ვინ მიაგნო თავის ფესვებს ნორილსკიდან საქართველოში და როგორი შეხვედრა ჰქონდა 39 წლის დაშორებულ შვილს დაკარგულ მამასთან
ჟურნალისტის შენიშვნა: ელა ზადოროჟნაია (ცაავა) თავის ბიოლოგიურ მამას დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა. მას მამა 3 წლის ასაკიდან არ ჰყავდა ნანახი. ელას მხოლოდ ის ახსოვდა, თუ როგორ ასეირნებდა მას მისი საყვარელი მამიკო. მამა-შვილი ცხოვრებამ დააშორა ერთმანეთს. თენგიზი საქართველოში დაბრუნდა, სადაც, რაღაც დროის შემდეგ, მეორე ოჯახი შექმნა. ამჟამად ელას ჰყავს ორი ნახევარდა და ერთი ნახევარძმა. თენგიზ ცაავას მეორე ოჯახის წევრებმა იმთავითვე იცოდნენ ელას არსებობის შესახებ და ძალიან უნდოდათ თავიათნი ნახევარდის პოვნა და ნახვა, მაგრამ ვერ ახერხებდნენ. თავად თენგიზი ამბობს, რომ მას სულ ახსოვდა ელა და ყოველთვის უნდოდა მასთან შეხვედრა. აღსანიშნავია, რომ თენგიზის მეორე მეუღლე გულისხმიერად მოეკიდა ელას გამოჩენას და მასაც არანაკლებ გაუხარდა თენგიზის პირველი, რუსეთში დაბადებული შვილის პოვნა. თურმე, ოჯახში დღემდე შენახული ჰქონდათ პატარა ელას ფოტოები. 2010 წლის აგვისტოს დასაწყისში, საქართველოში, ქალაქ ბათუმში მოხდა ელასა და მამამისის, ასევე მისი ნახევარდებისა და ნახევარძმის დაუვიწყარი შეხვედრა.
დღეს რუბრიკა „დაკარგულების“ სტუმრები ელა და მისი ახლად ნაპოვნი მამა არიან. ინტერვიუ ჩაწერილია ქალაქ ბათუმში მამა-შვილის შეხვედრის დღეს, 2010 წლის 8 აგვისტოს. ემოციებსა და განცდებზე საუბარი ზედმეტია, ყველა სიხარულის ცრემლებით ტიროდა.
ინტერვიუ თენგიზ ცაავასთან:
– ახლა, როდესაც შვილთან შეხვედრამდე, რომელიც 39 წლის განმავლობაში არ გინახავთ, და მისი მხოლოდ ხმა გაიგეთ ტელეფონით, ნახევარი საათიღაა დარჩენილი, როგორი შეგრძნება გაქვთ, რაზე ფიქრობთ. თუ შეგიძლიათ, გაგვიზიარეთ.
– ძალიან ვღელავ, 39 წელია გასული მას შემდეგ, რაც ელა ბოლოჯერ ვნახე. მთელი ამ წლების განმავლობაში სულ თვალწინ მედგა პატარა ელა (ტირის). ძალიან მინდოდა მისი ნახვა, სულ ვფიქრობდი, ნეტავ, როგორი გახდა, როგორ აეწყო მისი ცხოვრება, ნეტავ, თუ ვახსოვარ-მეთქი... მისი პოვნა მე ვერ მოვახერხე. სამაგიეროდ, ღვთის წყალობით, ეს მან მოახერხა – რუსეთიდან დაგიკავშირდათ და დახმარება გთხოვათ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ცხოვრებაში მამა-შვილს შორის უხილავი ძაფებია გაბმული, რომლის გაწყვეტა არც დროს და არც ტერიტორიულ სიშორეს არ შეუძლია. შვილი იმის გამო დავკარგე, რომ დედამისს დავშორდი და საქართველოში ჩამოვედი. ჩემმა მეუღლემ და ოჯახის წევრებმა იცოდნენ ელას არსებობის შესახებ და ყველას ერთად ძალიან გვინდოდა მისი პოვნა. როდესაც მეორე ოჯახი შევქმენი და ჩემი შვილები იდგამდნენ ფეხს და იზრდებოდნენ, სულ ვფიქრობდი ელაზე. ნეტავ, ის როგორ არის, როგორ იზრდება-მეთქი (ტირის). ამ წუთებში მე ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ მსოფლიოში. ეს დღე ჩემთვის ყველაზე ბედნიერი დღეა, რადგან დღეს სულ რაღაც, რამდენიმე წუთში ჩემს შვილს ვნახავ. ჩემი დანარჩენი შვილებიც ჩამოვიდნენ მასთან შესახვედრად, ზოგი – თბილისიდან, ზოგი – სამეგრელოდან, თავ-თავიანთი ოჯახებით. ჩემი შვილიშვილებიც აქ არიან. ბუნებრივია, ვღელავ, რადგან, როგორც იქნა, შვილს ვნახავ და გულში ჩავიკრავ. მაინტერესებს, თუ მიცნობს. მიჭირს საუბარი. ემოციები მავსებს (ტირის).
– ელას მთელი შემადგენლობით ხვდებით, საინტერესოა, თქვენი მეუღლის რეაქცია, რამდენადაც ვიცი, ის არ ჩამოსულა.
– დიახ. ჩემს შვილებს და რძალსაც სახლში რა გააჩერებდა. ჩემი მეუღლე კი სამეგრელოში, სალხინოში დარჩა. ახლა ის სუფრას შლის და ფაციფუცობს. ვერ დაიჯერებთ, მაგრამ მასაც ძალიან უხარია. ეს ამბავი მეზობლებსაც და ნათესავებსაც ძალიან უხარიათ. დიდი სუფრაა გაშლილი და ყველა გველოდება. ვიცოდით, რომ თქვენი გამოჩენაც ძალიან გაუხარდებოდა ელას და დაგირეკეთ. სწორედ თქვენი დამსახურებაა, რომ ჩვენ ერთმანეთი ვიპოვეთ და ახლა უკვე ვნახავთ კიდეც ერთმანეთს.
– გამოდის, ელა სტუმრად საქართველოში პირველად ჩამოდის და ის სალხინოში მიგყავთ. რამდენი დღე დარჩება?
– ელა თავის მეუღლესთან ერთად ჩამოდის. ორივე მივლინებით სოჭში იმყოფებოდნენ, საიდანაც სანატორიუმიდან მხოლოდ ოთხი დღით შეძლეს გამოპარვა (იღიმება). ჩვენ მხოლოდ ოთხი დღე გვაქვს ერთმანეთის სანახავად. დარწმუნებული ვარ, ელას ჩვენს დიდ ოჯახში მოეწონება და კმაყოფილი დარჩება. სულ ოთხი დღე მაქვს, რომ 39 წლის უნახავ შვილს მოვესიყვარულო.
ჟურნალისტის შენიშვნა: მამა-შვილის შეხვედრა გემბანზე მოხდა, სანამ ელა რეგისტრაციას გაივლიდა, თენგიზს ღელვა ემატებოდა. ჩამოსულმა შვილმა კი, როდესაც გადახედა ნაპირზე დაგროვილ ხალხს, რაღაც სასწაულით, მზერა მამაზე შეაჩერა. იცნო, ან იგრძნო და ატირდა. მეუღლე, რომელიც გვერდზე ედგა, ცდილობდა დაემშვიდებინა, მაგრამ ის ემოციებსა და სიხარულს ვერ იკავებდა. პირველი, რაც მან მამას უთხრა, იყო ერთი სიტყვა, რომელმაც დიდი სითბოთი გაიჟღერა: „პაპაჩკა“ (მამიკო).
ინტერვიუ ელა ზადოროჟნაიასთან:
– ელა, მოგვიყევი, რას გრძნობთ ახლა, როდესაც, როგორც იქნა, დადგა მამასთან შეხვედრის დღე.
– არ ვიცი (ტირის). თავი სიზმარში მგონია, ამდენი ხალხი თუ მოვიდოდა ჩემს შესახვედრად, არ მეგონა, სათითაოდ კი ყველასთან მისაუბრია ტელეფონით, მაგრამ ძალიან თბილად შემხვდნენ, მეხუტებოდნენ. არ ვიცი, ძალიან ბედნიერი ვარ. ვერ ვიჯერებ, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდება, რომ საქართველოში ვარ და მამიკო, დები და ძმა გავიცანი. ყველანი ძალიან საყვარლები არიან. სოჭის სანატორიუმიდან მხოლოდ ოთხი დღით გამოგვიშვეს მე და ჩემი მეუღლე. შემდეგ კი უნდა დავბრუნდე რუსეთში. შვილები როსტოვში, დედასთან დავტოვე. დედამ არც კი იცის, რომ მე ჩამოსული ვარ. ეს ყველაფერი იმისთვის გავაკეთე, რომ ფესვები არ დამეკარგა. სულ მახსოვდა მამა, სულ მინდოდა მისი პოვნა და აი, სანატრელი დღეც დამიდგა. ღმერთმა დაგლოცოთ, იმისთვის, რაც გააკეთეთ. დიდი სირთულეების გადალახვა მომიწია. სალაროსთან ვიტირე კიდეც, ექვსში უნდა ჩამოვსულიყავი, მაგრამ ბილეთები არ იყო. ძალიან გამიჭირდა ჩამოსვლა.
– ელა, ძალიან ჰგავხართ მამას, თქვენი ნახევარდის შვილიც კი გგავთ, ერთი სიტყვით, ერთი ოჯახი ხართ. მითხარით, რა გრძნობაა?
– უბედნიერესი და დაბნეული ვარ. ასე მგონია, სამოთხეში ვარ, ან სიზმარში. მხოლოდ ტირილი შემიძლია, მაგრამ ეს ნამდვილად სიხარულის ცრემლებია (ტირის). პირველი, რაც მამას ვუთხარი, იყო სიტყვა მამიკო, რომელიც 39 წელია, არ მითქვამს. მან კი მადლობა გადამიხადა იმისთვის, რომ არ დავივიწყე. როგორ დავივიწყებდი, ის ხომ მამაა?!
P. S. სალხინოში ელამ ოთხი დღე დაყო. ოჯახი ძალიან თბილად შეხვდა, მართალია, რუსული მხოლოდ თენგიზმა იცოდა კარგად, დანარჩენები ცდილობდნენ, რომ ელასთვის ნაცნობ ენაზე ესაუბრათ, მაგრამ რამდენიმე საათში ელამ უკვე ისწავლა ქართული სიტყვები: „გაუმარჯოს“, „მიყვარხართ“, „რა გემრიელია“... სუფრის შემდეგ ელა გააოცა, ალბომში იმ ფოტოს ნახვამ, რომელსაც ბავშვობიდან თვალისჩინივით უფრთხილდებოდა. ფოტოზე იყო სამი წლის ელა და მისი მამიკო. აღმოჩნდა, რომ ელაც და თენგიზის მეორე ცოლიც ერთ დღეს არიან დაბადებულნი. ესეც დამთხვევა ყოფილა.
თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.