართან მივიდა, ჭიქა გამოიღო და თავისი საყვარელი კონიაკით შეავსო. უპირატესობას ამ კონიაკს ანიჭებდა – ფრანგულს, ენას ოდნავ რომ სუსხავდა და სასიამოვნო სითბოდ ეღვრებოდა ძარღვებში... სავარძელში ნებივრად გადაწვა და იმაზე დაიწყო ფიქრი, როგორი იქნებოდა მისი მორიგი სვლა „ჭადრაკის დაფაზე“, სადაც არსებობდა მხოლოდ ერთი მეფე და დროებით დედოფლის რანგში აღზევებული პაიკი...

***

ვახო დივანზე დაებერტყა. სიხარულისგან თვალებანთებულმა ორივე ხელით ამოიღო ჯიბეებიდან ფულის შეკვრები და ჰაერში აყარა.

– ვერ ვიჯერებ! გამოგვივიდა!.. გამოგვივიდა!.. შეიძლება, გავგიჟდე, კიდევ არ მჯერა, გეფიცები!

ლაშას ფულისთვის არც შეუხედავს. მოწყენილი სახე ჰქონდა – აშკარად არ იზიარებდა ვახოს სიხარულს.

– დასალევი არაფერი გაქვს? – ჰკითხა დაღლილი ხმით და თვითონაც დივანის კიდეზე ჩამოჯდა.

– მოიცა, რა... რა დროს დასალევია. მე ისედაც მთვრალი ვარ. ასეთი უჩვეულო განცდა არასდროს მქონია. თავს რომის ამღები ტრიუმფატორივით ვგრძნობ. ძალიან მაგარია!

– მე კი ნელ-ნელა ვიგრუზები. უკვე აღარც ვიცი, რა სჯობდა, უფულობა თუ... – ლაშამ ამოიოხრა და იატაკზე დავარდნილ შეკვრას ფეხი წაჰკრა.

– ვიცი, რა პრობლემაც გაქვს – ლიკაზე ნერვიულობ. ცოტა აცადე, გაუვლის ბრაზი და თვითონ დაგირეკავს.

– შენ ჩემს ცოლს არ იცნობ, – თავი გააქნია ლაშამ.

– რა ვქნა, არ გამეცნო, – გახუმრება სცადა ვახომ, – დანახვის წუთიდან ვერ ამიტანა. უცერემონიოდ მიმაბრძანა სახლიდან. ისე, დროზე გამოვასწარით, ვერ ვიტან ქალის ისტერიკას.

– ისტერიკა დაემართებოდა, აბა რა იქნებოდა... რა სიტუაციაში გვნახა. ორი ტრუსიკისამარა მამაკაცი, დილაუთენია ოთახში დახტოდა და ყვიროდა. მიკვირს, სულ რომ არ გადაირია. სახლში როგორ უნდა დავბრუნდე, წარმოდგენა არ მაქვს. ისიც ვერ მომიფიქრებია, რა შეიძლება, ვუთხრა.

– ფულს რომ დაინახავს, აღარაფერი გექნება სათქმელი, საერთოდ აღარაფერს გკითხავს, დამიჯერე. თუ ძალიან შეგაწუხებს შეკითხვებით, უთხარი, რომ მე დავრჩი შენთან, იმიტომ, რომ რაღაც პრობლემა მქონდა. მოიგონე რამე...

– გამომგონებლის ნიჭი რომ არ მაქვს? რაღაც სისულელეს ვიტყვი და სიტუაციას უფრო გავამწვავებ.

– გეუბნები, ტყუილად განიცდი, სულ ტყუილად. შენ გმირი ხარ, ისეთი მაგარი რაღაც გააკეთე. აზრზე ხარ, რა გამოგვივიდა? ვინმეს რომ მოეყოლა, არ დავიჯერებდი. იმიტომ, რომ ასეთი რამეები არ ხდება. ჰო, რა გაოცებული მიყურებ, არ ხდება! ისეთი ამაყი ვარ, რომ უარი არ გითხარი და მონაწილეობა მივიღე ამ სასწაულში.

– გეყოფა რა, სისულელეების ლაპარაკი, – შეიჭმუხნა ლაშა, – თუ გგონია, ძალიან მიხარია, საცდელ ბაჭიად რომ ვიქეცი, ძალიან ცდები.

– რატომ, ტო... რატომ იქეცი საცდელ ბაჭიად. მე ასე არ ვფიქრობ, პირიქით, ეტყობა, ჩვენგან, ჩვეულებრივი მოკვდავებისგან, ძალიან განსხვავებული ხარ, რომ შენ ამოგირჩიეს.

– ვინ ამომირჩია, შენ ხომ არ გააფრინე? – სერიოზულად გაბრაზდა ლაშა, – გეყოფა-მეთქი სისულელეები!

ვახომ აინუნშიც არ ჩააგდო მისი სიტყვები.

– მოიცა, ერთი... ვინ ამოგარჩია და „იმან“, – თითი ჭერისკენ შემართა ვახომ, – სიმართლე რომ გითხრა, არც კი ვიცი, რა დავარქვა, კეთილი სული თუ...

– ვახო, ახლა უკვე სერიოზულად მიშლი ნერვებს, – აღარ დაამთავრებინა წინადადება ლაშამ, – წარმოიდგინე, როგორ მდგომარეობაში ვარ. არავის რომ არ ვუსურვებ...

რატომ? არ მესმის შენი. ფული სულ გექნება. ამაზე კარგი რა შეიძლებოდა, მომხდარიყო? ვალებსაც გადაიხდი და ცოლ-შვილსაც არაფერს მოაკლებ. ცოტას მეც ხომ მომცემ?! ვგიჟდები, ისე მინდა ახალი მოტოციკლი, ჩემი ხელფასით კიდევ კარგა ხანს ვერ ვიყიდი.

– ჰო, მაგრამ, ფული პრობლემა ხდება, როცა ვერ ამბობ, საიდან გაქვს.

– ეს რა პრობლემაა, რამეს მოიფიქრებ. ხუთი ათასი რა ფულია...

– ხუთი ათასი რა ფულია, მაშინ, როცა ხელფასი საცოდავი რვაასი ლარი მაქვს? დამცინი? ლიკა გაგიჟდება. ახლაც ხომ არ ვეტყვი, პრემია მომცეს-მეთქი. არაფრით არ დაიჯერებს. მით უმეტეს, ახლა, რაც ჩვენი ორიგინალური „სტრიპტიზ-შოუ“ ნახა. ეგეც ჩემი ბედი იყო – რამ ჩამოიყვანა დილაუთენია...

– რა ვიცი, ხომ თქვი, ბავშვთან წავიდაო. მოგატყუა?

ლაშამ ამოიოხრა:

– ახლა რაღა აზრი აქვს მაგის გარკვევას. ფაქტია, რომ მაგრად გავიჭედე. აქამდე სულ იმას ვნატრობდი, ფული მქონდეს-მეთქი. ახლა ფული მაქვს და არ მიხარია.

– ძალიან ართულებ სიტუაციას. გეუბნები, ლიკასთან ყველაფერი კარგად გექნება. ჯობია, იმაზე იფიქრო, როგორ გავიმეოროთ ეს ამბავი. შენი ცოლი, ალბათ, ფეხს აღარ გადგამს სახლიდან.

– აი, ეგ კი ნამდვილად არ არის პრობლემა, სახლშიც რომ იყოს, სულერთია, საძინებელში აღარ შემიშვებს. ასე რომ, შეგიძლია, მშვიდად იყო.

ვახომ ხელები მოიფშვნიტა:

– მაგარია. იცი, რა მაინტერესებს? როდემდე გაგრძელდება ეს ამბავი, ანუ, რამდენს მოიგებ და როდემდე მოიგებ? ლიმიტივით გექნება დაწესებული კონკრეტული თანხა თუ...

– ვახო, არ შეგიძლია, ცოტა ხანს მაინც გაჩუმდე და ფულზე არ ილაპარაკო? ძალიან ვღიზიანდები. იქნებ, საერთოდ, სამსახურში წახვიდე?

– კარგი. გავჩუმდები, – წყენით აიჩეჩა მხრები ვახომ, – სამსახურში წავიდე? კი მაგრამ, იქ რა მინდა შუაღამისას?!

– ჰო, მართალია... სულ დამავიწყდა, რა დროა. სახლში ვარ წასასვლელი... – ლაშამ შუბლი მოისრისა, – მოდი, ამ ფულს შენთან დავტოვებ ცოტა ხნით. შეინახე, კარგი? სანამ რამეს მოვიფიქრებ...

– კარგი... – ვახო შეყოყმანდა, – რა უცნაურია ეს ყველაფერი. ჯერ კიდევ გუშინ ვერავინ დამაჯერებდა იმაში, რომ სიმართლეს მეუბნებოდი. მოგყვებოდი და მაინც არ მჯეროდა. რა მაგარია, რომ ჩემი დარწმუნება შეძელი!

– მე? მე შევძელი? მე არაფერ შუაში ვარ...– სევდიანად გაიღიმა ლაშამ, – თუ გინდა, აიღე შენთვის ფული.

– არა, ჯერ არაფერს არ ავიღებ. გავაგრძელოთ, ვნახოთ, რა მოხდება. ვკვდები, ისე მაინტერესებს, რამდენია შენი „ლიმიტი“.

– კარგი რა... რა ლიმიტი?

– ჰო, დაუსრულებლად ხომ არ გაგრძელდება ეს ყველაფერი? რამდენია შენთვის განსაზღვრული, რამდენით უნდა „დაგასაჩუქრონ“ – ეგ მაინტერესებს.

– არის კი ეს საჩუქარი? – ამოიოხრა ლაშამ, – ძალიან ძვირად არ დამიჯდეს ერთ მშვენიერ დღეს...

– რატომ უნდა დაგიჯდეს ძვირად? არაფერი მოგიპარავს და უკანონობაც არ ჩაგიდენია. რა შენი ბრალია, თუ გაგიმართლა.

– კარგი, წავედი. შეიძლება, შენ მართალი ხარ, მაგრამ, ლიკას ამ ყველაფერს ვერ ავუხსნი. მოკლედ, ზუსტად ვიცი, რომ ერთი კარგი სკანდალი არ ამცდება.

***

„ფუფუნება – ეს არის უამრავი ნივთი, ეს არის ბევრი თავისუფალი დრო და შესაძლებლობა, ის გააკეთო, რაც მართლა გინდა. ადამიანები მდიდრდებიან, რათა „აუცილებლობის განზომილებიდან“ „შესაძლებლობების განზომილებაში“ გადავიდნენ... ფულის შოვნა არც ისეთი ძნელია. გაცილებით რთულია მისი ლამაზად შოვნა. როცა გაქვს ფული, გაქვს დროც საკუთარი თავისთვის. ფული იმიტომ კი არ უნდა გინდოდეს, რომ სხვა გააოცო, არამედ იმისთვის, რომ შენი „მე“ და ის ადამიანები გაანებივრო, რომლებიც გვერდით გყავს. არიან ისეთები, რომლებმაც მხოლოდ ოფიციალურად ცხოვრება იციან. ეს რას ნიშნავს?! – იმას, რომ ცხოვრებას ზედმეტი პათოსით, გადაჭარბებული სერიოზულობით აფასებენ. ისინი წესებისა და ნორმების ტყვეობაში არიან... არ მიგაჩნიათ, რომ ეს რაღაც ავადმყოფობას ჰგავს, ავადმყოფობას, რომელიც ტანჯავს წარმატებულ ადამიანებს? ისინი თავიანთ ოქროს გალიაში იკეტებიან და თავს არწმუნებენ, რომ ძალიან განსხვავდებიან დანარჩენებისგან. არადა, ეს ასე სულაც არ არის...

აუცილებელია, ყოფამ ოცნება არ მოკლას, მით უმეტეს, ისეთმა ყოფამ, რომელიც მხოლოდ სიხარულითა და ნათელი ფერებით უნდა იყოს სავსე. ბევრი ფული ამის საშუალებას იძლევა, მთავარია, არ დაგავიწყდეს, რომ ფულია თქვენთვის და არა პირიქით, თქვენ – ფულისთვის“.

***

განსაკუთრებული ალღო და დედუქციის ნიჭი არ იყო საჭირო იმის მისახვედრად, რომ ლიკას რაღაც საშინელება შეემთხვა. ეს ყველაფერი მას სახეზე ეწერა და სოფოც მაშინვე მიხვდა, რომ მისმა რჩევამ ნაყოფი გამოიღო. ერთი სული ჰქონდა, გაეგო, როგორ ჩაიარა ექსპერიმენტმა, მაგრამ, ცოტა ხნით მოცდა ამჯობინა. დაელოდა, სანამ ლიკა თავად ეტყოდა რამეს. იმასაც მოთმინების შესაშური უნარი აღმოაჩნდა და შესვენებამდე სიტყვა არ დაუძრავს. სოფო ლამის გადაირია, თუმცა, მაინც გაუძლო ცდუნებას. მხოლოდ მაშინ გამოავლინა მომხდარზე ინტერესი, როცა ლიკამ თავად შესთავაზა, ყავა დავლიოთ და ცოტა გული გადავაყოლოთო.

– არ გეკითხები, რა მოხდა-მეთქი, მაგრამ, ისეთი სახე გაქვს, ვხვდები, რომ კარგი არაფერი ტრიალებს შენს თავს.

– ჰო, – უხალისოდ ჩაილაპარაკა ლიკამ, – კარგი არაფერი. მეტსაც გეტყვი – თავს საზიზღრად ვგრძნობ. ვნანობ, რომ დაგიჯერე.

სოფო შეცბა:

– ნანობ, რომ დამიჯერე? კი მაგრამ, რატომ? შენი ქმარი უცოდველი კრავია და უსამართლო ბრალდებამ გული ატკინა?

– ეგ არაფერ შუაშია. უბრალოდ, ისეთი რაღაც ვნახე, შოკიდან ვერ გამოვსულვარ.

– მოიცა, სახლში ჰყავდა ქალი მიყვანილი?

– ჰო, მაგრამ, ქალი კი არა, კაცი.

სოფოს ლამის ყავის ჭიქა გაუვარდა ხელიდან:

– რა?!

– როგორც დამარიგე, ისე მოვიქეცი და დილაუთენია დავბრუნდი სახლში. ოთახში რომ შევედი, იცი, რა დავინახე?

– არ მითხრა, კაცთან ერთად იწვა ლოგინშიო, თორემ, შევიშლები, – აღმოხდა სოფოს.

– ლოგინში არ იწვნენ, მაგრამ...

– რა „მაგრამ“, გოგო, დროზე თქვი, თორემ გადავირიე და შევიშალე... აბა, დივანზე იწვნენ? იატაკზე?

– სოფო, შენ არ იცი, მე რა დღეში ვარ. აღარ ვიცი, რა ვიფიქრო.

სოფომ დაუსტვინა:

– უჰ, გადავირიე! ვერასდროს წარმოვიდგენდი, შენს ქმარს მამაკაცები თუ აინტერესებდა. არ ჰგავს ეგეთ ტიპს.

– საქმეც ეგაა, რომ არ ჰგავს. ლამის ჭკუიდან შევიშალო, – ლიკას თვალები აუცრემლდა. სოფოს გულის სიღრმეში შეეცოდა კიდეც.

– მოიცა, დამშვიდდი, რა გატირებს. ერთი კარგად მომიყევი, რა ნახე.

– გახსენებაზეც კი ცუდად ვხდები.

– მოყევი! – კატეგორიული ტონით მოსთხოვა სოფომ და წყალი დაუსხა, – აჰა, დალიე.

– ოთახში რომ შევედი, ლაშა და ის ტიპი ტრუსებისამარა ოთახში დახტოდნენ და თან ყვიროდნენ.

– რას ყვიროდნენ?! – გაოგნდა სოფო.

– რა მნიშვნელობა აქვს მაგას?! არც გამიგონია. ისეთი შოკი მივიღე, სიტყვებს სადღა გავარჩევდი. წარმოიდგინე, ლაშა და ვიღაც ტიპი ტრუსებით, შუა ოთახში...

– მდა, კარგია, რომ შუა ოთახში და არა ლოგინში... ეს ცოტათი ამსუბუქებს სიტუაციას.

– სოფო, გინდა, გული გამისკდეს?

– არა, არ მინდა. ამიტომაც უნდა დამშვიდდე და საღი გონებით შევაფასოთ სიტუაცია, ემოციების გარეშე.

– რომელი საღი გონებით, დამცინი? შევძლებ, ემოციის გარეშე ლაპარაკს ან ფიქრს? – ხომ ხვდები, რა სისულელეს მეუბნები! ჩემს თავს ხდება ეს ამბავი, ელიტურ ჭორებს კი არ გიყვები. ნურც იმას მთხოვ, რომ დავმშვიდდე. ამაზე რომ ვფიქრობ, ისე ვცოფდები, ლამის წავიდე და ლაშა საკუთარი ხელით მოვკლა...

– მოკლა არა ის... ჯერ უნდა გაარკვიო, რა ხდებოდა. იქნებ, ეს ის არ არის, რასაც შენ ფიქრობ? მომკალი და ვერ დავიჯერებ ლაშას „ცისფერობას“. გეუბნები, ეგ ტიპაჟი არ არის-მეთქი. რამდენი წელია, მის გვერდით ცხოვრობ, ერთხელ მაინც შეგინიშნავს რამე საეჭვო?

ლიკამ თვალები ხელისგულებით მოიწმინდა და თავი გააქნია:

– არა, არ მახსენდება. რას ამბობ, სოფო?! მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე ის დავიჯერო, რომ ჩემს ქმარს კაცი ჰყავს საყვარლად.

– მოიცა, ქალი რომ ჰყავდეს საყვარლად, შენთვის ეს უფრო ადვილად გადასატანი იქნებოდა? ასე ფიქრობ?

– სოფო, მეხუმრება ახლა?

– რატომ? სრულიად ბუნებრივი შეკითხვა დავსვი. ისე, მართლა მაინტერესებს, აქვს რამე მნიშვნელობა, ქმარი ქალთან გიღალატებს თუ კაცთან?

– სოფო, ამ საკითხზე მსჯელობისთვის უკეთესი დრო ვერ გამონახე? მე ახლა ჩემი უბედურებაც მყოფნის.

– მინდა, ცოტათი მაინც გამოგიყვანო მდგომარეობიდან, რომ მერე ერთად მოვიფიქროთ, როგორ მოვიქცეთ. ან ის გავარკვიოთ, რა მოხდა, რა უნდოდა შენს ბინაში იმ ტიპს. იცნობ?

– არ ვიცი. შეიძლება, ვიცნობ.

– ეგ როგორ გავიგო?

– წესიერად არც შემიხედავს. უფრო სწორად, შევხედე, მაგრამ მისი სახე ვერ დავიმახსოვრე, მაგრად დაიბნა და მაშინვე ბავშვის ოთახში შევარდა. მგონი, საერთოდაც იქ ეძინა.

სოფომ თითები გაატკაცუნა და მრავალმნიშვნელოვნად გაიცინა.

– აჰა, უკვე არის რაღაც!

– რა?!

– ერთი რგოლი უკვე ვიპოვე. შეიძლება, ამ რგოლს ჩავეჭიდოთ და მივყვეთ მოვლენათა ჯაჭვს.

ლიკამ ამოიხრიალა და ხელი ჩაიქნია.

– საერთოდ არაფერი არ უნდა მეთქვა. მშვენივრად გაგართე. წავედი, ათ წუთში შესვენება დამთავრდება.

– არა, არა, სულაც არ ვერთობი. ამას ნუ ამბობ. უბრალოდ, ვიფიქრე, რადგან შენ ამბობ, რომ იმ ტიპს ბავშვის ოთახში ეძინა, იქნებ არც არაფერი მომხდარა.

– მაშინ, რა უნდოდა ჩემს ბინაში გამთენიისას, ტრუსისამარა, ან, საერთოდ, რატომ დარჩა იქ? ვერ დავიჯერებ, რომ ლაშას ღამით მარტო დარჩენის შეეშინდა და მცველი დაიტოვა, თან გიჟებივითაც რომ დახტოდნენ... არა, არა, რაღაც ნამდვილად ხდება. ვგრძნობ ამას, ვგრძნობ, მაგრამ, რა?..

– ამ კითხვაზე პასუხს მარტო მე და შენ ვერ გავცემთ. ლაშას უნდა დაელაპარაკო.

– არავითარ შემთხვევაში! მისი დანახვაც არ მინდა. სახლიდან გავაგდე.

– და... შენ ფიქრობ, რომ აღარ მოვა? დარწმუნებული იყავი, სახლში დაბრუნებულს, იმ თავის საყვარელ დივანზე ფეხმორთხმული დაგხვდება. იცი, რა ვქნათ? მეც შენთან ერთად წამოვალ, ზურგს მაინც გაგიმაგრებ...

ლიკამ უნდობლად შეხედა თავისი იდეით აღფრთოვანებულ სოფოს და მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო:

– კარგი, წამოდი. მირჩევნია, ჩემ გვერდით ვიღაც იყოს, რომ შემთხვევით არ შემომაკვდეს...

***

„ოტელო ავად იყო... სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, თორემ, ღალატისთვის, მით უმეტეს, რაღაც სულელური ცხვირსახოცით ატეხილი პროვოკაციისთვის ცოლი ვის დაუხრჩვია, მით უფრო, საყვარელი ცოლი? დიდი-დიდი, ერთი კარგი სკანდალი მოეწყო და ეცემა, მაგრამ, ცოლი კი არა, ამბის მომტანი, იმ მოტივით, ჩემს ერთადერთ სიხარულს ამისთანა ჭორი როგორ მოუგონე და ცილი როგორ დასწამეო... ისე, დეზდემონაც არ იყო მთლად „დალაგებული“. როცა იცი, გიჟი ქმარი გყავს, ერთ უბადრუკ ცხვირსახოცს როგორ ვერ უნდა გაუფრთხილდე... ერთი სიტყვით, თუ ეჭვით დაავადდი, მიზეზის ძებნა აღარ გაგიჭირდება. არადა, როგორ ნელ-ნელა იცის შემოპარვა: ჯერ მხოლოდ თითს შემოყოფს, მერე გაშლის თავის საცეცებს და მორჩა – ბადეში ხარ... მიდი და დაიხსენი თავი! რაც მეტს იფართხალებ, მით უფრო მაგრად გაებმები ორივე ფეხით და ორივე ხელით. მერე გონებაც დაგებინდება და... მოკლედ, შექსპირმა იცოდა, რაზეც წერდა. უფრო გასაგები ენით რომ ვთქვა, ესმოდა საკითხი... მაგრამ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვინმემ დაგვაზღვია ეჭვისგან. პატარა ღრიჭოც არ უნდა დაუტოვო, თორემ... შემოყოფილ თითზე და ბადეზე უკვე ველაპარაკე“.

***

ლიკამ საათს შეხედა და ოთახში წინ და უკან მოსიარულე სოფოს გაღიზიანებულმა შეუყვირა:

– არ შეგიძლია, დაჯდე? დამაწყდა ნერვები!

– მე რა შუაში ვარ, შენ ნერვებს სხვა რამე გაწყვეტს.

– თუნდაც ასე იყოს. შენ რაღას მიმატებ, ჭკუიდან უნდა შემშალო? ხედავ, რომელი საათია?

– ვხედავ, – მშვიდად უპასუხა სოფომ.

– ეგ, მგონი, მართლა აღარ აპირებს მოსვლას.

– შენც ეს არ გინდოდა? მაგისთვის არ გააგდე?

– იდიოტი! ნაძირალა! ეტყობა, ახლა იმასთან დარჩა... ლიკამ თვალებზე ხელები აიფარა და აბღავლდა: – რა მეშველება!..

– აუ, რა გატირებს, კარგი, რა... მოვა, აბა, სად დაიკარგება, სად აქვს წასასვლელი?! უბრალოდ, განერვიულებს, რომ ისევ გარეთ არ გაუძახო. კაცების ამბავს მე მასწავლი?

– რომ არ მოვიდეს? ჰო, საერთოდ რომ არ მოვიდეს? – ხმა ისევ აუთრთოლდა ლიკას.

– მოვა! თანაც, შენიც ვეღარაფერი გავიგე – ხომ ამბობდი, მისი დანახვაც აღარ მინდაო?

– ეს ისე ვთქვი, როგორ ვერ ხვდები?! გაცოფებული ვარ!

სოფო ადგა და ძველებურ კომოდთან მივიდა.

– რა ლამაზი ნივთებია. რა საყვარელი ბალერინაა! – თითით კაბაზე მიეფერა ფაიფურის „დაკვანწულ“ ბალერინას, – ეს, ალბათ, ძალიან ძვირი ღირს.

– არ ვიცი. არასდროს დავინტერესებულვარ ამით.

– ძალიანაც შემცდარხარ. ასეთ რაღაცეებში ცოტა ვერკვევი და, დამიჯერე, იმდენ ფულს მოგცემენ... ამ სახლის რემონტისთვის გეყოფა კიდეც.

– რა დროს სახლია, ოჯახი მენგრევა...

– ჯერ საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. ლიკ, არ გინდა, მოუსმინო, რას გეტყვის?

– მინდა, ძალიან მინდა. მაგრამ, ვშიშობ, რომ სათქმელი არაფერი აქვს. იმიტომაც არ მოდის. ვიცოდე მაინც, ვინ არის ის ტიპი.

– არ მითხრა, რომ სახლში მიაკითხავდი. ლიკა, ისეთ შეცდომას ნუ დაუშვებ, რომლის გამოც მერე ძალიან ინანებ. ამიტომ გთხოვ, უნდა დამშვიდდე.

– შენთვის ადვილი სათქმელია – „უნდა დამშვიდდე“... რა ვქნა, ახლაც თვალწინ მიდგას, როგორ ხტოდნენ ამ ოთახში ნახევრად შიშვლები.

სოფოს უცებ სიცილი აუტყდა.

– მაპატიე. თავი ვეღარ შევიკავე. წარმოვიდგინე და... – სოფო ისევ აკისკისდა.

– ლამის გული გამისკდეს. ამისთანა რა დავაშავე, რატომ უნდა დამმართვოდა ასეთი რამ? ჩემმა მშობლებმა რომ ეს ამბავი გაიგონ... ფიქრისაც მეშინია...

სოფომ თვალები მოჭუტა:

– ერთი გამოსავალი არსებობს.

– რა გამოსავალი?

– აიღე შენი ნივთები და წამოდი ჩემთან. მიხვდეს შენი ქმარი, რომ დაგკარგა.

ლიკა შეცბა:

– ამას სერიოზულად მეუბნები?

– ჰო, რა იყო? ხომ გინდა, რომ დასაჯო? როცა მოვა და ნახავს, რომ წახვედი, თუ რამედ უღირხარ, აუცილებლად მოინანიებს თავის დანაშაულს, ინერვიულებს.

– არა... ვერ წამოვალ, არ მინდა.

– თუ გგონია, რომ ლაშაზე უკეთეს მამაკაცს ვერ იპოვი, ძალიან ცდები. ნახევარი საათიც არ დამჭირდება, რომ საპირისპიროში დაგარწმუნო.

– სოფო, ხომ გთხოვე, ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ-მეთქი. ჯერ ჩემს ქმართან მაქვს გასარკვევი ურთიერთობა. ამდენი წელი თუ მატყუებდა, თუ სულ საყვარელი ჰყავდა, პასუხი უნდა აგოს ამაზე.

– იქნებ ეს მისი ახალი გატაცებაა...

– სოფო, ძალიან გთხოვ... მართლა ცუდად ვარ.

– მაპატიე... რა ვქნა, ძალიან კომიკური სიტუაციაა.

– შენთვის – შეიძლება, მაგრამ ჩემთვის ამაზე დიდი ტრაგედია აღარ არსებობს. იმას ვდარდობდი, ვინმე ქალი ხომ არ გაიჩინა და ფულს ხომ არ სძალავს-მეთქი... ღმერთო... – ლიკამ სახეზე ხელისგულები აიფარა. სოფო მასთან მივიდა და მხარზე მოეფერა. მერე მოეხვია და მკერდზე მიიხუტა...

კარის ხმა არც ერთს არ გაუგონია... ლაშა ფეხაკრეფით შეიპარა ოთახში და დამნაშავე ბავშვივით მორცხვად გაჩერდა. სოფოს იქ ყოფნა ძალიან არ მოეწონა. ერჩივნა, ცოლთან პირისპირ დარჩენილიყო და ისე დაერწმუნებინა საკუთარ უდანაშაულობაში. თუმცა, წარმოდგენა არ ჰქონდა, რა უნდა ეთქვა მისთვის. ვახოს სახლიდან ფეხით წამოსული მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, მაგრამ კონკრეტულად ვერაფერი მოეფიქრებინა. ახლა სოფოც დაასხამდა ცეცხლზე ნავთს... თუმცა, ესეც აღარ იყო საჭირო იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ლიკამ საკუთარი თვალით ნახა...

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3