შესაძლებელია თუ არა ადამიანის ხასიათის ამოცნობა მისი ჰობიდან გამომდინარე და შეიძლება თუ არა ადამიანს ჰობიმ ზიანი მიაყენოს
– რა არის ჰობი და საერთოდ, რისთვის არის იგი საჭირო?
– ჰობი არის ერთ-ერთი საქმიანობა და აქტივობა, რომელსაც ადამიანი პროფესიის პარალელურად ირჩევს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს არ მოსწონს ის საქმე, რასაც აკეთებს და უნდა რაღაც ახალი... ჰობი არის განტვირთვის ერთ-ერთი საშუალება, მისგან არ ველით არანაირ მატერიალურ სარგებელს. იგი უბრალოდ გვანიჭებს სიამოვნებას. შეიძლება, ქირურგის ჰობი იყოს ცურვა ან თხილამურებით სრიალი. ჟურნალისტის ჰობი კი ფეხბურთის თამაში ან თუნდაც ქარგვა. პროფესია და ჰობი ერთმანეთს ხელს არ უშლის. ისინი ზოგიერთ შემთხვევაში განსხვავებული აქტივებია, ზოგიერთში კი – ერთი და იგივე.
– რა და რა სახეობის ჰობი არსებობს?
– ჰობი არის მრავალნაირი, რაც კი გატაცება არსებობს ყველაფერი შეიძლება ჰობად ავირჩიოთ. შეიძლება, ადამიანი აგროვებდეს ლუდის იარლიყებს. ეს, რა თქმა უნდა, არანაირი ღირებულების არ არის, მაგრამ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ფსიქოლოგიაში ჰობი განიხილება, როგორც სტრესის სამკურნალო ერთ-ერთი საშუალება. არსებობს უამრავი სახეობის ჰობი. ჰობის სახეობებიდან ერთ-ერთია კოლექციონერობა. იგი თემატურად გაერთიანებული საგნების კრებულია. აქ საუბარია ერთი სახეობის რაიმე ნივთებზე. შეიძლება, ამ ნივთებს ქონდეს რაიმე ფასეულობა ან სულაც – არა. ჰობის სახეობაა აგრეთვე სპორტი, ზოოლოგიური კუთხე – ადამიანი შეიძლება, გატაცებული იყოს ფრინველების ან ცხოველების მოვლით და ეს იყოს მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ჰობი შეიძლება, იყოს შემოქმედება – ფოტოგრაფია, თეატრი, კინო, ლექსები, მუსიკა. აგრეთვე, ქსოვა, კერვა, მეცნიერება, თამაში, მოგზაურობა და სხვა უამრავი რამ.
– საერთოდ რა სარგებელი მოაქვს ჰობს?
– ჰობი არის ადამიანის ისეთი საქმიანობა, გატაცება, რითიც ის დაკავებულია თავისუფალ დროს. იგი ადამიანს ეხმარება პიროვნულ თვითრეალიზაციაში. ჰობი არის სიამოვნების მიღება. როდესაც ადამიანი აკეთებს საყვარელ საქმეს, იგი მორალურად კმაყოფილდება, ამ დროს იგი თავის აზროვნებას გადართავს სხვა მიმართულებით. როდესაც ადამიანი დაკავებულია მხოლოდ ყოფითი და რუტინული საქმიანობით, ზოგჯერ ფიქრობს, რომ პროფესიულად კი რეალიზებულია, მაგრამ მას ცხოვრებაში მაინც რაღაც აკლია. როცა ადამიანი იპოვის საქმიანობას, რომელიც მას მორალურ კმაყოფილებას მოუტანს, ის თავს წარმატებულ პიროვნებად გრძნობს და ინარჩუნებს სიმშვიდეს. შეიძლება, ადამიანს დეპრესიაც კი დაემართოს ერთფეროვნებისგან, ამიტომ ყველას ვურჩევ, გაიჩინოს რაიმე ჰობი და გული გადააყოლოს, განიტვირთოს.
– რა შეიძლება, ავირჩიოთ ჰობად, თუ აქვს მნიშვნელობა ადამიანის ხასიათს?
– ჰობის არჩევის დროს, ყველაფერს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. თუ ადამიანი ფინანსურად შეძლებულია, იგი ჰობად კოლექციონერობას ირჩევს. არსებობენ მილიონერები, რომელთა კოლექციაც შედგება ძვირად ღირებული მანქანებისგან. ამით ისინი ხაზს უსვამენ თავიანთ სოციალურ სტატუსს. ჰობი აუცილებლად უნდა იყოს ადამიანის ხასიათის შესაფერისი. ჰობად შეგვიძლია ავირჩიოთ რაიმე სახის ხელობა, მაგალითად, დიასახლისებისთვის საყვარელი საქმიანობაა ქსოვა, ქარგვა. ეს ძალიან კარგია, რადგან აბალანსებს მის სულიერ მდგომარეობას. ჰობად აგრეთვე შეგვიძლია, ავირჩიოთ სპორტის რომელიმე სახეობა, ან მოგზაურობა. ფსიქოლოგების რჩევაა, რომ აკეთეთ ის, რაც თქვენთვის სასიამოვნოა. მთავარია, ადამიანის ხასიათში ჯდებოდეს ეს საქმიანობა, დანარჩენს უკვე მნიშვნელობა არ აქვს.
– რაში გვეხმარება ჰობი?
– საერთოდ, ჰობი განიხილება, როგორც დამხმარე საშუალება, თუ ის არ იქცა მანიად. მაგალითად, შეიძლება, იყოს ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც მუშაობს, უვლის თავს, იკვებება, დადის საყიდლებზე და ცხოვრობს ისე როგორც ყველა ჩვეულებრივი ადამიანი და პარალელურად, ჰქონდეს ჰობი, რომელიც ეხმარება მას. შეიძლება იგი წარმატებული ადამიანია, მაგრამ რაღაც აკლია სრული რეალიზებისთვის და ჰობი მას ეხმარება თვითრეალიზებაში.
– თუ არსებობს ადამიანი, რომელსაც შეიძლება არ ქონდეს ჰობი?
– კი, რა თქმა უნდა, არსებობს ადამიანების კატეგორია, ჰობი რომ არ აქვთ და ეს ნორმალურია. თუმცა, ალბათ, ამ ადამიანის მიმართ გაჩნდება კითხვა – რა არის მისი ინტერესების სფერო. ისეთებიც არიან, რომელთაც არა ერთი, არამედ რამდენიმე ჰობი ერთად აქვთ. ისინი ვერ გარკვეულან თავიანთ ინტერესებში და მუდამ ძიების პროცესში არიან. აგრეთვე, არსებობს შემთხვევები, როდესაც მშობლის მხრიდან ხდება ზეწოლა ბავშვზე. ეს ნამდვილად არ არის ნორმალური. ბავშვმა თვითონ უნდა აირჩიოს თავისი ჰობი.
– თუ არის შემთხვევები, როდესაც ადამიანს აქვს ისეთი უცნაური ჰობი, რომელმაც შეიძლება დააზარალოს?
– კი, ასეთი უამრავი შემთხვევაა. მაგალითად, ტელევიზორში გვინახავს, როდესაც კბილებით შტანგებს წევენ, ხტებიან ხიდებიდან და არაერთი ასეთი ჰობი არსებობს. ადამიანებმა იციან, რომ ეს საშიშია, მაგრამ სურვილი იმდენად დიდია, რისკზეც ხშირად მიდიან. ჩემი აზრით, ჰობი უნდა იყოს სიამოვნების მომტანი და ამასთანავე, რა თქმა უნდა, უსაფრთხოც. მე ძალიან ბევრი ადამიანი შემხვედრია, რომელსაც აქვს ჰობი, მაგრამ სიამოვნებას არ ანიჭებს. ეს იცით, რა შემთხვევაა? როდესაც ადამიანი ამას აკეთებს პრესტიჟის გამო, სხვის დასანახავად. ესე იგი მას რაღაც აკლია პიროვნული თვითრეალიზებისთვის და ამით ცდილობს, თავის დამკვიდრებას.
– თუ არის შესაძლებელი ადამიანის ხასიათი ამოიცნო მისი ჰობის მიხედვით?
– იცით, ჰობის მიხედვით ადამიანის ხასიათის გაგება, ძალიან რთულია. შეიძლება, ერთი შეხედვით, ადამიანი, რომელიც დანებს აგროვებს სადისტური მიდრეკილების გეგონოს, მაგრამ ეს ასე არ არის. ერთი შეხედვით არ უნდა მიაწებო ადამიანს იარლიყი. ზოგი სხვას ჰბაძავს და იმის მიხედვით ირჩევს ჰობის, ანუ ეს არ ხდება მისი ხასიათიდან გამომდინარე. შესაბამისად, ვერ მიხვდები, მის ხასიათს. ამიტომ, თუ გსურთ, გაიცნოთ ადამიანი, ეს მისი ჰობის გარკვევით არ უნდა დაიწყოთ. მაგრამ, იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ჰობის მნიშვნელობა არ აქვს. რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს მისი ინტერესების სფეროსაც.
– ბოლოს, რას ურჩევთ ადამიანებს, რომლებსაც ჯერ არ აქვთ არჩეული ჰობი – რა გაითვალისწინონ ჰობის არჩევისას?
– ყველა ადამიანს ვურჩევ მოძებნონ ისეთი ჰობი, რომელიც საკუთარ ინტერესებს პასუხობს, მისი უნარისა და შესაძლებლობების შესაფერისია. ჯერ კარგად შეისწავლეთ ის საქმე, რომლის ჰობად არჩევასაც აპირებთ და შემდეგ გადადგით ეს ნაბიჯი. დაფიქრდით, რატომ უნდა აკეთოთ ის, რაც არ გსიამოვნებთ. ჰობი ხომ განტვირთვის ყველაზე კარგი საშუალებაა. ამიტომ, აირჩიეთ თქვენთვის საყვარელი საქმე და ცხოვრებაც უფრო მშვენიერი გახდება.