ვის არ უხსნის კარტებს ნინი დედალამაზიშვილი და როგორ შემოიჭრა 25 წლის ასაკში მის ცხოვრებაში პირველი სიყვარული
ნინი დედალამაზიშვილი: მინდა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა თქვენი საშუალებით სოფო ხალვაშს, გიგი ბერიშვილსა და ჭაბუკა ამირანაშვილს, რომლებმაც აბსოლუტურად უსასყიდლოდ გაგვიკეთეს ახალი სიმღერა, ნუკი ბერიშვილის დახმარებით. კომპოზიტორია თათია ხელაია, რომელმაც საზაფხულო განწყობის სიმღერა გააკეთა.
– ვინ მღერის შენთან ერთად?
– მე, თათია ხელაია და აჩო მაზმიშვილი ვმღერით. სიმღერა გუშინ (13 აგვისტოს) გამოვიტანეთ სტუდიიდან და ვინც მოისმინა, ყველას მოეწონა. ეს პირველი სიმღერაა ჩემთვის, რომელიც გიგის გარეშე ჩავწერე. ჩემმა მეგობრებმა ერთ დღეში გაავრცელეს და ძალიან მიხარია, რომ მოსწონთ და ამით მიხალისებენ ზაფხულს, რომლის გატარება თბილისში მიწევს.
– თბილისში რატომ გიწევს ზაფხულის გატარება?
– მთელი ცხელი აგვისტოს გატარება აქ მიწევს, რადგან მუშაობა დავიწყე. ეს არის „ჯეოსელი” და ამერიკული კომპანია „ოპენ რევოლუშენი,” რომელიც ახალ ინოვაციას გეგმავს საქართველოში. არც მჯერა ისეთ ადამიანებთან მიწევს მუშაობა. გარი და მაიკლი არიან, რომლებმაც ვიზა-ელექტრონიქსის სისტემა შექმნეს მსოფლიოში.
– ნინი, საკმაოდ აქტიური ცხოვრებით ცხოვრობ.
– სხვანაირად არ შემიძლია, 16 წლიდან ვმუშაობ.
– იმ ადამიანებთან თუ შეგიძლია მეგობრობა, რომლებსაც ძალიან პასიური ცხოვრება აქვთ და ყველაფერი ეზარებათ?
– სხვათა შორის, ჩემი სამეგობრო იმით არის გამორჩეული, რომ ყველა სხვადასხვანაირი ტიპია. ზოგი ძალიან ზარმაცია, ზოგი პირიქით – აქტიური, ზოგი ძალიან რომანტიკულია, ზოგიც – რეალისტი და ასე შემდეგ. ალბათ, ჩვენი მეგობრობის მთელი ხიბლიც ის არის, რომ პლუს-მინუსი ერთმანეთს ავსებს. მიმაჩნია, რომ ორი ძალიან აქტიური ადამიანი ერთმანეთს აუცილებლად დაღლის, ჩვენ კი ხშირად ვაბალანსებთ ერთმანეთს. გაგიკვირდება და რამდენადაც აქტიური ვჩანვარ, რაღაც სიტუაციებში ძალიან ზარმაცი ვხდები. ახლაც ვერ ვეგუები, რომ ყოველ დილას ათის ნახევარზე მიწევს ადგომა.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– პირად ცხოვრებაში რაღაც ცვლილებები მაქვს. მე თვითონაც ვერ ვხვდები, ჯერ რა არის ეს და სახელს არ ვარქმევ, მაგრამ გრძნობა აშკარად ღვივდება. ერთი თვეა რაც მე თვითონ ვერ გავიგე რა ხდება ჩემს თავს.
– ვინ არის ის ადამიანი?
– ცნობილი არ არის, უბრალოდ ძალიან კარგი ადამიანია. თან, რაც მთავარია, აღმოვაჩინე, რომ ეს ყველაფერი მეგობრობის ხარჯზე ხდება და არანაირ პასუხისმგებლობას არ ვაკისრებთ ერთმანეთს.
– ბიჭებმა თუ გაიგეს ეს ამბავი? მახსოვს, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეს, ვინც შენი რჩეული გახდებოდა, თუ რისი გავლა მოუწევდა მას.
– ეს ისეთია, „მგზავრებს” ნამდვილად გაუძლებს. ისე სიმართლე თუ გინდა გითხრა, მგონი, ბიჭებმა დამაბერეს. ვინც კი ჩემს გვერდით დაინახეს, ყველაში ნაკლს ეძებდნენ. მეც ვითვალისწინებდი მათ რჩევას და ბოლოს აღმოჩნდა, 25 წლის ისე გავხდი, შეყვარებული არ მყოლია. თან, ახლა მარტო ვარ სახლში, ბიჭებს ტურნე აქვთ, ოჯახი დასასვენებლადაა და პირველად ცხოვრებაში, თვითონ ვიღებ გადაწყვეტილებებს.
– ერთმანეთს როდის უნდა გააცნო ბიჭები და შენი რჩეული?
– არ ვიცი, ჯერ ჩვენ თვითონ შევთანხმდებით ყველაფერზე და მერე. მე ისეთი ვარ, ცოტა თუ გაპასიურდა, საერთოდ დამავიწყდება ოდესმე თუ მომწონდა. თუ აქტიურ ურთიერთობას განაგრძობს, მაშინ გავაცნობ.
– თქვენ სად გაიცანით ერთმანეთი?
– ერთმანეთი სრულიად შემთხვევით და ძალიან სასაცილოდ, ჩემი მეგობრის აგარაკზე, მუხაწყაროში გავიცანით. ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევა, გაცნობისას ცუდი თვალით შემიხედავს ვინმესთვის და მერე, აღმოჩნდება რომ ის რეალურად, ძალიან მაგარი ადამიანია. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. ვთქვი, ცხოვრებაში ასეთ ბიჭს არ შევხედავ-მეთქი, მერე კი, აბსოლუტურად, პირიქით მოხდა ყველაფერი. ერთმანეთს ყველაფერზე ვეკამათებოდით, მაგრამ თურმე საერთო აზრიც გვქონია.
– რა პროფესიისაა?
– თვითნასწავლი მხატვარია. სულ შემთხვევით ვნახე მისი ნახატები და ძალიან მომეწონა. ამიტომ, ის ჩემს თვალში მართლა არაჩვეულებრივი მხატვარია და მის დიპლომიან პროფესიას არ ვაღიარებ. თუ მხატვრობას სერიოზულად მიუდგება, ვფიქრობ, ძალიან ბევრს მიაღწევს. უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან თავმდაბალი ადამიანია.
– ურთიერთობის პირველ ეტაპზე ხართ როცა თავს აწონებენ ერთმანეთს. სიურპრიზებიც გაქვთ?
– კრიატივი როგორ გვაკლია, არ იცი. ჩემს ახალ სიმღერაში არის ტექსტი „დამიჭერ, გამიხარდება...” ჰოდა, თუ დამიჭერს, გამიხარდება. ჩავთვალოთ, რომ ახალი სიმღერა ჩემი მხრიდან სიურპრიზი იყო მისთვის. მართალია, ეს სიმღერა სპეციალურად მისთვის არ ჩაწერილა, მაგრამ მისია. გადმოვხტეთ და თუ დავიჭერთ ერთმანეთს, კარგი იქნება.
– თვითონ თუ მღერის?
– როგორც ასეთი, სერიოზულად არ მღერის. მაგრამ, ხომ იცი, თბილისში მაინც ყველა მღერის.
– „მგზავრების” მსმენელი თუ არის?
– პირველად მისგან იცი, რა გამიკვირდა? ადრე, სადაც მივდიოდი, ყველგან, ვაიმე, გიგის და ხარო, მეუბნებოდნენ. ამან კი არ შეიმჩნია, ვითომ საერთოდ არ იცოდა, ვინ ვიყავი. ამ დროს, არ არსებობს, რომ არ სცოდნოდა ეს. ურთიერთობის პირველ ეტაპზე, ალბათ, ასეც ხდება. ყველა კარტს არ ხსნი? საინტერესოა. ყოველ შემთხვევაში, მან ის ნამდვილად მოახერხა, რომ ვაღიარებ, ვიღაც სერიოზულად მომწონს-მეთქი.
– მოკლედ, ეს ზაფხული ძალიან აქტიური და სიახლეებით სავსე აღმოჩნდა შენთვის: ახალი სამსახური, ახალი სიმღერა, ახალი ადამიანი პირად ცხოვრებაში.
– ჰო, ასეა და ძალიან მიხარია. პრინციპში, დიდად იმასაც არ განვიცდი, რომ ახლა ზღვაზე არ ვარ. ივლისში ვიყავი იქ ჩემს მეგობრებთან ერთად და ძალიან კარგად დავისვენე. ასევე სასწაული სიურპრიზი მოვუწყვე ჩემს მეგობარს – არ მელოდებოდა და ეგონა, კონცერტის მერე თბილისში ისე გადმოვფრინდებოდით, ვერ ვნახავდი და დაბადების დღეს ვერ მივულოცავდი. ღამის 12 საათზე სიურპრიზი მოვუწყვე და უამრავი ბუშტით შევხვდი. მოკლედ, აგვისტო ივლისში მოვიწყვე და ძალიან დადებითი ემოციით დავიტვირთე.
– „მგზავრების” კონცერტი თუ იგეგმება ახლო მომავალში?
– ახლახან ქობულეთში ჰქონდათ ბიჭებს კონცერტი. მე, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე წასვლა, რადგან იმ დღეს გავედი სამსახურში. კონცერტმა ძალიან კარგად ჩაიარა. ბილეთები ორი დღით ადრე გაყიდულა. ვგეგმავთ კლიპის გადაღებას, რომელსაც დათო ჭაბაშვილი გადაიღებს. ამ კლიპის აღმასრულებელი პროდიუსერი, ოთო ედიშერაშვილთან ერთად, მეც ვარ. სექტემბერში ვიწყებთ კლიპის გადაღებებს, სიმღერაზე „გაიღვიძა ბუნებამ.” ამ კლიპზე ჯერ საერთოდ არსად არაფერი გვითქვამს, პირველად თქვენ გეუბნებით.