როგორ ჩამოყალიბდა ქართული ქურდული მაფია, რომელსაც მილიციის მაღალჩინოსნები აკონტროლებდნენ
თბილისი, ორთაჭალის ციხე – 1975 წლის 3 მაისი
1974 წლის 21 დეკემბერს თბილისში, ვაკის ერთ-ერთი ელიტური საცხოვრებელი სახლის ბინაში ორი რუსი ავტორიტეტი – ფილიპ რიბკინი, მეტსახელად „ფილია“ და ვასილ გურინი, მეტსახელად „შოლტი“ დააპატიმრეს. ისინი ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მილიციელის ბინაში აიყვანეს. მათი დაპატიმრება იმდენად კონსპირაციულად მოხდა, რომ სულ ხუთი ადამიანი მონაწილეობდა და არც ერთი მათგანი არ იყო პოლკოვნიკზე დაბალი წოდების. მოგვიანებით კი, ამ ხუთიდან ორი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გახლდათ სხვადასხვა დროს. ფილია და შოლტი შინაგან საქმეთა სამინისტროს ციხეში გადაიყვანეს და ყოველგვარი პროცედურული ნორმების დარღვევის გარეშე, დაუმტკიცეს დანაშაული, რაც არც მათ უარყვიათ. ისინი დაარწმუნეს, რომ 12-12-წლიანი პატიმრობა ელოდათ. ეს კი არცთუ ახალგაზრდა ქურდებისთვის დამღუპველი იქნებოდა, რადგან სასჯელის მოხდა საქართველოში მოუწევდათ და თანაც ორთაჭალის „კრიტში“. ორთაჭალის ციხე კი მკაცრი რეჟიმით იყო განთქმული, მით უმეტეს, თუ იმ პატიმრით მილიციის მაღალჩინოსნები იყვნენ დაინტერესებულები. ფილიას და შოლტს გადარჩენის არანაირი შანსი არ ჰქონდათ. რუსი ქურდები იმასაც მიხვდნენ, რომ საქმის მიმცემი „ჩამშვები“ იყო და მათი დაპატიმრება ქართული მილიციის მაღალჩინოსნების მიერ წინასწარ იყო დაგეგმილი. თუმცა არ იცოდნენ, რაში სჭირდებოდათ ეს მათ. პირველივე დაკითხვაზე „ნეპმანელ“ ქურდებს უთხრეს:
– ხელი ხელს ბანს და ორივე კი პირსო. თუ გადარჩენა გინდათ, მაშინ უნდა დაგვეხმაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, 6 თვესაც ვერ გაძლებთ და დაიხოცებით.
– მაინც რა გინდათ ჩვენგან? – ჰკითხა ფილიამ.
– რა და, მომავალი წლის ზაფხულში ქართველი ქურდები დიდ „სხოდკას“ მოიწვევენ, სადაც ქურდული კანონების შეცვლაზე იქნება საუბარი და თქვენ ამას უნდა დაუჭიროთ მხარი.
– სანაცვლოდ რას მივიღებთ?
– თავისუფლებას.
– მაშინ ჩვენ თანახმა ვართ, – თქვა ფილიამ და შოლტს გადახედა, რომელიც მდუმარედ უგდებდა ყურს მისი მეგობრისა და მილიციის პოლკოვნიკის დიალოგს.
– თუ მართლა თანახმა ხართ, მაშინ თანამშრომლობის ხელწერილი უნდა დაგვიწეროთ სრული გარანტიისთვის, – უთხრა პოლკოვნიკმა, – თორემ ჩვენ რა ვიცით, შეასრულებთ თუ არა მოცემულ პირობას. ისე კი, გარწმუნებთ, არასოდეს არაფერს მოგთხოვთ ამ ერთადერთი მხარდაჭერის გარდა და ხელწერილიც იმიტომ გვჭირდება.
ქურდებმა უარი თქვეს შეთავაზებაზე და ციხის საკანში დაბრუნდნენ, სადაც ისინი ყველასგან იზოლირებულები იყვნენ. მართალია, მათ არ აწამებდნენ, მაგრამ არც სიგარეტს აწვდიდნენ, თანაც ისეთი შეზღუდული რაციონით კვებავდნენ, რომ 4 თვეში 15-15 კილოგრამი დაიკლეს. 1975 წლის 27 აპრილს ფილია და შოლტი ქართველ მილიციელებს თანამშრომლობაზე დათანხმდნენ და ხელწერილები დაწერეს. ისინი იმავე საღამოს ორთაჭალის ციხეში გადაიყვანეს, ხოლო 3 მაისს თბილისის „კრიტში“ ისტორიული „სხოდკა“ ჩატარდა, და რუსმა ქურდებმა მომავალი საკავშირო „სხოდკის“ თარიღი დააწესეს, რომელზეც ქურდული კანონების გადახედვაზე უნდა ესაუბრათ. ფილია და შოლტი 10 მაისს გაათავისუფლეს და მათმა გადამბირებელმა ქართველმა პოლკოვნიკმა სახელოვანი ქურდები ასეთი სიტყვებით გააცილა:
– თქვენც სუ და ჩვენც. აბა, თქვენ იცით, დიდი „სხოდკისთვის“ მოემზადეთ.
ქურდები იმავე საღამოს გაემგზავრნენ საქართველოს დედაქალაქიდან.
იდუმალი მკვლელობები
1975 წლის 16 ივნისს ქალაქ სოჭში, სასტურმო „პრიმორსკაიას“ ბოლო ორი სართული ცნობისმოყვარე თვალისთვის დახურული იყო, რადგან იქ არავის უშვებდნენ კანონიერი ქურდების გარდა. სასტუმროში 200 საბჭოთა კრიმინალური ავტორიტეტი იყო შეკრებილი, რომლებსაც ძველი ქურდული კანონებისთვის უნდა გადაეხედათ და „შავი სამყაროს“ ელიტისთვის გარკვეული შეღავათები დაეშვათ. „სხოდკის“ ინიციატორები იყვნენ შოლტი და ფილია, რომლებიც ქართველი მაღალჩინოსანი მილიციელების კარნახით მოქმედებდნენ. მათ ქართველ ქურდებს დაუჭირეს მხარი და ქურდებისთვის ოჯახის შექმნას, პირადი საკუთრების ქონასა და ციხიდან ფულით თავის დახსნას დასთანხმდნენ. „სხოდკაზე“ ორი დაპირისპირებული მხარე იყო და „ნეპმანებს“ ცნობილი „ვასია ბრილიანტი“ ხელმძღვანელობდა, რომელმაც შოლტისა და ფილიას ხელშეწყობით, ქართველ ქურდებთან დაპირისპირება წააგო. კენჭისყრაზე „ნეპმანებმა“ 80 ხმა მიიღეს, ხოლო „რეფორმატორებს“ 120 ხმა ერგოთ.
ვასია ბრილიანტმა და მისმა მომხრეებმა სოჭი მალევე დატოვეს, ხოლო გამარჯვებულები სამი დღის განმავლობაში ზეიმობდნენ. ეს ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ ქართველმა ქურდმა, მეტსახელად „სეფემ“ თავის ყოფილ საყვარელზე დაიწერა ჯვარი და ცოლად მოიყვანა. „რეფორმატორები“ მხოლოდ 22 ივნისს დაიშალნენ და შოლტი და ფილიაც მოსკოვში გაემგზავრნენ. თუმცა, 23 ივნისს, დილას, რკინიგზის მუშამ, რომელიც სოჭის გვირაბის გეგმიურ შემოწმებას ატარებდა, ფილია და შოლტი გვირაბში მოკლულები იპოვა. ორივეს ორ-ორი ცეცხლნასროლი ჭრილობა ჰქონდა თავში. სოჭის მილიციამ განზრახ მკვლელობის კვალს ვერ მიაგნო. „შავ სამყაროში“ კი ხმა დაირხა, თითქოს ქურდები „ნეპმანების“ გადაწყვეტილებით მოკლეს. სინამდვილეში კი, ეს ყველაფერი თბილისიდან იყო ორგანიზებული და სიმართლე მხოლოდ 6 წლის შემდეგ გაირკვა.
მონანიების წერილი
ვასია ბრილიანტი და შეურიგებელი „ნეპმანები“ 1981 წლისთვის ციხეებში იყვნენ მოყუჩებულნი. შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური განყოფილება შეიქმნა, რომელიც კანონიერი ქურდების იზოლაციაზე მუშაობდა და ამ განყოფილებას პოლკოვნიკი თემურ ჩიტაძე ედგა სათავეში. ჩიტაძე ადრე თბილისში მუშაობდა და მოსკოვში სამოცდაათიანი წლების მიწურულს დააწინაურეს. ის ბრწყინვალე თანამშრომლად ითვლებოდა და საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქებში პირადად აპატიმრებდა კანონიერ ქურდებს. თუმცა, საქმე ის იყო, რომ ჩიტაძე მხოლოდ „ნეპმანებს“ ატუსაღებდა, ხოლო „რეფორმატორები“, რომელთა 99 პროცენტს ქართველები წარმოადგენდნენ, კვლავ გარეთ რჩებოდნენ. სწორედ ჩიტაძის მოსკოვში გადაბარგებას დაემთხვა ცნობილი სოლნცევოს და სხვა მოსკოვური კრიმინალური დაჯგუფებების ჩამოყალიბება, რომლებსაც ქართველები მეთაურობდნენ. ამის წყალობით კი, „რეფორმირებულ“ ქურდულ სამყაროს ათეული მილიონობით მანეთი გაუჩნდა და ისე მოძლიერდა, რომ „ნეპმანები“ მათ მხოლოდ ციხეებში უწევდნენ წინააღმდეგობას და ისიც მცირე ხნით.
1981 წლის 11 ივლისს ქალაქ ვლადიმირის „კრიტში“, სადაც, ვასია ბრილიანტი სასჯელს იხდიდა, „ნეპმანების“ „სხოდკა“ გაიმართა, რასაც ოთხი მიწვეული „რეფორმატორიც“ ესწრებოდა. ვასია ბრილიანტმა კოლეგებს ოთხად დაკეცილი ფურცელი აჩვენა და უთხრა:
– ესაა მონანიების წერილი, რომელიც მილიციის ლეიტენანტმა მალხაზ თაბაგრიშვილმა დაწერა და უცხოეთიდან მოგვაწოდა, სადაც ის ამჟამად იმყოფება. აი, ძმებო, ეს დოკუმენტი ამხელს „რეფორმატორების“ ჭეშმარიტ სახეს და პირდაპირ მიუთითებს, რომ სოჭის „სხოდკა“ ქართველი „ძაღლების“ მიერ იყო ორგანიზებული, რათა ნამდვილი ქურდები მოესპოთ და ქურდების სახელით ფული ეკეთებინათ.
ვასია ბრილიანტმა თაბაგრიშვილის წერილი წაიკითხა, რომელშიც ქართველი ლეიტენანტი აღიარებდა, რომ შოლტი და ფილია სოჭი-მოსკოვის მატარებელში მოკლა და მათი გვამები გვირაბში ჩაყარა. ამ მკვლელობების შემკვეთად კი მაღალჩინოსან ქართველ მილიციელებს ასახელებდა. თავის მონანიებას ქართველი ლეიტენანტი ასე ამთავრებდა: „შეკვეთა რომ შევასრულე, სოჭში დავბრუნდი, რომ ჩემს უფროსს, კაპიტან პავლე ცერცვაძეს შევხვედროდი და თბილისში ერთად წავსულიყავით. ცერცვაძესთან შეხვედრაზე, კაფე „ლაზურნაიაში“ ჩემს მაგივრად ჩემი სოჭელი ორეული გავგზავნე, რომელიც ადგილობრივებისგან შევარჩიე და ფული გადავუხადე. თავად კი შორიდან ვადევნებდი თვალყურს და არ გამკვირვებია, რომ ჩემი ორეული და ცერცვაძე სნაიპერმა დახოცა. ამის შემდეგ მე ყველაფერს მივხვდი და უცხოეთში გავიქეცი. ამ წერილს კი იმიტომ გიგზავნით, რომ გაიგოთ, თუ რა მოხდა სინამდვილეში და ჭეშმარიტ ქურდებს პატიებას გთხოვთ“.
თაბაგრიშვილი 1982 წელს ანტალიის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში მოკლეს უცნობებმა. ხოლო ვასია ბრილიანტის მიერ წარდგენილ წერილს სერიოზული რეაგირება არ მოჰყოლია, რადგან ის მილიციელის მიერ იყო დაწერილი. თუმცა, მისი შინაარსი ყველამ დაიჯერა და საბოლოოდ დადასტურდა, რომ საბჭოთა კავშირის ქურდულ სამყაროს ქართველი კანონიერი ქურდები მართავდნენ, რომლებიც საქართველოს მმართველ პოლიტიკოსებთან იყვნენ ალიანსში. მოგვიანებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ერთ-ერთმა რუსულმა გამოცემამ ქართველ მაფიოზთა სია გამოაქვეყნა, რომელშიც 70 კანონიერი ქურდი ფიგურირებდა და გასული საუკუნის ორომტრიალს სწორედ მათ აბრალებდნენ.
20 წლის შემდეგ
1995 წლის 7 მარტს მოსკოვში სასტუმრო „სოიუზის“ მიმდებარე ტერიტორიაზე უცნობმა პირებმა კანონიერი ქურდი სეფე და მისი მეუღლე ჩაცხრილეს, რომლებიც მანქანაში ისხდნენ და აგარაკზე მიემგზავრებოდნენ. ეს ის სეფე იყო, რომელმაც რეფორმირებული ქურდული კანონების შესაბამისად, პირველმა იქორწინა ოფიციალურად და სწორედ მათი ქორწილის შემდეგ დახოცეს შოლტი და ფილია. სეფე მოსკოვში კოოპერატიულ მოძრაობას აკონტროლებდა და მისი მკვლელობის არალეგალურმა გამოძიებამ ქართველი ქურდები ჩეჩნურ კვალზე დააყენა. თუმცა, ბოლოს ნამდვილ შემკვეთსაც მიაგნეს და აღმოჩნდა, რომ ყოველივე ამის უკან რუსი სამხედრო გენერალი პავლე ერემეი იდგა. ის რუს კრიმინალებს იარაღით ამარაგებდა და ქართული დაჯგუფებების შევიწროებისა და სლავური დაჯგუფებების ბატონობისკენ მიილტვოდა. თუმცა, ერემეის შორს მიმავალ გეგმებს ასრულება არ ეწერა და სლავები იმავე ჩეჩნების ხელით ამოხოცეს. გენერალი კი 1995 წლის 2 მაისს მოწამლული იპოვეს სასტუმრო „ინტურისტის“ ტუალეტში. გენერალი იქ მეგობრის შვილის ქორწილში იყო.
იმ ცნობილი სოჭის ქურდული „სხოდკიდან“ ათეული წლის შემდეგ, ქართველი კანონიერი ქურდების რაოდენობა და გავლენის სფეროები თითქმის გაათმაგდა და ამ ხნის განმავლობაში უკვე ყველა „ნეპმანელი“ ქურდი გაანადგურეს. ვასია ბრილიანტი კი გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა „ბელი ლებედში“.
ამ კრიმინალურ-დეტექტიურ ისტორიას ნათელი 1996 წლის 4 იანვარს მოეფინა, როდესაც მოსკოვში თემურ ჩიტაძე მოკლეს საკუთარ ბინაში. მოგვიანებით კი, „ფეესბემ“ მის საიდუმლო სეიფში ჩანაწერები აღმოაჩინა. იმ მაღალჩინოსან ქართველთა გვარები იყო ჩამოწერილი, რომელთაც შოლტის და ფილიას გადმობირებაში დიდი წვლილი შეიტანეს, ამით კი „ნეპმანობის“ ნგრევას და ახალი ქურდული ტრადიციების გავრცელებას დაედო სათავე. როგორც გაირკვა, ჩიტაძის მკვლელები სწორედ ამ ჩანაწერებს ეძებდნენ, თუმცა ვერ მიაგნეს და გაიქცნენ. „ფეესბემ“ ამ სიის მხოლოდ ნაწილი გამოაქვეყნა. გამოქვეყნებული პირებიდან ყველა გარდაიცვალა. არსებობს სხვადასხვა ვერსიები გამოქვეყნებულ სიაში დასახელებულ პირთა შესახებ და როგორც ამბობენ, ზოგიერთი მათგანი დღესაც ცოცხალი და კრიმინალურად აქტიური ცნობილი ქართველია.