სად დაქორწინდა ანა კოვაჩი ვერა ვონგის ორმოცდაათათასევროიან კაბაში და რატომ უწევდა ჭუჭყთან „ბრძოლა“ დათუნა სულიკაშვილს
დიზაინერისა და მოდელის ურთიერთობა ყოველთვის საინტერესო და შემოქმედებითია. მართალია, მას შემდეგ, რაც მოდელი გახდა, „ელიტ მოდელის“ გამარჯვებულ ანა კოვაჩს საქართველოში არ უმუშავია, თუმცა ძალიან აინტერესებს ადგილობრივი მოდის სფეროში ძალების მოსინჯვაც. ის სიამოვნებით გამოვიდოდა დათუნა სულიკაშვილის ჩვენებაზე, რომელსაც დიზაინერი სულ ცოტა ხანში გამართავს.
ინტერვიუ 1. ჟურნალისტია დათუნა სულიკაშვილი:
– მომიყევი როდის გახდი მოდელი, როგორ დაიწყო შენი კარიერა?
– ბავშვობაში, ალბათ ისევე როგორც ყველა გოგო, მეც ვოცნებობდი მოდელობაზე, თუმცა ეს მერე და მერე გადამავიწყდა. შემდეგ უკვე, როდესაც ტელევიზორში ვნახე, რომ ასეთი კონკურსი, „ელიტ მოდელ ლუქი“ ტარდებოდა, გადავწყვიტე ძალები მომესინჯა, ვიფიქრე, გავალ და ვნახავ რა მოხდება-მეთქი. თან საფრანგეთიდან ჩამოდიოდა წარმომადგენელი, რომელსაც გოგონები უნდა აერჩია. მოკლედ, გავედი კონკურსზე, გავხდი გამარჯვებული და წავედი მსოფლიოს შესარჩევ კონკურსზე ჩინეთში, სანიაში, სადაც ოთხმოცი ქვეყნის წარმომადგენელს შორის ოცდახუთ ფინალისტში მოვხვდი. შესაბამისად, მივიღე კონტრაქტი პარიზის „ელიტთან“.
– ელოდი ამ გამარჯვებას?
– საერთოდ არა. ჯერ კიდევ საქართველოში ვფიქრობდი, რომ ვერ გავიმარჯვებდი, რადგან კონკურსანტ მოდელებს შორის, ყველაზე გამოუცდელი ვიყავი. გამიჭირდა ამ ყველაფრის სწავლა, შეჩვევა, ალღოს აღება. ქალბატონი ია ძალიან მეხმარებოდა, ასევე „ელიტის“ პირველი გამარჯვებული თამთა შედანია. ასე რომ, სრულიად არ ველოდი ამ წარმატებას.
– რომელ ქვეყნებში მუშაობდი?
– ვიყავი საფრანგეთში, კონკრეტულად, პარიზში. ასევე თურქეთში, ჰონკონგში, შანხაიში და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში ცოტა ხნით.
– პარიზმა რა შთაბეჭდილება დატოვა?
– არ დავიწყებ იმაზე ლაპარაკს, თუ როგორი ლამაზი და არაჩვეულებრივია, ეს ყველამ იცის. თუმცა, რაც შეეხება ჩემს სფეროს, ანუ როგორია პარიზის მოდა, ეს ცალკე საკითხია. უდიდესი განსხვავებაა ჯერ მარტო პარიზსა და აზიის ქვეყნებს შორის და რამხელა განსხვავებაა, მუშაობის თვალსაზრისით, თბილისთან შედარებით, ამას ვერ აგიწერთ. სანამ პარიზში ჩავიდოდი, მანამდე მხოლოდ ერთი გადაღება მქონდა თბილისში და შემდეგ უკვე წავედი. აბსოლუტურად სხვანაირად მუშაობენ, ძალიან იშვიათია გადაღება სტუდიაში, ძირითადი გადაღებები მიმდინარეობს გარეთ ან სადმე ინტერიერში, რასაც წინასწარ დიდი ხნით ადრე ამზადებენ. გადაღებები დიდხანს მიმდინარეობს. დიდი დრო სჭირდება მაკიაჟს, რომელსაც ერთ გადაღებაზე რამდენჯერმე გიცვლიან. ჯერ მარტო კაბაში უნდა დაჯდე სხვანაირად. აქ რომ ვნახე რა უცებ იხდიან სამოსს, დაუფიქრებლად სხდებიან და ტანსაცმელს კუჭავენ, ასეთი რამ იქ არ ხდება. არსებობს ადამიანი, რომელსაც „დრესერს“ ანუ შემმოსველს უწოდებენ და ის გეხმარება ჩაცმაში. შენ უბრალოდ, უნდა იცოდე, რომელი ხელი როდის და როგორ აწიო-დაწიო. კაბის გახდისას კი სახეზე ხელსახოცს იფარებ, რომ არ გააჭუჭყიანო მაკიაჟით.
– ძალიან რთული სამუშაოა. სადაც იმუშავე, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება რამ მოახდინა შენზე?
– ყველაფერმა, სავსე ვარ შთაბეჭდილებებით. ძალიან მომეწონა, რომ საოცარ რეჟიმში ვიყავი, ძალიან დატვირთული. დღეში შესაძლოა თითქმის ათი-თხუთმეტი ქასთინგი გქონდეს. ყველაზე მეტად გამიჭირდა პარიზის მეტროში გარკვევა, უამრავი ხაზია და სულ რუკით დადიხარ, რომ სადმე არ დაიკარგო. მეგონა, იქიდან აზიაში რომ ჩავიდოდი, იქ უარესი დამხვდებოდა, არადა, ჰონკონგში სულ ოთხი ხაზია და ძალიან ადვილია ქუჩების პოვნა.
– ვისი სამოსის ჩვენება გახსოვს ყველაზე კარგად?
– ვაჩვენე „დიორის“ სამოსი. ძალიან ცნობილი იტალიური გამოცემისთვის – „ამიკა იტალია“. იტალიელმა ფოტოგრაფმა გადაგვიღო „დიორის“ ასი წლისთავთან დაკავშირებით. ფოტოები გადავიღეთ „დიორის“ პირველი კოლექციის კაბებში. სულ ექვსი კაბა იყო, რა თქმა უნდა, ძალიან ძველი. ეს უფრო კოლექციის პრეზენტაცია იყო და არა ჩვენება, სადაც ფოტოები გადაგვიღეს.
– კიდევ რომელ მოდის სახლთან თანამშრომლობდი?
– „შანელთან“, „უნგაროსთან“, რომელსაც ძალიან პატარა ზომის კაბები ჰქონდა წარმოდგენილი. საერთოდ, იქ საკოლექციო სამოსი არ იყიდება, რადგან ძალიან პატარა ზომისაა. მოდელებიდანაც ბევრმა ვერ მოირგო, მე ჩავეტიე.
– „შანელი“ როგორია შენთვის. ის ჩემი ყველაზე საყვარელი მოდის სახლია, ვგიჟდები „შანელზე“.
– როგორ შეიძლება „შანელი“ არ მოგეწონოს, ძალიან ლამაზია, მომეწონა. მისი სამოსი ქალური, დახვეწილია, უფრო ზრდასრული ქალბატონებისთვის. აი „უნგარო“ კი უფრო ფერადი, ახალგაზრდულია. ძალიან მომეწონა პრეზენტაცია შანხაიში, სადაც ვერა ვონგის საქორწილო კაბა ვაჩვენე. ვერა ვონგის საქორწილო კაბები ყველაზე პრესტიჟულია დღეს. ალბათ გახსოვთ, სწორედ ეს კაბა აცვია სარა ჯესიკა პარკერს „სექსი დიდ ქალაქში“. ვერა ვონგის კაბა აცვია ასევე „პატარძლების ომში“ ქერა პატარძალს, სადაც საინტერესო ფრაზას ამბობს – ვერას კაბას შენ უნდა უხდებოდე და არა ის გიხდებოდესო. მოკლედ, ეს ჩვენება-პრეზენტაცია შანხაის გარეუბანში მოხდა, სადაც ძალიან ბევრი ხალხი იყო მოსული. ქორწილი გავითამაშეთ. მყავდა ქმარი, ნახევრად ჩინელი, ნახევრად ფრანგი. ის კაბა, რომელიც მეცვა, დაახლოებით ორმოცდაათი ათასი ევრო ღირდა.
– ამბობენ, რომ ძალიან ადვილია შენი სახის, „ობრაზის“ შეცვლა მაკიაჟითო...
– კი, სხვათა შორის, ამას ყველა აღნიშნავს და საფრანგეთში ერთ პროექტში გადამიღეს კიდეც, რომელიც უნისექსის სტილში გაკეთდა. ბიჭის სტილში ვიყავი. ფოტოები გადამიღეს გარეთ, სველი თმით, მინუს ორ გრადუს ყინვაში. ყველა ამბობს, რომ ამ ფოტოებში ძალიან ვგავარ ბიჭს.
– ყველაზე მძიმედ რომელი გადაღება გახსოვს?
– მძიმედ არ ვიცი, მაგრამ ძალიან ვიხალისე, როდესაც საფრანგეთში, ერთ-ერთი ჟურნალისთვის, სპეციალურად ამ გადაღებისთვის მოწვეულმა ამერიკელმა ფოტოგრაფმა გადამიღო ფოტოები სათაურით „მედ ჰაუსქიფერ“, ანუ გიჟი დიასახლისი. ეს არის ძალიან ძველი ამერიკული ფილმი ორ ქალბატონზე, რომლის ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელს საოცრად მიმამსგავსეს. ერთი სიტყვით, გიჟის როლი უნდა მეთამაშა. მთელი დღე მხოლოდ იმას ვაკეთებდი, რომ დავხტოდი და ვყვიროდი. ფოტოგრაფი მეუბნებოდა, რაღაცეები ილაპარაკე, ემოციური იყავიო. ერთ-ერთ ფოტოსესიაში კი, უნდა მეჩვენებინა მოხუცი ქალი. შემდეგ ეს ფოტოები, რომ ვნახე გავგიჟდი, ვერც მივხვდი მე რომ ვიყავი. საერთოდ, მიყვარს თემატური გადაღებები, კარგად ვერთობი.
– აპირებ ამ მიმართულებით საქმიანობის გაგრძელებას?
– კი, რა თქმა უნდა. ჩემი კონტრაქტი ჯერ არ დამთავრებულა და ახლა შემოთავაზებული წინადადებებიდან საუკეთესოს ვარჩევთ, იქ ძალიან ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი, მაგრამ სიამოვნებით ვიმუშავებდი საქართველოშიც. ახლა ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ. თითქმის მთელი წელიწადია ჩემები არ მინახავს და ძალიან მომენატრნენ. სულ მალე ისევ სადმე წავალ.
– და, სად წახვიდოდი?
– რომელიმე ახალ ქვეყანაში. ძალიან მიყვარს ახალ ქვეყანაში ჩასვლა, პრაქტიკის მიღება. ახალ ქვეყანაში მუშაობის აბსოლუტურად სხვა სტილი და სპეციფიკა. ევროპის შემდეგ მივხვდი, რომ აზიაში სულ სხვაგან არიან.
ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ანა კოვაჩი:
– ვიცი, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დიზაინერი ხარ. როდის დაიწყე საქმიანობა?
– სხვათა შორის, ისეთ ასაკში, როდესაც არ უნდა დამეწყო, ანუ ძალიან ადრე. ვკერავდი, ვქმნიდი რაღაცეებს. თუმცა, როგორც ასეთი, პროფესიულად, სადღაც, 2002 წლიდან დავიწყე საქმიანობა, როდესაც პირველი ჩვენება გავაკეთე.
– ძალიან ბევრი ჩვენება გქონდა, მაგრამ მინდა ბოლო კოლექციაზე მიამბო, როგორი იყო ის?
– ბოლო კოლექცია ვაჩვენე „აჭარაში“, რომლისგანაც მაშინ მხოლოდ კარკასი იყო დარჩენილი. ბევრმა ადამიანმა თქვა, რომ დათუნას ჩვენება ნანგრევებში ჰქონდაო, რადგან მხოლოდ ბეტონის კედლები იყო დარჩენილი. თვითონ კოლექციაზე რა გითხრა, თუმცა მოსამზადებელი პერიოდი საშინლად მახსოვს. რასაც ვაკეთებდით და ვალაგებდით ყველაფერი ორ წუთში ინგრეოდა და ჭუჭყიანდებოდა. აღარც მეგონა თუ ის რამენაირად დალაგდებოდა. ძალიან ბევრი ვინერვიულეთ. მაგრამ საბოლოო ჯამში კარგი გამოვიდა, ძალიან მოუხდა იმ სივრცეს ის სამოსი, რაც ვაჩვენეთ. თუმცა, ერთ რამეს მივხვდი, მსგავს ადგილას ჩვენებას აღარასდროს გავმართავ. (იცინის) საერთოდ, ჩვენებისთვის მზადება ძალიან მიყვარს, ეს ქაოსი, სირბილი, დარბაზების ძებნა, ყველაფერზე ფიქრი, მაგრამ ბოლო დღეს იმდენად ვითიშები ხოლმე, მერე აღარაფერი მახსოვს. ეტყობა, ემოციურად იმდენად ვიღლები, ისე ვნერვიულობ, რომ ბოლოს გონება მეკეტება. კადრებად მახსოვს ხოლმე ყველაფერი.
– ძალიან დიდი ხანია ჩვენება აღარ გქონია, რატომ?
– იცი რა, თავიდან ძალიან ბევრი შეკვეთა მქონდა და საკოლექციო სამოსისთვის ვეღარ ვიცლიდი. გასულ ზაფხულს და მას შემდეგ კი ქვეყანაში ისეთი სიტუაცია იყო, არავის „ეპაკაზებოდა“. ამის არც ხალისი იყო და არც საშუალება. ახლა კი სერიოზულად ვფიქრობ ჩვენების გამართვაზე, რომლისთვისაც კოლექციის შექმნა უკვე დაიწყო.
– იმედია, მეც მიმიწვევ.
– აუცილებლად. თუ იმ დროს საქართველოში იქნები ჩემს ჩვენებაზე გამოხვალ. (იცინიან).
– ძალიან კარგი. მომიყევი სხვა რა გიტაცებს, რას საქმიანობ ამის გარდა?
– მოგზაურობა. ეს არის ის, რაც მავსებს და მეხმარება, რომ ახალი იდეებითა და შთაბეჭდილებებით დავიმუხტო. ყველგან ვამბობ და სულ ვიტყვი, რომ ჩემთვის პარიზი ყველაფერია და იქ ჩასვლა არასდროს მომბეზრდება. ძალიან მიყვარს ქუჩებში სიარული, ყველაფერს ვნახულობ. ვგიჟდები, რა სახელებს არქმევენ ამა თუ იმ ადგილს – პურის სასახლე, შოკოლადის კაფე. საინტერესო სახელებია. გარდა ამისა, ყველა მაღაზიაში შევდივარ, ვგიჟდები იქაურ მაღაზიებზე. ძალიან მაგარი იყო „ჰერმესის“ მაღაზია, ასეთი ინტერიერი არსად მინახავს.
– დღესდღეობით დიზაინერები განათლებას იღებენ და ამის შემდეგ ქმნიან მოდის სახლებს. თუმცა, ძირითადი დატვირთვა მაინც მოდის სახლებში მუშაობაზე მოდის. ყველა ამბობს, რომ სწორედ სხვის მოდის სახლში მუშაობისას ისწავლა ის მთავარი თავის პროფესიაში, რაც შემდეგ გამოადგა. შენ იმუშავებდი სადმე?
– მართალია, ყველა ასე იწყებს, მაგრამ მაინც ვფიქრობ, როდესაც რომელიმე მოდის სახლში უბრალოდ მუშაობ, შენ ერთი ჩვეულებრივი მუშა ხარ. უნდა გააკეთო ის, რაც მთავარ დიზაინერს მოუვა აზრად. რა თქმა უნდა, არ ვამბობ იმ შემთხვევებზე, როდესაც კრეატიული დირექტორის უშუალო ასისტენტი ხარ და შენს მიერ შექმნილი ესკიზები კოლექციის ნაწილი ხდება. თუ ასეთ სამუშაოზე მიდგა საქმე, სიამოვნებით ვიმუშავებდი „შანელთან“ და „ბალენსიაგასთან“. სხვათა შორის, ახლა ვაპირებ პარიზში წასვლას რაღაც ტურით, რომელშიც ყველა მსხვილი მოდის სახლის დათვალიერება შედის. უყურებ როგორ მუშაობენ, როგორ კეთდება ეს სილამაზე. ტურის ბოლოს კი გაქვს ორსაათიანი ვახშამი რომელიმე ცნობილ დიზაინერთან, და შეგიძლია, ნებისმიერი კითხვა დაუსვა.
– კარგი. ცოტა ხნით დავანებოთ თავი მოდას. და-ძმა თუ გყავს?
– კი, ერთი ძმა მყავს, ლევანი, რომელიც ჩემზე ორი წლით უფროსია.
– ის სხვა სფეროში მოღვაწეობს?
– კი. აბსოლუტურად განსხვავებული ტიპები ვართ, განსხვავებული ინტერესებით. ვერ გეტყვი, რომ ერთმანეთს ვერ ვუგებთ ან რაღაც მსგავსი, გადასარევი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ის სულ სხვაგან არის და მე სულ სხვაგან. სხვათა შორის, ზოგი გვეუბნება, რომ გარეგნულად ჰგავხართ ერთმანეთსო, მაგრამ რომ ვუყურებ მსგავსებას ვერ ვპოულობ.
– ძაღლი გყავს, თან ძალიან სასაცილო. როგორც ჩანს ცხოველები გიყვარს.
– ძალიან. მთელი ცხოვრება სულ მყავდა რომელიმე შინაური ცხოველი, მაგრამ მას შემდეგ, რაც მარტო გადავედი საცხოვრებლად და ჩემთან ერთად უკვე ბობოც ცხოვრობს, მივხვდი თუ რა რთულია მისი მოვლა. ადრე ჩემს შინაურ ცხოველებს ხან დედაჩემი ასეირნებდა, ხან ვინ, ხან – ვინ. ახლა კი მთლიანად ჩემი მოსავლელია, უნდა ვაჭამო, გავასეირნო და ეს რთულია. ძალიან განვიცდი იმასაც, თუ არ მცალია და ბობო უყურადღებოდ მყავს დატოვებული.
– მითხარი, ვინ არის შენი ქალის იდეალი?
– იცი როგორ არის?! ყველა ლამაზი და ცნობილი ქალი თავისებურად გამორჩეული იყო, ანუ რაღაც ჰქონდა განსაკუთრებული. იგივე ოდრი ჰეპბერნი, მარლენ დიტრიხი ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავდებოდნენ, მაგრამ თან ძალიან ლამაზები იყვნენ. მუზები და იდეები ამა თუ იმ კოლექციაზე არ მოდის რომელიმე კონკრეტული ქალისგან, უბრალოდ მინდა ხოლმე რომ ნებისმიერ ქალს იდეალურს ვხედავდე. ანუ ზოგადად, ქალზე ვფიქრობ და არა იმაზე, რომ ყველა ქალბატონი, რომელიც ჩემს სამოსს ჩაიცვამს ოდრი ჰეპბერნს ან პენელოპა კრუზს დავამსგავსო.
– ძალიან სასიამოვნო იყო შენთან ინტერვიუს ჩაწერა, მინდა წარმატებები გისურვო და დიდი იმედი მაქვს, თუ თბილისში ვიქნები, შენს კოლექციას არაჩვეულებრივად ვაჩვენებ.
– ამაში დარწმუნებული ვარ.
სალომე გველესიანი