რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: მყავს ავტომობილი „ფოლკსვაგენ გოლფ 3“, 1990 წლის. მასში ვასხამდი მობილის ზეთს, მაგრამ ამჯერად ბიზოლის ზეთი ჩავასხი, რომელიც ცოტა თხელი მეჩვენება. რა ზეთის ჩასხმას მირჩევთ ჩემს ავტომობილში. ძრავა კარგ მდგომარეობაშია.
პასუხი: თუ ძრავა კარგია, მაშინ უმჯობესია, კარგი ხარისხის ზეთი ჩაასხათ. თუ მას უკვე პრობლემები აქვს, მაშინ გვინდა არ გვინდა დაბალი ხარისხის ზეთი უნდა ჩავასხათ, ფინანსური თვალსაზრისიდან გამომდინარე, რადგან სისტემატურად მოგვიწევს დამატება. რაც შეეხება ზეთის სისქე-სითხელეს, ამით არ განისაზღვრება ზეთის ვარგისიანობა. სინთეტიკური, ანუ ყველაზე თხელი ზეთი საუკეთესო ხარისხისაა, რადგან ის თავის თვისებას ინარჩუნებს ტემპერატურის ცვალებადობასთან მიმართებაში. სხვა, უფრო დაბალი ხარისხის ზეთები კი, ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად, სიმკვრივეს იცვლის. ანუ ზეთი კარგია, თუ სიმკვრივეს ინარჩუნებს. მაგალითად, რუსული ზეთები იმდენად სქელია, რომ თუ კოლოფში ასხია, სიჩქარეს ვერ შევცვლით და თუ ძრავაში ასხია, ზამთარში დაქოქვა უჭირს. ანუ, ეს არ ნიშნავს, რომ ის კარგია. თუ თქვენი ძრავა კარგად მუშაობს შეგიძლიათ ჩაასხათ კასტროლის ზეთი, რომელიც საკმაოდ ხარისხიანია და კარგადაც მუშაობს. კარგი ზეთი აქვს შელის. მოკლედ, არჩევანი თქვენზეა.
კითხვა: მყავს „მერსედესის ემელის“ „ჯიპი“, მართვის ავტომატური კოლოფით. ავტომობილი დავქოქე და ვერ ვძრავ. სიჩქარეში არ გადადის, როგორც ჩანს, „რიჩაგი“ გაიჭედა და მას ადგილიდან ვერ ვძრავ, პარკინგშია დარჩენილი და ევაკუატორითაც ვერ მიმყავს. იქნებ ამიხსნათ, რა არის ამის მიზეზი?
პასუხი: ეს „ემელის“ მტკივნეული ადგილია. ამ დროს ხდება „რიჩაგის“ გაჭედვა. როდესაც პარკინგიდან ავტომობილის გათავისუფლება გვინდა, ფეხი მუხრუჭს უნდა დავაჭიროთ. ეს კი იწვევს კოლოფში ერთი პატარა დეტალის უკან გამოწევას. ეს არის დეტალი, რომელიც გაყრილია კოლოფში და „რიჩაგს“ პარკინგში აფიქსირებს, რათა ვინმემ არ დააგოროს. ამ შემთხვევაში, სწორედ ეს მექანიზმია გაჭედილი. უნდა დაშალოთ სიჩქარეთა კოლოფი, ის დეტალი მექანიკურად, რაიმე მოწყობილობით გაწიოთ გვერდით და ისე დააფიქსიროთ, რომ ხელოსანთან მიყვანამდე აღარ გამოიწიოს. ანუ, ეს დეტალი შესაცვლელია.
გვერდი მოამზადა
სალომე გველესიანმა