რისი ეშინიათ ზოგჯერ ქალებს და რატომ ამბობენ ისინი ამ დროს უარს სიყვარულზე
დალი მიქელაძე
ბედნიერების უფლება აქვს ყველას, ყველა ადამიანს, განურჩევლად სქესისა და სოციალური მდგომარეობისა. თითოეულ ჩვენგანს, ასევე, აქვს არჩევანის უფლებაც, მაგრამ არსებობს დაუწერელი კანონი – შენმა ბედნიერებამ სხვა არ უნდა აქციოს უბედურად. არ შეიძლება, საკუთარი ცხოვრების შენება სხვისი ცხოვრების ნგრევის ხარჯზე. ადამიანები ხშირად ვუშვებთ შეცდომებს და არაფერი არაბუნებრივი ამაში არ არის. არც საშინელებად უნდა აღვიქვათ, რადგან თითქმის ყოველთვის გვაქვს მათი გამოსწორების შანსი. ზოგჯერ ჩვენს შეცდომებში წვლილი სხვა ადამიანებს მიუძღვით, მაგრამ მათ შედეგებზე ყოველთვის თავად ვაგებთ პასუხს. ყველა ქალს სჭირდება გვერდით მამაკაცი, რომლის ძლიერ მხარს დაყრდნობილს აღარც პრობლემების შეეშინდება და აღარც მარტო დარჩენის... მაგრამ ხდება ისეც, რომ ქალს ამ ყველაფერზე უარის თქმა უწევს, არა საკუთარი სურვილით, არამედ გონების კარნახით და იმ დაუწერელი კანონების გათვალისწინებით, რომლებზეც უკვე ვისაუბრეთ. გვინდა თუ არა, ეს კანონები განაგებს ჩვენს ყოველდღიურობას და გვკარნახობს ცხოვრების პირობებს.
ლიზი (34 წლის): მინდა, თქვენი დახმარებით გავცე პასუხი კითხვას, რომელიც ძალიან მაწვალებს: რატომ არ მაქვს მე ბედნიერების უფლება? რატომ ეწირება ჩემი ცხოვრება, უკვე მეორედ, ვიღაცის ინტერესებს? განა, რა დავაშავე ამისთანა, რა შეცდომა დავუშვი, რომ სიხარული ვეღარ დამიმსახურებია? მეუბნებიან, ჯერ ახალგაზრდა ხარ და ყველაფერი წინ გაქვსო. მაგრამ, მე რომ წინ ვიხედები, იქ დარდისა და ტკივილის მეტს ვერაფერს ვხედავ. ნეტავი, სხვაც თუ არის ჩემნაირ მდგომარეობაში. მშურს იმ ქალების, რომლებსაც შეუძლიათ, ყველაფერზე წინ, პირადი ბედნიერება დააყენონ. ძალიან სწორად იქცევიან. მწყინს, რომ მე ვერ შევძელი მათსავით მეცხოვრა. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ უსამართლობა ზეიმობს ამქვეყნად. რატომ არის, რომ კარგი ქმარი იმ ქალებს ერგებათ, რომლებიც ამას არ იმსახურებენ. გეფიცებით, სერიოზულად მწყინს და გული მტკივა. ხომ ვუყურებ, რა ხდება. თავზე ევლებიან ცოლებს, თვალებში შესციცინებენ, ისინი კი საერთოდ არ აფასებენ ამას. მე მაინც მყოლოდა ასეთი ქმარი. მისი ცხოვრებით ვიცხოვრებდი. გავანებივრებდი და ცივ ნიავს არ მივაკარებდი. საშინელებაა, როცა სხვის ბედნიერებას უყურებ და ხვდები, რომ საკუთარი შეიძლება, არც გეღირსოს. არადა, როცა ვთხოვდებოდი, ბედნიერების ისეთი მოლოდინი მქონდა. თუმცა, იყო რაღაც, რასაც უნდა მივეხვედრებინე, რომ სერიოზული პრობლემები გვერდს არ ამივლიდა.
– ქმარი გყავდათ?
– დიახ. მე ახლაც მის ოჯახში ვცხოვრობ. უფრო სწორად მისი მშობლების ოჯახში. ყველაფერი მათი ბრალია. ვითომ კარგი უნდოდათ თავისი შვილისთვის და ჩემთვის, მაგრამ საბოლოოდ საშინელება გამოუვიდათ. ჩემს დედამთილს ეგონა, თუკი აქტიურად ჩაერეოდა შვილის პირად ცხოვრებაში, ბედნიერს გახდიდა. სინამდვილეში, მე გამაუბედურა. საქმე ისაა, რომ ჩემს ქმარს დიდი ხნის ურთიერთობა ჰქონდა ქალთან, რომელიც ჩემს დედამთილს რძლად არ მოსწონდა. კატეგორიული წინააღმდეგი იყო მისი სახლში შემოშვების.
– რატომ, უფროსი იყო მის შვილზე, ქალიშვილი არ იყო თუ ბავშვი ჰყავდა?
– არც ერთი აქედან. არ მოსწონდა და მორჩა. აიჩემა, ეგ პატიოსანი სულის არ იქნება, ქორწილამდე როგორ დაუწვა ჩემს შვილსო. „ბოზის“ იარლიყი მიაწება და შეიძულა. მე ახლოს არ ვიცნობ იმ ქალს, მაგრამ ვისაც კი მასთან ჰქონია შეხება, ყველა აქებს, კარგი ადამიანიაო. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ნამდვილად არაფერი დაუშავებია. გულახდილად ვამბობ ამას. არანაირი ბოღმა ან აგრესია მის მიმართ არ მაქვს, რასაც ჩემს ქმარზე ვერ ვიტყვი. რატომ არ გამოიჩინა ვაჟკაცობა და პრინციპულობა, რატომ დაუჯერა დედამისს და რისთვის გამაუბედურა.
– თქვენ დედამთილის მოწონებული კანდიდატურა იყავით?
– არა. ჩემმა ქმარმა თავად გამოიჩინა ინიციატივა. დაქალის ქმრის მეგობარი იყო. მათთან გავიცანი, სახლში. მომეწონა. თან უკვე ისეთ ასაკში ვიყავი, ძალიანაც რომ აღარ ჭირვეულობენ ხოლმე. ოცდაცხრა წლისას არც ერთი სერიოზული ურთიერთობა არ მქონია და დედაჩემის წუწუნმა – შენ გაუთხოვარი დარჩებიო, დამაკომპლექსა. ჩემს დაქალს არ მოვუტყუებივარ. თავიდანვე გამაფრთხილა, მაგას საყვარელი ჰყავს, დიდი სკანდალები აქვს ამის გამო ოჯახში და გაითვალისწინეო.
– რატომ არ გაითვალისწინეთ?
– არ მივიჩნიე სერიოზულად. ჩემმა ქმარმა დამარწმუნა, იმ ქალთან უკვე ყველაფერი დამთავრებულიაო. სხვათა შორის, ბევრი ფიქრის დროც არ მქონდა, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. მერე კი მივხვდი, რატომაც ჩქარობდა ვაჟბატონი. დედამისის ჩხუბის ატანა აღარ შეეძლო. ჯოჯოხეთი ჰქონდა ყოველდღე. ეჭვი მაქვს, დედამისი რაღაც საშინელებითაც ემუქრებოდა და სასწრაფოდ ცოლი სჭირდებოდა. რა საშინელი სიტყვაა „სჭირდებოდა“.
– რა გარანტია ჰქონდა, რომ თქვენ აუცილებლად მოეწონებოდით დედამისს?
– დედამისს ყველა მოეწონებოდა იმ ქალის გარდა. ოღონდ ის თავისი შვილის გვერდით არ დაენახა და დაეშორებინა, კოჭლიც რომ ვყოფილიყავი, ალბათ, მაინც მოვეწონებოდი. „ოღონდ ეგ არა და ვინც გინდას“ პრინციპით მოქმედებდა.
– ასეთი საშინელი ქალია? როგორ ცხოვრობთ მასთან?
– არც ისეთი საშინელი ქალია. უბრალოდ, ახირებულია. ვერ აიტანა ერთხელ ის ქალი და მორჩა, აღარაფრით გადათქვა. ჩემთან პრეტენზია არ აქვს. ის კი არა, ვატყობ, თავს დამნაშავედაც კი გრძნობს ჩემ წინაშე. ხვდება, რომ თავისი ახირების გამო გამაუბედურა. მისი შვილი მაინც იმ ქალთან არის, ვისთან ყოფნაც უნდოდა. სულაც ფეხებზე ჰკიდია დედამისს ვინ მოსწონს. მე და ჩემი შვილი კი დავრჩით ასე, მე – ქმრის, ბავშვი – მამის გარეშე. ზოგჯერ კვირაში ერთხელაც არ ნახულობს. იმანაც გაუჩინა შვილი და ეტყობა, ის უფრო უყვარს. მძულს ჩემი ქმრისნაირი მამაკაცები – გაუბედავები და უპრინციპოები. თუ თავისი სიყვარულის დაცვა შეეძლო, იქამდე დაეცვა, სანამ ცოლად მომიყვანდა, ქორწილსაც გადაიხდიდა და ბედნიერების ილუზიას შემიქმნიდა. იქნებ მეც შეცდომა დავუშვი, ნაჩქარევი გადაწყვეტილება რომ მივიღე, მაგრამ რატომ მომატყუა, რატომ არ მითხრა, რომ ის ქალი უყვარდა.
– მაშინ ცოლად არ გაჰყვებოდით?
– დიახ. არ გავყვებოდი, თუ მეცოდინებოდა, იმედი არ უნდა მქონოდა, რომ შემიყვარებდა, ილუზიებსაც არ ავყვებოდი. ერთი წელიც არ გაგრძელებულა ჩემი ოჯახური ბედნიერება. ამ ხნის განმავლობაშიც თავს ვიტყუებდი. ერთი წუთით არ შეუწყვეტია იმ ქალთან ურთიერთობა. მე ისე ვიყავი გართული ჩემი „ბედის“ მოწყობით და ორსულობით, ამას ვერ ვამჩნევდი. ჩემი დედამთილი კი ჩასაფრებული იყო და გამოიჭირა კიდეც. მითხრა, შენს ქმარს მიხედე, თორემ გამოგაცლიან ხელიდანო. ახლა რომ ვიხსენებ, რა საშინელი დღეები გამოვიარე, აღარ მინდა, მეორედ მსგავსი რამ კიდევ გამოვცადო. სულ ჩხუბი, ცრემლი, ყვირილი, კარის გაჯახუნება და სკანდალი. თანაც ოთხ ხმაში. ახალნამშობიარებს ცხოვრება ჯოჯოხეთად მექცა. გათენების მეშინოდა. ჩემი ქმარი სიახლოვეზეც აღარ მეკარებოდა. ძირითადად, დედამისს ეჩხუბებოდა – შენი ბრალია ყველაფერი, შენ გამო ამერია ცხოვრება. ახლა ხარ კმაყოფილიო. ერთ დღეს კი, საერთოდ გაიჯახუნა კარი და წავიდა იმასთან. დავრჩი მარტო. პატარა ბავშვით ხელში. ჩემი დედამთილი გაგიჟდა. რა აღარ ქნა, მაგრამ ვერაფერი გააწყო. წავიდა და წავიდა. მისი ჯიბრით მე და ბავშვიც აღარ გაგვიშვა. შენ იმუშავე, ფეხზე დადექი, ბავშვის მოვლაში მე დაგეხმარები და ჩვენ გაგაზრდევინებთო. მეც, გულახდილად რომ გითხრათ, დიდი არჩევანი არ მქონია. ძმასთან და რძალთან ბავშვით მიბრუნებას, ისევ ამათთან დარჩენა ვამჯობინე. ბავშვზე მაინც გიჟდებიან. არაფერს აკლებენ. მეც არ მზღუდავენ. არ ვგრძნობ თავს ცუდად, მაგრამ ბედნიერება ხომ ეს არ არის. ჩემი წილი სიყვარული მჭირდება, მაგრამ სად არის. როცა მეგონა, რომ მეც გადმომხედა ბედმა, ისევ უკუღმა დატრიალდა ყველაფერი. გავიცანი კაცი, რომელიც შემიყვარდა, მაგრამ...
– ქმარი არ გყვარებიათ?
– ქმრის შეყვარება ვერ მოვასწარი. რაღაც გრძნობა მის მიმართ მქონდა, მაგრამ არა ასეთი, რასაც ახლა განვიცდი. ახლა მართლა შეყვარებული ვარ. ისეთი ლტოლვა მაქვს მის მიმართ, ზოგჯერ თავს ვერ ვერევი და მეშინია, რაღაც სისულელე არ ჩავიდინო. ესეც ჩემი უიღბლობა იყო. ნეტავი, საერთოდ არ მენახა. არც ეს მომექცა კარგად, თუმცა ამას უფრო ვუძებნი გამართლებას, იმიტომ რომ მიყვარს, თორემ რეალურად, დამნაშავეა. ამანაც მომატყუა. არ მითხრა, ოჯახი რომ ჰყავდა. სადაც ბავშვი დამყავს, მისი შვილიც იმ ბაღში დადის და რამდენჯერმე ეზოში შევხვდით ერთმანეთს. ბავშვები „საცურაოებზე“ გაერთნენ და ჩვენც შემოვრჩით. გამიღიმა, რა კარგი ბიჭი გყავთ, რა კარგი აღზრდილია, ნამდვილი კავალერიო. თქვენი გოგოც ძალიან საყვარელია-მეთქი. არ არის ჩემი, დისშვილიაო.
– ანუ, დამალა, რომ მისი შვილი იყო?
– ამ შემთხვევაში ეგოისტურად მოიქცა. ალბათ, როცა ასეთ ტყუილს ამბობ, წინასწარ რაღაც განზრახვა გაქვს. იმიტომაც ცრუობ, ხომ მართალია? როცა სინამდვილე გამჟღავნდა და გავიგე, რომ მისი შვილი ყოფილა და ცოლიც ჰყავდა, მითხრა, აბა, რა მექნა, უკანმოუხედავად გამექცეოდი, თავიდანვე რომ მეთქვა სიმართლე. მე კი ისე მომეწონე, შენი დაკარგვა არ მინდოდაო. ძალიან მინდა, გავუგო და მჯეროდეს მისი. სიმართლეს გეტყვით, შევეგუე ჩემი ქმრის სახლიდან წასვლას და ეს არ ყოფილა ისეთი საშინელი ტკივილი, რომელიც საყვარელი ადამიანის დაკარგვას ახლავს. ბუნებრივია, განვიცადე. ოჯახი დამენგრა და ბავშვი უმამოდ დამრჩა. ეს იყო სტრესი, მაგრამ ახლა გაცილებით უარეს დღეში ვარ. იძულებული ვარ, უარი ვთქვა მამაკაცზე, რომელიც მიყვარს. ეს ისეთი ძნელია, საკუთარ თავთან ყოველდღიური ბრძოლა მიწევს.
– ცოლიანი კაცი გიყვართ?
– როცა გავიცანი და შემიყვარდა, არ ვიცოდი, ცოლი თუ ჰყავდა. ხომ გიყვებით, როგორც მოხდა ყველაფერი. ჩემი დისშვილია, დედამისს დროებით პრობლემები აქვს და ვეხმარები. ისე შემეჩვია, მეც მამას მეძახისო. ორი წლის ბავშვმა რომ ბიძასაც მამა დაუძახოს, არც ისეთი უჩვეულოა. ამიტომაც დავუჯერე. ცოლი მყავდა და გავცილდი. დიდი ხანია, თქვენსავით არავინ მომწონებიაო. იმ დღეს არ გავყევი კაფეში. მეორე დღეს კი უარი აღარ მითქვამს. ვიფიქრე, არაფერი დაშავდება, თუ ყავას დავლევ ადამიანთან, რომელიც მომწონს-მეთქი. თავისუფალი ვიყავი და მქონდა უფლება, ბედი მეცადა. ჩემი შანსი გამომეყენებინა. რას წარმოვიდგენდი, თუ ბედი ისევ დამცინებდა. ერთი თვის განმავლობაში ვხვდებოდით ერთმანეთს. ორჯერ ზოოპარკშიც გვყავდა ბავშვები. ძალიან თავდაჭერილად იქცეოდა. გამომკითხა ჩემი ოჯახური მდგომარეობის ამბავი. მამამისი სად არისო? არ დამიმალავს, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა, მინდოდა, ნორმალური ოჯახი მქონოდა, მაგრამ არ გამიმართლა-მეთქი. ყველა ჩვენი შეხვედრა ბავშვებთან ერთად იყო. ჩემს შვილსაც ისე ეთამაშებოდა და ეფერებოდა, როგორც თავის „დისშვილს“. როცა ერთად ვიყავით, ვუყურებდი და ვფიქრობდი, ყოველთვის ასეთ მამაკაცზე ვოცნებობდი-მეთქი.
– თქვენმა დედამთილ-მამამთილმა იცოდნენ, კავალერი რომ გამოგიჩნდათ?
– არა. არ მითქვამს, მაგრამ მათ მოტყუებას არ ვაპირებდი. მაშინვე უნდა მეთქვა ყველაფერი, როგორც კი ჩვენი ურთიერთობა სერიოზულ სახეს მიიღებდა. კიდევ კარგი, რომ წინასწარ არაფერი წამომცდა. იმას კი არ ვდარდობ, რომ რამეს ცუდს იტყოდნენ ჩემზე, რა აქვთ სათქმელი მათი შვილის საქციელის შემდეგ, მაგრამ სულ ტყუილად ინერვიულებდნენ და გახდებოდა ეს ამბავი საქვეყნოდ გასარჩევი. მე ჯერ არ ვარ მზად, რომ ხალხი ავალაპარაკო, სხვის ოჯახს ანგრევდაო. სულ ამაზე ვფიქრობ და ვხვდები, რომ სხვის უბედურებაზე საკუთარ ბედნიერებას ვერ ავაშანებ. დიახ. მის ცოლს ვგულისხმობ. გადატანილიც რომ არ მქონდეს ქმრის ღალატით გამოწვეული ტკივილი, მაინც ამას ვიტყოდი.
– რომ თქვით, ქმრის სხვა ქალთან წასვლა ჩემთვის ღალატი არ ყოფილაო? ის ქალი ხომ იქამდეც უყვარდა, სანამ თქვენ შეგირთავდათ.
– ანუ, იმას უღალატა ჩემთან. ამისი თქმა გინდათ? იცით, მან ჩვენ ორივეს გვიღალატა, მაგრამ საბოლოოდ, წაგებული მარტო მე დავრჩი. ისინი ერთად არიან და თავს არაჩვეულებრივად გრძნობენ. მე მარტო ვარ – ხელმეორედ მოტყუებული და გაბრიყვებული. კაცის დანახვაც აღარ მინდა, არავითარი სურვილი არ მაქვს, ისევ მომატყუონ.
– თუ ის მამაკაცი გეუბნებათ, რომ უყვარხართ, რაღატომ ხართ მოტყუებული?
– რა მნიშვნელობა აქვს, ვუყვარვარ თუ არა. თუ ვუყვარვარ, კიდევ უარესი, უფრო გამიჭირდება მისი დავიწყება. არ გამოვა სხვანაირად. მას ცოლი ჰყავს. რა დამიშავა იმ ქალმა. რომ არ უნდოდეს, მის გვერდით ხომ არ იცხოვრებდა. რატომ უნდა გავხდე მათი დაშორების მიზეზი. ხომ აუცილებლად მე დამბრალდება მათი ოჯახის დანგრევა. არ მინდა... ჩემი გაუბედურებული ცხოვრებაც მეყოფა, სხვისი ცოდვა რატომღა დავიდო.
– თვითონ რას გეუბნებათ?
– ხომ გითხარით, რასაც მეუბნება... მიყვარხარო. როცა გავიგე, რომ მომატყუა, ძალიან ვეჩხუბე, ან რამდენ ხანს დამიმალავდა სიმართლეს. აუცილებლად თვითონვე გეტყოდიო, – მითხრა, მაგრამ გულახდილად რომ გითხრათ, არ მჯერა. უკვე აღარაფრის მჯერა. რომ მეუბნება, მიყვარხარო... აქვს კი ამისი თქმის უფლება?! მას ხომ ცოლი და შვილი ჰყავს. რანაირად უნდა ვიყოთ ერთად. ჩემი დაქალი მეუბნება, იყავი მასთან, შენ ხომ არ დაუნგრევ ოჯახს. აუცილებელი ხომ არ არის, ცოლი გახდე, შეირგე რა ერთი კაციო. რა ვქნა, არ შემიძლია. ის „ჩემი“ არ არის. ვერ ვიცხოვრებ მალულად და „ნაქურდალით“ ვერ გავიხარებ. სხვისი ბედნიერების ქურდი ვერ ვიქნები.
– რომ გაშორდეს ცოლს?
– არ მგონია, რომ გაშორდეს. ეს რომ უნდოდეს, მოახერხებდა აქამდე. არ უნდა. ამაში დარწმუნებული ვარ. გამიცნო და შევუყვარდი. მანამდე როგორ ცხოვრობდა უსიყვარულოდ? არ არის ისე, როგორც თავად ლაპარაკობს. მე არ ვიცნობ მის ცოლს და არ ვიცი, როგორი ურთიერთობა აქვთ რეალურად, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ მასთან მზრუნველი, ყურადღებიანი და ერთგული ქმრის როლს თამაშობს.
– რა უნდა, აბა, სხვაგან?
– საყვარელი სჭირდება. არა, არ ვამტყუნებ. კაცია და ცდილობს თავისას. თუ გამოუვა, ხომ კარგი. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ იშვიათი თაყვანისმცემელია. ჯიუტად არ იხევს უკან. მე საკუთარ თავზე მეშლება ნერვები. როგორ დავუშვი, რომ შემიყვარდა. არ უნდა მიმეცა ჩემი გულისთვის ამის უფლება.
– განა, გული ჩვენ ამას გვეკითხება?
– გვეკითხება, გვეკითხება... რომ არ გამოვლაპარაკებოდი და არ შევხვედროდი, არც შემიყვარდებოდა. მაგრამ, რა არის იცით? მე მინდოდა ეს სიყვარული, ძალიან მჭირდებოდა. მივილტვოდი მისკენ, მარტოობით, ღალატით დაღლილი და მოსახდენიც მოხდა. მაგრამ, მე მეშინია მისი და უარს ვამბობ. უარს ვამბობ იმ სიყვარულზე, რომელიც გამოუსწორებელ სისულელეს ჩამადენინებს. როგორმე გადავიტან, გავუძლებ და კაცისკენ აღარასოდეს გავიხედავ.
– თუ მართლა უყვარხართ, არ მოგეშვებათ.
– მერე რა. ეს მისი პრობლემაა. მე გადაწყვეტილებას ვერ შევცვლი. არ მინდა, ვინმეს გული ვატკინო. თუ ვუყვარვარ, გაიგებს. არ უნდა მოვეტყუებინე. ვერ ვივიწყებ ამას. რატომ დავიბადე ასეთი უიღბლო?!