ნიჭიერი და ლამაზი ქართველი ახალგაზრდები საქართველოდან მიდიან
ნოდიკო ტატიშვილის ლონდონური წარმატებების შესახებ მკითხველმა უკვე იცის. თუმცა, კიდევ ერთი, ასევე ძალიან ნიჭიერი ვაჟა მანიაც ინგლისისთვის ემზადება. სხვათა შორის, ვიზა, სულ რაღაც, გასულ კვირას მიიღო. არადა, ძალიან პრესტიჟულ მუსიკალურ სკოლაში გამოცდები უკვე ჩაბარებული ჰქონდა და მის ჩასვლას ელოდებოდნენ. თავდაპირველად, ვაჟა ბორმუთში ჩავა, სადაც ენის შემსწავლელ სკოლაში თავის ინგლისურს გააუმჯობესებს, რომელიც ისედაც გადასარევად იცის. შემდეგ კი უკვე ლონდონის „ვოკალ ტეკში“ მუსიკალურ ცოდნას აიმაღლებს. ერთი წლის შემდეგ კი, რა შეიცვლება ვაჟას ცხოვრებაში – დაბრუნდება საქართველოში თუ იქ გააგრძელებს თავის კარიერას, არ ვიცი. მისი საბოლოო მიზანი მაინც ნიუ-იორკია, ჯაზის სამშობლო, სადაც ვაჟა, დარწმუნებული ვარ, ჩავა და ჯაზის „აკვანშიც“ კი აღაფრთოვანებს მსმენელს. აქვე ისიც გავიგეთ, რომ ქართველი ლამაზმანი მარიტა ჯანაშია, მინიმუმ სამი თვით, მილანში, პრესტიჟულ სააგენტოში მიდის სამუშაოდ. მარიტას შანსი მიეცემა მონაწილეობა მიიღოს მილანის „ფეშენ-ვიქში“ და სხვა პრესტიჟულ ჩვენებებსა და ღონისძიებებზე. წარმატებებს ვუსურვებ ყველა ნიჭიერ ახალგაზრდას და თან ვიმედოვნებ, რომ ისინი თავიანთ მოღვაწეობას საქართველოში გააგრძელებენ.