როდის კარგავს ადამიანი უფლის შვილობილობას და რატომ აბრკოლებენ მართლმადიდებელი ქრისტიანები სხვა სარწმუნოების მიმდევართ და ათეისტ ადამიანებს
– როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს მართლმადიდებელ ქრისტიანს არამართლმადიდებელთან, ან საერთოდ, ათეისტებთან, ამის გაგება, ვფიქრობ, არ არის რთული, თუ კარგად გადავხედავთ ჩვენი ეკლესიის ისტორიას, თანამედროვე ყოფა-ცხოვრებას. უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანი საზოგადოებრივი არსებაა და მას, უნდა თუ არ უნდა, აქვს შეხება მსგავსი ან საერთოდ განსხვავებული სარწმუნოების, ან ცნობიერების ადამიანებთან. მართლმადიდებელი ქრისტიანის დღე უნდა იწყებოდეს დილის ლოცვებით, რომელშიც ის ლოცულობს არა მხოლოდ ერთმორწმუნე საზოგადოებისთვის, არამედ მწვალებელთა და დაბნეულთათვისაც, ანუ იმ ხალხისთვისაც, რომელთაც საკმარისი, ან სწორი რწმენა არ გააჩნიათ. იმის თქმა, რომ ჩვენ სხვა ადამიანები არ უნდა გვაინტერესებდეს, სხვა სარწმუნოების ადამიანებთან ურთიერთობა უნდა გავწყვიტოთ, ბუნებრივია, არ არის სწორი. არსებობს ურთიერთობა ვერტიკალური და არსებობს ურთიერთობა – ჰორიზონტალური. ვერტიკალური ურთიერთობა მართლმადიდებელ ქრისტიანს გააჩნია მხოლოდ მართლმადიდებელ ქრისტიანთან, რომელთანაც იმყოფება ევქარისტულ კავშირში, ვისთან ერთადაც ეზიარება, იღებს წმიდა ზიარებას. ჰორიზონტალური, ანუ ყოფა-ცხოვრებითი ურთიერთობა კი, ეს იქნება მეზობლური, თანამშრომლური და უნდა იყოს ის – კეთილმეზობლური, კეთილდამოკიდებული. ჩვენ აგრესია, ჩხუბი, აყალ-მაყალი არც ერთ ადამიანთან არ უნდა ავტეხოთ, რადგან ჩვენით იდიდება ღმერთი წარმართებში და ჩვენითვე იგმობა, – როგორც ამას პავლე მოციქული ამბობს. თუ მართლმადიდებელი ქრისტიანი წყნარია, მშვიდი, თავმდაბალი, მოსიყვარულე და ადამიანური, ბუნებრივია, ის ყველას მოეწონება, მის მიმართ ყველა კეთილგანწყობილი იქნება. თუ თანამედროვე ქრისტიანი მიჰბაძავს ძველი აღთქმის იუდეველს, რომელსაც საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა ჰქონდა და სხვა ადამიანებს პირუტყვებს ადარებდა, ისიც იგივე მდგომარეობაში ჩავარდება. ეს კი არის ამპარტავნება, რაც ნიშნავს საკუთარ თავზე არასწორ შეხედულებას და სხვა ადამიანების დამცრობას, მათზე აუგის თქმას. ასეთი მდგომარეობა ძალიან შორს არის ქრისტიანული ცნობიერებისგან. როგორც მაცხოვარი ამბობს, ჩვენ ვართ მარილი სოფლისა, ნათელი სოფლისა და ნათელი ბნელსა შინა. სადაც არ არის ჭეშმარიტება, იქ არის სიბნელე. თუ შენ მართლმადიდებელი ქრისტიანი ხარ, ჭეშმარიტების ჭურჭელი, ბუნებრივია, შენი ცხოვრების წესით, საუბრით, მეტყველებით, ჩაცმულობით, ქმედებით, ურთიერთობით უნდა ანათებდეს, ანუ ნათლით შემოსილი უნდა იყოს შენი ცხოვრება. სოფელი არის ხრწნადი, მიისწრაფვის დაშლისკენ, ბოროტებისკენ, სიძულვილისკენ. ჩვენი ცხოვრების წესითა და ქმედებით კი უნდა დავამარილოთ, რათა ხრწნადობისგან გადავარჩინოთ საზოგადოება. მაგრამ, თუ ჩვენ არ გვექნება ძალა, არ გვექნება მადლი სულისა წმიდისა, არ გვექნება სიყვარული, ადამიანის პატივისცემა, ბუნებრივია, მარილი კი არ ვიქნებით, არამედ წიწაკა და ამ სოფელს გავამწარებთ ჩვენი ცრუ მართლმადიდებლობით, ცრუ ქრისტიანობით და შეხედულებებით. ვისაც მიეცა ჭეშმარიტება, რომ იყოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი, მოწოდებულია ცხონებისთვის. ძალიან ბევრი მიმადლა მას უფალმა და მას ძალიან ბევრი მოეკითხება, მაგრამ მრავალი ამას ვერ ხვდება. სახარება კი გვაფრთხილებს, რომ უკანანი იქნებიან წინანი და წინანი იქნებიან უკანანი. ვისაც ჰგონია, რომ სხვაზე უკეთესია, სხვას ზევიდან უყურებს, არ მიიჩნევს თავის სწორად, არ ესაუბრება, არ ეხმარება, არ შედის მასთან კონტაქტში, აცხადებს, რომ მწვალებელი, ათეისტი, ქურდი, ყაჩაღია, ასეთი ადამიანები შორს არიან ჭეშმარიტებისგან. პავლე მოციქული ბრძანებს: „ანგარნი, მპარავნი, მემრუშენი შეგიძღვებიან სასუფეველში“, ანუ ესენი მოინანიებენ, გამოსწორდებიან და ჩვენ ვისაც გვგონია, რომ შემოსილები ვართ, შეიძლება, შიშვლები აღმოვჩნდეთ. ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილითა და სიყვარულით უნდა ვიმოღვაწეოთ, რომ ჩვენი მდგომარეობა არ იყოს დამაბრკოლებელი საკუთარი თავისთვის და საზოგადოებისთვის.
– თუ არსებობს მწვალებლებთან, ათეისტებთან ურთიერთობის წესები?
– რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული წესები, მაგრამ ყველა წესს თან უნდა ახლდეს სიყვარული. პავლე მოციქული ტიტეს ეუბნება, რომ მწვალებელს, არამართლმადიდებელს პირველი და მეორე შეგონების შემდეგ განერიდე. ჩვენი მოვალეობა, მთავარი კონსტიტუცია ქრისტიანობისა არის წარმართების დამოწაფება არა მხოლოდ სიტყვით, არამედ სიყვარულით, თავმდაბლობით, საქმით და უბრალოებით. როდესაც ადამიანს ერთხელ, მეორედ ეტყვი და ვერ გაიგებს, მაშინ შეგვიძლია, მის კართან, ზღურბლთან ფეხები შევიწმინდოთ და წამოვიდეთ. მაგრამ, ჩვენ პირველი და მეორე შეგონების გარეშე, ხშირად მათ ანათემას გადავცემთ, ჯოჯოხეთში ვისტუმრებთ – ეს კი არასწორი დამოკიდებულებაა. მე არ მეგულება ადამიანი, რომელთანაც სიყვარულით მიხვალ, დაელაპარაკები, უფლის სახელით მოუწოდებ და მასში ღვთაებრივი ნაპერწკალი არ გაღვივდეს, ჩვენდამი სიმპათიით არ განეწყოს. ურწმუნო ადამიანი არ არსებობს, ყველას გარკვეული, თავისებური რწმენა გააჩნია. ერთ-ერთი მამის დარიგება არსებობს, როდესაც ჩვენ მივდივართ კათოლიკეებთან სასაუბროდ, მათ მოსაქცევად, უნდა გვიხაროდეს, რომ მათაც სწამთ ერთარსება, სამპიროვანი ღმერთი და რაც საერთოა ჩვენში, იქიდან გამომდინარე შეგვიძლია, ვისაუბროთ მათთან. ანუ, ყველასთან შეგვიძლია გარკვეული საერთო მოვძებნოთ და იქიდან დავიწყოთ მათთან კონტაქტი. მაგრამ, თუ ის ადამიანი არ დაგვიჯერებს, არ მოგვისმენს, მაშინ, როგორც მაცხოვარმა გვასწავლა, ფეხები დავიბერტყოთ მის კართან და წამოვიდეთ. თუ ჩვენ სიყვარულით ვიქადაგებთ, ვიშრომებთ, ვიმოღვაწევებთ ადამიანებთან, უმრავლესობა გაიგებს ამას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოციქულთა ჩრდილიც კურნავდა ადამიანებს, რადგან ისინი უფლის მცნებებს აღასრულებდნენ. ჩვენ კი ხშირად საკუთარ სწავლებას ვქადაგებთ, საკუთარი გამოცდილებით ვცდილობთ სხვა ადამიანების მოქცევას, გვინდა უფალზე კეთილები ვიყოთ და უფალზე მეტი გავაკეთოთ. ჩვენ გვავიწყდება, რომ ჯერ უფალია და მერე – ჩვენ. უფლის ნებაა, ყველა ადამიანი ცხონდეს და გადარჩეს. როგორც წმიდა სერაფიმ საროველი ბრძანებს: „თუკი ერთი ადამიანი მაინც მოიპოვებს სულიწმიდის მადლს, მის გარშემო ათასები ცხონდებიან“. მაგალითად, ერთ სოფელში, რაიონში, კორპუსში ერთი ღვთისმოსავი ადამიანი თუ იცხოვრებს, ეს მოძღვარი იქნება, თუ რიგითი მრევლი, მის გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი მოიყრის თავს. თუ ქრისტიანს ჰქვია მართლმადიდებელი, მაგრამ შესაბამისად არ იქცევა, მის გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი დაბრკოლდება. ამაზე სულ არ ვფიქრობთ და გვიყვარს ადამიანებისთვის იმის თქმა, შენ მწვალებელი, ათეისტი ხარ, ჯოჯოხეთში წახვალ – განაჩენზე ვაწერთ ხელს, თან ამას დიდი სიხარულით და გაბრწყინებული სახით ვაკეთებთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ისინიც ღმერთის შვილები არიან და შვილობილობა აქვთ დაკარგული. უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი ეკლესიური ცხოვრებით ისინიც მოვაბრუნოთ ღმერთისკენ. შეიძლება, ადამიანს იეღოველი ჰყავდეს მეზობელი და ამის გამო არ ესალმებოდეს. შეიძლება, გამარჯობა არ უთხრა, მაგრამ დაანახვე, რომ მის მიმართ სიყვარული გაგაჩნია და ყოველ დილას მასზე ლოცულობ. გვინდა, რომ ისინიც ჩვენსავით ჭეშმარიტებაში იყვნენ და ვფიქრობ, ისინი ამას მიხვდებიან. მათში აუცილებლად გამოიკვეთება გარკვეული სურვილი, ჩვენთან დიალოგი დაიწყონ. უბრალოდ, ჩვენ გვინდა, რომ ერთი ქადაგებით ყველანი მოექცნენ და მოვიდნენ ეკლესიაში. თუ არ დაგვიჯერებენ, მაშინვე გადავდივართ მრისხანებაზე და გარკვეულ ბილწსიტყვაობაზე. ამიტომ, ჯერ საკუთარი თავი უნდა გამოვასწოროთ, საკუთარ თავში უნდა დავინახოთ უფლის რწმენა, უფლის მორჩილება და შემდეგში სიყვარულით ვიქადაგოთ ღმერთი წარმართებში, ათეისტებსა და ნაკლებად მორწმუნე ადამიანებში.