ინტიმური საუბრები
თამაშმა დამღუპა
ამ წერილს იმიტომ გწერთ, მინდა, ჩემნაირი ადამიანები მიხვდნენ, რომ ოჯახზე უკეთესი არაფერია დედამიწის ზურგზე.
თავიდან მოგიყვებით ჩემს ისტორიას:
18 წლის ვიყავი, როდესაც პირველად შევედი ეგრეთ წოდებულ „სლოტკლუბში“. არც კი ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა, ან ჩიპი სად შემეცურებინა. სათამაშო აპარატებთან ოთხი მამაკაცი იდგა. მივუახლოვდი მათ და ყურება დავუწყე – მაინტერესებდა, როგორ თამაშობდნენ. ერთი-ორი საათის შემდეგ, ასე თუ ისე, გავიგე თამაშის წესები, მოვიმარჯვე ჩიპი და იქ დავუშვი ჩემი საბედისწერო შეცდომა. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, პირველ ჯერზე მოვიგე, მეორე ჯერზეც, მაგრამ, მესამედ, რაც კი თანხა გამაჩნდა, ბოლო თეთრამდე, სულ წავაგე. გამოვედი დამწუხრებული და ვიფიქრე, წავალ, ვისესხებ და ისევ დავბრუნდები, იქნებ, იმდენი მოვიგო, წაგებული ფულიც დავიბრუნო და ვალიც გადავიხადო-მეთქი. მაგრამ, ნასესხები ფულიც წავაგე. ეს „სლოტკლუბები“ და კაზინოები ვიღაც ძალიან ჭკვიანმა გამოიგონა და გახსნა ჩემისთანა უჭკუოების გასაბრიყვებლად და თავისი ჯიბის გასასქელებლად. ასეა თუ ისე, იქ შესვლას არავინ გაძალებს და თუ ტვინი გყოფნის, უნდა მიხვდე, რომ ასეთ ცოდვილ დაწესებულებაში ფეხი არ შედგა. მაგრამ, სად მქონდა ტვინი?! იმ დღიდან დაიწყო ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურება. ძალიან მალე ნამდვილი ზომბი გავხდი – არავინ და არაფერი არ მაინტერესებდა, თამაშის გარდა. 500 და 1 000 ლარიც რომ წამეგო, გრძნობა აღარ მქონდა. მარტო იმაზე ვფიქრობდი, სად მეშოვა ფული, რომ კიდევ მეთამაშა. ვალებში ჩავიფალი. იმატა უსიამოვნებებმა, ჩხუბებმა, საქმის გარჩევებმა და ყოველთვის მე ვრჩებოდი მტყუანი და დაზარალებული. თუმცა, ოჯახმა ჯერ არაფერი იცოდა.
19 წლის ასაკში დავოჯახდი. ძალიან ბედნიერი ვიყავი. არც ჩემმა ცოლმა იცოდა ჩემი ამ საშინელი გატაცებისა თუ ავადმყოფობის შესახებ. ეგონა, ტოტალიზატორში დავდიოდი ხოლმე ხანდახან. ორი წლის შემდეგ შემეძინა ანგელოზივით ვაჟკაცი. სიხარულისგან ცაში დავფრინავდი. სანამ თამაშის გამო დიდ ვალებში გადავვარდებოდი, გადავწყვიტე, ამ საზიზღრობისთვის ერთხელ და სამუდამოდ დამენებებინა თავი. ამ მიზნით, ბანკიდან კრედიტი ავიღე, რომ ვალები გადამეხადა და მერე ბანკი ნელ-ნელა გამესტუმრებინა. მაგრამ, როგორც კი ფული დავინახე, ბანკიდან აღებული თანხის ნახევარზე მეტი ჯიბეში ჩავიდე და ისევ იქ, იმ საშინელ მახეში დავბრუნდი. ასე გაგრძელდა კიდევ ორი წელიწადი, სანამ ჩემი ოჯახი გაიგებდა, რას „ვსაქმიანობდი“. მერე დავიწყე ფიქრი, საიდან მეშოვა ფული, ვისთვის რა მომეტყუებინა, რომ ისევ იქ წავსულიყავი და თამაშის ჟინი მომეკლა. მოკლედ, ნამდვილი „იგროკი“ გავხდი. ერთ დღეს კი პირობა დავდე, რომ აღარ წავიდოდი სათამაშოდ და რამდენიმე თვე მართლაც არ გავკარებივარ იქაურობას, რადგან ჩემი პატარა ოჯახის შენარჩუნება იდო სასწორზე. ოთხი-ხუთი თვის შემდეგ კი დაიწყო ჩემი პატარა ტანჯვა-წამების მეორე ეპიზოდი. ხანდახან მე ცოდვილი იმასაც კი ვფიქრობდი, რატომ არ ვეცოდები უფალს, ასეთ განსაცდელში რომ მაგდებს-მეთქი. იმდენს ვერ ვხვდებოდი, ეს ჩემი უტვინობისა და უნებისყოფობის გამო რომ ხდებოდა. ერთი შანსი მქონდა და ისიც გავუშვი – რამდენიმე თვის შემდეგ ისევ დავიწყე იქ სიარული და ისევ განმეორდა ვალები, ჩხუბები, ნევროზული მდგომარეობა, სტრესები... ესეც არ ვიკმარე და დიდთანხიან ნიძლავზე ვითამაშე, რაც, ცხადია, წაგებით, ახალი ვალებითა და სკანდალებით დასრულდა. ამას კი შედეგად ის მოჰყვა, რომ ჩემი ცოლი ბავშვიანად წავიდა სახლიდან. მითხრა, სანამ არ დავრწმუნდები, რომ თამაშს სამუდამოდ დაანებე თავი, არ დავბრუნდებიო. ხომ ასე დამემართა, მაინც ვერ ვეშვები ამ ოხერ კაზინოებს. ძალიან ვცდილობ, მაგრამ არ ვიცი, შევძლებ თუ არა, სამუდამოდ შევეშვა ამ უბედურებას და ცოლ-შვილი დავიბრუნო.
ბექა, 23 წლის.
უკვე ყველაფერი გვიანაა
სკოლაში სწავლის პერიოდში ერთ ჩემს თანაკლასელ გოგოს ვუყვარდი. კი არაფერს მეუბნებოდა, მაგრამ მისი თვალების გამომეტყველებით ვხვდებოდი, რომ გიჟდებოდა ჩემზე – რომ დამინახავდა, ისე გაუბრწყინდებოდა ხოლმე სახე, შეუძლებელი იყო, არ შეგემჩნია, მაგრამ თავის გრძნობას მალავდა. ჯერ ერთი, თვითონაც მორიდებული გოგო იყო და ასეთები პირველები არ ამჟღავნებენ, არ უტყდებიან ბიჭებს სიყვარულში. მეორეც, ალბათ, გრძნობდა, რომ მე არ მიყვარდა და არ უნდოდა ჩემი უარით შეურაცხყოფილი დარჩენილიყო. ამიტომ, „ოქროს შუალედი“ აირჩია – ვმეგობრობდით, როგორც ჩვეულებრივი თანაკლასელები და თუ შემთხვევით სადმე ერთად წასვლა მოგვიწევდა, ვატყობდი, ამითაც უზომოდ ბედნიერი იყო. სიმართლე გითხრათ, მეცოდებოდა, რადგან ვგრძნობდი, როგორ იტანჯებოდა. მაგრამ, არ ვიმჩნევდი, რომ ვიცოდი მისი სიყვარულის შესახებ. შესახედავად ჩვეულებრივი გოგო იყო – არც უშნო და არც მზეთუნახავი, თუმცა იმდენად კარგი ტან-ფეხი ჰქონდა, რომ გაივლიდა, თვალს გააყოლებდი. ოდნავ მსუქანი იყო, თან დიდად არ უყვარდა პრანჭვა და, ხომ იცით, იმ ასაკში ბიჭებს ასეთი გოგონები დიდად არ იზიდავთ. ნათია ძალიან კარგად სწავლობდა, თითქმის ყველა საგანში, ფიზიკისა და ქიმიის გარდა, მთელი კლასი მისგან ვიწერდით საკონტროლოებსა და საშინაო დავალებებს. მაგრამ, მარტო კარგი მოსწავლე კი არა, ძალიან ჭკვიანი, და ამავე დროს, ნიჭიერი, საოცრად მოაზროვნე გოგო იყო. მის ამ ყველა ღირსებას ვხედავდი, ვგრძნობდი, მაგრამ, ხომ იცით, გულს ვერ უბრძანებ, თან – იმ ასაკში. მე უფრო სხვა სტილის გოგონები მომწონდა – გამომწვევად ლამაზი, თამამი, ცოტა თავქარიანი – ასეთები უფრო რომანტიკულად მეჩვენებოდნენ. ამიტომაც, ყურებამდე ვიყავი შეყვარებული ერთდროულად რამდენიმე მეტიჩარაზე. ცოტა რომ წამოვიზარდეთ, ჩემი და ნათიას ურთიერთობა ძველებურად გაგრძელდა – ისევ ისე ვმეგობრობდით და ისევ ისე უბრწყინდებოდა თვალები ჩემი დანახვისას. მაშინ ვერ ვგრძნობდი და 30 წელს რომ მივუკაკუნე, მივხვდი (იმ მომენტში, რატომღაც, ნათიაზე ვფიქრობდი, რომელიც, კარგა ხანი იყო, აღარ მენახა და ვიგრძენი, როგორ მაკლდა, როგორ მენატრებოდა), რატომ ვერ (თუ – არ) შემიყვარდა ნათია – როგორც ყველა მამაკაცი, შინაგანად ჩემდაუნებურად ვუფრთხოდი ჩემზე ჭკვიან გოგონებს. იმიტომაც მიზიდავდა თავქარიანები, რომ მათთან თავისუფლად ვიყავი, რასაც მინდოდა, ვამბობდი, როგორც მინდოდა ისე ვიქცეოდი. ნათიასთან კი ამას ვერ გავბედავდი. რატომ – არ ვიცი, მაგრამ, ნამდვილად ვერ გავბედავდი.
ისე მოხდა, რომ ორი-სამი წლით გერმანიაში მომიწია წასვლა სამუშაოდ. იმ პერიოდში ერთი ლამაზი გოგო მომწონდა. უცებ დამარტყა თავში რაღაცამ, ის გოგო ცოლად მოვიყვანე და თან წავიყვანე გერმანიაში. ერთი თვეც არ დამჭირდა იმის გასაგებად, რომ თამუნა და მე ერთმანეთს ვერ შევრჩებოდით. ძალიან ლამაზი ქალი იყო, მაგრამ, არასერიოზული და ქარაფშუტა. რაც ყველაზე მთავარია – ჩემთვის უინტერესო ადამიანი აღმოჩნდა. ერთმანეთს ვერაფერი გავუგეთ და, ჩამოვედით თუ არა თბილისში, მაშინვე გავეყარეთ. მერე მქონდა რამდენიმე რომანი, რომელთაგან ერთ-ერთი ისევ ოჯახის შექმნით დასრულდა. ჩემი მეორე ცოლიც ლამაზი იყო, ოღონდ, ცოტა ვულგარულად ლამაზი. არ ვჩხუბობდით და არ ვხოცავდით ერთმანეთს, მაგრამ, ვგრძნობდი, რომ არ გვქონდა ის სულიერი სიახლოვე, რომელზეც მთელი ცხოვრება ასე ვოცნებობდი. მაგრამ, ბედს შევეგუე, თუმცა, ძალიან მაღიზიანებდა ხოლმე მისი უცნაური საქციელი საზოგადოებაში: ხმამაღლა იცინოდა; შეეძლო, კაცივით დაელია და დამთვრალიყო, თან სულ იმას უსვამდა ხაზს, რომ „მის წრეში“ ქალის სითამამე კარგ ტონად ითვლება. ეს „მისი წრე“ კი მდიდარი მამიკოებისა და გაპრანჭული, ცხვირში მოლაპარაკე დედიკოებისგან შედგებოდა. ასე იყო თუ ისე, ვცხოვრობდი ქალთან, რომელიც აღარ მიყვარდა, მაგრამ მეორედ განქორწინება მეზარებოდა. შვილი არც ერთმა არ გამიჩინა – გავსუქდებით და დავუშნოვდებითო. არც ბავშვის აყვანა მოისურვეს – სხვის შვილს რატომ ვუაროთო.
ამასობაში რამდენიმე წელი ისე გავიდა, ნათია არ მენახა. სიმართლე გითხრათ, ერთი-ორჯერ კი გამახსენდა და მომენატრა, მაგრამ მერე საერთოდ გადამავიწყდა მისი არსებობა.
ერთ დღეს კი თანაკლასელებმა დამირეკეს, მომავალ შაბათს ამა და ამ რესტორანში ვიკრიბებით, სკოლის დამთავრების 20 წლის იუბილე გვაქვს და ცოლთან ერთად წამოდიო. საოცრად გამიხარდა, რამდენიმე წლის უნახავ ბავშვობის მეგობრებს რომ შევხვდებოდი. იმ მომენტში ჩემში მამაკაცურმა თავმოყვარეობამ გაიღვიძა – ძალიან მომინდა, რომ ჩემი ცოლი იქ ყველაზე ლამაზი ყოფილიყო – მაღაზიაში წავიყვანე და ულამაზესი გრძელი, ბრჭყვიალა შავი კაბა ვუყიდე თავისი აქსესუარებითა და ყველაფრით. სალონში გავუშვი სადღესასწაულო ვარცხნილობის გასაკეთებლად და წასვლის წინ კიდევ ერთხელ შევავლე თვალი ჩემს „უკიდეგანოდ“ გამოპრანჭულ ცოლს. კმაყოფილი დავრჩი – ნამდვილი დედოფალივით ბრწყინავდა.
რესტორანში რომ შევდიოდი, მხოლოდ მაშინ გამახსენდა ნათია და ვიფიქრე, ნეტავი, თუ მოვა-მეთქი, მაგრამ, ისე შემომესივნენ იქ მყოფები, ნათია საერთოდ დამავიწყდა. მეტ-ნაკლებად, ერთნაირად ეცვათ: ან შარვალ-კოსტიუმი, ან – ჯინსი და მაისური. მე, ცხადია, აკადემიურად ვიყავი ჩაცმული. ქალებს კი, თითქოს ყველას ერთ მაღაზიაში ეყიდა ტანსაცმელი – ყველა ერთნაირად აბრჭყვიალებულ-აბურბუშელებული იყო, მკვეთრი მაკიაჟითა და ერთნაირად დაყენებული გამომეტყველებით. ის იყო, დავსხედით, რომ კარი გაიღო და ულამაზესი წყვილი შემოვიდა: მაღლები, ელეგანტურები. ძლივს ვიცანი ნათია, ისე იყო შეცვლილი. მის ჩაცმულობას რომ შევხედე, მაშინ მივხვდი, რამხელა მშვენიერება შეიძლება იდოს სისადავეში. გოგონებმა მის დანახვაზე ცალი წარბი ასწიეს (თითქმის ყველამ), რაც, აშკარად, შურის ნიშანი იყო, ბიჭები კი, უკლებლივ ყველა, თვალებდაჭყეტილები და ყბაჩამოვარდნილები შესცქეროდნენ. ნათიამ შორიდანვე თვალი გადაავლო ყველას და, რომ დამინახა, მაშინვე ჩემკენ გამოეშურა ამაყი, საკუთარ თავში დარწმუნებული ქალის ნაბიჯით. რომ მომიახლოვდა, ჩემდა უნებურად, თვალებში შევხედე და გული სიხარულით შემიხტა, როცა ისევ ის ბედნიერების ნაპერწკალი დავინახე, რასაც ბავშვობაში და ახალგაზრდობაში ვხედავდი, მაგრამ არ ვაფასებდი.
ძალიან კარგი ბანკეტი გამოგვივიდა, საოცრად მხიარულად გავატარეთ ის რამდენიმე საათი და სახლში ძალიან კმაყოფილები დავბრუნდით მეც და ჩემი ცოლიც, მაგრამ იმ დღის შემდეგ ვერ ვიშორებ ნათიაზე ფიქრს. ვნანობ, რომ ხელიდან გავუშვი ის დიდი გრძნობა, რასაც შეიძლებოდა, მთელი ცხოვრების განმავლობაში დაემშვენებინა ჩემი ცხოვრება. მხოლოდ იმ საღამოს ვიგრძენი, რომ ნათია სულ მიყვარდა, უბრალოდ, თვითონაც ვერ ვხვდებოდი ამას.
და, რაც მთავარია, იმ საღამოს თვალებით მითხრა (ვინ იცის მერამდენედ) ნათიამ, რომ ისევ ვუყვარდი, მაგრამ, უკვე ყველაფერი ძალიან გვიანია.
ავთო, 38 წლის.
რატომ უნდა ვთქვა
ბედნიერებაზე უარი
მე და ჩემი დაქალი ბავშვობიდან ერთად გავიზარდეთ, ერთ კლასში ვიყავით და უნივერსიტეტშიც ერთად ჩავაბარეთ. ერთმანეთისთვის დამალული და დაფარული არაფერი გვქონია.
ერთხელ ლალიმ მითხრა, ერთი ბიჭი მომწონს ძალიან და არ ვიცი, როგორ მოვახერხო მისი გაცნობაო. მე იმ ბიჭს არ ვიცნობდი, ლალიმაც მხოლოდ სახელი იცოდა – შოთიკო ერქვა. ძალიან ბევრი „იჩალიჩა“, მაგრამ ვერანაირად ვერ იპოვა ადამიანი, რომელიც მათი საერთო ნაცნობი იქნებოდა. ამიტომ, ლალის მოწონება მოწონებად დარჩა და თანდათან გაფერმკრთალდა. რამდენიმე თვის შემდეგ აღარც კი ახსენებდა და ბოლოს სულ მიივიწყა.
იანვარში, სესიები რომ დაგვიმთავრდა, ისე მოხდა, რომ მე გუდაურში წავედი ჩემს ბიძაშვილებთან ერთად, ლალი კი რაღაც ოჯახური მიზეზის გამო ვერ წამოვიდა და თბილისში დარჩა.
გუდაურში არაჩვეულებრივი დრო ვატარე, უამრავი ახალი ნაცნობი და მეგობარი შევიძინე და, სხვათა შორის, თაყვანისმცემლებიც გავიჩინე. საერთოდ, ფლირტაობა დიდად არ მიყვარს და ამიტომ, მხოლოდ ერთ ბიჭს დავუახლოვდი, ისიც იმიტომ, გარდა იმისა, რომ ფიზიკურად მომეწონა, სხვებზე უფრო დინჯი და სერიოზული იყო. ძალიან დავმეგობრდით. ჩემ გარეშე ფეხს აღარ დგამდა. თხილამურებით სრიალიც მასწავლა და ციგურებზე დგომაც. ამასობაში კიდევ უფრო დავახლოვდით და ჩვენ შორის ნამდვილი სიყვარულიც გაჩნდა. ერთად საოცრად ბედნიერად ვგრძნობდით თავს.
მთავარი დამავიწყდა მეთქვა: როცა ერთმანეთი გავიცანით, მითხრა, შოთა მქვიაო. შემიძლია, ხატზე დავიფიცო, ეჭვადაც არ გამიფიქრებია, რომ, შეიძლება, ეს ის შოთიკო ყოფილიყო, რომელიც ლალის მოსწონდა.
გუდაურიდან რომ ვბრუნდებოდით, მე და შოთა უკვე მაგარი შეყვარებულები ვიყავით. გადავწყვიტეთ, დიდხანს აღარ გვებოდიალა აქეთ-იქით და ჩასვლისთანავე დავლაპარაკებოდით მშობლებს ჩვენი დაქორწინების შესახებ.
ჩამოვედი თუ არა თბილისში, დედას ყველაფერი ვუამბე. დედამ მამას უთხრა და გადაწყვიტეს, სასიძო ვახშამზე დაეპატიჟებინათ გასაცნობად. მე ძალიან გამიხარდა და მაშინვე დავურეკე შოთას, ხვალ საღამოს მთელი ოჯახი გელოდებით-მეთქი. ცხადია, ლალისაც დავურეკე და ყველაფერი ვუამბე. ეწყინა, რატომ არ გამაცანიო. ხვალ შენც გეპატიჟები და ბარემ აქ გაიცნობ-მეთქი.
მეორე დღეს ლალიც მოვიდა და შოთაც – თავის ძმაკაცთან – მომავალ მეჯვარესთან ერთად. ბედნიერებისგან დავფრინავდი, რადგან, შევატყვე, რომ დედაჩემს და მამაჩემს მოეწონათ ჩემი რჩეული. მაგრამ, ლალის რომ შევხედე, გული გამისკდა, ისეთი სახით იჯდა. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. შოთა და მისი მეგობარი რომ გავაცილეთ, ლალიმ ჩემს ოთახში გამიყვანა და ისეთი სკანდალი მომიწყო, ლამის ჭერი ჩამოიქცა – ეგ ბიჭი შენზე ადრე მე მიყვარდა და შენ „პერეხვატი“ გამიკეთეო. გავოგნდი. ვერაფრით დავარწმუნე, რომ არც მე და არც შოთა არაფერ შუაში არ ვიყავით. შოთა არ იცნობდა ლალის და საიდან ეცოდინებოდა, რომ ვიღაც უცნობ გოგოს შორიდან დანახვით მოეწონა ან შეუყვარდა?
დიდხანს ვუხსნიდი და ვარწმუნებდი ლალის ჩემი და შოთას უდანაშაულობას, თან, ისიც შევახსენე, რამდენი თვეა, საერთოდ აღარც კი გიხსენებია-მეთქი, მაგრამ გაგონებაც არ მოინდომა. ბოლოს კი ულტიმატუმი წამომიყენა: თუ არ გინდა, რომ დამკარგო, შოთაზე უარი უნდა თქვა. ეგ ბიჭი ჩემი აღმოჩენილია და მე მეკუთვნისო. ასეც რომ მოვიქცე, ლალი მაინც დაკარგული იქნება ჩემთვის და კარს მომდგარი ბედნიერება რატომ დავკარგო, მით უმეტეს, რომ, ღვთის წინაშე, ბრალი არაფერში მიმიძღვის?
ანი, 21 წლის.
კომპლექსების გამო გოგონებთან ურთიერთობა მიჭირს
ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, მაგრამ ეტყობა, ოჯახში არასწორად გამზარდეს. დედას არ უნდოდა, ყოყოჩი და ამაყი ბიჭი ვყოფილიყავი და ზომაზე მეტად მაკომპლექსებდა. არ გეგონოს, სხვაზე მეტი იყო და ზემოდან არავის დახედო, ამპარტავნება დიდი ცოდვაა და რაც მეტად თავმდაბალი იქნები, მით კარგიაო, – ასე მარიგებდა ჭკუას. ეტყობა, იმდენი მიჩიჩინა, რომ მართლა ზედმეტი მოუვიდა და გარკვეული სახის კომპლექსები გამიჩნდა. მეგონა, არაფერს წარმოვადგენდი, საწყალი და უსუსური ვიყავი, ყველა მე მჯობდა და ისინი ჩემზე მაღლა იდგნენ. საოცრად მორიდებული და ჩემს თავში ჩაკეტილი ბიჭი გავხდი. ამის გამო დამჩემდა კომპლექსები. სკოლაში, მოგეხსენებათ, ბიჭები „მარიაჟობდნენ“, თავის გამოჩენა უყვარდათ, რომ გოგონების ყურადღება მიეპყროთ, თამამობდნენ და ხალისობდნენ. მე კი მათთან ვერ ვნახულობდი საერთო ენას, მიჭირდა ბიჭებთან ურთიერთობა, უფრო გოგონებთან ვმეგობრობდი. კლასში ერთი თავხედი ბიჭი გვყავდა და ერთხელაც, ყველას თანდასწრებით, წამომაძახა, რა ქალაჩუნა ხარ, ბიჭი რომ გოგონებთან იდაქალებს და ძმაკაცი არ ეყოლება, ის ხომ კაცი არ არისო. მისი სიტყვები გულზე მომხვდა, ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი. ამიტომ დავარტყი, რა შენი საქმეა, მე ვისთან ვიმეგობრებ და ვისთან არა-მეთქი. ის ბიჭი ფიზიკურად ჩემზე ძლიერი იყო და ბევრი მირტყა. თავი ვერ დავიცავი, დამალურჯა, თან, იმ გოგოს წინაშე მირტყამდა, რომელიც მართლა მიყვარდა. ამის მერე ერთი კვირა ვერ დავდიოდი სკოლაში, ისე მრცხვენოდა, თან თვალები დალურჯებული მქონდა და აღარ მინდოდა, სხვა ბიჭებსაც დავეცინე. როცა გამოვკეთდი და მივედი სკოლაში, ჩემი შეყვარებული გაბრაზებული სახით დამხვდა, მეგონა, შენი თავის დაცვა შეგეძლო. თურმე, რა საწყალი და სუსტი ყოფილხარ, მე რომ დაცვა დამჭირდეს, შენი იმედი როგორ უნდა მქონდესო. მოკლედ, გამომლანძღა გვარიანად და დამემშვიდობა. ჩემზე არც იფიქრო, მე ვაჟკაცი მინდა მედგას გვერდით და არა შენსავით ლაჩარიო. ძალიან გავნერვიულდი, თავის მართლება მინდოდა, მაგრამ აზრი არ ჰქონდა. იმ დღის მერე კიდევ უფრო დავკომპლექსდი. მგონია, რომ გოგონებს აღარ მოვეწონები, ვერც მატრაბაზ ბიჭებთან ვმეგობრობ და ვარ გაურკვევლობაში. ეტყობა, ან ცხოვრების სტილი უნდა შევცვალო, ან ფსიქოლოგი მჭირდება, რომ კომპლექსები მომიხსნას და თავი სრულყოფილ ადამიანად ვიგრძნო, სითამამე შემემატოს და ადამიანებთან ურთიერთობა არ გამიჭირდეს.
ნიკა, 16 წლის.
რედაქციაში შემოსული უამრავი
წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.
„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.
ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com
ან მოიტანოთ რედაქციაში
წერილის სახით.