რამ გადაარჩინა ნიკა მემანიშვილი ვენაში და რა რეკორდი დაამყარა მან ლონდონში
ნიკა მემანიშვილი: მოგზაურობა ძალიან მიყვარს, თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ, როცა უცხოეთში ვარ, მით უმეტეს, თუ გვერდით ახლობელი ადამიანები, მეგობრები მყავს. როგორც აღმოჩნდა, მათაც ძალიან სიამოვნებთ ჩემთან ერთად ყოფნა, რადგან ყოველთვის ვითავსებ გიდის როლს და როგორც ამბობენ, საიმედო და კარგი კომპანიონი ვარ. დავდივართ ერთად ღირსშესანიშნავ ადგილებში. ახლა უკვე შოპინგებზეც მივყვები მეგობრებს (იცინის). ძალიან ხშირად მიწევს შემოქმედებით გასტროლებზე წასვლა და ვამაყობ იმით, რომ ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში, ორკესტრს ძალიან ბევრი წარმატებული გასტროლი ჰქონდა. სამ-ოთხჯერ ვიყავით პარიზში, გერმანიის ქალაქებში, ახლა შვეიცარიაში მივდივართ. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც ბევრი საინტერესო გასტროლი გველის.
– როდის მოხვდით პირველად უცხოეთში?
– 1993 წელს წავედი გერმანიაში კონცერტების ჩასატარებლად, როგორც პიანისტი. ასე დაიწყო ეს ამბავი. ჩემი პირველი შთაბეჭდილება უკავშირდება ფრანკფურტის აეროპორტს, რომელიც არის უზარმაზარი და შთამბეჭდავი. მაშინ მარტო მივფრინავდი, მახსოვს, ძალიან ბევრი შეკითხვა დავუსვი გერმანელებს, რომლებიც მოწიწებით მპასუხობდნენ. ჩვენში ეს მოწიწება არ იყო, ყველა თვალსაზრისით მძიმე ვითარება გვქონდა. იქ კი ვნახე დამშვიდებული და ბედნიერი ხალხი. მათმა ღიმილმა და კეთილგანწყობამ ძალიან გამაოცა. რაც შეეხება თავად ქვეყანას, გერმანია ძალიან ორგანულად აღვიქვი, თითქოს არაფერი მეუცხოვა და ისეთი ქვეყანა იყო, როგორსაც ველოდი. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს მეც ასეთი სამყაროსთვის ვიყავი გაჩენილი. თუმცა, ევროპა ძალიან განსხვავდებოდა მაშინდელი საქართველოსგან. ახლა ბევრად უფრო ვგავართ ერთმანეთს. მას შემდეგ ძალიან ბევრ ქვეყანაში მოვხვდი, მაგრამ გერმანიასთან დაკავშირებული პირველი შთაბეჭდილება, ყოველთვის მახსოვს. ორჯერ ვიყავი ამერიკაშიც, მაგრამ ამ ქვეყანამ მაინცდამაინც ვერ მომხიბლა. ამერიკაში ვერ ვიცხოვრებდი, სამაგიეროდ, სიამოვნებით წავიდოდი მოსკოვში. მიყვარს ეს ქალაქი, მასთან ბევრი თავგადასავალი მაკავშირებს. ჩემი პირველი კონცერტი, რომელიც მოსკოვში, სპივაკოვის დარბაზში გაიმართა, განსაკუთრებული ემოციებით დამამახსოვრდა. ეს იყო ჩემი ერთ-ერთი წარმატებული კონცერტი. ძალიან მწყდება გული, რომ ამ ქვეყანასთან თავისუფალი მიმოსვლა არ არის და პოლიტიკური პრობლემები არსებობს. ძალიან მინდა, რომ კვლავ გაგრძელდეს კულტურული ურთიერთობები მოსკოვსა და თბილისს შორის. ამისთვის საჭიროა, რუსეთს ნორმალური ადამიანები მართავდნენ, თორემ რუსული ინტელიგენცია შედგება ისეთი ადამიანებისგან, ვისაც ძალიან უყვარს თბილისი და საქართველო. მოსკოვში ცხოვრობს ჩემი ძალიან ახლობელი ადამიანი, ქალბატონი, ჯულია ხოფერია. მასთან სტუმრად ხშირად დავდიოდით მე, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი. მის არაჩვეულებრივ ვილაში ძალიან კარგ დროს ვატარებდით. ჯულია დამეხმარა ყველაზე კრიტიკულ მომენტში, როცა სიმსუქნის გამო საფრთხე ჩემს სიცოცხლეს დაემუქრა. მოსკოვში გამიკეთდა ორი ოპერაცია. ალბათ, ამიტომაც ეს ქალაქი ჩემთვის გადარჩენის სიმბოლოდ იქცა.
– აზიას რაღაც არ სწყალობთ?
– ასე გამოდის. ბაქოში სულ ახლახან ვიყავი პირველად. ძალიან გავბრაზდი საკუთარ თავზე. ნახევარი მსოფლიო მოვლილი მაქვს და აგერ ბაქოში არ უნდა ვყოფილიყავი? ძალიან მინდა, რომ ერევანიც ვნახო. მიმაჩნია, რომ ადამიანმა აუცილებლად უნდა იცოდეს, რა ხდება მის გარშემო. ეგზოტიკური ქვეყნებიდან, ეგვიპტეში ვარ ნამყოფი. ძალიან მინდა ჩინეთის და იაპონიის ნახვაც. ყველაზე მეტად იაპონიის ნახვაზე ვოცნებობ. ჩემი მეგობრები იყვნენ იქ და საოცარი ისტორიები მიამბეს ამ ქვეყნის ტექნოლოგიური განვითარების მიღწევებზე. მინდა, ვნახო ცაში „მფრენი”, მეტროს მატარებლები, თან ისეთ სიმაღლეზე, მეოცე სართულს რომ უტოლდება. როგორც მითხრეს, არსებობს მანქანები, რომელიც დგება კორპუსთან და ლიფტით მანქანითვე ადიხარ მეასე სართულზე. სახლში პირდაპირ მანქანიდან შედიხარ. მერე მანქანა თავისით ჩამოდის ქვემოთ და ავტოფარეხში ჩერდება.
– ჰიჩკოკის სიუჟეტს ჰგავს.
– თბილისიდან ნამდვილად ჰგავს ჰიჩკოკს, მაგრამ იაპონიიდან ალბათ თბილისური რეალობა დაემსგავსება ჰიჩკოკის სიუჟეტებს (იცინის). იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრს დავფრინავ, ღმერთის წყალობით ჰიჩკოკისა და ექსტრემალურ სიტუაციებში არასდროს მოვხვედრილვარ. იყო პერიოდი, როცა ლონდონიდან ედინბურგში და პირიქით, ორ დღეში ერთხელ დავფრინავდი. ედინბურგში დოის ჰქონდა გასტროლები, მე ლონდონში ვიყავი მუსიკალურ ფესტივალზე. იმ დღეებში იმდენი ვიფრინე, რეკორდი დავამყარე. თვითმფრინავში ძალიან თავისუფლად ვარ, მით უმეტეს, თუ ქართული ავიაკომპანიის თვითმფრინავით მივფრინავ. პილოტების სიყვარულსაც ისე ვგრძნობ, როგორც სხვა ხალხის და ხშირად მათ კაბინაშიც ვხვდები ხოლმე, ცაში ეტიკეტს ვარღვევ, თუმცა ჩემთვის ვზივარ წყნარად, არც ერთ ხელსაწყოს არ ვეკარები (იცინის). იმის მიუხედავად, რომ ერთი შეხედვით, ექსტრემალის შთაბეჭდილებას არ ვტოვებ, ამერიკაში ჩავატარე ექსპერიმენტი და პარაშუტიდან გადმოვხტი. წყალშიც ჩამიყვინთავს ბავშვობაში, რაჭის უბანში ვარ ჩარჩენილი. ზოგადად ტრანსპორტის არჩევანზე თუ მიდგება საქმე, მე მიყვარს ტრამვაი. მით უმეტეს ევროპის, რომელიც ძალიან ლამაზი და ტრადიციულია.
– რომელი ქვეყანა მოგწონთ ყველაზე მეტად?
– ყველაზე მეტად მომწონს ფლორენცია, მაგრამ ვენა მიყვარს, როგორც თბილისი. ფლორენცია ძალიან ლამაზია, შეუძლებელია, რომ იქ ჩასული იმ გარემოთი არ მოიხიბლო. რაც შეეხება ვენას, მიყვარს იმიტომ, რომ ჩემია. იქ ყველა ქუჩა და ჩიხი ზეპირად ვიცი, თვალდახუჭული გავივლი. ვენაში სულ ფეხით დავდიოდი, ამიტომ ისე კარგად ვიცი, იქაურობა, ახლა რომ ჩავდივარ ახალ აბრასაც კი ვამჩნევ (იცინის). ავსტრიაში ხალხიც სხვანაირად მომწონს. კონცერტების შემდეგ აღტაცებას ისინი კიდევ უფრო შთამბეჭდავად გამოხატავენ. საერთოდ, ევროპელებს ძალიან უყვართ მუსიკა ისინი საკონცერტო დარბაზში მოდიან მუსიკის მოსასმენად და თავისუფალი დროის ლაღად გასატარებლად, კრიტიკული დამოკიდებულება არ აქვთ და არ დაეძებენ ხინჯს. ამის გამო ძალიან სასიამოვნოა იმ საზოგადოებასთან შეხვედრა.
– უცხოეთში წასვლის წინ განსაკუთრებულად ემზადებით?
– არა. ჩანთის ჩალაგება უკვე „დამხეცებული“ მაქვს. უცებ მოვაგროვებ საჭირო ნივთებს, ერთი საათიც მეყოფა. ყოველთვის მზად ვარ იერუსალიმში წასასვლელად. ჩემი ოცნებაა, რომ იქ ყველა ჩემი ახლობელი მოხვდეს. იერუსალიმში წასვლას არაფერი მირჩევნია. თუ შანსი მომეცემა და თავისუფალი დრო მაქვს, პირველ ყოვლისა, იერუსალიმში მივდივარ. იქ კონცერტი არ მქონია, თუმცა ძალიან დიდი სიამოვნებით გავმართავდი.
– დასვენება როგორ კურორტზე გირჩევნიათ?
– დასვენება მირჩევნია რაჭაში. იქ ყველაზე უკეთესად ვისვენებ. ისე არანორმალურად მიყვარს რაჭაში ყოფნა, რომ ეს უკვე ყოველგვარ საზღვრებს სცდება. რაჭა ჩემი სისუსტეა, დიდი სისუსტე. უცხოურ, ძალიან მაგარ რესტორანში ვისკის დალევასაც ჩემი ხვანჭკარა მირჩევნია.
– როგორი მოგზაური ხართ? იოლად უღებთ ალღოს უცხო ქალაქებს თუ რუკა და კომპასი გჭირდებათ?
– რაჭაში არც კომპასი მჭირდება, არც რუკა და არც „რუგზაკი” (იცინის). უცხოეთში კომპასი არ მჭირდება, რუკა – კი. რუკის ფლობასაც ერთგვარი ოსტატობა სჭირდება. მე არ მიჭირს ეს, პირიქით, ყველაზე ძალიან ქუჩაში ხეტიალი მიყვარს. ახლა უკვე არსად აღარ ვიკარგები. მაგრამ მახსოვს, რა დამემართა ვენაში, როდესაც იქ პირველად ჩავედი სასწავლებლად. უნივერსიტეტიდან გამაგზავნეს ბიბლიოთეკაში, რომელიც სხვა ქუჩაზე იყო. რუკა არ მქონდა. უნივერსიტეტის თანამშრომელმა დამიხაზა, როგორ უნდა წავსულიყავი, მაგრამ გზა ამებნა. დავდივარ, დავდივარ და ერთი და იგივე ადგილზე ვბრუნდები. თურმე, ერთ ქუჩას ვარტყამ წრეს. ძალიან ვინერვიულე, უკვე მოსაღამოვდა, ბიბლიოთეკაც იკეტებოდა. მოკლედ, ცუდ დღეში ვიყავი. ვფიქრობ, როგორ გავიგნო გზა ჩიხებიდან, ერთ მომენტში ვთქვი: ღმერთო, მიშველე-მეთქი, ავიხედე ზემოთ და რას ვხედავ, ჩემს თავზე ფრიალებს საქართველოს ძალიან დიდი დროშა. თურმე, საელჩოსთან ვდგავარ. შევედი საელჩოში, მომცეს ავტომანქანა და წამიყვანეს ბიბლიოთეკაში. ვენასთან დაკავშირებით იყო კიდევ ერთი ისტორია – ერთ-ერთი ხეტიალის დროს ძალიან ამიჩუყდა გული, წამომივიდა ცრემლები, მაკანკალებდა, ვერ მივხვდი, რა მჭირდა. გავჩერდი, გვერდით მივიხედ-მოვიხედე, დავინახე კარი, რომელზეც მიმაგრებული იყო აბრა: ამ სახლში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა გამოჩენილი ავსტრიელი კომპოზიტორი ჯოზეფ ჰაიდნი. ის ჩემი უსაყვარლესი კომპოზიტორი იყო ღრმა ბავშვობიდან. არ ვიცი, რა მოხდა იმ წუთში, მაგრამ ძალიან ემოციურად შევიგრძენი, რომ განსაკუთრებულ ადგილზე ვიყავი.