როგორ ავიცილოთ თავიდან ზაფხულში ენტეროვირუსით დაინფიცირების საფრთხე და რომელ დაავადებას იწვევს ბანაობისას ზღვის და მდინარის წყლის ყლაპვა
ზაფხულობით მთელი რიგი დაავადებები იჩენს თავს. ამიტომ არის საჭირო, რომ ადამიანმა ზუსტად იცოდეს, რომელ დაავადებას რა გამოვლინება აქვს, რა სიმპტომები ახასიათებს, საშიშია თუ არა სიცოცხლისთვის, რა მოიმოქმედოს, ამ დროს, რომ სავალალო შედეგებს თავი დააღწიოს. ამ პერიოდში ზღვისპირა ქალაქებში ძირითადად ენტეროვირუსები ვლინდება და, არაოფიციალური ინფორმაციით, საავადმყოფოს ბევრმა დამსვენებელმა მიმართა მსგავსი პრობლემით. ასევე, საშიშია კურორტზე დაუქლორავი წყლის დალევა, რადგან, შესაძლოა, ამან ადამიანს არაერთი პრობლემა შეუქმნას.
ამ თემებთან დაკავშირებით მეტად კომპეტენტურ და გასათვალისწინებელ რჩევა-დარიგებებს, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, ბატონი შოთა ცანავა მოგვაწვდის. ასე რომ, თუ გსურთ დასვენების სეზონი არ ჩაგშხამდეთ, დროულად დაეხმაროთ საკუთარ თავს, ოჯახის წევრებს და ახლობლებს დაავადების პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ბატონი შოთას რჩევები.
– ახლა ის სეზონია, როცა მოსახლეობა აქტიურად გადის დასასვენებლად ქალაქიდან. ახალ გარემოში აკლიმატიზაციას, ყველაზე ძნელად ბავშვები და მოზარდები განიცდიან. მათ აკლიმატიზაციის სინდრომი უვითარდებათ. მნიშვნელოვანია თუ არა ამ დროს კვების როლი და ზოგადად, რა გამოვლინებები აქვს ზემოთ აღნიშნულ სინდრომს?
– აკლიმატიზაციის სინდრომის დროს ბავშვი თავს სუსტად გრძნობს, ხანდახან უწევს სიცხე, სტკივდება ყელი და ასე შემდეგ. ეს საშიში არ არის და მალევე თავისთავად გაივლის. წყლის და საკვების ცვლილებებზე, არა მარტო ბავშვის და მოზარდის, არამედ ზრდასრული ადამიანის კუჭ-ნაწლავიც, ზოგჯერ თავისებურად რეაგირებს. ამ დროს, პატარას ემართება ფაღარათი და უნდა ასვათ მხოლოდ სუსტი შეფერილობის ჩაი და გადადუღებული წყლით მომზადებული რეჰიდრონის ხსნარი. მიეცით ნახშირი. მეორე დღეს შეგიძლიათ მისცეთ წყლით მომზადებული ბრინჯის ფაფა, ორცხობილა და ტკბილი ჩაი. აგარაკზე ბავშვის ჩვეული მენიუ შეგიძლიათ ოდნავ შეცვალოთ. პაპანაქება სიცხეში ასვით ბევრი სითხე, საკვები კი სასურველია ჩვეულებრივზე უფრო კალორიული მისცეთ. უპირატესობა მიანიჭეთ რძემჟავა პროდუქტებს. მათ ორგანიზმი ადვილად შეითვისებს და საჭმლის მონელებასაც უწყობს ხელს.
– ზაფხულში, ასევე იზრდება ენტეროვირუსით დასნებოვნების საფრთხეც. საშიში დაავადებაა თუ არა და რა გამოვლინებები აქვს მას?
– ენტეროვირუსი ერთი სახეობის ვირუსი არ გახლავთ. ის ვირუსთა ჯგუფია და მასში ძალიან ბევრი სეროლოგიური ვარიანტია. ამ ჯგუფში გაერთიანებულ ვირუსებს აქვს სხვადასხვა ანტიგენური ფორმულა. ეს ვირუსები აზიანებს ადამიანის ორგანოებს, კერძოდ, კუჭ-ნაწლავის სისტემას, გულის კუნთს და ნერვულ სისტემას. ასე რომ, პათოგენობის ძალიან დიდი სპექტრია. ადამიანის დაინფიცირება კი ხდება სასმელი წყლით და თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთი შემთხვევები არცთუ ისე იშვიათია.
– კერძოდ, საქართველოში რომელი ტიპის ენტეროვირუსით დასნებოვნების საფრთხე არსებობს?
– საქართველოში ენტეროვირუსის სამოცდაათი-სამოცდათორმეტი ტიპია გავრცელებული, ასევე ეხო და კოკრაკი. ეს ვირუსები, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანების გარდა, იწვევს მენინგიტებს, ენცეფალიტებს, აზიანებს გულის კუნთს, იწვევს მიოკარდიტებს და სხვა. აქვე გეტყვით, რომ ეს საფრთხე იზრდება მდინარის წყალში ბანაობის დროს, ზღვის დაბინძურებული წყლის ყლაპვის შედეგად, გაუფილტრავი წყლის დალევის შემდეგ. მისი ინკუბაციის პერიოდი ერთ კვირასაც არ გრძელდება. ამ დროს, ასევე, აღინიშნება დიარეა, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, გაძნელებულია გულის კუნთის მუშაობა. სხვათა შორის, საკმაოდ რთულია დიაგნოზის დასმა, რადგან ენტეროვირუსები კლინიკური სიმპტომების მრავალფეროვნებით ხასიათდება.
– როგორც გავიგე, ბოლო პერიოდში, ზღვისპირეთში ასეთი სიმპტომებით ბევრმა ადამიანმა მიაკითხა საავადმყოფოებს. რეალურად, თუ არსებობს ამ დაავადებით დამსვენებლების მასიურად დასნებოვნების საშიშროება?
– დაგამშვიდებთ და გეტყვით, რომ არანაირი ეპიდაფეთქების საშიშროება არ არსებობს და თუ ადამიანი დასნებოვნდა, მაშინ ეს მისი არასწორი ცხოვრების წესის ბრალია. თუმცა, უნდა იცოდეთ და გაითვალისწინოთ, რომ თუ წყალი არ იქლორება, ის საშიშია ჯანმრთელობისთვის. ასეთ დროს, ის უნდა გადაადუღოთ და ისე სვათ. რაც შეეხება მინერალურ წყალს, მისი გამუდმებით და დიდი დოზებით მიღება, არ შეიძლება. ის არის ტუტოვანი, ამიტომ კუჭის მჟავიანობას აქვეითებს. ეს კი არასასურველია საჭმლის მონელებისთვის. მცირე დოზებით მისი სმა კი, სამკურნალოა.
– ასევე, დიდია მოწამვლის საფრთხეც ზაფხულის პერიოდში. ამ დროს რა მოვიმოქმედოთ?
– მოწამვლის შემთხვევაში, ავადმყოფს მიეცით მინერალური წყალი, სითხეები და გამოურეცხეთ კუჭი. ასევე, ტოქსინი იწვევს ღებინებას. ამის შემდეგ კი აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რათა ზუსტად გამოიკვლიოთ მოწამვლის გამომწვევი მიზეზი და დაინიშნოს სწორი მკურნალობის კურსი. ასე დაზღვეული იქნებით და შესაძლო გართულებებსაც აარიდებთ თავს. საერთოდ, ზაფხულის მიწურულს და შემოდგომის დასაწყისში, როგორც წესი, ხშირია ნაწლავთა ინფექციები – როგორც ვირუსული, ბაქტერიული ან პროტოზორული ეტიოლოგიის, ასევე მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციები ანუ სასუნთქი სისტემის დაავადებები. მოკლედ, ძირითადად, ამ ორი სახის ინფექციები გვხვდება.
– რა სიმპტომები ახასიათებს ამ დაავადებებს და როგორ ამოვიცნოთ, რომელ ინფექციასთან გვაქვს საქმე?
– ბავშვს ნაწლავთა ინფექციების გამოვლინებისას, ახასიათებს ნაწლავთა გახშირებული მოქმედება, ანუ დიარეა. რაც შეეხება მწვავე რესპირაციულ ვირუსულ ინფექციას, მას აღენიშნება ცხვირიდან გამონადენი, ხველა და მაღალი ტემპერატურა. მაღალი ტემპერატურა შეიძლება დამახასიათებელი იყოს როგორც მწვავე ნაწლავთა ინფექციების, ასევე რესპირაციული ვირუსული დაავადების დროს. პირველადი დახმარება როგორც ნაწლავთა მწვავე, ასევე რესპირაციული ვირუსული ინფექციების დროს, შემდეგნაირია: სასურველია, ბავშვს მისცეთ დიდი რაოდენობით სითხე და ეს შეიძლება, იყოს როგორც სარეჰიდრაციო, ასევე სახლის პირობებში მომზადებული კომპოტები, მინერალური წყალი ან რაიმე სხვა სითხე. შემდეგ კი აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. მწვავე რესპირაციულ ინფექციებს შორის განსაკუთრებული ადგილი სასუნთქი სისტემის დაავადებებს უჭირავს, კერძოდ, ბრონქიტებს. ბრონქიტი თავისი კლასიფიკაციის მიხედვით, შეიძლება იყოს მწვავე, მარტივი და ობსტრუქციული. ობსტრუქციული ბრონქიტის დროს სუნთქვა გახშირებულია. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ სუნთქვას, რადგან შესაძლოა განვითარდეს კრუპის სინდრომი. ის უეცრად ვითარდება, განსაკუთრებით მწვავე, რესპირაციული ვირუსული ინფექციების დროს. კრუპი შეიძლება, იყოს როგორც რესპირაციული, ასევე, ბაქტერიული ეტიოლოგიის და უცხო სხეულის ასპირაციის შედეგიც. კრუპის დროს უეცრად ვითარდება მოხრჩობის შეგრძნება, განსაკუთრებით კი ღამის საათებში. მისი ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია სუნთქვის, უფრო სწორად, ჰაერის ჩასუნთქვის გაძნელება. ამ დროს მშობელმა სასწრაფოდ უნდა გააღოს ფანჯარა, რომ ბავშვმა ჰაერი ისუნთქოს და თბილ წყალში ჩააყოფინოს ფეხები. თუ კრუპის სინდრომი არ მოიხსნა, აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია და ექიმთან ვიზიტი. ასეთი დაავადების დროს აუცილებელია მშობლის სწრაფი რეაქცია და დაავადების სიმპტომისა და მასთან ბრძოლის მეთოდების ცოდნა. ხშირად ვამბობ, ზაფხული ისეთი პერიოდია, როცა ბავშვები დასასვენებლად გაჰყავთ ქალაქგარეთ და სწორედ ამ დროს მართებთ მშობლებს, მეტი ყურადღება. თუ ბავშვთან ერთად ზღვაზე ან მთაში იმყოფებით, არ აქვს მნიშვნელობა რომელი დაავადების სიმპტომი გამოუვლინდება პატარას, ჯობია, დროულად მიიყვანოთ ექიმთან და გაარკვიოთ – რომელ დაავადებასთან გაქვთ საქმე, რა გახდა მისი გამომწვევი და როგორ დაიწყოთ მასთან ბრძოლა.