ვინ შექმნა მოსკოვში არბატზე ქართულ-გლამურული „სამოთხე” და რატომ გადაწყვიტა იქ ირაკლი ფირცხალავამ შვილის დაბადების აღნიშვნა
აჩი ფურცელაძე: რუსეთში, თავს წარმატებულ ადამიანად მივიჩნევ. ჩემს საქმეს ვაკეთებ, მშვიდად და წყნარად ვცხოვრობ, არც მეგობრებს ვივიწყებ, დედასაც ვუგზავნი თბილისში ფულს და მეუღლისთვისაც მრჩება იმდენი, რომ საჩუქრებით გავანებივრო. მართალია, ჯერ იმდენი ფული ვერ ვიშოვე, საკუთარი ბინა შევიძინო, მაგრამ, იმედია, ამასაც მოვახერხებ. მოსკოვში რომ ბინა იყიდო, სერიოზული ფული უნდა გქონდეს, ჯერჯერობით ამდენი არ მაქვს, მაგრამ ვიშოვი (იცინის). საქართველოში ყველაფერს მივაღწიე, მაგალითად პოპულარული, ცნობილი და წარმატებული წამყვანი ვიყავი, მაგრამ მაინც აქ ვარჩიე წამოსვლა. ვფიქრობ, მოქალაქეობაც მივიღო, რომ ვიზის პრობლემა მოვაგვარო. თუმცა, ჩემს თბილისს ვერაფერი შემიცვლის. მაგრამ, მე ჩემს თავს თბილისში ჯერ ვერ ვხედავ. არ დამავიწყდება, ყური რომ გავიხვრიტე, ერთი ამბავი ატყდა და მთელი თბილისი ჩემს ყურზე ლაპარაკობდა. აქ ამაზე არავინ გაამახვილებს ყურადღებას. რა ვქნა, მიყვარს სამკაულები. თითქმის ყველა ქართველ მეფეს ეკეთა საყურე, მაგრამ მათ ორიენტაციაზე ვინ რას ამბობს? მე გავხდი სალაპარაკო? მომწონს და მიკეთია.
– ესე იგი, მიგაჩნია, რომ საქართველოში საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენა შეძელი და ახლა რუსეთის დაპყრობას გეგმავ?
– არა, შესაძლებლობების მაქსიმუმი, არც საქართველოში ამომიწურავს. მაგრამ, მანდ როგორც მომღერალს, არავინ მაღიარებდა. უბრალოდ, რადიო და კონცერტების წამყვანად მთვლიდნენ. ანუ, წამყვანის და შოუმენის ამპლუა მომარგეს და მომღერლად ნაკლებად მიმიჩნევდნენ. აქ კი ვმღერი კიდეც, ხმის რეჟისორიც ვიყავი კლუბში, ვუკრავ და კონცერტებიც მიმყავს. გული მწყდება, რომ ჩემი სოლო კარიერა საქართველოში არ შედგა. შეიძლება, ეს ცოტა ჩემი სიზარმაცის გამოც მოხდა, ვერ გეტყვით.
– რუსეთში თუ დაიმკვიდრე შენი ადგილი და დაძლიე ეს კარიერული სიზარმაცე?
– რასაკვირველია, აღარ ვზარმაცობ. აბა, ისე არაფერი გამოვა (იცინის). ჩემს ოჯახს რჩენა ხომ უნდა? თან, აქ უფრო მეტი გასაქანია, დიდია შოუ-ბიზნესის ბაზარი და შესაბამისად, ნიჭიერ ხალხზე მოთხოვნაც მეტია.
– აჩი, ის კლუბი, სადაც ადრე მუშაობდი, დაიწვა და უმუშევარი დარჩი. რომ იტყვიან, ეკონომიკური კრიზისი შენც გადმოგწვდა. თუ იშოვე ახალი სამსახური?
– მართლაც, ის კლუბი – „ოპერა” სადაც მე ვმუშაობდი, მოსკოვში ერთ-ერთი ელიტური იყო და ცნობილი საუკეთესო კლუბების ხუთეულში შედიოდა. ჰქონდა თავისი კარაოკე-კლუბი, სადაც ხმის რეჟისორად ვმუშაობდი და ასე ვთქვათ, მნიშვნელოვან როლს ვასრულებდი კლუბში. კომფორტულადაც ვიყავი. რუსული შოუ-ბიზნესის ცნობილი ვარსკვლავები დადიოდნენ და მათაც დავუახლოვდი. მარტო ხმის რეჟისორის ამპლუა არ მქონდა „ოპერაში”, იქ ვმღეროდი კიდეც და ცნობილ რუს მომღერლებთან დუეტებსაც ვასრულებდი. არ დამავიწყდება, ერთ დღეს მე და ლოლიტამ შემთხვევით ვიმღერეთ დუეტში და ისე მოეწონა ეს, იმ დღის შემდეგ ხშირად მოდიოდა და ერთად ვმღეროდით. ასევე, „ტატუს” ერთ-ერთ სკანდალურ სოლისტ გოგონასთანაც ვასრულებდი სიმღერებს. დიმა კალდუნიც ხშირი სტუმარი იყო და მასთანაც ვმღეროდი. სამწუხაროდ, ეს კლუბი დაიწვა. ამბობენ, კონკურენციის გამო, კრიზისის პერიოდში, სხვა კლუბების ხელმძღვანელებმა მოაწყვეს ეს ხანძარი და ჩაძირეს „ოპერაო”, მაგრამ მე ზუსტად ვერაფერს გეტყვით. მოკლედ, დავრჩი უმუშევარი და მადლობა ღმერთს, არბატზე, გაიხსნა პატარა კაფე, სადაც ქართული სამზარეულოა წარმოდგენილი და ძალიან სასაცილო მენიუა. მაგალითად, რაღაც-რაღაცეებში შემწვარ წიწილას ჰქვია „მოუჩინჩლავი ვარია” (იცინის) და თქვენ წარმოიდგინეთ, ასე წერია მენიუში, ოღონდ რუსული ასოებით.
– მერე, რუსები უკვეთავენ ამ კერძს?
– რომ წაიკითხავენ, გვეკითხებიან, ეს რას ნიშნავს, რა კერძიაო. ჩვენც ვპასუხობთ, ეს არის საფირმოდ შემწვარი წიწილაო და რომ გადავუთარგმნით მოუჩინჩლავს, იგუდებიან სიცილით. მაგრამ, ისე ინტერესდებიან, ყველა უკვეთავს და სპეციალურად მის დასაგემოვნებლადაც დადიან ხშირად. უგემრიელესი ხინკალი, მწვადი და ქაბაბი გვაქვს და ქართული „ბორჯომით” და ღვინით მიდის გრიალი ყოველ საღამოს.
– ვინ გახსნა ეს კაფე ახალ არბატზე და რა ჰქვია მას?
– ერთ-ერთმა ფულიანმა ბიზნესმენმა, კარგმა ქართველმა გახსნა ეს კაფე ახალ არბატზე და ჯერ მარტო „კაფე” აწერია. ალბათ, მალე სხვა სახელით შეიცვლება ეს წარწერა. თან, მას დაამატა ღია ვერანდა და ულამაზესი გლამურული სიტუაცია შექმნა. ამ ქართულ-გლამურულ კაფეში, არბატზე, ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი დადის ჩვენი ეროვნული კერძებისა და სასმელების დასაგემოვნებლად. უნდა ნახოთ, როგორი მოთხოვნაა აქ ქართულ ღვინოსა და „ბორჯომზე”. თან, საუკეთესო ხინკალი მთელ მოსკოვში, მარტო ჩვენს კაფეში კეთდება. ჩემს მეუღლეს, ლენკას, ძალიან მოსწონს ქართული სამზარეულო და გიჟდება თონის პურზე, რომელიც აქვე ცხვება, თონეში. ვხუმრობთ ხოლმე, არბატზე, რუსთაველის გამზირი გავხსენით ქართველებმაო (იცინის).
– შენ რას აკეთებ ამ ქართულ „სამოთხეში”?
– მიუხედავად სიტუაციისა, აბსოლუტურად განსხვავებული მუსიკა ჟღერს ამ ქართულ „სამოთხეში” არბატზე. იქ მოუსმენთ ჯაზს, ბლუზს, „თბილისოს“ და ასე შემდეგ. მე და „იუმორინელი” – ადამიანი-ორკესტრი, როგორც მე მას ვეძახი, ლევან შენგელია ვუკრავთ, „ნუცას სკოლელი” სალომე დოლიძე კი მღერის. ვხუმრობთ ხოლმე, ქართულ „მოუჩინჩლავს” ძალიან უხდება ბლუზიო (იცინის). ასე რომ, საკონცერტო რეპერტუარი გვაქვს და მაგრად „ვაჯაზებთ“ ქართულ-ევროპულ „სამოთხეში” შუაგულ რუსეთში. ცნობილმა ტელეწამყვანმა იანამ, დაბადების დღე გადაიხადა ჩვენთან და უნდა გენახათ, რა დღეში იყვნენ რუსი „სვეტსკი” და ელიტური „ნაშობა”. თავზე დაიმხეს ყველაფერი. ქართული ღვინო რომ გაუჯდათ სისხლში, ისე მოულხინეს, ყველას ყველა უყვარდა და ყველა ყველას ახლობელი გახდა. სხვათა შორის, ეს ის იანაა, რომელიც ხშირად დადის პრეზიდენტ მედვედევთან ინტერვიუზე და ამბობენ კიდეც, მისი პირადი ჟურნალისტიაო. ძალიან დავახლოვდით მე და იანა და როცა მოდის, სულ ითხოვს, „თბილისო” და „არგო” იმღერეთო. ძალიან ბევრი მომღერალი, რეჟისორი და მსახიობი დადის აქ.
– ქართველი მომღერლები, რომლებიც რუსეთში მოღვაწეობენ, თუ მოდიან თქვენთან? და, რა ურთიერთობა გაქვს მათთან?
– როგორ არა. მაგალითად, გახსნის დღეს აჩიკო მეფარიძე და თემურ თათარაშვილი მოვიდნენ და სიამოვნებით დააგემოვნეს ქართული, ტრადიციული კერძები. აქ ქეთა თოფურიასაც ვეკონტაქტები, მაგრამ სულ დაკავებულია და არ სცალია ხშირად ჩემთან საჭორაოდ (იცინის). ასევეა, სოსო პავლიაშვილი, სულ გადარბენაზეა, მაგრამ მაინც ვიცლით ერთმანეთის მოსაკითხად. მაგარი ჯიგარი ვინმეა, ყველაფერს ასწრებს და არავინ და არაფერი ავიწყდება. დათო ხუჯაძესთან, გიგა კვენეტაძესთან, კოტიკო ნონიკოვთან, ირაკლი ფირცხალავასთან ვკონტაქტობ ხშირად. სხვათა შორის, ირაკლის, ერთი კვირის წინ შვილი შეეძინა – პატარა ილია და ისეთი გახარებული მოვარდა კაფეში, უნდა გენახათ. დაჯდა და მეგობრებთან ერთად კარგად ჩაუქეიფა. ირაკლი ხშირად დადის ქართულ კაფეში. ფეხმძიმე ცოლთან ერთადაც იყო მოსული, რამდენიმე დღის წინ. ასე რომ, ილია ქართული ღვინით გემრიელად დავლოცეთ.
– თავად, არ აპირებ თბილისში ჩამოსვლას?
– ვიზას დრო გასდის, მისი გაგრძელება მინდა და ვფიქრობ, ლენკაც წამოვიყვანო, თუ დრო გამონახა და სხვაგან არ წავიდა დასასვენებლად. ძალიან უნდა, თავად საქართველოს ნახვა. 16 აგვისტოს, დაბადების დღე ჰქონდა ელენეს. ვიფიქრე, რითი გავახარო-მეთქი. ავდექი, ოქრომჭედელს ოქრო მივუტანე და სამაჯური გავაკეთებინე ბრილიანტის თვლებით. თან, ზედ ამოვატვიფრინე ჯვარი და ძველი ქართული ასოებით – „გფარავდეთ ღმერთი”. დილით, რომ გაიღვიძა, მივულოცე და ეს სამაჯური მივართვი ერთ ცალ წითელ ვარდთან ერთად საწოლში, გადაირია სიხარულით. ასეთ სამაჯურს, მეც ვატარებ.