როგორ ცხოვრობდა თემურ ხიბლიშვილი „ექსტრასენსთა ბრძოლაში” მოხვედრამდე და რატომ გაიხიზნა ის ტყეში 12 წელი
თემურ ხიბლიშვილი: ეს უნარი ალბათ, დაბადებიდან დამყვა. პატარაობიდან ყველასგან განსხვავებული ბავშვი ვიყავი, ძალიან სუსტი და გამხდარი. გულზე ხელებს რომ დავიწყობდი, სხვას რომ არ აეღებინებინა ხელები, მთელი დღე ასე ვიქნებოდი. მაშინ რა ვიცოდი, რა ხდებოდა ჩემს სხეულსა და ორგანიზმში. მაგრამ, მერე და მერე მივხვდი, რომ ყველაფერი რაც მჭირდა, სწორედ ამ უნარის ბრალი იყო. სხეული ისე მიცხელდებოდა ხოლმე, ხერხემალი მეწვოდა. სიცხეს მიზომავდნენ და სიცხე არ მქონდა. 2- 3 დღეში ერთხელ ხახვივით მეფცქვნებოდა კანი ხელისგულებზე. მშობლები დაიღალნენ ჩემი ავადმყოფობით, მეზობლები ეუბნებოდნენ: ეს ბავშვი მაინც არ გაიზრდება, მოკვდება და შეეგუეთ ამასო. 2 წლის ვიყავი, როცა ძალიან ცუდად გავხდი და მოვკვდი. მამაჩემი იტყოდა ხოლმე: გაურანდავი ფიცრით შევკარით შენი კუბო. ბავშვის დატირება დიდხანს არ შეიძლება. უნდა დაგვესაფლავებინე, ფანჯრიდან უნდა გადაგვეტანა შენი კუბო, ატირებული დედაშენი უკვე გაიყვანეს ოთახიდან, როცა გაცოცხლდიო. დედაჩემს ეს რომ დაუნახავს, კიდევ ერთხელ წასვლია გული. ექვს წლამდე ვერ ვლაპარაკობდი. დედაჩემის მონაყოლიდან ვიცი, 4 წლის ვყოფილვარ, როცა მეზობელი შემოსულა ჩვენთან და მისთვის „ბებო საშა” დამიძახია. მეხვეწნენ, კიდევ გაიმეორეო, მაგრამ ვერაფერი მათქმევინეს. ამ შემთხვევიდან, 2 წლის შემდეგ ამოვიდგი ენა. მეზობლის ეზოში ჩემი ძმა ღორმა დააფრთხო, ტუჩი გაუსკდა და სისხლი წამოუვიდა. ზუსტად იმ დროს, გამოცხადება მქონდა – დავინახე კაცი, ანაფორა ეცვა, თავზე თითქოს ქუდი ეხურა. პირჯვარი გადამწერა და ზუსტად იმ დროს დავიწყე ლაპარაკი. დედას და მამას დავუძახე: თამაზი ღორმა გადმოაგდო-მეთქი. ეს რომ ვთქვი, ჩემი ძმა აღარავის გახსენებია, ყველა მე მომვარდა გახარებული. ჩემი აზრით, ღვთის ძალით გამომეცხადა ის კაცი, რომელიც 32 წლამდე სულ თან დამყვებოდა და არ მივუტოვებივარ.
– გენეტიკურად ხომ არ გადმოგყვათ მკურნალობის და ნათელხილვის უნარი?
– არა, ჩვეულებრივი ოჯახი გვქონდა. დედაჩემს სწამდა ღმერთი და ეკლესიაშიც დადიოდა. მამაჩემი კომუნისტი იყო და ღმერთის არაფერი გაეგებოდა. არადა, პაპაჩემი იყო ღვთისნიერი და ღვთისმოშიში კაცი. პაპა ძალიან მიყვარდა, 10-11 წლის ვიქნებოდი, ეზოში ჯოხით მიწას ვჩიჩქნიდი და ჭიებს ვხოცავდი. პაპაჩემმა ხელუკუღმა ისეთი შემომარტყა, სისხლი წამომივიდა. ტირილი დავიწყე. პაპაჩემმა მითხრა: შვილო, ჩვენი გვარი ღმერთისგან მოდის და ასე რომ აკეთებ, იცოდე, ღმერთი გაგვიბრაზდება, ცუდ საქციელს არ გვაპატიებსო. ღმერთი რა არის, სად არის-მეთქი, ვკითხე. პაპაჩემმა ზეცაში ამახედა, მეც ავიხედე და ადამიანის სახის ნაკვთები დავლანდე. მერე ისე დავინტერესდი ამით, სულ ცაში ვიხედებოდი, მართლა ვხედავდი, მართლა.
– ოჯახი და სოფელი როგორ ხვდებოდა თქვენს ასეთ უცნაურ ქცევებს?
– სოფელი ამას ეჭვით უყურებდა და ბევრი წყენა მახსოვს ჩემი თანასოფლელებისგან, მაგრამ არა უშავს, ყველაფერი ხდება. მე მაინც მიყვარს ჩემი სოფელი. ის კაცი რა კაცია, ვისთვისაც იქაურობა არაა ძვირფასი, სადაც დაიბადა და გაიზარდა. ახლაც, პროექტის დაწყების წინ, პირდაპირ მოვითხოვე, ჩემზე ეთქვათ, ატენის ხეობიდან რომ ვარ. ახლა კი დავამტკიცე, ჩემი ძალა, მაგრამ მაშინ ათას რამეს მიგონებდნენ. სულელიაო – ამბობდნენ ჩემზე, ანონიმურ წერილებს წერდნენ. ერთ-ორ მეზობელზე ვთქვი, როდის უნდა მომკვდარიყვნენ – ბეჭებზე დაეწერათ თარიღი. ეს რომ ვთქვი, ამაზე სულ გადაირივნენ. 12-13 წლის ასაკში ფიზიკური ძალა მომემატა. ვინმე ცუდად რომ ხდებოდა, მეც იგივე მემართებოდა. ახლაც ასე ვარ – ადამიანს დიაგნოზს რომ დავუსვამ, მეც ის ორგანო მტკივდება, რაც მას სტკივა. წამიყვანდნენ ხოლმე მშობლები ექიმთან და ექიმები დიაგნოზს ვერ მისვამდნენ. იქ კარგად ვხდებოდი, ასეთი უცნაური რაღაცეები მჭირდა. ეს იყო ჩემთვის ყველაფერი – კინოც, გართობაც. ბავშვებთან თამაშს ეს მერჩივნა.
18 წლის ვიყავი, როცა ცოლად ჩემი კლასელი მოვიყვანე. ჩვენი ცხოვრება სულ აირ-დაირია. რომ დავოჯახდი, უფრო მომეკიდა ღვთის ძალა, ტვინი სულ არეული მქონდა. ძალიან ახლოს, ერთი მეტრის დისტანციით მეცხადებოდა იესო და მეუბნებოდა: რად დაქორწინდი, ცოლი რომ არ მოგეყვანა, შენ ისეთი ძალა გაქვს, მკვდარს გააცოცხლებდიო. სოფელში მკვდარს რომ გაატარებდნენ, რაღაც ძალა ჩამძახოდა: მიდი ახლოს, ხელი დაადეო. ვერ ვბედავდი ხოლმე ამის გაკეთებას. გავიქცეოდი სახლში, სანთელს ვანთებდი მალულად, ხან სად შევძვრებოდი ხან – სად... მამაჩემი სულ მეჩხუბებოდა: სახლი არ დაგვიწვაო. სანთლის შუქზე მუდმივად თეთრი და შავი ძაღლის ჩხუბს ვხედავდი. თეთრი ძაღლი ერეოდა ხოლმე ყოველთვის შავ ძაღლს. ცოლს რომ ვეტყოდი: იესო ჩვენთან არის, აგერ „ვეშოლკასთან” ახლოს დგას-მეთქი, მეუბნებოდა: აბა, მეც დამანახვეო, როგორ უნდა დამენახვებინა? ამის გამო სულ ვჩხუბობდით. ცოლი ამბობდა: ეს რა დამემართა, სკოლაში არაფერი ეტყობოდა და გიჟი ყოფილა, მოლანდებები სჭირსო. ის ძალა მუშაობის საშუალებას არ მაძლევდა – სატვირთო მანქანაზე დავიწყე მუშაობა. ერთ დღეს საჭე ვერ დავიმორჩილე და კინაღამ 6-7 ადამიანი გავიტანე. მე მარჯვნივ ვატრიალებდი საჭეს, მანქანა მაინც მარცხნივ მიდიოდა. ძლივს გავაჩერე მანქანა, სახლში რომ მივედი, გამომეცხადა წვერიანი და ანაფორიანი კაცი და მითხრა: თუ არ დაანებებ მუშაობას თავს, ციხეში მოხვდებიო. რა უნდა მექნა? ძალიან ხშირად წინასწარ ვგრძნობდი ხოლმე იმ საფრთხეს, რაც ჩემ ირგვლივ ხდებოდა. ერთხელ მეუღლესთან და შვილთან ერთად თბილისში ვიყავი ჩამოსული, იმ დროს ომიანობა და არეულობა იყო. „სარაჯიშვილის“ მეტროსთან თავი ამერია, ვთქვი: წამოდით, გზის იქით გადავიდეთ და მეორე მეტროში ჩავიდეთ-მეთქი. ჩემი ცოლი გადაირია, რა მოგელანდაო? გადავედით თუ არა გზის მეორე მხარეს, მეტროს შეიარაღებული ადამიანები მიადგნენ და სროლა ატეხეს. ათამდე ადამიანი დაიჭრა და დაიღუპა. ეს ყველაფერი საღამოს გავიგეთ ტელევიზიით. მერე კი ირწმუნა ჩემი ძალა მეუღლემ. ხალხმაც ნელ-ნელა დამიჯერა. როცა ექსტრასენსორიკის სასწავლებლად რეზო ხომერიკთან მივედი და ჩემი ბიოველი გაზომეს, ჩემი ენერგიით ყველა გაოცებული დარჩა. დღეში ხუთასამდე ადამიანის მიღება შემეძლო ისე, რომ არ ვიღლებოდი. სულ 14-15 შემთხვევა მახსოვს, რომ დიაგნოზი არ დამესვა. ხშირად გასვლა ძილის დროს მაქვს, შემიძლია 11 საათი ვილაპარაკო გაუჩერებლად, მაგრამ ამ დროს ვინმემ ჩემი საუბარი უნდა ჩაიწეროს, რადგან მერე მე არაფერი მახსოვს. მე ახლაც ჩემი მეთოდი მაქვს, ადამიანს იმაზე მეტ ენერგიას არ მივცემ, რისი გაძლებაც მას არ შეუძლია. თვითონ მაძლევს უფალი იმ დროს იმ ენერგიას, რაც ავადმყოფს ჩემგან სჭირდება.
– როგორც ვიცი, წლების წინ თქვენ დატოვეთ სოფელი და ტყეშიც კი მოგიწიათ მარტოს ცხოვრება. რა გახდა მაშინ თქვენი განმარტოების მიზეზი?
– სოფელში დადგომა უკვე შეუძლებელი იყო ჩემთვის. ერთი პატარა კომბალი ავიღე და წავედი ტყეში. იქ მარტოს არ მიჭირდა ყოფნა – რაღაც ძალებიც უფრო ახლოს მოდიოდნენ ჩემთან. სულ სხვა სამყაროში ვიყავი. ცაში ლექსებს ვკითხულობდი, ნახატებს ვხედავდი. თავიდან არ ვნებდებოდი ღვთის ძალას, მეშინოდა, ერთი-ორჯერ თავის მოკვლაც ვცადე. ერთხელ ტყეში თოკი წავიღე, ხეზე ჩამოვაბი, მაგრამ ჩემი სურვილი ვერ განვახორციელე – იმხელა ტოტი მოტყდა ხეს, ერთ ტონა სიმძიმეს რომ გაუძლებდა. ხანდახან წყლის დალევა მინდოდა ხოლმე ტყეში, მივიდოდი წყაროსთან და რაღაც ძალა ჩამძახებდა: არ დალიოო, მეც არ ვსვამდი. ჩემთვის გაკეთებული საჭმელიც არ მიჭამია, რადგან ასე უთქვამთ, არ ჭამოო. ეტყობა, ეს ჩემი ნებისყოფის გამოსაცდელად ხდებოდა. ღამე ჩუმად მივდიოდი სახლში, რომ ბავშვებისთვის დამეხედა. ახლოსაც ვერ ვეკარებოდი შვილებს. ძალა ჩამძახოდა: ბავშვებს არ მიეკარო, დაგიხოცავო. ძალიან რომ გამიჭირდა, გადავწყვიტე, მღვდლად წავსულიყავი, მაგრამ ამის უფლებაც არ მომცა იმ ძალამ. 1985 წელს რუისში, ნაზო ბალიაშვილთან წამიყვანეს, იმან დამაყენა გზაზე. იმ ქალს დიდი ძალა ჰქონდა და ასე მითხრა: სანამ გერის წმიდა გიორგის ეკლესიაში არ წახვალ, არაფერი გეშველებაო. ეს ძალიან ძლიერი წმიდა გიორგია, ბოროტისგან განწმენდაში ეხმარება ადამიანს. წავედი გერის წმიდა გიორგის ეკლესიაში, თითქოს ახალი ცხოვრება დავიწყე – მუნჯს დავადე ხელი, ლაპარაკი დაიწყო, ძალიან ბევრ განუკურნებელი სენით დაავადებული ადამიანი მოვარჩინე. მტერიც უამრავი გავიჩინე იმ პერიოდში – ბევრი ადამიანი ცდილობდა, ჩემთვის ძალა წაერთმია. მე გამაფრთხილეს, რომ შეიძლებოდა ქალს მოვეწამლე წამლით. რამდენჯერმე მომიწყვეს ასეთი გამოცდა. ჩემთან მოვიდა ერთი-ორი ქალი, ვითომ სამკურნალოდ, მაგრამ ისინი ნათელმხილველები იყვნენ და ჩემი მოწამვლა უნდოდათ. ჩემი ცოლიც გახდა ამისი მოწმე. ერთი ქალი იყო, რუსთავში ცხოვრობდა. იმან აღიარა ჩემი ძალა და შეეცადა ჩემს მოწამვლას, მაგრამ მერე თვითონ დაიღუპა კიბოთი. ერთხელ იმ ქალმა წმიდა გიორგის ეკლესიიდან პატარა ქვა წამომაღებინა, გულის რევით მოვკვდი. მერე მქონდა გამოცხადება: ვინ მოგცა უფლება, ჩემს კედლებს რომ ანგრევო – მითხრეს. წავედი ეკლესიაში და ის ქვა უკან წავიღე. ის რუსთაველი ქალიც ჩემთან ერთად იყო. უცებ ის ქალი დატრიალდა, დატრიალდა და დაგორდა იქიდან.
– მკითხავებთან თქვენც დადიოდით?
– ცუდად რომ ვიყავი, ხან სად მივყავდი ჩემებს, ხან – სად. ერთხელ მოლასთან წამიყვანეს, წინ დავუჯექი თუ არა, მითხრა: ეს ჩვენი კაცი რომ იყოს, ამ გამხმარ ხელს მომირჩენდა, მაგრამ ქრისტიანია და ხელს ვერ მომირჩენსო. მან არ აღიარა, რომ მე ძალა მქონდა, მაგრამ ის კი ვერ დამალა, რომ ბედის წიგნი ჩემს ვარსკვლავზე თავისთავად გადაიშალა.
– ამ უნარის წყალობით რთული და წინააღმდეგობებით სავსე გზა გაიარეთ. საკუთარი მომავლის განჭვრეტა ხომ შეგეძლოთ, რომ ბევრი რამ აგერიდებინათ თავიდან?
– მე ისე ვცხოვრობ, როგორც უნდა მეცხოვრა. ხვალ რა იქნება, ამაზე არ ვფიქრობ, ღმერთმა ეს უკეთ იცის. 30 წელი იქნება მას შემდეგ გასული, რაც ტყეში გამოცხადება მქონდა. ახალგამოღვიძებულს წინ კაცი დამიდგა, ჯვარი მომცა და მითხრა: აჰა, შენ ჯვარი, იცოდე, საკუთარი თავის დაკარგვა გერჩივნოს, ამ ჯვრის დაკარგვასო. თან დამარიგა: ეს ჯვარი მუდამ თან ატარე, ერთი ოთახი შენს სახელზე გქონდეს, ერთი – ჩემს სახელზე, რომ ავადმყოფებს უმკურნალოო. ისიც მითხრა: მეორედ მოსვლა რომ დაიწყება, ამ ჯვარს მერე მოგთხოვო. ამ ჯვრით ბევრი ადამიანი მოვარჩინე, სულ თან მაქვს. „ექსტრასენსთა ბრძოლაშიც” მიმქონდა ხოლმე, მაგრამ ჯიბეში მედო და არავის ვანახვებდი. როცა რამე ხდება, ეს ჯვარი ფორმას იცვლის და გადაიხრება ხოლმე, პირველად 15 წლის წინ გადაიხარა. მაშინ ვთქვი: დედამიწამ ადგილი იცვალა და გადაიხარა-მეთქი, ამასაც არ მიჯერებდნენ, სანამ მერე მეცნიერებმა არ დაიწყეს ამაზე ლაპარაკი.
– ჩვენი სარწმუნოება წინასწარმეტყველებას კატეგორიულად უარყოფს. როგორც ვიცი, მოძღვარიც გყავთ და ეკლესიურადაც ცხოვრობთ, ასეთი წინააღმდეგობების გამო, არ გეშინიათ მისი, ვინც, თქვენი თქმით, ამ ძალას გაძლევთ?
– ეს ძალა იმისთვის მჭირდება, რომ ადამიანებს დავეხმარო. ღმერთიც ხომ ამისთვის მოგვიწოდებს. არ ვიცი, რატომ ამირჩია უფალმა მე, მაგრამ ვიცი, რომ შვილად მიმიღო. მე მითხრა იმ კაცმა, მიხეილმა, ვინც მე დამდევდა: შენს მოსვლამდე ვერ ვნახე კაცი, ვისაც ამ ძალას ჩავაბარებდი, ეს შენ გერგოო. თავისი ადგილსამყოფელიც მაჩვენა და ისიც მითხრა, რომ მეხუთე საუკუნეში ცხოვრობდა. მე დამიცავს სასტიკი მარხვა, – პურზე და წყალზე გამიტარებია თვეები. მყავს მოძღვარი. ის კიბოთი იყო დაავადებული და მე განვკურნე. წლების წინ დიდუბის ეკლესიაში ვიყავი, ხმა ჩამესმა: აქ ერთი მოძღვარია, თუ არ უმკურნალე, ვერ გადარჩებაო. ტაძარში შევედი, ახლოს რომ მივედი, მივხვდი, ვინც იყო დაავადებული. ისე ცუდად იყო, ვერ ლაპარაკობდა. დღესაც ცოცხალია და წირვასაც ატარებს. ხანდახან მეც ვაბარებ აღსარებას. მე არაფერი მამოძრავებს იმის გარდა, რომ ხალხს დავეხმარო. ეს პროექტი ძალიან დამეხმარა იმაში, რომ ჩემი უნარი დამემტკიცებინა მათთვისაც კი, ვისაც ჩემში ეჭვი ეპარებოდათ. მე თავიდან არც კი მინდოდა ამ პროექტში შესვლა. უსწავლელი კაცი ვარ და ვფიქრობდი, რადგან განათლება არ მქონდა, რაიმე არ გამომივიდოდა. ხედვაში რომ ვერავინ ჩამჭრიდა, ამაში დარწმუნებული ვიყავი და ასეც მოხდა. მაგრამ, ამ ყველაფერშიც ღმერთის ხელი ერია, მის გარეშე არავინ ვარ – მტვერი ვარ. როგორც კი არაღვთიურად და არასწორად მოვიქცევი, მაშინვე წამართმევს ღმერთი ამ ძალას.
– ახლახან თქვით, რომ 7 სექტემბერს საქართველოს ახალი საშიშროება ემუქრება, რა საფრთხეს ხედავთ?
– შვიდ სექტემბერს ვხედავ შავად, ღმერთმა არ ქნას, რომ ეს ასრულდეს. საქართველოს წინააღმდეგ რაღაც მზადდება, რაღაც ჩუმი გარიგებების შედეგად მოხდება არეულობა, მაგრამ იმას ვერ ვიტყვი, რომ ეს ომამდე მივა.