რომელ ქალაქში იხილა თამთა ყველიაშვილმა 123 ჯუჯა და რა სიმბოლოებს აქცევს ყურადღებას იგი საკოლექციო ნიმუშების შეძენისას
თამთა ყველიაშვილი: ამ კოლექციის შეგროვება დავიწყე რამდენიმე წლის წინ, როდესაც გახლდით უკრაინაში. კოლექციონერობაზე არც მიფიქრია, უბრალოდ, სუვენირის შეძენა მინდოდა სამახსოვროდ. მანამდე, ანსამბლ „ორერა 2000-ის“ გასტროლები იყო თურქეთსა და საბერძნეთში და იქიდანაც ჩამოვიტანე სამახსოვრო ნივთები. აი, ეს საათი თურქეთში ყოფნისას ბატონმა რობერტ ბარძიმაშვილმა ამარჩევინა, ჩვენი ანსამბლის ხელმძღვანელმა და ჩემმა უსაყვარლესმა პედაგოგმა. მახსოვს, ძალიან დიდი ფასი დაადეს და დიდხანს ვაჭრობის შემდეგ გახდა შესაძლებელი მისი ყიდვა.
– ანუ, ანსამბლ „ორერა 2000-ში“ მღეროდი?
– დიახ, დაარსებიდან – ბარძიმაშვილის გარდაცვალებამდე და, ამ ანსამბლის წყალობით, ჩემი კოლექცია ძალიან მრავალფეროვანი გახდა. მხოლოდ ერთი წლით ჩამოვშორდი სცენას, ბატონი რობერტის გარდაცვალების შემდეგ. ჩამოშორებაც არ ჰქვია, უბრალოდ, ეს დრო დამჭირდა, რომ ამ ტრაგედიის შემდეგ თავი ხელში ამეყვანა და კვლავ მემღერა, რაშიც ანსამბლის ვოკალის პედაგოგი ნანა გოგიშვილი დამეხმარა.
რამდენიმე წლის წინ შემომთავაზეს მონაწილეობის მიღება ძალიან საინტერესო პროექტში და მეც დავთანხმდი. ამ პროექტის მიხედვით, მე დამევალა ქართული კულტურის წარმოჩინება უკრაინაში. ამიტომ, ძალიან ბევრ ნივთს ნახავთ ჩემს კოლექციაში, რომელიც უკრაინული წარმომავლობისაა.
– რამე მიმართულება გაქვს არჩეული როგორც კოლექციონერს, თუ, უბრალოდ, სუვენირებს ყიდულობთ?
– ვცდილობ, რასაც შევიძენ, იყოს ამა თუ იმ ქვეყნის ან ქალაქის დამახასიათებელი სიმბოლო. ისე, როგორც, ვთქვათ, ეიფელის კოშკი – საფრანგეთის...
– „მატრიოშკა“ – რუსეთის...
– რატომღაც, ყოველთვის რუსეთთან ასოცირდება, მაგრამ, სინამდვილეში, უკრაინელების ტრადიციული სათამაშოა. მე ის, თავისი შეფერილობის გამო მომეწონა უკრაინაში ყოფნისას და შევიძინე. იქვეა შეძენილი ეს ნალიც, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა, ჩვენ უკუღმა ვკიდებთ. თურმე, დაკიდებულ ნალს ქართული ასო „ი”-ს ფორმა კი არ უნდა ჰქონდეს, არამედ პირიქით, ამოყირავებული უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში ის ავი თვალისგან ვერ დაგიცავსო, დამარიგეს.
– გჯერა ამგვარი დარიგებების?
– არა, მაგრამ, სუვენირად ძალიან ხშირად ვყიდულობ ამგვარ ნივთებს. სხვადასხვა ქვეყანაში ავი თვალისგან დამცავი სხვადასხვა სიმბოლო არსებობს. თურქეთში ასეთი „ფუნქციის“ სამაჯური იყიდებოდა, ასეთივე ყელსაბამები და კულონებიც იყო, მაგრამ მე ეს ავირჩიე. ბაქოში ამ დატვირთვას აი, ასეთი აზიური ქოში ატარებს.
ბოლო ერთი წელი პოლონეთში ვიყავი და ამ ხნის განმავლობაში ბევრგან ვიმოგზაურე, ფაქტობრივად, ევროპის ყველა ქვეყანა მოვიარე.
ეს უცნაური ფანქრები პოლონეთში ვიყიდე, ეს რეზინის ქოში – ვენეციაში. მაცივარზე უნდა მივაკრა, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის წევრებს, რბილად რომ ვთქვა, ეს იდეა არ ხიბლავთ. ვენეციაში ვიყიდე ეს ნიღბები და გონდოლა.
რა თქმა უნდა, რომში ვიყიდდი ამ კოლიზეუმის ფორმის სუვენირს. ვატიკანიდან წამოვიღე კათოლიკური სიმბოლო – სურნელოვანი მძივებით შემკული ჯვარი, რომელიც იტალიურ ოჯახებში ყველას უკიდია. ეს პატარა კოვზი, რომელზეც გამოსახულია ედინბურგი, საფრანგეთში გატარებულ დღეებს მაგონებს.
– ეს წყვილი ლუდის კათხა, რომელ ქვეყანას წარმოადგენს შენს კოლექციაში?
– ეს კათხები პოლონეთში ვიყიდე ამ მცირე ზომის არყის ჭიქებთან ერთად, რომლითაც მიირთმევენ პოლონელები მათ საამაყო არაყს – „ჟუბროვკას“. „ჟუბროვკა“ არის ტრადიციული პოლონური სასმელი, რომელსაც ერთობ უცნაური დამზადების წესი აქვს: ეს სასმლის ნაყენი მზადდება ბალახისგან – მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მასზე ერთ-ერთი ცხოველი მოშარდავს, ამ ბალახის ღეროს ბოთლში დებენ. ამ ცხოველს „ჟუბრს” უწოდებენ (ინგლისურად – ბისონი) პოლონელები. ჟუბროვკათი ძალიან ამაყობს ყოველი პოლონელი. უნდა გენახათ ჩემი მეგობარი ლიკა, როდესაც დაგემოვნების შემდეგ ქათინაურებით აავსო პოლონელები და შემდეგ „ჟუბროვკის“ მომზადების წესით დაინტერსდა... (იცინის).
ეს კათხა უკრაინიდანაა. უკრაინელებს და პოლონელებს კათხები მრავლად აქვთ სუვენირებში. თუმცა არაყი ძალიან უყვართ, ლუდს არ სვამენ არყის გარეშე. ამ ქვეყნებში ღვინო არაა პოპულარული სასმელი.
– ბაყაყებისა და ჯუჯების სიმრავლეა შენს კოლექციაში. ახლა, არ მითხრა, რომელიმე ქვეყნის სიმბოლოებია და იმიტომო...
– პოლონეთში არის ქალაქი ტორუნი, რომლის სიმბოლოებიცაა ეს ბაყაყები. ერთ დღეს, თურმე ბაყაყები შემოსევია ტორუნს და ადგილობრივ ყმაწვილს ისინი სალამურის ჰანგებით გაუტყუებია ქალაქიდან. ასე დაკვრა-დაკვრით მიუყვანია ისინი მდინარე ვისლასთან და გაუთავისუფლებია ქალაქი. ტორუნი ცნობილია, ასევე, კოპერნიკის პლანეტარიუმით.
რაც შეეხება ჯუჯებს, ესენი პოლონური ქალაქის – ვროცლავის სიმბოლოებია. მთლიანად ქალაქში 123 ჯუჯაა განლაგებული. იყიდება რუკა, სადაც გამოსახულია ამ ჯუჯების მდებარეობა: ზოგი ჯუჯა კიბეზეა ჩამომჯდარი, ზოგი სადღაც კიდია, ზოგი ფანჯარასთან ზის და იმდენად სასიხარულოა მათი აღმოჩენა მოგზაურობისას, რომ ვერ აგიწერთ. ყველა ჯუჯას თავისი სახელი აქვს. მე ძალიან მიყვარს ეს, რომელსაც, „ვროცლავის გულს“ უწოდებენ, ის სიყვარულის სიმბოლოა. „ვროცლავის გული“ ყველაზე პატარა ჯუჯაა ამ ას ოცდასამიდან. არის კიდევ მძინარე ჯუჯა, ახალდაქორწინებული ჯუჯები და ასე შემდეგ.
კრაკოვის სიმბოლოა აი, ასეთი დრაკონი. ამაზე ლეგენდაც არსებობს, თუ როგორ დაეპატრონა დრაკონი კრაკოვს და როგორ გამოკეტა ციხესიმაგრეში მეფის ასული. შემდეგ გამოჩნდა მხსნელი, რომელმაც ქალაქიც გაათავისუფლა და მეფის ასულზეც იქორწინა.
ეს სუვენირები სოპოტში შევიძინე, რომელიც ჩემი საყვარელი ქალაქია.
– იმედია, სოპოტის ცნობილ მუსიკალურ ფესტივალზეც მალე გიხილავთ, როგორც მომღერალს.
– არ არის გამორიცხული. ეს სუვენირები ბაქოში შევიძინე. მასზე გამოსახულია ციხესიმაგრე, რომლიდანაც ერთმა ქალიშვილმა თავი მოიკლა, რადგან არ მისცეს ქრისტიანზე გათხოვების უფლება. ამ ციხეს სწორედ ამ ამბის შესაბამისად „ქალწულის კოშკს“ უწოდებენ.
აქვე მაქვს ეგვიპტის სიმბოლო – პირამიდა. ეს კი მარჯანია მკვდარი ზღვიდან.
– სულ რამდენი ნივთია ამჟამად ამ კოლექციაში თავმოყრილი?
– ამჟამად კოლექციაში ორასზე მეტი სუვენირია თავმოყრილი.
– გაჩუქება შეგიძლია?
– თავისუფლად. სხვათა შორის, რაც აქ სუვენირებია წარმოდგენილი, ორი ამდენი გაჩუქებული მაქვს.
– რას ნიშნავს შენთვის ეს კოლექცია?
– ეს კოლექცია ჩემი ცხოვრების ნაწილია.