კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აწვალებდა ყაზახეთის ნაკრების მეკარე ქართველ ფეხბურთელებს


ბევრი რომ არ გავაგრძელო, გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს პავლოდარის „ირტიშისა“ და ყაზახეთის ეროვნული ნაკრების მეკარე დავით ლორიასთან.



– დავით, სულ თავიდან დავიწყოთ. როგორ აღმოჩნდა თქვენი ოჯახი ყაზახეთში?

– საქართველოდან ბაბუაჩემი გადმოსახლდა ყაზახეთის ქალაქ ასტანაში, რომელსაც მაშინ ცელინოგრადი ერქვა. ასე დამკვიდრდა ყაზახეთში ლორიების ერთი შტო. მეც ასტანაში დავიბადე. იყო მცირე შანსი, რომ ჩვენი ოჯახი ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებულიყო. საქმე ის არის, რომ მამაჩემი ცოტა ხნით გუდაუთაში ცხოვრობდა, მაგრამ მერე ისიც ყაზახეთში ჩამოვიდა. მას შემდეგ საქართველოსთან თითქმის ყველანაირი კავშირი გაწყდა.

– საქართველოში ნათესავები აღარ გყავთ?

– არა. ვინც გვყავდა, ახლა თითქმის ყველა ავსტრალიაშია. 15 წლის ასაკში ერთი წლით მეც ავსტრალიაში ვცხოვროდი მამიდასთან. თუმცა, შემდეგ ისევ ყაზახეთისკენ გამომიწია გულმა.

– თქვენი ოჯახი ბოლომდე ქართულია?

– არა. დედა და მეუღლე ყაზახეთში დაბადებული რუსები არიან.

– მშობლიურ ენაზე ლაპარაკი შეგიძლიათ?

– სამწუხაროდ, ჩემი ქართული სიტყვების მარაგი ძალიან მწირია. შარშან რუსეთში, ნალჩიკის „სპარტაკში“ გამოვდიოდი, სადაც გოგიტა გოგუა და ალექსანდრე ამისულაშვილიც თამაშობდნენ. ორივე გვარიანად გავაწვალე, რამდენიმე ქართული სიტყვა რომ ესწავლებინათ (იცინის). ისე, მამაჩემი ლაპარაკობს გამართული ქართულით, მაგრამ მე და მამას ისეთი გადატვირთული გრაფიკი გვაქვს, რომ ერთმანეთს იშვიათად ვხვდებით.

– რუსეთის ჩემპიონატიდან ყაზახეთში რატომ დაბრუნდით?

– ნალჩიკში ჩემი კარიერა ისე ვერ წარიმართა, როგორც მსურდა. როდესაც გუნდის შეცვლა დავაპირე, ყველაზე რეალური და მისაღები „ირტიშის“ წინადადება იყო და დავთანხმდი, რასაც სულაც არ ვნანობ. ყაზახეთის ჩემპიონატში უზარმაზარი ინვესტიციები იდება. აქაური ჩემპიონატის დონე დღითიდღე მაღლდება და „ირტიშიც“ კარგი გუნდია. ერთი კვირის წინ მოქმედ ჩემპიონ „აქტობეს“ 1:0 მოვუგეთ.

– სხვათა შორის, მაგ მატჩში ისე ძლიერად გითამაშიათ, რომ ყაზახური პრესა წერდა, თამაში დავით ლორიამ მარტომ მოიგოო.

– ცოტა ხმამაღალი განცხადებაა (იცინის). მეკარემ რაც უნდა იფრინოს, თუ თანაგუნდელებმაც არ შეუწყვეს ხელი, მარტო ვერაფერს გახდება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მეკარე ხომ ვერ გამოვა გოლის გასატანად? თუმცა, თქვენს კოლეგებს იმაში ნამდვილად ვეთანხმები, რომ „აქტობესთან“ ნამდვილად წამივიდა თამაში.

– მამათქვენი, გრიგოლ ლორია ყარაღანდის „შახტარის“ გენერალური დირექტორია. მის გუნდში გადასვლა არ გიცდიათ?

– არა. აქ ასე არ ხდება, რომ კლუბის გენერალური დირექტორი ურჩევდეს მწვრთნელს ფეხბურთელებს. „შახტარს“ კარგი მეკარეები ჰყავს და ჩემ მიმართ ინტერესი არ გამოუჩენიათ.

– თავის დროზე, ჰოლანდიურ „ეინდჰოვენში“ ჩარიცხვის შანსი გქონდათ. რატომ არ შედგა ეს ტრანსფერი?

– ჰოლანდიაში გასინჯვაზე ვიყავი და სამწუხაროდ, „ეინდჰოვენის“ ვარიანტი არ გამოვიდა. თუმცა, ყველაფერი წინ მაქვს. 28 წლის ვარ, რაც მეკარისთვის „სიბრძნის ასაკია“ და თუ მოვინდომებ, კვლავ შემიძლია, რომ ჩემით ძლიერი ლიგის გუნდები დავაინტერესო.

– ფეხბურთელებს აქვთ საკუთარი სატრანსფერო ღირებულება. თქვენ რამდენად ხართ შეფასებული?

– „ტრანსფერმარკეტს“ თუ ვენდობით, 225 000 ევრო ვღირვარ. ისე, მოედნის მოთამაშეებისგან განსხვავებით, მეკარეებს დაბალი ფასი აქვთ. მეკარეში ათეულობით მილიონებს არ იხდიან და თუ მაინც ვინმემ გიყიდა ამხელა თანხად, მინიმუმ ბუფონი ან კასილასი უნდა იყო.

– ყაზახეთის ნაკრების მეკარე ხართ. თავის დროზე საქართველოს ნაკრებში თამაში რომ შემოეთავაზებინათ, თუ დათანხმდებოდით?

– ვერ გეტყვით, ამაზე არ მიფიქრია. გააჩნია, რა მომენტში შემომთავაზებდნენ და იმ დროისთვის ყაზახეთის ნაკრებში მოხვედრის რა შანსი მექნებოდა. ისე, ყაზახეთის ნაკრებში თამაშმა ბევრი რამ მომცა. ორჯერ დამასახელეს ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად, რაც მეკარისთვის დიდი აღიარებაა.

– საქართველოს ნაკრებს თუ გულშემატკივრობთ?

– რა თქმა უნდა. ამ კითხვას რომ მისვამენ, რაღაცნაირად შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს. მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთის მოქალაქედ ვითვლები, მე ხომ მაინც ქართველი ვარ. არასოდეს დამავიწყდება, საიდან მოდის ჩემი ფესვები. საქართველოს ნაკრებში ყოველთვის ძლიერი ფეხბურთელები თამაშობდნენ და სულ მიკვირს, რატომ ვერ ახერხებს გუნდი წარმატების მიღწევას. ქართველ ფეხბურთელთა ნიჭიერებაზე ახლახან მომხდარი ფაქტიც მეტყველებს. კონკრეტულად, 25-მილიონიანი ბიუჯეტის მქონე „აქტობემ“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დიდი გაჭირვებით მოუგო რუსთავის „ოლიმპს“, რომელსაც მხოლოდ 3 მილიონამდე ბიუჯეტი აქვს და თანაც სეზონის ბოლოს ერთბაშად 15 ფეხბურთელი გაუშვა. ყაზახეთში ბევრს დღემდე არ სჯერა, რომ „ოლიმპს“ ასეთი მცირე ბიუჯეტი გააჩნია.

დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნაკრები მალე მიაღწევს წარმატებას და ამას ნამდვილად არ ვამბობ მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველი ვარ.

– 2005 წელს საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ მოგიწიათ თამაშმა. როგორი გრძნობა იყო?

– ამ მატჩებს დიდხანს ველოდი და არასოდეს დამავიწყდება. ყაზახეთში 1:2 დავმარცხდით, თბილისში კი 0:0 ვითამაშეთ. სასიამოვნო იყო, რომ საქართველოში ძალიან თბილად მიმიღეს.

– ცოდვა გამხელილი ჯობია და მაშინ გაჩნდა ეჭვები, რომ თბილისური 0:0 „ჩაწყობილი“ იყო...

– ამის თქმა მხოლოდ იმას შეუძლია, ვისაც მატჩი არ უნახავს. თუ ფრეზე ვიყავით მორიგებული, მაშინ იმდენს რა გვარბენინებდა. მთელი თამაში მწვავე შეტევებში გავატარეთ და თავი არავის დაუზოგავს. მით უმეტეს, რომ მაშინ ყაზახეთის ნაკრები ევროასპარეზზე ახალი გამოსული იყო და, ფაქტობრივად, ჩვენ ვწერდით ნაკრების ისტორიის პირველ ფურცლებს.

– ქართველ ფეხბურთელებს თუ იცნობთ?

– გოგუასთან და ამისულაშვილთან „სპარტაკში“ თამაშის დროიდან ვმეგობრობ. ვიცნობ ყაზახეთსა და სხვა ქვეყნებში მოასპარეზე ქართველებსაც, მაგრამ მათთან ჩემი ურთიერთობა, ძირითადად, „გამარჯობით“ და ხელის ჩამორთმევით შემოიფარგლება.


скачать dle 11.3