„მის სამყაროს“ კონკურსის ორგანიზატორებს მონაწილეთა სექსუალურ ექსპლუატაციაში ადანაშაულებენ
სილამაზის საერთაშორისო კონკურსის „მის სამყაროს“ ფინალი 23 აგვისტოს ლას-ვეგასში გაიმართება, თუმცა მისი ორგანიზატორები წელს ძალზე პროვოკაციულ ნაბიჯზე წავიდნენ. მათ ოფიციალურ საიტზე – „მის უნივერსი“ მონაწილეთა გაშიშვლებული ფოტოები განათავსეს. კონკურსანტების სიშიშვლეს მხოლოდ სხეულის მოხატულობა ფარავდა.
კონკურსის ორგანიზატორებს – ტელეკომპანია NBC-ისა და მილიარდერ დონალდ ტრამპს – ბრალი კონკურსის მონაწილეთა „სექსუალურ ექსპლუატაციაში“ დასდეს. თუმცა, კრიტიკოსებმა გაიხსენეს, რომ ბატონი ტრამპი პირადად ამბობდა უარს, გვირგვინი იმ ლამაზმანებისთვის გადაეცათ, რომლებმაც ამ შეუფერებელ ფოტოსესიაში მიიღეს მონაწილეობა.
„ბოდი-არტის“ მსხვერპლთა შორის აღმოჩნდა „მის ამერიკის შეერთებული შტატები“, რიმა ფაკიხი – ლიბანელი წარმოშობის ლამაზმანი, რომელიც მუსლიმანურ ოჯახში გაიზარდა. სკანდალთან დაკავშირებით, ხელახლა აღინიშნა, რომ ფაკიხი იყო სტრიპტიზის კონკურსის მონაწილე, რომლის შესახებაც დოკუმენტური მასალებიც არსებობს. „მის სამყაროს“ კონკურსის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ფოტოსესიები „ბოდი-არტის“ სტილში სულაც არ არის უხამსობა და სავსებით შეეფერება საზოგადოებაში უკვე კარგად დამკვიდრებულ ქცევის ნორმებს.
რიმა ფაკიხმა განაცხადა, რომ იგი უხერხულად არ გრძნობდა თავს, როდესაც გაშიშვლებული პოზირებდა კონკურსის ფოტოგრაფ ფადილ ბერიშას წინაშე. მისი აზრით, ლაპარაკი იყო მაღალმხატვრულ შემოქმედებით ნამუშევრებზე.
ყველაზე მაღალი წინასწარი რეიტინგი აქვს ფილიპინელ ვენუს რადჟს, ინდონეზიელ კორი სინდიორივას, ვენესუელელ მარელისა გიბსონს, მექსიკელ ხიმენა ნავარეტეს და რუს ირინა ანტონენკოს. მაგრამ, როგორც წარსულის გამოცდილებამ აჩვენა, კონკურსის გამარჯვებული შეიძლება გახდეს გოგონა, რომელიც ამ სიაში საერთოდ არ მოხვდა.