სიბრძნე მინიატურებში
ევედრე უფალს, შეგიწყალოს
კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მეფე აქბარი იყო. მისი კაცთმოყვარებისა და სამართლიანობის გამო აქბარს ადამიანების მფარველი უწოდეს. მისი მეფობის დროს ინდოეთის საზღვრები მნიშვნელოვნად გაფართოვდა. სახელმწიფო გაძლიერდა და გაიფურჩქნა. მეფე აქბარი ხშირად მოივლიდა ხოლმე თავის დედაქალაქს, როგორც მაშინ იყო მიღებული, მდიდრულად მოჩუქურთმებული ეტლით, რომელშიც რვა ბედაური იყო შებმული. მაცნეები და მცველები ხალხს ბუკითა და ნაღარით ამცნობდნენ მეფის გამოჩენას. მთელი ქალაქი გარეთ გამოეფინებოდა ხოლმე. მეფეს თან ბრწყინვალე ამალა ახლდა. იდგა დიდი ზარ-ზეიმი. თითქოსდა, ყოველივე ამ პომპეზურობის საპირწონედ, აქბარმა გასცა მკაცრი ბრძანება, შეჩერებულიყვნენ ყველგან, სადაც მისი რომელიმე ქვეშევრდომი მოინდომებდა, მეფისთვის პირადად მიემართა რაიმე თხოვნით ან საჩივრით.
ერთხელ მეეტლემ სადავეები მოზიდა და ეტლი შეაჩერა, ვინაიდან დაინახა, რომ ხეიბარი მათხოვარი ხელს იწვდენდა მოწყალებისთვის. იმავდროულად დავრდომილი ხმამაღლა ასხამდა ხოტბას მბრძანებელს და გაჰკიოდა, რომ მხოლოდ მეფეს შეეძლო მისი გაბედნიერება.
აქბარის ყურადღება მეორე მათხოვარმა მიიპყრო, რომელიც იქვე შორიახლოს იჯდა მიწაზე და თითქოს პირველის ჯიბრზე, მთელი ხმით ღაღადებდა: მხოლოდ უფალს შეუძლია, გულმოწყალება გამოიჩინოს ადამიანის მიმართ, მხოლოდ უფლის ნებით მიეცემა ადამიანს ბედნიერება!
მათხოვრის სიტყვებმა აქბარი ჩააფიქრა.
სასახლეში დაბრუნებულმა აქბარმა გასცა ბრძანება, გამოეცხოთ პური და შიგ საკმაოდ მოზრდილი ოქროს ზოდი ჩაეყოლებინათ. მეორე დღეს ის სპეციალურად გაემგზავრა იქით, სადაც ის ორი მათხოვარი ეგულებოდა. ყველაფერი განმეორდა: ერთი ხეიბარი მეფის წყალობის იმედზე იყო, მეორე – უფლისა. აქბარმა ბრძანა, ოქროიანი პური იმ მათხოვრისთვის მიეცათ, მეფეს რომ ევედრებოდა, გაეღო მოწყალება. მეორე ღატაკს კი არაფერი უბოძა, ვინაიდან იგი უფლის იმედზე იყო და მეფისგან არაფერს ითხოვდა.
გავიდა ხანი, აქბარი ამალითურთ კვლავ იმ ქუჩაზე აღმოჩნდა, სადაც ის მათხოვრები ისხდნენ. მეეტლემ კვლავ გააჩერა ეტლი, ვინაიდან პირველი მათხოვარი ხეიბარი ისევ სასოწარკვეთით იწვდიდა ხელს მეფისკენ მოწყალების მისაღებად. მეფე გაოცდა, გადმოვიდა ეტლიდან, მივიდა ხეიბართან და ჰკითხა:
– გამაგებინე, რატომ მთხოვ კვლავ დახმარებას?! განა არ გიბოძე პური, რომელშიც საკმაოდ დიდი ოქროს ზოდი იყო ჩატანებული?
გაოგნებულმა მაწანწალამ მეფეს მორიდებით შეჰკადრა:
ვერ გამიგია, რა ოქროზე მელაპარაკები. პური, რომელიც შენ მომეცი, იმდენად მძიმე იყო, რომ ვიფიქრე, ცუდად გამოუცხვიათ, ცარიელი ცომიაო და მეზობელს მივეცი 10 გროშის სანაცვლოდ.
მეფემ მიმოიხედა, მეორე მათხოვარი არსად ჩანდა. მაშინ აქბარმა ბრძანა, გაეგოთ, რა დაემართა მას. ცოტა ხნის შემდეგ მოახსენეს, რომ 10 გროშად ნაყიდი პური მათხოვარმა თავის ცოლს წაუღო, რათა ქალს რაღაც მაინც შეეჭამა. როცა პური გადატეხეს, შიგ ოქრო აღმოაჩინეს. სახლი იყიდეს, საქმე გაიჩინეს და ადამიანურად ცხოვრობდნენ. აქბარმა გაიღიმა ამის გაგონებაზე და პირველ მათხოვარს ურჩია, ამიერიდან მეფის იმედით კი არა, უფლის იმედით ეცხოვრა.