ინგლისის პრემიერლიგაში ბოლო ადგილზე გასული გუნდი 15 მილიონ ფუნტ სტერლინგს იღებს –პირველზე გასული კი – 57 მილიონს
„ვფიქრობ, პირველივე წელს „სიტის“ ოქროს მედლებისთვის ბრძოლა გაუჭირდება, რადგან ტიტულებს მხოლოდ ფული არ შველის. ამისთვის სტაბილური შემადგენლობა და ტრადიციებია საჭირო,“ – განაცხადა „მანჩესტერის“ დამრიგებელმა სერ ალექს ფერგიუსონმა, რომელიც ამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე თავის 25-ე სეზონს იწყებს.
ახალ აბრამოვიჩად მონათლული შეიხი მანსური კი ამბობს, რომ წელს მისმა გუნდმა მინიმუმ, ჩემპიონთა ლიგის საგზური უნდა მოიპოვოს, ანუ საუკეთესო ოთხეულში შევიდეს“. გაისად კი ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებისთვის იბრძოლოს. შეგახსენებთ, რომ აბრამოვიჩს 600 მილიონ გირვანქაზე მეტი აქვს დახარჯული, მაგრამ „ჩელსის“ ჩემპიონთა ლიგა დღემდე არ მოუგია.
იმის მიუხედავად, რომ სიმდიდრით, ხელფასებითა და სიძლიერით პრემიერლიგა მსოფლიოში პირველია, შეიძლება ითქვას, კლუბების დავალიანების მხრივაც პირველია. თუნდაც „მანჩესტერი“ ავიღოთ. სერ ალექსის გუნდის დავალიანება 300 მილიონს აჭარბებს და ეს მაშინ, როცა ფერგიუსონი პროფესიონალია ახალი ტალანტების მოძიებაში, იაფად ყიდვასა და მერე მათ გაყიდვაში. მაგალითისთვის კრიშტიანუ რონალდუც კმარა, რომელიც ფერგიუსონმა თავის დროზე ლისაბონის „სპორტინგისგან“ 20 მილიონ ევროდ იყიდა და შარშან „რეალს“ 94 მილიონად მიჰყიდა. ბევრად ცუდ დღეშია „ლივერპული“, რომლის ვალებმა ნახევარ მილიარდ გირვანქას გადააჭარბა და დიდი ალბათობით, მისი ამერიკელი მფლობელები ტომ ჰინკსი და ჯორჯ ჯილეტი გუნდს გაყიდიან. მას კი რომელიმე არაბი შეიხი შეიძენს. ამ მხრივ, ცოტა უცნაურ სიტუაციაშია „ჩელსი“. ოფიციალურად კლუბს 300 მილიონი გირვანქის ვალი აქვს, მაგრამ ეს მილიონები ლონდონელებმა იმ კომპანიისგან ივალეს, რომელიც ისევ აბრამოვიჩის საკუთრებაა, ანუ რუს ოლიგარქს თავისი თავის ვალი აქვს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ იგი კლუბის გაყიდვას გადაწყვეტს, ახალ მფლობელს ამ ვალის გადახდა მოუწევს.
რაც შეეხება თანხებს, რომელთა გამოც ბრძოლა ღირს. ინგლისში ბოლო ტურამდე დაძაბული სიტუაციაა და ეს იმ მარტივი მიზეზების გამო, რომ თითოეული ადგილი გარკვეული თანხა ღირს. მაგალითად, ბოლო ადგილზე გასული გუნდი 15 მილიონ ფუნტს იღებს, ბოლოს წინაზე გასული – 3 მილიონით მეტს. იმის წინ კიდევ – 3 მილიონით და ასე შემდეგ. შედეგად, ბოლო და პირველ ადგილზე გასულ გუნდებს შორის მიღებული თანხების რაოდენობა 57 მილიონით განსხვავდება ერთმანეთისგან. ამას ემატება თანხა, რომელიც სატელევიზიო უფლებების გაყიდვიდან შედის, სარეკლამო თანხები, ბილეთების გაყიდვიდან შესული თანხები და ჩემპიონთა ლიგასა და ევროპის ლიგაზე ასპარეზობიდან შესული ფული. საერთო ჯამში, ჩემპიონი გუნდის შემოსავალი მეოთხედ მილიარდ გირვანქას აჭარბებს, მაგრამ რად გინდა – რამდენადაც მაღალია შემოსავალი, მით მაღალია გადასახადებიც. არაერთ ფეხბურთელს უთქვამს, რომ ინგლისში სათამაშოდ მხოლოდ მაღალი გადასახადების გამო არ მიდის. ბოლო მაგალითი „იუვენტუსის“ ნახევარმცველი მაურო კამორანეზია, რომლის შეძენაც „ბირმინგემს“ სურდა.
„ბირმინგემელებმა თითქმის იმდენი ხელფასი შემომთავაზეს, რამდენიც „იუვენტუსში“ მქონდა, მაგრამ რომ დავიანგარიშე, გადასახების გადახდის შემდეგ, ამ თანხის მხოლოდ 55 პროცენტი მრჩებოდა. ეს აბსურდული კანონია და ზუსტად ვიცი, რომ ინგლისში არც სათამაშოდ და არც საცხოვრებლად არ გადავალ“, – განაცხადა კამორანეზიმ.
მართალია, სეზონი დაიწყო, მაგრამ სატრანსფერო სეზონი სექტემბერში მთავრდება და ახლა მთელი ინგლისი გაუგონარი ტრანსფერის მოლოდინშია. შეიხი მანსური კატალონიური „ბარსელონადან“ ზლატან იბრაჰიმოვიჩის შეძენას აპირებს და მას არნახულ კონტრაქტს სთავაზობს. არაბი შეიხი მზად არის იბრაჰიმოვიჩს კვირაში 500 ათასი, ანუ თვეში ორი მილიონი გირვანქა უხადოს, რაც წლიურად 24 მილიონ გირვანქაზე მეტია. თავად ფეხბურთელი შეთავაზებული წინადადებისგან ჯერ თავს იკავებს და ამბობს, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდიდან წასვლას არ აპირებს, თუმცა თავად „ბარსა“ მას სიამოვნებით გაყიდის.
მიმდინარე სეზონის ბოლოს არც ევროპისა და არც მსოფლიოს ჩემპიონატები არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯებიან, ძალებს არ დაზოგავენ. ჩემპიონობის უმთავრეს ფავორიტებად „მანჩესტერ იუნაიტედი“ და ლონდონის „ჩელსი“ სახელდებიან. თუმცა, პირველობისთვის „არსენალი“ და „სიტიც“ კბილებით რომ იბრძოლებენ, ახლავე შეიძლება, ითქვას.
„ეს არ არის ჩვეულებრივი ჩემპიონატი, ეს არის მარათონი, რომლის ფინიშამდე ერთი გუნდი მიდის. ჩვენ ინგლისის პრემიერლიგაში, ჩემპიონთა ლიგაში, ასოციაციის თასზე, ლიგის თასსა და ქვეყნის თასზე გვიწევს თამაში, ხოლო ის, რაც იანვარში ხდება, ნამდვილი ჯოჯოხეთია. ერთი თვის განმავლობაში რვა მატჩის ჩატარება არათუ დიდ ძალებს მოითხოვს, თითქმის შეუძლებელია“, – განაცხადა ალექს ფერგიუსონმა და მართალიცაა. ინგლისში მოთამაშე ფეხბურთელები ყველაზე მეტ მატჩებს ატარებენ და სპეციალისტები ამ ფაქტსაც აბრალებენ მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისელთა ჩავარდნას. ყველა აღიარებს, რომ სამხრეთ აფრიკაში ფაბიო კაპელოს გუნდი გადაღლილი ჩანდა.