როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
ტატიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ტატა, ტატია.
„გოგია ტატიშვილი, იგივე ფეიქრიშვილი, ოჯახის წევრებთან ერთად მოიხსენიება ვარდისუბანში, 1823 წლის აღწერაში”.
„მანგლისის მთავარეპისკოპოსი ათანასე ტატიშვილი მოიხსენიება 1619 წელს, სვიმონ მეორის მიერ გაცემული წყალობის წიგნში”.
ამავე ძირისაა გვარები – ტატაშვილი, ტატალაშვილი, ტატანაშვილი, ტატიკაშვილი, ტატიური, ტატუაშვილი, ტეტელოშვილი, ტეტუნაშვილი.
ქართველების გრიგორიანული წესით მონათვლის გამო, ზოგ ადგილას, ისტორიულ წყაროებში დაფიქსირებულია, რომ ტატიშვილები ტატინიანად ჩაუწერიათ.
ტატიშვილი აზნაურული გვარია.
საქართველოში 1 612 ტატიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 980, გორში – 169, მცხეთაში – 99. არიან სხვაგანაც.
შიხიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი შიხა.
ამავე ძირისაა გვარი შიხაშვილი.
ამ გვარის წარმომადგენლებით დასახლებულ უბანს შიხიანთხევი ეწოდება, ხოლო, ყვარლის რაიონში კი არის სოფელი შიხიანი.
ვარაუდით, ამავე ძირის უნდა იყოს გვარები: შიხაიდარიშვილი და შიხანბეგისშვილი.
„შიხიანთ დემეტრეს შვილი ავთანდილი თავად დავით ბარათოვის (ბარათაშვილის) გლეხად 1823 წლის აღწერაში დიდ ენაგეთში მოიხსენიება”.
საქართველოში 256 შიხიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 140, თეთრი წყაროში – 88, რუსთავში – 28.
383 შიხაშვილი: სიღნაღში – 122, თბილისში – 117, ლაგოდეხში – 97. არიან სხვაგანაც.
ჩაჩანაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჩაჩანა. ასევე, გვხვდება მეტსახელი ჩაჩიკა, ჩაჩიტა, ჩაჩო.
„ასურეთელი პეტრე ჩაჩანაშვილი, რუსული გაფორმებით ჩაჩანოვი, 1874 წელს დიდი ენაგეთის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში შვილს უნათლავს ვარდისუბანში მცხოვრებ დავით კედელაშვილს”.
ამავე ძირისაა გვარები: ჩაჩავა, ჩაჩაური, ჩაჩუა, ჩაჩაურაშვილი, ჩაჩაშვილი, ჩაჩიბაია, ჩაჩიკაშვილი.
საქართველოში 35 ჩაჩანაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 24, გარდაბანში – 10, გორში – 1.
ფარსადანაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ფარსადანი, რომელიც სპარსული წარმოშობისაა და ქართულად ბრძენს, სწავლულს, მეცნიერს ნიშნავს. ეს სახელი ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოში.
1737 წლის ყმისა და მამულის ნასყიდობის წიგნში, რომელიც იასე როინიშვილ-ყორღანაშვილს თავის ბიძაშვილისთვის, ზაალ როსტომაშვილისთვის მიუცია, მოხსენიებულია ზურაბ ფარსადანაშვილი.
ამავე ძირისაა გვარი ფარსადანიშვილიც.
საქართველოში 76 ფარსადანაშვილი ცხოვრობს: გარდაბანში – 51, თბილისში – 20, თეთრიწყაროში – 5.
137 ფარსადანიშვილი: თბილისში – 59, თელავში – 30, გურჯაანში – 28. არიან სხვაგანაც.
ტოგონიძე
გვარის ფუძეა სიტყვა ტოგუნი, რაც სულხან-საბას მიხედვით „მაღალ დასაჯდომს” ნიშნავს.
1730 წელს, ნასყიდობის წიგნში მოხსენიებულია გიორგი ტოგუნიძე.
ტოგონიძეები 1941 წელს ამბროლაურის რაიონის სოფელ ფარახეთიდან ასურეთში გადავიდნენ საცხოვრებლად. ისინი ცხოვრობდნენ სოფლებში: სევა, ფარახეთი, ძეგლევი.
ამავე ძირისაა გვარი ტოგოშვილი.
საქართველოში 1 303 ტოგონიძე ცხოვრობს: თბილისში – 526, ქუთაისში – 145, წყალტუბოში – 133. არიან სხვაგანაც.
34 – ტოგოშვილი.
ავთანდილაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ავთანდილი. ეს სახელი არაბულ-ირანული წარმოშობისაა და ქართულად „სამშობლოს რწმენას” ნიშნავს. ის საქართველოში ოდითგანვე გავრცელებული იყო. მისი კნინობითი ფორმაა ავთო.
1721 წლის აღწერით, პატარა ზურაბის ყმად საფიეთში მოიხსენიება მოლაშქრე თამაზ ავთანდილაშვილი.
საკარისში ყმები ყოფილან ფარუა და ყულიჯან ავთანდილაშვილები.
1721 წლის აღწერითვე, ავთანდილაშვილები მემამულეებიც იყვნენ.
საქართველოში 203 ავთანდილაშვილი ცხოვრობს: ქარელში – 101, თბილისში – 44, გორში – 12. არიან სხვაგანაც.
ამბარიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ამბარი.
ამბარიშვილი იოვანე მოიხსენიება მოწმედ 1477 წელს ნიკოლოზ პალატაშვილის მიერ გოგიტა არდაშელიშვილის სახელზე გაცემული მამულის ნასყიდობის წიგნში.
ამბარიშვილი მოიხსენიება 1851 წლის აღწერით, სოფელ კოდაში.
საქართველოში 135 ამბარიშვილი ცხოვრობს: ახალციხეში – 59, ბორჯომში – 48, თბილისში – 28.
ასაბიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ასაბი.
1873 წელს ასაბიშვილი მოიხსენიება დიდ ენაგეთში.
ზოგი ასაბიშვილი რუსული დაბოლოებით ასაბოვებად ჩაუწერიათ. ისინი ქართველები არიან.
საქართველოში 844 ასაბიშვილი ცხოვრობს: ყვარელში – 484, თბილისში – 102, მარტვილში – 72. არიან სხვაგანაც.
ხუციშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ხუცია.
1863 წელს ბატონყმობის წიგნში, რომელიც გიორგი აღაიანელს შერმაზან სუმბელიძისთვის მიუცია, მოიხსენიება ხუცია აღაიანელი.
ბერიკა და სეხნია ხუციაშვილები 1688 წელს მოიხსენიებიან.
ამავე ძირისაა შემდეგი გვარები: ხუცაიძე, ხუციანიძე, ხუცინაშვილი, ხუციშვილი, ხუციძე, ხუცერაული, ხუციბიძე, ხუცუნაშვილი.
საქართველოში 39 ხუციშვილი ცხოვრობს: თბილისში – 17, მცხეთაში – 8, კასპში – 4.
უნაფქოშვილი
გვარის ფუძეა მეტსახელი უნაფქო, რაც ფქვილის უქონელს ნიშნავს.
1873 წლის აღწერით, სოფელ მარაბდაში მოიხსენიება გიორგი უნაფქოშვილი. ამ გვარის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ მარტყოფში.
საქართველოში 220 უნაფქოშვილი ცხოვრობს: საგარეჯოში – 90, თბილისში – 61, გარდაბანში – 23. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით