კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ნესტან კირთაძის ქალიშვილი „შპიონი” და სად ასწავლიან მას მასებზე ზემოქმედების ხელოვნებას


ანა რეხვიაშვილი: ძალიან მინდა, ჩვენი საუბარი ექსკლუზიური ინფორმაციით დავიწყოთ. ჩამოყალიბდა ქართველთა საერთაშორისო ახალგაზრდული მოძრაობა „ივერიელნი – თაობა საქართველოს მომავლისათვის”. ამ მოძრაობაში ერთიანდებიან და გაერთიანდებიან საქართველოს და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მცხოვრები და მოღვაწე ქართველი ახალგაზრდები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქართული მეცნიერების, ხელოვნების, კულტურის, ტრადიციების პოპულარიზაცია მთელ მსოფლიოში. ამასთან ერთად, მიზნად დავისახეთ, ჩვენი პროფესიონალიზმით, კავშირებით, შეძლებისდაგვარად, დავეხმაროთ ჩვენს სამშობლოს მისი პრობლემების დარეგულირებაში. სხვათა შორის, ჩვენი პროექტი იყო ხანძრისგან დაზარალებული მოსკოველი ბავშვების საქართველოს კურორტებზე ჩამოყვანა. ასეთი შემრიგებლური ნაბიჯი მთელი მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო საშუალებებით გაშუქდა, სადაც ხაზს უსვამდნენ ქართველთა ტოლერანტობას და შემწყნარებლობას.

– ვიცი, რომ თქვენი განათლება მოსკოვის დიპლომატიური აკადემიით არ შემოიფარგლება.

– რა თქმა უნდა. თან, ეს სკოლა ისედაც მეორადი უმაღლესი განათლებაა. „დიპაკადემიაში” რომ ჩაირიცხო, უკვე უნდა გქონდეს რომელიმე პრესტიჟული უნივერსიტეტის დიპლომი. მივიღე კლასიკური ქართული განათლება. დავასრულე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. რაც შეეხება ინგლისს, ვსწავლობდი კემბრიჯის უნივერსიტეტის ენების აკადემიაში და როდესაც უცხოელები ყურადღებას აქცევენ ჩემს ბრიტანულ ინგლისურს, ეს სწორედ ამ პერიოდის დამსახურებაა. თქვენ იცით, რომ რამდენიმე წელი ვცხოვრობდი ლონდონში მეუღლესთან და შვილთან ერთად. ჩავაბარე კიდევაც ლონდონის ვესტ მინსტერის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. თუმცა, სამწუხაროდ, საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანე, ვგულისხმობ სადოქტორო დისერტაციას და სხვა, ვინაიდან ოჯახთან ერთად საქართველოში ჩამოვედი საცხოვრებლად. ცალკე აღნიშვნის ღირსია, ბონის გუსტავ შტრეზენმანის სტრატეგიული კვლევითი ინსტიტუტი, რომლის ლიდერთა საზაფხულო აკადემიის წევრი ვარ ბოლო ხუთი წელია. ეს არის შესანიშნავი ევროპული ცენტრი, სადაც ევროპისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იწვევენ საუკეთესო პროფესორებს და გვიკითხავენ ლექციებს დიპლომატიასა და საერთაშორისო ურთიერთობებში. ჩვენ გვაქვს შეხვედრები და ურთიერთობები ბრიუსელში, ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან, ვხვდებით ევროკავშირის პოლიტიკურ ლიდერებს, გვაქვს შეხვედრები ლისაბონში, ასევე ვხვდებით ევროსასამართლოს წარმომადგენლობას, შეხვედრები ტარდება სტრასბურგში.

– მითხარით, როგორია სწავლა „დიპაკადემიაში“?

– საშინლად რთული, ის რადიკალურად განსხვავდება ყველა იმ ინსტიტუტისა თუ სკოლისგან, რომელიც მთელი ევროპის მასშტაბით, დამიჯერეთ, საკმაოდ დიდი რაოდენობით მინახავს. თავი მესამე კლასში მგონია, როდესაც გაცდენების გამო სკოლიდან გაგდებდნენ და „ხუთიანებს“ წერდნენ. ჩემი მოსკოვური დილა შვიდ საათზე იწყება, „ალ ჯაზირასთან” ან „რაშა თუდეისთან” ერთად. აუცილებლად უნდა იცოდე ყველა „ნიუსი“ მსოფლიო მასშტაბით, რადგან პირველი ლექცია ენისაა და მასზე სწორედ „ნიუსებს“ განვიხილავთ ინგლისურად. საქმე ეხება არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ ისტორიულ, სამეცნიერო, კულტურულ და სპორტულ ამბებსაც კი, რათა გლობალურად იცოდე, რა ხდება დედამიწის ზურგზე. ცხრა საათისთვის უკვე უნდა იყო აკადემიაში. ძალიან ლამაზი შენობაა. სხვათა შორის, ყველას საკუთარი გარდერობი გვაქვს. ჩაცმასთან დაკავშირებითაც შეზღუდვებია. ჯინსებით და კედებით ვერ მიხვალ, აუცილებლად უნდა იყო კლასიკურ, დიპლომატიურ „აუტფიტზე”, „ფრანცუსკები” და თავიდან ბოლომდე მოწესრიგებული. ზამთარშიც შეფუთულ-შეხვეული თუ მიხვალ, ყველაფერს გარდერობში ტოვებ და თხლად ჩაცმული შედიხარ ლექციაზე. თუ ცოტა დრო გაქვს, მეოთხე სართულზე ძალიან საყვარელი კაფე გვაქვს და შეგიძლია, ყავაც დალიო. ცხრა საათზე იწყება ლექციები პირველამდე, შემდეგ ერთი საათი შესვენება ლანჩზე და ორიდან ხუთ საათამდე ისევ მკაცრ გრაფიკში მიმდინარეობს ლექციები. მთელი წლის განმავლობაში 48 საათის გაცდენაზე აკადემიიდან ირიცხები. სხვათა შორის, ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრ, ბატონ გრიგოლ ვაშაძესაც „დიპაკადემია” აქვს დამთავრებული.

– ინგლისური, ალბათ, თქვენთვის წყალივით სასაუბროა?

– ინგლისურად ვსაუბრობთ თითქმის ყველა ლექციაზე. ნიუსებთან დაკავშირებით ერთმა სტუდენტმა იკითხა, რად გვინდა ამდენი უსარგებლო ინფორმაციაო და ჩვენი ლექტორი ასეთ ამბავს მოყვა: მეოთხე კურსელები მოლდოვეთში გავუშვით. კონფერენცია ფართით დასრულდა. „რედისონში“ მიღება იყო, ყველა გახარებული და ბედნიერი ჩანდა. მოვიდა ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც ჰკითხა მათ, როგორ მოგწონთ აქაურობა, როგორ ერთობითო. მოკლედ, ცოტა ხანს ილაპარაკეს და ეს კაცი ეუბნება, თქვენ საიდან ხართო. ამათ უთქვამთ „დიპაკადემიის“ სტუდენტები ვართ და თქვენ ვინ ბრძანდებითო. მე – მოლდოვეთის პრეზიდენტიო (იცინის). ასეთი რაღაცეები კი არ შეიძლება, სტუდენტსაც რომ დაემართოს. ინგლისურის გარდა, კიდევ უნდა სწავლობდე ერთ დამატებით ენას, რომელსაც თავად ირჩევ. თავიდან იაპონური ავირჩიე, რომელიც უფრო დახვეწილად მეჩვენა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ დეპრესია დამემართა და ესპანურით ჩავანაცვლე, რომელიც არანაკლებ აქტუალურია.

– როგორ ზრდიან ლიდერს, რას გასწავლიან კონკრეტულად?

– გარდა თეორიული საგნებისა, როგორიცაა მსოფლიო დიპლომატიის ისტორია, პროტოკოლი, ფილოსოფია და სხვა ასეთები, ძალიან დიდი მნიშვნელობა შეიძინა რიტორიკამ და ლოგიკამ, თუ ადრე ჩვეულებრივ საგნებად ისწავლებოდა, ახლა პრაქტიკული მნიშვნელობაც შეიძინა. დიპლომატი, ლიდერი სულ სხვადასხვანაირი უნდა იყოს სიტყვით გამოსვლისას, დებატების დროს, მიტინგზე, მოლაპარაკებებზე, დაპირისპირებულ მხარესთან ტეტ-ა-ტეტ საუბრის დროს და სხვა. მასის მონუსხვის ხელოვნება კიდევ ცალკე ფილოსოფიაა. არის გამზადებული ფორმულებიც, რომლის გამოყენებაც დადებითად იმოქმედებს მსმენელზე. ვთქვათ, კარგია, თუ სიტყვის წარმოთქმის დროს ჩართავ ასეთ ფრაზას – ბაბუაჩემი მასწავლიდა, ბებია მეუბნებოდა, რაღაც მსგავსს, ეს აუცილებლად შეეხება მასის სენტიმენტალურ არხებს. ჯერ ერთი, შენ გახსოვს ბაბუა, მეორე – ტრადიციული ხარ, მისი დარიგებები და შეგონებები გახსოვს და ითვალისწინებ, მგრძნობიარე ხარ, სამშობლოზე ბავშვობიდანვე ფიქრობ და სხვა. მაგალითად კიდევ ასეთი რამ: მე დღემდე მესიზმრება... და ამას შეიძლება ამერიკის პრეზიდენტისგან მოყვეს მარტინ ლუთერ კინგის, საქართველოს პრეზიდენტისგან – აფხაზეთის დასიზმრება და სხვა. ანუ, გარკვეული საკითხები შენთვის იმდენად მნიშვნელოვანია ემოციურ, ადამიანურ და არა პოლიტიკურ დონეზე, რომ მას სიზმრადაც კი ხედავ. ასეთი პოლიტიკური ხრიკი ბევრია, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ადამიანებისთვის შეუმჩნეველია. ზოგჯერ ისიც კი არ სჯერათ, პოლიტიკოსებს სიტყვის წარმოთქმისას წინ უხილავი ეკრანი რომ აქვთ და იქ კითხულობენ ტექსტს. თუმცა, სიტყვის ემოციური წაკითხვა, სწორი ჟესტიკულაცია, რაც ასევე უმნიშვნელოვანესია, რაღა თქმა უნდა, მათ ნიჭიერებაზე მეტყველებს. მაგრამ, ეს მზა რეცეპტებიც არაფერს გიშველის თუ პიროვნებას არ აქვს ქარიზმა, პოლიტიკური მომხიბვლელობა, გულწრფელი გამომეტყველება და სხვა. სხვათა შორის, ჩვენი ერთი ლექტორი, რომელიც წლების განმავლობაში ელჩად მუშაობდა, სულ ამბობს, რაც უფრო გულწრფელი, ღია ხარ მასასთან ურთიერთობაში, თუნდაც სიტყვის წარმოთქმის დროს ეჩხუბო მათ, ეს უმჯობესია, ვიდრე წინასწარ მომზადებული „ემოციებიო”.

– რაც შეეხება პოლიტიკურ მოლაპარაკებებს. ინფორმაციულ საუკუნეში, დიპლომატიურ მოლაპარაკებას, თუნდაც დაპირისპირებულ მხარესთან, თითქოს იმხელა მნიშვნელობა არ აქვს.

– პირიქით. სამყაროში, სადაც კავშირები, ურთიერთობები მსოფლიოს ბედსაც კი წყვეტს, დიპლომატიას უდიდესი როლი აქვს. მოლაპარაკებაზე წასვლამდე მაქსიმალურ ინფორმაციას უნდა ფლობდე როგორც იმ ქვეყანაზე, ისე კონკრეტულად იმ ადამიანზე, ვისაც უნდა ესაუბრო – რა უყვარს, რა იტაცებს, აქვს თუ არა ოჯახი, ჰყავს შვილები. ყველაფერს მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, უნდა იცოდე, რომ თუ იაპონელთან ხარ მოლაპარაკებაზე, იქ გადაწყვეტილად შედეგის გამოტანა შეუძლებელია. ზედმეტად ჩაკეტილმა და ზრდილობიანმა იაპონელმა შეიძლება, გაგიღიმოს, თავიც დაგიქნიოს, მაგრამ ეს „კი”-ს სულაც არ ნიშნავდეს. საინტერესოა, რომ აკადემიაში ამ ყველაფრის თეორიულად შესწავლის გარდა, ძალიან ხშირად გვაქვს თამაშები, სიმულაციები. ლექტორი ანაწილებს როლებს და ჩვენ ამ როლებს ვასრულებთ. ქულები იწერება იმის მიხედვით, რამდენად კარგი იყავი შენს როლში, ხოლო სხვებს იმის მიხედვით აფასებენ, რამდენ შეცდომას იპოვიან შენ მიერ წარმოებულ მოლაპარაკებაში. კიდევ ეწყობა მრგვალი მაგიდა, სადაც ორი მხარე ერთმანეთს „ებრძვის”. ვთქვათ მე და ჩემი გუნდის წევრები ამერიკელები ვართ, მოწინააღმდეგე მხარე კი ირანელები. სხვათა შორის, ერთ ასეთ მრგვალ მაგიდასთან საკმაოდ მაღალი ქულები ავიღე. ასე შემაფასეს: ცოტას საუბრობდა, რაც თქვა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და თან, მისი ღიმილი და ჟესტიკულაცია საოცრად დამაჯერებელი გახლდათო (იცინის). ერთი სიტყვით, გულწრფელობა ყველგან ჭრის. სხვათა შორის, მსგავსი მრგვალი მაგიდა მოეწყო რუსეთის ურთიერთობაზე „დესეთეს” სხვა ქვეყნებთან, სადაც შეგნებულად არ მივედი. „არა“ დავიმსახურე, თუმცა მიზეზს ყველა მიხვდა.

დიპლომატია ძალიან საინტერესოა, თუმცა გააჩნია, მას რა კუთხით შეხედავ. ჩვენმა ერთმა საოცარმა ლექტორმა, იური რიბაკოვმა ერთხელ გვკითხა, რას ნიშნავს დიპლომატია? ჩვენ დავიწყეთ ცნობილი ფრაზებით ამის ახსნა, რომ ეს ურთიერთობების ხელოვნებაა და სხვა. მან კი გვითხრა, როდესაც ერთ ძალიან ცნობილ საბჭოთა დიპლომატს, ოთხმოცი წლის ასაკში, ჰკითხეს რას აკეთებდა მთელი ცხოვრებაო, მან უპასუხა: „ია ბილ შპიონამ ი პაჩტალიონამ”.... (იცინის). ასე რომ, როდესაც გადაწყვეტ დიპლომატი გახდე, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო.


скачать dle 11.3