სად შეეჩვია თინა მახარაძე მიწაზე ჯდომას და რატომ ვერ ეკარებოდა ის სკამს
თინა მახარაძე: საზიზღარი და მეტიჩარა ბავშვი ვიყავი. რაც საჭირო იყო და რაც მომეთხოვებოდა, არაფერს ვაკეთებდი. ჩემი და ალაგებდა, ჩემი და რეცხავდა ჭურჭელს, ჩემი და ეხმარებოდა დედას მე კი შემეძლო, მშვიდად ვმჯდარიყავი საშინელ არეულობაში და ხელი არ გამენძრია. სამაგიეროდ, სულ ვკითხულობდი. მერე ვამბობდი ლექსებს და ვყვებოდი ზღაპრებს – ეს მიყვარდა და მომწონდა. ცეკვა-სიმღერაზეც არ ვამბობდი უარს (იცინის). ერთი სიტყვით, საშინელი ბავშვი ვიყავი, ძალიან მეტიჩარა. ახლა რომ ვიხსენებ ბავშვობას და ვუყურებ ვიდეოჩანაწერებს, ძალიან ვბრაზდები საკუთარ თავზე. არ მომწონს, ასეთი რომ ვიყავი.
– ანუ, ახლა სხვანაირი ხარ და პატარა თინას ძალიან დაშორდი?
– (იცინის) პრინციპში, სახლის დალაგება ახლაც არ მიყვარს. უფრო სწორად, მე ჩემს გემოზე მიყვარს სახლის დალაგება. მარტო უნდა ვიყო და განწყობაც განსაკუთრებული უნდა მქონდეს. თან, რაც ჩემთვის დალაგებულია, ის სხვისთვის, შეიძლება, არეული იყოს. რა ვქნა, საყოფაცხოვრებო საქმიანობაზე მეტად სხვა საქმე მომწონს და სხვა რამის კეთება უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია. თუმცა, მიყვარს, როცა ჩემი გემოვნებით არის ის გარემო შექმნილი, სადაც ვიმყოფები.
– ანუ, შენ შენებური წესრიგი გაქვს.
– ასეა, ნამდვილად ჩემებური წესრიგი მაქვს, რაც სხვისთვის ზოგჯერ ქაოსია. რაც შეეხება ჩემს ხელმარჯვეობას, ყოველთვის მეშინოდა ასეთი რაღაცეების, დაშლა-აწყობაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. ის კი არა, კომპიუტერის მიმართაც კი ძალიან დიდხანს ვიყავი „უცხო“ – ვერაფერს ვუგებდი. ზოგადად, ტექნიკასთან ჩემი ურთიერთობა ვერასდროს ეწყობოდა. მეგობრები ყოველთვის დამცინოდნენ ამის გამო. ხელფასსაც კი, ბოლო პერიოდამდე, უშუალოდ ბუღალტრისგან ვიღებდი, ხელზე, იმდენად არ მინდოდა პლასტიკურ ბარათთან ურთიერთობა (იცინის).
– რატომ, კარგი გრძნობაა, როცა ბანკომატი ფულს გაწვდის.
– მე ის გრძნობა უფრო მომწონს, რომელსაც მაშინ განვიცდი, როცა ფულს ბუღალტერი მაძლევს. ბანკომატი ყველანაირ დადებით განწყობასა და ემოციას მიკარგავს. ძალიან სასიამოვნო განცდაა, როცა ბუღალტერთან შესვლას ელოდები. მთელი თვის ნამუშევრის მისაღებად.
– მოკლედ, არატექნიკური ადამიანი ხარ.
– ძალიან არატექნიკური ვარ, ძალიან (იცინის).
– ღიზიანდები, როცა წყალი არ მოდის ან შუქი ქრება?
– საშინლად ვღიზიანდები, მაგრამ, მარტო მაშინ, როცა წყალი არ მოდის. შუქი რომ ქრება, ძალიან სასიამოვნო, ნოსტალგიური განწყობა მეუფლება და მახსენდება ის პერიოდი, როცა შუქი (პრაქტიკულად) არ გვქონდა. მთელი ოჯახი ერთად ვიყავით. მამაჩემი უკრავდა და ლამაზად ვატარებდით საღამოებს. აი, უწყლობა კი სერიოზული დისკომფორტია.
– შეგიძლია, დაისვენო კარავში, საძილე ტომრით, კომფორტის გარეშე?
– სულ მეშინოდა, რომ ამას ვერ შევძლებდი, მაგრამ, შარშან პირველად გადავწყვიტე, მიმეღო მონაწილეობა დიდ ლაშქრობაში – გავრისკე, რომ იტყვიან. დიდი ლაშქრობა იყო, „ვირთხების რბოლა“ ერქვა. სტარტი სიღნაღიდან ავიღეთ და ბათუმში ფეხით ჩავედით. თან, გუნდებად ვიყავით დაყოფილი და ერთმანეთს ვეჯიბრებოდით – გზაში რომელი გუნდი მეტ კულტურის ძეგლს ნახავდა. მხოლოდ ზურგჩანთებითა და საძილე ტომრებით ვიყავით. ჩვენმა გუნდმა მეორე ადგილი აიღო და, ვფიქრობ, ეს კარგი შედეგია. თითქმის ნახევარი საქართველო ფეხით შემოვიარეთ რვა დღის განმავლობაში და პირადად მე სამოცი კულტურის ძეგლი ვნახე. ისე შევეჩვიე მიწაზე ჯდომას, რაღაც პერიოდი სკამს ვერ ვეკარებოდი (იცინის). ძალიან მაგარი განცდაა, ყველაზე მაგარი. სურვილიც არ მაქვს, ხუთვარსკვლავიან სასტუმროზე გავცვალო ჩემი „ჰიპური“ გარემო. მეცინება ხოლმე ასეთ სნობურ რაღაცეებზე.
– სამზარეულოში როგორ გაქვს საქმე?
– მარტო ერთი კერძის მომზადება ვიცი საფუძვლიანად (იცინის), ეს არის „კრაბის“ სალათა და ყველა შევაწუხე ამ ჩემი სალათით. იმიტომ, რომ მარტო ეს გამომდის გემრიელი, შემწვარ კარტოფილსა და ტაფამწვარს თუ არ ჩავთვლით. სალათის კეთების პროცესი მსიამოვნებს, ვაკეთებ დიდხანს და ძალიან ლამაზად ვაფორმებ.
– მფლანგველი ხარ?
– უზომოდ, მეტი რომ არ შეიძლება. საფულეში ფული არ უნდა მედოს, არავითარ შემთხვევაში, თორემ, აუცილებლად სულ დავხარჯავ. აბსოლუტურად ყველაფერში მეხარჯება. ამიტომ, ახლა ვფიქრობ, რომ სახელფასო ბარათს ამ მხრივ აქვს უპირატესობა – ცოტ-ცოტას ვხსნი ხოლმე.
– ბარათითაც შეიძლება მაღაზიაში გადახდა.
– ვიცი, მაგრამ, ჯერ მანდამდე ვერ მივედი (იცინის). ბარათს მხოლოდ ბანკომატში ვიყენებ, ნახევარი მაინც გამომაქვს ხოლმე, მაგრამ, ხელფასი ორ კვირაზე მეტხანს არ მყოფნის. რაღაც სასწაული უნდა მოხდეს, რომ ბოლომდე მიმყვეს.