კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: მაქვს წაბლისფერი თმა, ხორბლისფერი სახის კანი და მომწვანო-თაფლისფერი თვალები. როგორი მაკიაჟი მომიხდება?
პასუხი: ალბათ, იცით, რომ განსხვავებაა იმაში, დღის მაკიაჟი გჭირდებათ თუ საღამოსი. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, ვთქვათ, სად მიდიხართ საღამოს საათებში – სტუმრად, სასეირნოდ, თეატრსა თუ რესტორანში.
დღის განმავლობაში უნდა გაიკეთოთ მკრთალი მაკიაჟი ბუნებრივი ფერებით: ტონალური კრემისა და პუდრის ფერი მაქსიმალურად უნდა შეესაბამებოდეს თქვენი კანის ფერს: მკრთალი მწვანე, ნაცრისფერი, ცისფერი „ჩრდილები“, თვალის კუთხეებში – შავი ან მწვანე ფანქრის კონტური, ოდნავ წაგრძელებული შტრიხებით; წამწამების ტუში აუცილებელი არ არის. თუ, მაინცდამაინც, გინდათ, დაიტუშოთ, წაისვით მხოლოდ ერთი ფენა. ეგრეთ წოდებული „რუმიანა“ უნდა იყოს თქვენი კანის ფერზე ნახევარი ტონით მუქი. თხელ ფენად გადაისვით ღაწვებსა და ზედა ქუთუთოების განაპირა კუთხეებთან.
ტუჩის საცხის ფერი უნდა შეუსაბამოთ როგორც თვალების, ისე კანის ფერს. მუქი საცხი არ მოგიხდებათ, სასურველია, წაისვათ „ჩამქრალი“ ვარდისფერი ან ბაცი კაკაოსფერი. კონტური გაიკეთეთ, ასევე, ღია ფერის ფანქრით.
თუ საღამოს (ღამის) მაკიაჟის გაკეთება გსურთ, ზემოთ დასახელებული ფერები ერთი ტონით გაამუქეთ და ისე წაისვით.
კითხვა: რატომ ვნებს თმას ფენით გაშრობა?
პასუხი: ფენის მაღალი ტემპერატურა აშრობს თავის კანს, რაც იწვევს კანზე უწვრილესი ნაპრალების გაჩენას და აქერცვლას, ასევე, ქერტლის წარმოქმნას. გარდა ამისა, იფიტება და ადვილად მსხვრევადი ხდება თმის ღერები, სუსტდება მათი ძირების სიმყარე. ამიტომ, შეეცადეთ, შეძლებისდაგვარად იშვიათად გამოიყენოთ ფენი – ანუ ფენით თმა გაიშრეთ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, თანაც მანამდე კარგად შეიმშრალეთ პირსახოცით, რომ ფენის გამოყენების ხანგრძლივობა მაქსიმალურად შემცირდეს.
კითხვა: რა სარგებლობა მოაქვს თმისთვის არომამასაჟს და როგორ კეთდება ის?
პასუხი: არომამასაჟი კეთდება თმის ძირების გასამაგრებლად და ღერებისთვის ელასტიკურობის შესანარჩუნებლად.
არომამასაჟის დაწყებამდე თმა კარგად დაივარცხნეთ. უმჯობესია, ეს სხვამ გაგიკეთოთ. შემდეგ გაიკეთეთ მასაჟი სპეციალური ტექნოლოგიის არომატული ზეთებით, რომელიც უნდა შეარჩიოთ თქვენი თმის ფერის მიხედვით. როგორც წესი, ასეთი ტიპის მასაჟების დროს იყენებენ ლავანდის, ევკალიპტის, მენთოლის, ატმის, ბაზილიკის ზეთებს. მასაჟის შემდეგ თმა შეიფუთეთ თბილი პირსახოცით, 15 წუთის შემდეგ კი კარგად ჩამოიბანეთ კვერცხის გულით და თბილი წყლით.
პროცედურების სიხშირე ინდივიდუალურია – დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ინტენსივობით გცვივათ თმა. საშუალოდ კი, სასურველია, გაიკეთოთ თვეში 2-4 მასაჟი.
კითხვა: ყველაზე უფრო რომელი კოსმეტიკური საშუალება ატენიანებს კანს თვითმფრინავით ხანგრძლივი ფრენის დროს?
პასუხი: თვითმფრინავში კანის დამატენიანებელი საუკეთესო საშუალებაა თერმული წყალი. ის აცოცხლებს კანს და ახდენს მის ტონიზირებას მასში შემავალი მინერალური კომპონენტების წყალობით.
კითხვა: როგორ უნდა მოვიქცე, რომ პლაჟზე ყოფნისას სახეზე მაკიაჟი არ „გამილღვეს“ და წყალში შესვლისას არ გამეთხაპნოს?
პასუხი: არსებობს ეგრეთ წოდებული „წყალგამძლე“ კოსმეტიკური საშუალება, რომელსაც აწერია waterproot. ასევე, შეგიძლიათ, შეიძინოთ მავნე ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი კოსმეტიკა. მაგრამ, გირჩევთ, მზეზე, მით უმეტეს, პლაჟზე გასვლის წინ, არ წაისვათ სახეზე არანაირი კოსმეტიკა, გარდა დამცავი კრემისა, რაც უნდა მაღალი ხარისხის კოსმეტიკური საშუალებები იხმაროთ, რუჯის შემდეგ კანი აუცილებლად დაგილაქავდებათ.
კითხვა: მაინტერესებს, მართლა არსებობს თუ არა სახის მოვლის საშუალებები, რომელთა შემადგენლობაში შედის ძვირფასი ქვები (მინერალები) და ძვირფასი ლითონები?
პასუხი: ასეთი საშუალებები არსებობს. განსაკუთრებით სასარგებლოა ის კოსმეტიკა, რომელშიც შედის მარგალიტი და ოქრო. მარგალიტის შემცველ საშუალებებში კალციუმია, რომელიც აახალგაზრდავებს და ამკვრივებს კანს; ოქროს შემცველი კოსმეტიკა კი ხელს უწყობს კანის გაგრილებას, დატენიანებას და ხსნის ანთებით პროცესებს.
თამრიკო ზამთარაძე