რატომ ცეკვავდა გაზეთზე დამდგარი დათო საგანელიძე ცალ ფეხზე და რას გადაატრიალებს ის ბავშვის დაბადების შემდეგ
დათო საგანელიძე: ეს ზაფხული ჩემთვის ნაკლებად აქტიური აღმოჩნდა, რადგან შემოდგომის ბოლოს მე და სოფო ბავშვს ველოდებით. ამიტომ ვერიდებით მგზავრობას შორ გზაზე.
– ესე იგი, ამ ზაფხულს დასვენება ვერ მოახერხეთ?
სოფო: როგორ არა, ივნისში ხმელთაშუა ზღვაზე ვიყავით დასასვენებლად და ძალიან კარგი დრო გავატარეთ. მე ვერიდები მგზავრობას თორემ, დათო ახლახან რაჭაშიც იყო.
დათო: რაჭაში დასასვენებლად ხომ არ ვყოფილვარ? იქ, სამდღიანი პარტიული კონფერენცია გვქონდა. სხვათა შორის, ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ქორწინების შემდეგ, სოფოს გარეშე ვიყავი წასული მთელი ხუთი დღე. დღეში იმდენჯერ მირეკავდა, ბოლოს ვთხოვე, სოფო, საქმეზე ვარ, კონფერენციაზე ვზივარ და რომ გავთავისუფლდები, მე დაგირეკავ, შენ ნუ ინერვიულებ-მეთქი. ტელეფონის იმდენი გადასახადი მომივიდა, კინაღამ ჭკუიდან შევიშალე. რომ ჩამოვედი, მითხრა, ასე თუ მომენატრებოდი, არ მეგონაო. მე კიდევ ვუთხარი, ასე თუ მოგენატრები, ხშირად წავალ-მეთქი. (იცინის).
სოფო: ერთადაც ვიყავით რაჭაში მე და დათო და ძალიან მომეწონა იქაურობა. მაგრამ, მარტო რომ წავიდა, მივხვდი, ძალიან გამიჭირდა მის გარეშე. დათო, ნამდვილად რაჭის ერთგული პატრიოტია. იქაური ჰაერიც, მიწაც, წყალიც, ხალხიც და საჭმელიც განსაკუთრებულად უყვარს. მართალია, რაჭული ლობიანის გაკეთება ჯერ ვერ მოვახერხე, მაგრამ იმერული ხაჭაპური ნამდვილად გამოვუცხვე და მგონი, ცუდი არ გამომივიდა.
– დათო პროფესიით ექიმია. ორსულობის პერიოდში კონსულტაციას გიწევს?
– როგორ არა. დათოს მეთვალყურეობის ქვეშ ვართ მე და პატარა. მამიკოს რეკომენდაციებს აქტიურად ვიზიარებთ და მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგადაა.
დათო: არა მარტო სოფოს, არამედ მთელი ჩემი ოჯახის პირადი ექიმი ვარ, პირდაპირი გაგებით. ჩემი პირველი შვილია და ბუნებრივია, ძალიან განვიცდი. არც კი მეგონა, მამობის მოლოდინს ასე ემოციურად თუ განვიცდიდი. არაბუნებრივი განწყობა მაქვს (იცინის). უნდა ნახოთ, როგორი ცელქია, მუცელში არ ისვენებს, იქიდან აბრახუნებს ფეხებს.
სოფო: ამას რაჭველობის არაფერი ეტყობა, ისეთი ცელქი, მოძრავი და აქტიურია. (იცინის).
დათო: უკვე წინასწარ ვიცი, როგორ შევცვლი მისი დაბადების შემდეგ სახლში დეკორაციას, რას გადავაადგილებ და შევიძენ მისთვის. სულ „გადავატრიალებ” იქაურობას, ოღონდ მალე დავინახო, როგორია და როგორ ჰგავს მამიკოს (იცინის).
– ამბობენ, ვაჟკაცებს პირველი გოგონები ჰყავთო. თქვენ თუ იცით მისი სქესი?
– როგორ არა, ვაჟკაცს ველოდებით. ჩვენ ბიჭით დავიწყებთ და გოგონებით გავაგრძელებთ. აი, მერე მე ვივაჟკაცებ, მას ორი გოგო და ერთი ბიჭიც მოჰყვება (იცინის). ძმას – ძმა და დას – და, ხომ უნდა?
– ღმერთმა გამრავლოთ. სოფო ხმელთაშუა ზღვაზე მარტო იყავით დასასვენებლად?
– არა, მარტო არ ვყოფილვართ. დათოს ძმაც იყო და მეგობრებიც გვახლდნენ. დილით ადრე ვდგებოდი, საჭმელს ვუმზადებდი და დათოსაც ადრიანად ვაღვიძებდი. სათევზაოდაც ვიყავით იახტით. სხვათა შორის, მე უკეთესი მეთევზე გამოვდექი, ვიდრე დათო.
დათო: ამაში გეთანხმები. წარმოიდგინეთ, ეს გადააგდებდა ანკესს და თევზი მალევე ეგებოდა. მე კიდევ საათობით ვიდექი და ვერაფერიც ვერ დავიჭირე. ბოლოს იძულებული გავხდი, იმ ყუთიდან მომეპარა თევზები, სადაც ყველანი ყრიდნენ და დამებრალებინა, ვითომ მეც შევიტანე წვლილი მათ დაჭერაში. მაგრამ, ბოლოს მაინც მიმიხვდნენ ეშმაკობას.
სოფო: ისევ თევზმა „გაყიდა” (იცინის). ერთ-ერთმა ჩვენმა მეგობარმა იცნო თავისი დაჭერილი თევზი და დათომაც ვეღარ იუარა, რომ მოიპარა.
დათო: პირადად მე, ექსტრემის მოყვარული ადამიანი ვარ, მაგრამ, სოფოს მდგომარეობაში ექსტრემი გამოირიცხა. ამიტომ, ამ ზაფხულს, მეც მის მდგომარეობაზე გადავეწყვე. ბევრ რამეზე ვთქვი უარი და ამას არც ვნანობ. სოფოს სიყვარულით, შემიძლია, რაღაც-რაღაცეებზე უარი ვთქვა. ეს ამად, ნამდვილად ღირს.
– ბავშვის სახელი უკვე შეარჩიეთ?
– უკვე შევარჩიეთ და ეს მარტო მე და სოფომ ვიცით. წინასწარ ვერ გაგიმხელთ. თუმცა, ერთს გეტყვით, ბავშვს აუცილებლად წინაპრის სახელი ერქმევა. მე ტრადიციის მოყვარული ადამიანი ვარ და არც ბავშვის სახელის შერჩევაში ვღალატობ ტრადიციას. ისე, ეს იდეა, პირველად, სოფოსგან წამოვიდა. ხომ იცით, ამბობენ, სანამ ბავშვი არ დაიბადება, მანამდე არც სახელი უნდა თქვა და არც ნივთები – ტანსაცმელი და ფეხსაცმელი შეიძინო მისთვისო. არც ჩვენ ვღალატობთ ამ ტრადიციას.
სოფო: დედაჩემი ყიდულობს წინასწარ რაღაცეებს, მაგრამ ჩვენ არ გვაჩვენებს, ჩუმად ინახავს სახლში.
დათო: გვაჩუქეს პატარა სამხედრო ფორმა და „ბათინკები“. ვიცინე, რა არის ბავშვობიდან სამხედრო პატრიოტი უნდა იყოს-მეთქი? (იცინის). ავდექი და ფორმა კედელზე დავკიდე, „ბათინკები“ კი ბუხარზე შემოვდე.
– სოფო, შენსა და დათოს შორის საკმაოდ დიდი ასაკობრივი ზღვარია. არ გიჭირთ ერთმანეთისთვის ხასიათების შეწყობა?
– არანაირად. დათო ჩემზე ხალისიანი და ამყოლია. არც რომანტიკული სიურპრიზების გაკეთება ავიწყდება და არც გართობაზე ამბობს უარს მეგობრების წრეში.
დათო: ამას წინათ, ჩემი ახლო მეგობრის, მამუკა ხაზარაძის ცოლის – ირინა ხიდაშელის დაბადების დღეზე ვიყავით. მოიფიქრეს, მოდით, გაზეთები გავშალოთ იატაკზე და წყვილებმა იცეკვონ. ვინც მოიგებს, პრიზი ერგებაო. პრიზის დათმობა არ მინდოდა. სოფო წამოვახტუნე და დავიწყეთ ცეკვა. მერე მოიფიქრეს, ასე ხომ ყველა მოიგებსო და ახლა გაზეთი გადავკეცოთ, იმაზე იცეკვეთ ისე რომ იატაკს არ შეეხოთო. კი ბატონო, ვიცეკვეთ. ახლა კიდევ გადავკეცოთო. გადაკეცეს და ცალ ფეხზე მდგომებმა მაინც ვიცეკვეთ. ახლა კიდევ გადავკეცოთო და ბოლოს სოფო ხელში მყავდა აყვანილი და ისე ვცეკვავდი ცალ ფეხზე (იცინის).
– და, პრიზი მოიგეთ?
– პრიზი იყო კულინარიული რეცეპტების წიგნი. ვიფიქრე, ეს სოფოს ნამდვილად გამოადგება-მეთქი და რასაკვირველია, მოვიგეთ. თან ერთი კი არა, ფაქტობრივად, ორი ადამიანი მყავდა ხელში აყვანილი და ისე მოვიგე ეს პრიზი. იქ ჩვენზე ახალგაზრდებიც ცეკვავდნენ და ასაკოვნებიც, მაგრამ პრიზი მაინც არ დავთმეთ მე და სოფომ. ისე, გამოგიტყდებით და სოფო კარგი დიასახლისია, უგემრიელეს კერძებს მიმზადებს.
სოფო: მართალია, რაჭული ლობიანი არ გამიკეთებია ჯერ დათოსთვის, მაგრამ სამივე რომ წავალთ, მერე ვიმეცადინებ და დავაცხობ, მანამდე კი იმერულ ხაჭაპურს დასჯერდეს. მე იმერელი ვარ და ეს კარგად მეხერხება.
– დათო, სიდედრთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?
– გადასარევი, ფანტასტიკური დამოკიდებულება მაქვს ჩემს სიდედრთან. ძალიან თბილი ადამიანია. ჩვენი თბილი და მეგობრული ურთიერთობა იმანაც განაპირობა, რომ მე და ჩემი სიდედრი – მარიკა ასაკითაც ახლოს ვართ ერთმანეთთან. იშვიათად მინახავს, სიძე-სიდედრს შორის ისეთი დამოკიდებულება, როგორიც ჩვენ გვაქვს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ კარგი მეგობრები ვართ. სოფო პატარა იყო, მამა რომ გარდაეცვალა და დედამ და ბებიებმა გაზარდეს. ასე რომ, მე ერთი კი არა, სამი სიდედრი მყავს – სოფოს დედა და ორი ბებია.
– ბებიებმა როგორ მიიღეს სიძე?
– ძალიან თბილად. თან აღმოვაჩინე, რომ სანამ სიძე გავხდებოდი, მანამდეც სოფოს ბებიები, ჩემი, როგორც პოლიტიკოსის, აქტიური გულშემატკივრები ყოფილან.
სოფო: სახლში რომ გავამხილე, დათო მიყვარს-მეთქი, მკითხეს, ვინ არისო. ვუთხარი, დათო საგანელიძე-მეთქი. ვერ წარმოიდგინეს, ეს დათო თუ ის დათო იყო. დღეს კი ჩემი ოპოზიციონერი ბებიები გადასარევად უგებენ დათოს.
დათო: ასე რომ, მათთან პოლიტაგიტაციის ჩატარება აღარ მჭირდება, საქმე ჩაწყობილი მაქვს (იცინის).
სოფო: დათო საკმაოდ უცნაურად გავიცანი. აფთიაქში შემოვიდა. წვერგაუპარსავი იყო, ძალიან დაღლილი. წელი სტკიოდა და წამალი იყიდა.
დათო: ძალიან დაღლილი ვიყავი, თან წელი საშინლად მტკიოდა, ვიფიქრე, დროზე ვიყიდი წამალს, წავალ სახლში, იქნებ ტკივილი დავიამო-მეთქი და იმდენი კითხვა დამაყარა სოფომ, კინაღამ გადამრია... რომელი ფირმის წამალი გნებავთ... ამ დოზის თუ იმ დოზის... ამ ქვეყანაში წარმოებული თუ იმ ქვეყანაში წარმოებული... თავიდან არც კი შემიხედავს სოფოსთვის და რომ მომაყარა კითხვები, ვუყვირე, რა მნიშვნელობა აქვს ქვეყანას და ფირმას, წამალი მინდა-მეთქი. ისეთი ხმით მომიხადა ბოდიში, ჩემი ყურადღება მიიქცია. კარგად შევიჭყიტე სარკმელში და ისე მოვიხიბლე, ორ თვეში ცოლად მოვიყვანე.
სოფო: მერე დარეკა აფთიაქში, რაღაც მკითხა, ვითომ გადაამოწმა წამლის დოზა და იმ დღიდან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა.
– დათო, ჭორი დადიოდა თითქოს შენ და სოფო ერთი პერიოდი დაშორებულები იყავით. ამაზე რას იტყვი?
– ეს საშინელი ჭორი მეც გავიგე. დამირეკეს კიდეც მეგობრებმა. პრესაში იმხელა სათაურით იყო სტატია: „დათო საგანელიძე ცოლს დაშორდა”, რომ დავხედე, კინაღამ გადავირიე. არადა, ჟურნალისტმა დამირეკა და მკითხა: ბატონო დავით, გავიგე ცოლს დაშორდით და მართალიაო. ვუთხარი, არა გენაცვალე, არ არის მართალი, ბავშვის მოლოდინში ვართ, ერთად თავს ბედნიერად და მშვიდად ვგრძნობთ და ველოდებით სექტემბრის ბოლოს, როდის დაიბადება ჩვენი პატარა-მეთქი. ადგა და გააშანშალა სკანდალური სათაური დიდი ასოებით, ჩემი ნათქვამი ტექსტი კი წვრილი შრიფტით მიაყოლა. ზოგი სულ არ კითხულობს რა წერია დაბლა და სათაურით იგებს რა ხდება. ბევრმა დაიჯერა კიდეც და გადარეულმა დამირეკა.
სოფო: ორი დღის წინაც დამირეკა დაქალმა: გავიგე, დაშორდით შენ და დათო ერთმანეთს და სხვას გაჰყევი ცოლად. გამაგებინე, რა ხდებაო. გამეცინა, ვუთხარი, ჭორებს რას ჰყვები, მე და დათო ბავშვს ველოდებით, თავს ბედნიერად ვგრძნობთ და არ გვაინტერესებს ჩვენზე რას იჭორავებენ-მეთქი. თუმცა, მაინც გულდასაწყვეტია, როცა ასეთ რამეს ვიგებ.